ივერიონი / დროა, მოთმინების ძაფი გაწყდეს და ლიდერიც მალე გამოჩნდება!

დროა, მოთმინების ძაფი გაწყდეს და ლიდერიც მალე გამოჩნდება!

ხშირად მსაყვედურობენ: ყოველთვის ხელისუფლებას ვაკრიტიკებ (ისედაც დამძიმებულ ფონს კიდევ უფრო ვამძიმებ) და არაფერს ვწერ იმაზე, რაც კარგი კეთდება - თითქოს ვერ ვგრძნობ განსხვავებას „ნაციონალურ“ რეჟიმსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, სათანადოდ არ ვაფასებ ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს ახალი ქართული რეალობის შექმნაში და ა.შ. და ა.შ.

 

ზოგიერთები უფრო შორსაც მიდიან და პირდაპირ, თუ ირიბად, მაგრძნობინებენ, რომ ჩემს სტატიებში ბოღმიანი კაცის სუნთქვა იგრძნობა. მათი აზრით, ბოღმა მახრჩობს, რადგან, იმ გუნდში არ აღმოვჩნდი, ვინც დღეს ივანიშვილის წყალობით მაქსიმალურ კომფორტს იქმნის და საქართველოს ინტერესებს საკუთარ კეთილდღეობაზე ახურდავებს!

 

არსებობს საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი, ვინც საკუთარ პოზიციებში (რეალობის შეფასებაში) მეთანხმება, მაგრამ, მარტო ეს არ აკმაყოფილებს და „დავალებასაც“ მაძლევს - ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ სიტუაცია ქვეყანაში...

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზეც შიგადაშიგ ვსაუბრობ, ეტყობა, არ არის საკმარისი მკითხველს რეალური წარმოდგენა შეექმნას ჩემს ხედვაზე - როგორ მესახება დღითიდღე მზარდი პრობლემების შერბილება და გლობალიზაციის პირობებში საქართველოს თვითმყოფადობის შენარჩუნება. ანუ, თუ მარტივად ვიტყვით, საკუთარი ხელისუფლების სახელმწიფოს (ხალხის) სამსახურში ჩაყენება ისე, რომ მომზადებული შევხვდეთ გლობალიზაციის მოთხოვნებსაც.

 

საქართველო სამყაროს ნაწილია და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები პირდაპირ აისახება ჩვენს რეალობაზეც, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, ბრმად მივყვეთ დროის მდინარებას და ყველაფერს შევეგუოთ - ყველა ერს საკუთარი მისია აქვს და ჩვენც აქედან უნდა გამოვიდეთ!

 

რადგან ერის მისიას შევეხე, გადაჭარბებული არ იქნება ქართველი ერის მისიაზეც ორიოდე სიტყვით გავამახვილო ყურადღება: ისტორიული ქარტეხილები - საქართველოს მრავალგზის დაცემა და აღზევება ნათელი დასტურია იმისა, რომ ჩვენ საზეპურო ერი ვართ და იმაზე მეტი მოგვეთხოვება, ვიდრე ფიზიკური გადარჩენაა!

 

ჩემი პუბლიცისტური სტატიების უმეტესი ნაწილი სწორედ ამ მისიის გააზრების მცდელობაა - მე ნაკლებად მაინტერესებს, ფორმალურად რით განსხვავდება „ქართული ოცნების“ რეჟიმი აგრესიული „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისგან, ჩემთვის მთავარია, რა პოზიცია უჭირავს დღევანდელ ხელისუფლებას საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მიმართ და რამდენად ყურად იღებს იგი ხალხის (საზოგადოების) ხმას?!

 

რეგიონებში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მოუმზადებლად ფორსირებულმა „განხილვამ“ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს და მას საზოგადოების უმრავლესობის აზრიც არ აინტერესებს!

 

ამის დასტურია უარის თქმა საქართველოსთვის პრონციპულად მნიშვნელოვანი საკითხების კონსტიტუციაში ასახვის აუცილებლობაზე.

 

კერძოდ: საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში „ქართული ოცნება“, იგივე დღევანდელი საკონსტიტუციო უმრავლესობა, კვირიკაშვილის პირით აცხადებდა, რომ კონსტიტუციაში აუცილებლად ჩაიწერებოდა ქორწინების დაფინიცია: „ქორწინება ეს არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა ოჯახის შექმნის მიზნით“.

 

მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელ ქვეყანაში  ამ ჩანაწერის აუცილებლობა არც უნდა არსებობდეს, მაშინაც ხაზგასმით ვწერდი: ეს იყო წინასაარჩევნო სატყუარა ამომრჩეველთა მხარდაჭერის (ემოციური ფონის) მიღების მიზნით. დღეს ამბობენ, რომ ვენეციის კომისია ამაზე თანახმა არ არის...

 

კონსტიტუციაში ასევე არ აისახება ქართველი ერის შეუფასებელი საუნჯის - ქართული მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა (ეს განსაკუთრებით ეხება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს). რამდენადაც ცნობილია, საერთაშორისო სტრუქტურები კატეგორიული წინააღმდეგნი არიან საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს მსგავსი ფორმულირება (ხელისუფლება გვპირდება, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვა დარეგულირდება ორგანული კანონით, რაც სრული სიცრუეა) და ეს ყველაფერი „დემოკრატიული ფასადით“ ინიღბება -  საერთაშორისო ორგანიზაციები თავის კატეგორიულობას იმით ხსნიან, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას ადგას და დემოკრატია ასეთ შეზღუდვებს გამორიცხავს...

 

საკონსტიტუციო უმრავლესობა არც იმას მალავს, რომ უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვას განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, რადგან, საქართველოში არსებული მსხვილი საბანკო სექტორის დამფუძნებლებად უცხოური ორგანიზაციებიც გვევლინებიან და მათ შეეზღუდებათ გირაოში ჩადებული მიწის გადაფორმება - თუ ბოლომდე გავხსნით ფრჩხილებს, ქართული მიწის მუქთად და შეუზღუდავად შეძენა...

 

არადა, ქართული მიწა ქართველი ერის ფასდაუდებელი საუნჯეა - არავის აქვს უფლება ქართველი ხალხი საკუთარ სამშობლოში ხიზნებად აქციოს (ისედაც ბევრი გვაქვს ჩვენი უგუნურობით ჩამოჭრილი ტერიტორიები) და დროის უკუღმართობით გაღატაკებულ მოსახლეობას (რაშიც კომფორტს და ძალაუფლებას დახარბებული საკუთარი ხელისუფლების წვლილიცაა) მარჩენალი ხელიდან გამოაცალოს!

 

მე ვერ ვიქნები იმ ხელისუფლების მომხრე, რომელიც ქართულ მიწას შეუზღუდავად გაყიდის და ამას დამოკრატიული პრონციპების ერთგულებით ახსნის (ვის რაში სჭირდება ასეთი ყალბი დემოკრატია)!

 

ხელისუფლება, რომელიც დაუძლურებული და ლუკმა-პურზე დაგეშილი ხალხის სისუსტით სარგებლობს, სულწაწყმედილი და მოღალატეა (სწორედ ამიტომაც ვამბობდი ჩემს პუბლიცისტურ სტატიებში -  დღევანდელმა ხელისუფლებამ ანტიქართული გადაწყვეტილებებით სააკაშვილის რეჟიმს გადაასწრო-მეთქი)!

 

არანაკლებ მტკივნეულია პრეზიდენტის არჩევის წესის შემოთავაზებული ვარიანტი, რომელიც კონსტიტუციაში უნდა დაფიქსირდეს (პრეზიდენტის არჩევა 300 ხმოსნის მიერ). როგორც ჩემს ბოლო სტატიაში „გეშინოდეთ, დიქტატურა მოდის! ანუ, როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ ხელისუფლების უზურპაციას“ ვწერდი, ამით ამომრჩეველს  საბოლოოდ წაართვეს არჩევანის უფლება და ყველაფერი ხელისუფლების უზურპაციისკენ მიდის!

 

თანამედროვე კერპთაყვანისმცემლები!

 

ზემოთ ხსენებულ სტატიას მკითხველთა მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბევრმა ჩემი განსხვავებული, მაგრამ ლოგიკური პოზიცია გაზვიადებულად ჩათვალა და აგრესიული შეძახილები არ დამკლებია. მეტიც, ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა (ვისთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა მაკავშირებს), პოლიტიკურ თემაზე წერაც კი „ამიკრძალა“, რადგან, მისი აზრით მე, თურმე, არაობიექტურად ვაფასებ მოვლენებს და ამით თითქოს საზოგადოება შემყავს შეცდომაში.

 

ყველაფერზე მეტად მისი გაღიზიანება ივანიშვილის კრიტიკამ გამოიწვია და თავისი აღშფოთება საჯარო სივრცეშიც არ დამალა.

 

მეგობრისგან განსხვავებული აზრის მოსმენა და მწვავე კამათიც მისაღებია, მაგრამ როცა საქმე საქართველოს ინტერესებს ეხება, ფრთიანი გამონათქვამისა არ იყოს: „პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ, ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარიო“, ჩემგან დათმობა და უკან დახევა არ ეგების!

 

ღმერთმა ქნას ვცდებოდე, დღევანდელი ხელისუფლების (დღევანდელი რეალობის) და ივანიშვილის როლის შეფასებაში, მაგრამ, როცა უარყოფითი (დღევანდელი გაგებით, ნეგატივი) სჭარბობს დადებითს (პოზიტივს), მეტიც, როცა ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალს, ხელისუფლების ჰუმანურობაზე და ივანიშვილის მესიანობაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვა, მართებულად არ მიმაჩნია.

 

ეტყობა, ჩვენ ისე დავბრმავდით, რომ ღლავისა და ლიფსიტის გარჩევა გვიჭირს!

 

ეტყობა, ჩვენ ისე დავყრუვდით, ზეციურ ხმას არ ვაყურადებთ და მიწაზე კერპს ვეძებთ - იმაზე კი ნაკლებად ვფიქრობთ, საით მიგვაქანებს ოცდამეერთე საუკუნეში კერპთაყვანისმცემლობა.

 

შემიძლია გულზე ხელი დავიდო და განვაცხადო: სავსებით ნორმალურად ვიღებ კრიტიკას, თუ იგი ჯანსაღია და თან არგუმენტებით გაჯერებული, მაგრამ სამწუხაროდ, კრიტიკის ნაცვლად საზოგადოების დაზომბირებული ჯგუფის აგრესია მესმის, რომლის მიზანიც მოვლენათა არსში სიცხადის შეტანა  ნამდვილად არ არის.

 

„კრიტიკოსებში“ საკმაოდ ბევრია ტენდენციური (რომელიც რაღაც სიკეთით სარგებლობს და დღევანდელ ხელისუფლებას ცივ ნიავს არ აკარებს) და გულუბრყვილო ადამიანების ჯგუფი. ამ უკანასკნელთ სჯერათ, რომ ყველაფერი ბუნებრივად უკეთესობისკენ შეიცვლება.

 

ბევრიც საღად აფასებს რეალობას, მაგრამ არ იცის, როგორ უნდა შეიცვალოს სიტუაცია. ხოლო, ვინც იცის, რა უნდა გაკეთდეს, ხელის და ტვინის განძრევა არ უნდა - ყველაფერი სხვამ უნდა გააკეთოს, თვითონ კი პროცესებს შორიდან უნდა უყუროს. რაღაცის შეცვლას, ანუ რეალურად საქმის კეთებას, ხომ სხვა ყველაფერთან ერთად, გამბედაობაც სჭირდება?!

 

დავნებდეთ თუ ვიბრძოლოთ, ანუ, სად არის გამოსავალი?!

 

როგორც სტატიის დასაწყისში ვთქვი: ხშირად მსაყვედურობენ, რომ მარტო კრიტიკით შემოვიფარგლები და არაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან.

 

მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც უტყუარი პოლიტიკური რეცეპტის გამომგონებლობაზე მაქვს პრეტენზია, მაგრამ, ლოგიკაზე დაყრდნობით და შინაგანი რწმენით ვხვდები, თუ როგორ შეიძლება შევარბილოთ პრობლემები და როგორ გადავურჩეთ ახალ მკაცრ გამოწვევებს.

 

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები საქართველოზე არ აისახება, მაგრამ, გონივრული პოლიტიკით და ეროვნული თვთმყოფადობისადმი თავგანწირვის მზაობით ბევრი რამის გადარჩენა შეიძლება!

 

ყველა ადამიანი ინდივიდია და ბუნებრივია, თითოეულ მათგანს განსხვავებული აზრი და მოთხოვნილებები გააჩნია, მაგრამ, არის იდეალები, რომელმაც უნდა გაგვაერთიანოს!

 

სწორედ იდეალისადმი (სამშბლოსადმი) ერთგულებით ახერხებდნენ ჩვენი ღირსეული წინაპრები მკვდრეთით აღდგომას და ქართველი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

 

დღეს ქართველი ერი იმდენად გათითოკაცებულია, საქართველოს ხილულ თუ უხილავ მტრებს ადვილად შეუძლიათ თითქმის ხერხემალში გადატეხილ ქვეყანას სასიკვდილო დარტყმა მიაყენონ და ამას, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენივე ხელებით აკეთებენ - მნიშვნელობა არა აქვს, ვინ სად არის - შემოსალტულ ენჯეოებში თუ სხვადასხვა პარტიულ სტრუქტურებში.

 

პარტიული სტრუქტურები ვახსენე და აქვე იმასაც დავძენ, რომ „დემოკრატიული პლურალიზმის“ „გვირგვინი“ - სოკოებივით ამოსული გაურკვეველი (ყოველ შემთხვევაში, ანტიქართული) იდეოლოგიის პარტიები არიან სწორედ დღევანდელი საქართველოს ყველაზე დიდი მტერი - თუ გვინდა ერი მათი მოღალატეობრივი გავლენისგან ვიხსნათ, პარტიულობანას თამაში უნდა დასრულდეს!

 

ჩემის აზრით, ყველაზე საიმედო „პარტია“ სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელმაც ზედმიწევნით იცის საკუთარი უფლებები და საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია არსებითად შეცვალოს რეალობაც!..

 

დიახ, სწორედ პროფესიული ნიშნით ჩამოყალიბებულ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია აკონტროლოს ხელისუფლების მზაკვრული ნაბიჯები და მის კონსტრუქციულ (ობიექტიურ) ოპონენტად იქცეს (განსხვავებით ე.წ. გაცვეთილი ოპოზიციური პარტიებისგან), აუცილებლობის შემთხვევაში კი შეცვალოს თვით ხელისუფლებაც.

 

ამიტომ, თავის დროზე ვწერდი, რომ ბიძინა ივანიშვილი ცრუობდა, როცა აცხადებდა: სამოქალაქო სექტორში გადავალ და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას დავაჩქარებო. აქსიომაა, არცერთი ხელისუფლება თავის დასაკლავ დანას არ გამოჩხრიკავს - ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ!

 

ასევე არასერიოზულად მიმაჩნია საზოგადოების გარკვეული ნაწილის წუწუნი: ლიდერი არ ჩანს, რომ გავყვეთო!

 

დღევანდელი განწყობით, ჭეშმარიტი ლიდერი არ გამოჩნდება, რადგან, ერში სიტუაციის არსებითად შეცვლის განწყობა არ არის - ყველა ჩირგვშია დამალული და იქიდან იკბინება.

 

ჭეშმარიტი ლიდერი (არ მომწონს ეს სიტყვა, მე უფრო „წინამძღოლი“ მირჩევნია) მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როცა ერში რეალობის შეცვლის სურვილი მომწიფდება, როცა გასაქანი არა მოლაყბეებს და 30 ვერცხლზე გაყიდულებს, არამედ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ღვთისმოშიშ ადამიანებს მიეცემათ - ურწმუნო, ხარბი, ყველა უსინდისობაზე ხელის მომწერი ადამიანები ხელისუფლებას (პოლიტიკას) მოამავალში მაინც არ უნდა გავაკაროთ!

 

თუ ადამიანს ღვთის რწმენა და ქვეყნის სიყვარული არა აქვს, ის ყოველთვის უცხო თესლის სამსახურში იქნება!

 

სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების წინააღმდეგობრივი პროცესის სტრატეგიულად სწორი მიმართულებით წარმართვისთვის საჭიროა შეიქმნას საზოგადოებრივი დარბაზი - მოსახლეობის უმრავლესობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც პროფესიონალებით იქნება დაკომპლექტებული და შეიმუშავებს სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიას და პროგრამას. ცხადია, ეს ყველაფერი ეროვნულ ფესვებზე უნდა აღმოცენდეს - ახალი გამოწვევების თავისებურებების გათვალისწინებით!

 

დღეს საზოგადოებრივი ერთობა ახალ მამოძრავებელ ძალად უნდა იქცეს - ვირტუალური სივრციდან უნდა გამოვიყვანოთ სოციალურად აქტიური ადამიანები, რომელნიც ობიექტურად აფასებენ რეალობას და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ახალი, თვისებრივად ეროვნული სახელმწიფოს ფორმირებაში.

 

ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ხალხი ნახირი არ არის, რომელსაც საითაც გინდა, იქით გადარეკავ და თუ მოგინდა, ხრამშიც გადაჩეხავ კიდეც!!!

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ქართული საზოგადოება კონსტიტუციაში შესატან არსებით ცვლილებებს ყოველთვის ინერტულად ხვდებოდა, რაც ხელისუფლებას დანაშაულებრივი ქმედებების ხელშემწყობ გარემოს უქმნიდა.

 

ახლა მაინც გვმართებს მწარე გაკვეთილებიდან დასკვნების გამოტანა!

 

სამწუხაროდ, იმედები კიდევ ერთხელ გამიცრუა 15 მაისს ფილარმონიაში საკონსტიტუციო ცვლილებების „განხილვისთვის“ გამიზნულმა სახელდახელო შეკრებამ, რომელიც წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის ფონზე დაიწყო და ლოგიკურად ჩაშლითა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვებით დასრულდა.

 

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ასეთი პროვოკაციები ახალგამოჩეკილ კონსტიტუციონალისტთა (ცვლილებების ავტორთა) გეგმაშიც შედის, რადგან მათ ხალხის აზრი არ აინტერესებთ და ყველაფერს აკთებენ იმისთვის, რომ თავიანთი (უცხოეთიდან თავსმოხვეული) ვარიანტი „გააპრავონ“.

 

ირაკლი კობახიძის უხეიროდ დაზეპირებულმა სიტყვებმა - „კომუნისტების დრო არ დაბრუნდება“, „პოპულიზმის დრო არ დაბრუნდება“, „ჩვენ ცოდნის გზით უნდა ვიაროთ“, „ჩვენ ილიას გზით უნდა ვიაროთ“ (ფეხქვეშ მიწა უნდა ეწვოდეთ, როცა ესენი ილიას გზას იმოწმებენ. ჰკითხეთ ერთი ირაკლი კობახიძეს, ილია ქართულ მიწას ისე ანიავებდა, როგორც ესენი აპირებენ?!) და პარლამენტის თავმჯდომარისთვის უჩვეულო ჟესტიკულაციამ, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ასეთ კადრებს სპეციალურად არჩევენ, სადაც ჯერ არს და ღონემიხდილ ქვეყანას თავს ახვევენ...

 

დავრწმუნდი იმაშიც, რომ პოპულიზმის დრო კი არ დასრულდა, პირიქით, დღეს შენიღბული ფორმით კიდევ უფრო იჩინა თავი...

 

დავრწმუნდი იმაშიც, რომ თუ ხალხმა ძალის დემონსტრირება არ მოახდინა და სახელმწიფოს ინტერესები (თავისი უფლებები) არ დაიცვა, ნამდვილად ხრამში გადაჩეხვისთვის გვამზადებენ!


ვფიქრობ, ახლაც ხელიდან გავუშვით შანსი, როცა მძაფრი რეაქცია არ გამოვხატეთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ, რომელიც უახლოეს მომავალში არა მარტო დიდ თავსატეხად, არამედ, ერის მომაკვდინებელ შხამად შეიძლება იქცეს!

 

P.S. დღევანდელ კრიტიკულ სიტუაციაში გაჩუმება ღალატის ტოლფასია - ყველაფერი არ უნდა გადავყლაპოთ, თორემ, ერთხელაც იქნება და ძვალი ყელში გაგვეჩხირება.

 

პატრიოტულ აღტკინებას, თუკი მას გონივრულ კალაპოტში მოვაქცევთ, ყოველთვის მოაქვს ეროვნულ ინტერესებს მისადაგებული შედეგი!

 

ზაურ ნაჭყებია

16-05-2017, 10:40
უკან დაბრუნება