წერილი მეშვიდე
ვაგრძელებთ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნოდარ ჭითანავას სტატიების ციკლის _ „ეკონომიკური ზიგზაგები და პასუხგაუცემელი კითხვები“ _ გამოქვეყნებას.
ამჯერად გთავაზობთ მეშვიდე წერილს _ „ახალი ტიპის ნომენკლატურა და ეკონომიკური რეფორმები“
(კადრები წყვეტენ ყველაფერს)
როგორც აღინიშნა, ეკონომიკის გარდაქმნებისას დაშვებული შეცდომები, ზოგადად, განვითარებაში ჩამორჩენა, უნდა აიხსნას როგორც სუბიექტურ, ასევე ობიექტურ ფაქტორთა ერთობლიობით. უპირველესად, პროფესიონალი ხელმძღვანელი კადრების დეფიციტით. აქსიომაა, რომ ნებისმიერი პოლიტიკის ბედს კადრები წყვეტენ. ამას ყველა და ყოველთვის აღიარებდა, მაგრამ ექსტრემალურ პირობებში ყოველთვის ავიწყდებოდათ, უფრო სწორად, ამ პრინციპის დაცვას ვერ ახერხებდნენ. ეს რთული საკითხია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, საზოგადოების პოლიტიკურ კულტურაზე. რაც მოხდა, იმას ახლა ვერ შევცვლით. კარგ შემთხვევაში წარსულიდან სწორი დასკვნების გაკეთება გვმართებს!
ჩვენივე აქტიური მონაწილეობით შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის დაჩქარებისთვის განვლილი გზის სწორი შეფასებაა საჭირო, რომ საკადრო პოლიტიკაში არ გავიმეოროთ ის, რაც მომავალში ქვეყნის განვითარებას შეაფერხებს.
განვლილ პერიოდში დადასტურდა, რომ ეკონომიკის სტაბილიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა სამეურნეო ცხოვრების ადეკვატური ორგანიზაციულ-მმართველობითი მექანიზმის ფორმირება-ამოქმედება. ეს მეტად რთული, სარისკო, საკამათო საკითხია დღესაც. 25 წელმა გვიჩვენა, რომ ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა პროგრამები (სტრატეგიები) გვქონია, თუმცა, არც ერთი მათგანი არ შესრულებულა, ბუნებრივია, ვერც შესრულდებოდა. საქმე ის არის, რომ ისინი დეკლარაციული ხასიათის, ცალკეული პირების, თუ ჯგუფების, შიდა და გარე „რეკომენდაციების“, არაკომპეტენტური პირების ინტუიციას ემყარებოდა და არ ითვალისწინებდა მთავარს _ პროცესის მართვის სწორ ორგანიზაციას. ეს შემთხვევით არ მომხდარა, მას თავისი მიზეზი ჰქონდა _ ეკონომიკის რთულ პრობლემებში ჩაუხედავი პირების ხელისუფლებაში მოზღვავება.
მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო _ ქაოსის პირობებში „ჩამოყალიბდა“ სახელმწიფო მართვის ნომენკლატურა. მათ კი, ვისაც სახელმწიფო მართვის არამცთუ თუ გამოცდილება, არამედ სახელმწიფოს საერთო ფუნქციებზეც წარმოდგენა არ ჰქონდათ. ბოძებული მდგომარეობა ჩათვალეს მათი დამსახურების აღიარებად და მართვის პროცესი (უფრო სწორად, მათი სამსახურებრივი ფუნქციები) ახალი სიტუაციით ჩამოყალიბებულ პირად ინტერესებს დაუქვემდებარეს. მართვა, როგორც ასეთი, დაკნინდა. ეკონომიკის ვერტიკალური და ჰორიზონტალური მართვის პრინციპები დაიმსხვრა. დაიქსაქსა კადრებიც. გამოცდილი კადრები, როგორც წესი, პოლიტიკური მოსაზრებების გამო დაითხოვეს. შემთხვევით კადრებს (თუმცა ისინი ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავდნენ) მუშაობა არ გამოუვიდათ. სახელმწიფო სტრუქტურების პასუხისმგებლობა დაეცა. ორგანიზაციული ურთიერთობები მოიშალა. ეკონომიკის განვითარებაში მონაწილე სუბიექტები იზოლირებულად „ფუნქციონირებდნენ“. შედეგად, წარმოების, განაწილების, გაცვლის და მოხმარების მთლიანი პროცესი გაწყდა და საბოლოოდ, შეკვეცილი კვლავწარმოების პროცესიც რეგულირების გარეშე დარჩა.
როგორც ყველა სტიქიურად მიმდინარე პროცესს, სამწუხაროდ, მთლიანად გარდაქმნებსაც, თან ახლდა გვერდითი მოვლენები (პროცეს-ნაკადები), რომლებმაც დააჩქარეს ისეთი სტრუქტურების (მათ შორის, სახელმწიფო) ფორმირება, რომლებიც ძირითადად სპეკულანტურ საშუამავლო სტრუქტურათა ტიპს განეკუთვნებიან და თავიანთი „საქმიანობით“ ხელს უშლიან რეფორმების სწორად განხორციელებას. მათ ხელი მიუწვდებოდათ შეღავათიან სესხებზე, ჰუმანიტარული დახმარებით შემოსულ სახსრებზე და სხვ.
ორგანიზაციულად განმტკიცებულმა ახალი ტიპის ნომენკლატურამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა შექმნილი სიტუაცია და თავისი გარემოდან მაქსიმალურად ხელი შეუწყო მეწარმეთა ახალი ფენის (ჯგუფის) „დაბადებას“ (ყველაზე მეტად ეს გამოვლინდა სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციის პერიოდში), ამავე დროს კონტროლს დაუქვემდებარა უცხოური ინვესტიციების პერსპექტიული „არტერიები“ იმ მიზნით, რომ მხოლოდ მის „მფარველობაში“ მყოფთ გამოეცადათ უცხოელებთან პარტნიორობის სიკეთე. ამით ახალი ეპოქის შესაბამისი „ხიდი“ გაიდო ორ დიდ პოტენციურ პარტნიორს (სახელმწიფო ნომენკლატურა და უცხოური კაპიტალი) შორის.
ნომენკლატურის „მტკიცე ხელით“ (იგი ძალადობას ეყრდნობოდა) უნდა აიხსნას ქვეყნიდან ეროვნული სიმდიდრის სტიქიური გაზიდვა. განსაკუთრებით, ეს ეხებოდა ნედლეულს (ხე-ტყე, ლითონი, ჯართი, დაუმუშავებელი ოქრო და სხვ.).
მართვის კრიზისს მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სამეურნეო მართვის ფუნქციების აღრევამ. ყველამ ერთად, თანაც ცალ-ცალკე საკუთარი, „ორიგინალური“ ხელწერით „მართა“ ქვეყანა, ეკონომიკა და საკუთარი ინტერესების კალაპოტში მოაქცია „განვითარების“ პროცესი.
გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ საქართველოში ნომენკლატურის (ე.ი. კადრების) ნეგატიური მოღვაწეობით დადასტურდა კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის ფუძემდებლის ადამ სმიტის აზრების აქტუალურობა „ერები არასოდეს ღარიბდებიან კერძო პირების მხრივ მფლანგველობითა და უგუნურობით. მაგრამ ისინი არაიშვიათად ღარიბდებიან სახელმწიფო ხელისუფლების მფლანგველობითა და უგუნურობით“. ეს „ისტორიული გამოცდილება“, რომელიც, სამწუხაროდ, ეროვნული ეკონომიკის ძარცვაშია „ჩადუღაბებული“, ჩვენს მომავალ თაობებს გაკვეთილად გამოადგებათ.
ეკონომიკური განვითარების ზემოთ მოტანილი ანალიზი ადასტურებს, რომ წარმოების ორგანიზაციისა და მართვის სრულყოფას საგანგებო მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერი ერთობლივი (კომბინირებული) საქმიანობის პროცესში მონაწილეთა შორის მყარდება კავშირები, მაშასადამე, ყალიბდება ორგანიზაციული ურთიერთობანი, რომლებიც მჭიდროდ არიან გადაჯაჭვული ეკონომიკურ ურთიერთობებთან და უზრუნველყოფენ საწარმოო ძალების, ეკონომიკური კავშირებისა და მართვის ერთიანობას. მათი ურთიერთმოქმედების შესაყარზე ურთიერთშეფასებისა და ურთიერთგანპირობებულობის ხარისხის (დონის) მიხედვით იქმნება სრულიად ახალი მთლიანობითი სისტემები.
დადასტურდა, რომ საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალ პირობებში მმართველობითი ურთიერთობა ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ აკავშირებს ეკონომიკასა და პოლიტიკას, რომ ეკონომიკური ინტერესების რეალიზაციას სჭირდება ორგანიზაცია (როგორც პროცესი), რომელიც მაქსიმალურ უკუგებას იძლევა, რაც არსებითად არის დამოკიდებული განვითარების პროცესებზე შეგნებული ზემოქმედების მეთოდების სისტემასა და მის ქმედითობაზე. სწორედ, რომ ნომენკლატურამ (ფართო გაგებით კადრებმა) ვერ (თუ არ) შეძლეს იმის გაცნობიერება, რომ წარმოების (შრომის) ორგანიზაციას (განვითარების პროცესს), მართვას კონკრეტული ეტაპის ადეკვატური ფორმა და შინაარსი (სტილი) უნდა შეესაბამებოდეს. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას დიდი ზიანი მიაყენა გარკვეულ ეტაპებზე რეგიონული ნომენკლატურის თვითნებობამ, როცა თითქმის ყველამ მოინდომა საკუთარი (უპირატესად პიროვნული) ინტერესების სასარგებლოდ წარემართა ქვეყნის რესურსები. ე.წ. ცენტრალურმა ნომენკლატურამ ასეთ მოვლენას წაუყრუა და რესურსების ძარცვის პროცესს საყოველთაო ხასიათი მიეცა.
ნომენკლატურა, რომელსაც სოციალისტური მეურნეობრიობის ძირფესვიანად მოშლის პოლიტიკური ამბიცია ჰქონდა, იმდენად გაუცნობიერებელი აღმოჩნდა, რომ ფორმირებად საბაზრო მექანიზმს მიანდო მწვავე სოციალური პრობლემების გადაწყვეტა, ვერ გაიგო, რომ ბაზარი ბადებს ეფექტიან ეკონომიკას, მაგრამ იგი თავისი ბუნებით არ წარმოშობს სოციალურ სამართლიანობას, რომ სოციალური სამართლიანობის დაცვა სახელმწიფოს ტრადიციული ფუნქციაა. თანაც, სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში ასრულებს სისტემაშემქმნელი სუბიექტის ექსკლუზიურ ფუნქციას.
ეკონომიკურ გარდაქმნებში ანგარიში არ გაეწია იმ თავისებურებას, რომ გარდამავალ ეტაპზე ეკონომიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „ადამიანის ფაქტორს“, „ახალ აზროვნებას“, რომელთაც არც ასაკი და არც პარტიულობა გააჩნიათ. თუმცა, ამ ნიშნებით შეირჩა სხვადასხვა ეტაპზე „ახალი აზროვნებით“ მოსული „რეფორმატორები“. მათ ის შეძლეს, რომ გაკოტრდნენ მორალურად (საზოგადოების მოტყუება,. კორუფციისთვის ხელის შეწყობა, პირადი კეთილდღეობის წინ წამოწევა და სხვ.). „მათი „ფილოსოფია“ მიუღებელი აღმოჩნდა თეორიულად და ორგანიზაციულად (გარდამავალ ეტაპზე ყოველმხრივ გაუმართლებელი იყო ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის „მინიმალური კურსის“ განხორციელება).
ყოველივე ამან ხელი შეუწყო მართვის სუსტი სახელმწიფო სისტემის ფორმირებას, ქვეყნის სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტისგან მის დისტანცირებას. დღეს კარგად ჩანს თუ რა მოაქვს იმ პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება შესაძლებლობათა წინასწარი მეცნიერული ანალიზის გარეშე, „ნოვატორ პოლიტიკოსთა“ ინტუიციით.
ნომენკლატურამ (განსაკუთრებით, „ვარდების რევოლუციით“ მოსულმა ნაწილმა) გაუმართლებელი ნაბიჯი გადადგა და საქართველოს მეცნიერებას, როგორც ასეთს, ჯერ მატერიალური, შემდგომ ორგანიზაციული საფუძვლები გამოაცალა, მისი მატერიალურ-ტექნიკური, ბუნებრივი რესურსები გასხვისდა. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები გაუქმდა, ნაწილი კი სტატუსის გარეშე შესაბამის უნივერსიტეტებს გადაეცა.
ხელისუფლების (ნომენკლატურის) დამოკიდებულება მეცნიერების მიმართ თვისებრივად უნდა შეიცვალოს. გასათვალისწინებელია, რთული საზოგადოებრივი პროცესების რეგულირება ცოდნის, როგორც ქვეყნის განვითარების (განსაკუთრებით ეკონომიკის განვითარების) ფაქტორის მუდმივი განახლებითაა შესაძლებელი. მეცნიერების ორგანიზაციული ფორმა უნდა მოერგოს ქვეყნის განვითარების მოდელს. ქანცგაწყვეტილი მეცნიერება „თავისთვის“ დარჩა, ქვეყანას კი სახელმწიფოებრივი მშენებლობის მეცნიერულად (მაშასადამე, სწორი) გააზრებული პროგრამაც არა აქვს.
ნომენკლატურა ტრანსფორმაციის რთულ პროცესში „გამოიწრთო“. მან „დასკვნები“ გააკეთა საბჭოთა ნომენკლატურის გამოცდილებიდან, რომელიც, როგორც მმართველი ელიტა, ძირითადად კმაყოფილდებოდა პოლიტიკური ძალაუფლებით განსაზღვრული პრივილეგიებით. ახალი ტიპის ნომენკლატურა უფრო შორს წავიდა. იგი საკუთარი ეკონომიკური ძალის (საკუთრების) მფლობელი გახდა. მისი უდიდესი ნაწილი მესაკუთრეა (ან მესაკუთრესთან დაკავშირებული). მისთვის პოლიტიკური კავშირების საფუძველი არა საერთო იდეები, პრინციპებია, არამედ მომავალი მოკავშირის ეკონომიკური სტატუსი. ასეთ ფონზე ჩამოყალიბდა ელიტური კორუფციის თვისებრივად ახალი მოდელი. როგორც გარედან ჩანს, ნომენკლატურა კორუფციაში არ მონაწილეობს, მაგრამ მათი საკუთრება (შესაბამისი, სხვადასხვა კორუფციული გარიგებებით) სათანადო დივიდენდებს იძლევა, უფრო ადვილად და უფრო მეტს, ვიდრე მისი მეწარმეობრივი უნარი ცალკე უზრუნველყოფდა. ნომენკლატურის ის ნაწილი, რომლის არასწორი შეხედულებითა და პრაქტიკული მოქმედებით ქვეყანა კრიზისში შევიდა, რეალურად, ნეგატიურ სოციალურ ძალად უნდა მივიჩნიოთ. ნომენკლატურის ბიზნესში გათქვეფა _ ოლიგარქიული წარმონაქმნების ლეგიტიმაციის გზაა, რაც ხელს უშლის სახელმწიფოს შეასრულოს ტრადიციული ფუნქციებიც კი. საზოგადოებას ამ, თითქოს, თვითდინებით ჩამოყალიბებულ პროცესზე სერიოზული დაფიქრება მართებს. თუ დღევანდელი სცენარით გაგრძელდა განვითარების პროცესი, არ უნდა გამოვრიცხოთ დიდი საფრთხე, რომელიც ამჟამად მუქარის სახით ჩამოყალიბდა _ ტრადიციული საშუალო ფენის როლი ნომენკლატურამ მიითვისოს. ამის რეალური წინამძღვრები არსებობს.
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ნომენკლატურის ჩამოყალიბებისა და მისი ნეგატიური როლის განსაზღვრაში დიდია ობიექტური ფაქტორის მნიშვნელობაც. როგორც აღინიშნა, 90-იანი წლების პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა საზოგადოებრივი აზრის დანაწევრებაც გამოიწვია, რასაც, ბუნებრივია, ინტერესის, როგორც ასეთის, გამრავალფეროვნება მოჰყვა. მოსახლეობის აქტიური ნაწილი იძულებული გახდა წვრილი ვაჭრობის (უფრო სწორად კონტრაბანდის) და დამნაშავეთა ბიზნესისთვის (ნარკოტიკებით, იარაღით და სხვ.) ხელი მოეკიდა. ეს და სხვა ნეგატიური პროცესები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პოსტსოციალისტურ სივრცეში ერთდროულად დაიწყო და ინტერნაციონალიზაციის გაღრმავების ტენდენციად ჩამოყალიბდა. ბუნებრივია, ასეთ ქაოსში ახალი ტიპის ნომენკლატურის ჩამოყალიბება სპონტანურად, ქუჩაში მიმდინარე პროცესების გავლენით მოხდა.
კიდევ ერთი თავისებურების შესახებ. პოსტსაბჭოთა „ნომენკლატურა“ თავისი დეკლარირებული მიზნით _ დამოუკიდებელი საქართველოს აშენების სულისკვეთებით წარუდგა საზოგადოებას. იგი აგებულებით, მენტალიტეტით ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ადამიანების (ჯგუფების) გაერთიანებას წარმოადგენდა. საბჭოთა ნომენკლატურის ხელმოცარული პოლიტიკური ძალები, კრიმინალური წარსულის მქონე პირები, საზოგადოების მანამდე უცნობი პერსონები შეადგენდნენ ახალ ნომენკლატურას. იგი ქართველი ხალხის სახელით გამოდიოდა. ობიექტურნი უნდა ვიყოთ: საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ ნდობას უცხადებდა. იწონებდა ყოველივე არსებულის (რომელიც მოიაზრებოდა რუსულ მოვლენად) ნგრევას _ სოციალისტური საწარმოების, კოლმეურნეობების, სახელმწიფო მეურნეობების ლიკვიდაციას და სხვ. ეკონომიკის მართვაში გამოუცდელი კადრები მოვიდნენ. დაფიქსირდა მოსახლეობის ქცევის ახალი მოდელებიც. ძველი მყისიერად დაინგრა, ახლის, სიცოცხლისუნარიანის, დროის გამოწვევებთან ადაპტირების უნარის მქონე სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ფორმირება და ეფექტიანი ფუნქციონირება ვერ მოხერხდა.
აღმოჩნდა, რომ ობიექტურად გააზრებულ, დასაბუთებულ ნგრევას, თურმე, ახლის აშენებაზე ნაკლები ინტელექტი და გონიერება როდი სჭირდება. ეს გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის!
ნომენკლატურის ფორმირებაში გამოიკვეთა განსაკუთრებული ნიუანსი _ გარედან რეკომენდაციების აუცილებლობა. ეს უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების მომავალი ლიდერის შერჩევა-მხარდაჭერაში ვლინდება. ლიდერს გარედან არჩევენ, მას კი ადგილზე მხარდამჭერები სჭირდება. სწორედ აქ ჩნდება ურთიერთვალდებულებები მომავალ ლიდერსა და მხარდამჭერებს შორის, საბოლოოდ კი ლიდერი ნომენკლატურის მძევალი ხდება.
განვლილ პერიოდში ეს მოვლენა, თითქოს, კანონზომიერად ჩამოყალიბდა.
ნომენკლატურის (რომელიც ხელისუფლების სახელით ქვეყანას უძღვება) ფორმირების ამჟამინდელი ტრადიცია სიცოცხლისუნარიანია, მისი რეალურად შეცვლა რთული ამოცანაა. გულახდილად თუ ვიტყვით, მისი შეცვლის ობიექტური პირობებიც არ არის მომზადებული, თანაც დიდია გლობალური პროცესების გავლენა. ამასთან, შინაგანად, საზოგადოებაც არ არის მზად ობიექტურად გამოიყენოს ნომენკლატურის ფორმირების მთავარი წყარო _ საკანონმდებლო ორგანოში არჩევნები.
დღეს ხელისუფლებაში მოსულ თაობას, მის წინამორბედებთან შედარებით სხვა უპირატესობა აქვს. იგი ძალადობას არ ეყრდნობა. მკვეთრად გამორჩეულ აგრესიას არ იყენებს, თანამედროვე დონის განათლებაც აქვს, მაგრამ ცუდად იცნობს საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობს,ვერ აღიქვამს ეროვნული ეკონომიკის დღევანდელ ტენდენციებს, განსაკუთრებით თავისებურებებს, ამიტომ ადგილობრივ პრობლემებს უდგება საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის მარაგით, ეს ცოდნა კი შეძენილია განვითარებული ეკონომიკის თეორიებიდან. ეს უპირატესობაა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ვიცით როგორია ქვეყნის ეკონომიკა და რა არის საჭირო, თუნდაც უკვე სხვაგან არსებულ დონეს მივაღწიოთ. უკანასკნელ წლებში მსოფლიოში (ბუნებრივია, საქართველოშიც) ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების ანალიზი სულ სხვა მიდგომებს მოითხოვს, ვიდრე დღემდე არსებული თეორიები (ან წარმატებული ქვეყნის გამოცდილება) გვკარნახობენ.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელ ნომენკლატურას სრულად არა აქვს გაცნობიერებული ამჟამინდელი ეროვნული ეკონომიკური სისტემის ნეგატიური მხარეები, არც რეზერვები, რომლებიც განვითარებისთვის გააჩნია, თუნდაც „მთვლემარე“ საკადრო პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებიც.
ნომენკლატურის ფორმირების ამოსავალი უნდა იყოს იმის გაცნობიერება, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა შესაძლებლობების მეცნიერება და ხელოვნებაა, რომ ნომენკლატურამ უნდა აკეთოს არა ის, რაც სურს, არამედ ის, რაც რეალურადაა შესაძლებელი და ემსახურება ქვეყნის სწორად გააზრებულ ინტერესებს. აქ იკვრება კვანძი. ქვეყანას უნდა ჰქონდეს გრძალვადიან პერიოდზე ორიენტირებული პროგრამა და მისი განხორციელებისთვის უნდა ყალიბდებოდეს ნომენკლატურა (ამ საკითხს ვრცლად ქვემოთ განვიხილავთ).
შექმნილი მდგომარეობის განმუხტვისთვის აუცილებელია ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით გაანალიზდეს ეკონომიკურ გარდაქმნებში მიმდინარე პროცესები, დამდგარი შედეგები, ჩამოყალიბებული თავისებურებანი, ტენდენციები, კანონზომიერებანი და მათ საფუძველზე შემუშავდეს განვითარების სტრატეგია-პროგრამა, რომლის განხორციელება იქნება ნომანკლატურის ამოცანა.
ეს ამოცანა რომ შეასრულოს, საჭიროა ნომენკლატურის ფორმირების ფუძემდებლური პრინციპების განსაზღვრა. კერძოდ, ნომენკლატურის სისტემა სტაბილური იყოს. მისი ძირითადი ნაწილი არ უნდა ექვემდებარებოდეს პოლიტიკურ ცვლილებებს, ე.ი. ყოველი ახალი სახელისუფლებო გუნდის მოსვლისას მთლიანად არ უნდა შეიცვალოს. უფრო სწორად, გავაკეთოთ ისე, როგორც ეს ხდება თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში (მხოლოდ პოლიტიკურ თანამდებობებზე ხდება ცვლილებები). ეს პრაქტიკულად გამართლებულია _ მემკვიდრეობითობის პრინციპს მასტაბილიზებელი ფუნქცია ენიჭება. ამრიგად, პროფესიონალიზმი და არა პარტიული კუთვნილება _ მთავარი პრინციპი ნომენკლატურის ფორმირებისა და როგორც წესი, ნომენკლატურული მუშაკების ახალი გამოწვევების შესაბამისად გადამზადების მწყობრი სისტემის არსებობა. ამასთან, არცერთ სფეროში დემოკრატიის (სწორად გაგებულის) როლი ისეთი პრაგმატული მნიშვნელობისა არ არის, როგორც ეკონომიკაში. აქ განსხვავებული მიდგომები, პროცესების მრავალფეროვნება, აზრების გაცვლა, დაპირისპირებული მოსაზრებების შეჯერება ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების ორგანიზაციულ-მმართველობითი ინსტრუმენტების შექმნას, რაც საბოლოოდ, ეკონომიკის განვითარებას საჭირო ბიძგს მისცემს.
საქართველოს გლობალურ პროცესებთან ადაპტირებისა და საკუთარი ინტერესების დასაცავად სჭირდება სახელმწიფო ელიტა. სამწუხაროდ, მისი ფორმირების პროცესი მიზნობრივად არ მიმდინარეობს.
ნოდარ ჭითანავა,
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი