სჯობია იყო მდიდარი და ჯანმრთელი
ბანალური ჭეშმარიტება
სულ ახლახანს გამოქვეყნდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“, როგორც მას ქალაქის მესვეურები უწოდებენ და რომლის განხილვა უკვე მოეწყო რამდენიმე უწყებაში, მათ შორის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. გენერალური გეგმები თბილისის განვითარების შესახებ ადრეც ყოფილა მიღებული - არასაბაზრო, დირექტიული ეკონომიკის პირობებში, როდესაც პოლიტიკური ნება ნებისმიერ ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე მაღლა იდგა. აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობაა საბაზრო ეკონომიკის დროს, როდესაც წინა პლანზე გამოდის ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის საკითხები. შესაბამისად, გეგმა თბილისის მიწათსარგებლობის შესახებ, მისი მიღების შემთხვევაში, ფაქტობრივად, პირველი იქნება არა მარტო დამოუკიდებელი საქართველოს, არამედ საერთოდ, საქართველოსა და მისი დედაქალაქის უახლესი ისტორიის მანძილზე.
სურვილი, რომ დედაქალაქს ჰქონდეს თავისი განვითარების გეგმა, მით უფრო, გენერალური - მისასალმებელია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დედაქალაქის განვითარების კონცეფცია მთლიანად უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის განვითარების კონცეფციას, იყოს მისი ორგანული ნაწილი, მით უფრო, რომ საქართველოს დედაქალაქზე მოდის ქვეყნის მოსახლეობის 30 პროცენტი (ქალაქად მაცხოვრებელთა ნახევარზე მეტი), მთლიანი შიგა პროდუქტის 64 პროცენტი, სამეწარმეო სექტორის ბრუნვის თითქმის ¾ და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 4/5-ზე მეტი. და ეს მაშინ, როდესაც თბილისს საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ 1.2 პროცენტი უკავია.
მომზადებული და რიგითი მოქალაქისათვის ინტერნეტით ხელმისაწვდომი ზემოხსენებული დოკუმენტი საკმაოდ ტევადია, მოიცავს ათასზე მეტ გვერდ საცნობარო და საგანზრახულებო შინაარსის ტექსტს. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში ის კარგი საცნობარო მასალაა თბილისის ისტორიის, არქიტექტურის, გეოგრაფიის, კომუნიკაციების, და სხვა ასპექტების შესწავლით დაინტერესებული მკითხველისათვის. მაგრამ, რამდენად სისტემურადაა მასში წარმოდგენილი დედაქალაქის დღევანდელი და ხვალინდელი დღის მოთხოვნების ხედვა, რამდენადაა მასში გათვალისწინებული ქალაქისა და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების დაკავშირება, რეალიზაციის გზები და რესურსები, ეს ჯერ კიდევ სერიოზული მსჯელობის საგანია. დარწმუნებული ვარ, ამის თაობაზე შენიშვნები და შეფასებები მრავალგზის გამოითქმება, თუმცა ამ პროექტის პირველი გამაფრთხილებელი შეფასება უკვე გამოთქვა პროფესორმა მიხეილ ჯიბუტმა, რომელმაც თავის პუბლიცისტურ წერილებში („ივერიონი“, 2017 წლის 11 და 15 აგვისტო), აგრეთვე ტელევიზიით („კავკასია“, 15 აგვისტოს გადაცემა „სპექტრი“) ქალაქის მესვეურებისა და მოქალაქეების ყურადღება, ამ დოკუმენტის სხვა მრავალ შეუსაბამობასა და ლაფსუსთან ერთად, გაამახვილა იმაზე, რომ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა:
ა) არ არის გეგმა, როგორც ასეთი; ბ) რომ მას არ ახლავს ფინანსური დასაბუთება.
ამბობენ, ნაპოლეონმა ერთერთი ბრძოლის შემდეგ თავის არტილერიის სამსახურის უფროსს ჰკითხა, თუ რატომ არ აქტიურობდა ბრძოლაში არტილერია.
- ამის მიზეზი რამდენიმეა, - უპასუხა იმპერატორს მთავარმა არტილერისტმა.
- ჩამოთვალეთ!
- პირველი, ჭურვები დროზე არ მოიტანეს...
- საკმარისია, სხვა მიზეზები აღარაა საინტერესო - გამოსცრა კბილებში იმპერატორმა.
ასევეა თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის შესახებ. - თუ რა შეიძლება დაჯდეს ამ გეგმის განხორციელება, ამის თაობაზე დოკუმენტი მრავლისმეტყველად დუმს. - ჯერჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, თუ რამდენი გადაუხადეს გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, საქმეს ვერ შველის. სავარაუდო ხარჯების მოცულობის განსაზღვრის და დაფინანსების წყაროების განსაზღვრის გარეშე კი გეგმა ისეთივე ბანალურ სურვილად დარჩება, როგორადაც ამ სტატიის ეპიგრაფად წამძღვარებული ჭეშმარიტება.
დიახაც. - დედაქალაქის განვითარების გეგმაში უნდა ჩანდეს არა მარტო კონკრეტული მიზნები, არამედ მათი განხორციელებისათვის საჭირო რესურსები, მიახლოებითი ღირებულება და შესაბამისი დაფარვის წყაროები. წინააღმდეგ შემთხვევაში გეგმა ემსგავსება განზრახულობათა ოქმს. თბილისის ბიუჯეტი საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის მხოლოდ 8 პროცენტია, ამასთან მისი ნახევარი, არსებული საგადასახადო სისტემის გამო, ისევ ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებულ ტრანსფერებზე მოდის. საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ განუცხადებია რაიმე ცვლილების თაობაზე, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს შემოსავლის საკუთარი დამატებითი წყარო გაუჩნდებოდათ, მათ ბიუჯეტებში მოხვდებოდა იმ საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების ნაწილი (მაგალითად, საშემოსავლო გადასახადებიდან), რომლებიც ჯერაც ცენტრალიზებულად ამოიღება. დღევანდელი საგადასახადო სისტემის შენარჩუნების პირობებში კი, დედაქალაქს ქვეყნის ბიუჯეტიდან ტრანსფერტების მკვეთრი ზრდის ან გარკვეული პრეფერენციების შეპირების საფუძველზე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გარეშე არ ექნება საკმარისი რესურსები ისეთი მსხვილმასშტაბიანი პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც არსებითად გადაწყვეტენ დედაქალაქის წინაშე მდგარ ისეთ უმწვავეს საკითხებს, როგორებიცაა:
- ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, რეკრეაცია, მდინარე მტკვრის აუზის აღნიშნულ პროცესში სრულმასშტაბიანი ჩართვით;
- აქალაქო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მათ შორის პარკირების პრობლემა;
- საცხოვრისი და საზოგადოებრივი ფონდის განახლება, რეკონსტრუქცია, ძველი უბნებისა და ქუჩების რეაბილიტაცია-რენოვაცია;
- ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და მეცნიერულტევადი წარმოებების განვითარება და ამის საფუძველზე ახალი მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილების შექმნა და უმუშევრობის დონის შემცირება და ა.შ.
ამიტომ ვიმეორებთ: გეგმაში უნდა ჩანდეს დაფინანსების კონკრეტული მოცულობა და წყაროები, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის მასშტაბები. მაგალითად, კარგია განზრახულობა მტკვრისთვის რეკრეაციული ფუნქციის მინიჭებაზე (დაბრუნებაზე), შესაბამისი ზონის მოწყობა, მაგრამ ცნობილია, რომ მტკვარში დიდი რაოდენობით ჩაედინება საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ფეკალიები. როგორც სუფრის, მით უფრო „ცოცხალის“ ყველაზე „აზიზი გურმანები“ ერთმანეთში „განდობილად“ საუბრობენ, რომ, „მტკვარზე ხაშურს ქვემოთ დაჭერილი თევზი აღარ იჭმევა“. მტკვრის ეკოლოგიური გასუფთავება ერთიანი სახელმწიფოებრივი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს, აქ მარტო დედაქალაქის ხელისუფლების „კეთილი ნება“ საკმარისი ა(ღა)რაა. ისევე, როგორც სატრანსპორტო ქსელის, ინფრასტრუქტურის განვითარება და პარკირების სისტემის მოწესრიგება. ამჟამად, საქართველოს ყველა რეგიონიდან სამუშაოს საძიებლად თბილისისკენ მოემართება ათასობით შრომისუნარიანი პირი, ელიავას ბაზრობასთან მდგარი დღიური მუშებიდან დაწყებული და „მოყვარული“ ტაქსისტებით დამთავრებული. შრომითი მიგრაციისა და მასთან დაკავშირებული საქალაქო პრობლემების გადაწყვეტა შეუძლებელია დედაქალაქის ხელისუფლების ნებისა და რესურსების ფარგლებში -ეს ზოგად-სახელმწიფოებრივი ამოცანაა! მაგალითად, ესტონეთის დედაქალაქის მედია სისტემატურად აქვეყნებს ინფორმაციას საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამუშაო ვაკანსიებზე ტალინში და სამუშაოდ იწვევს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ქვეყნის რეგიონებიდან დედაქალაქში, რაზეც ეს უკანასკნელნი იოლად არ თანხმდებიან - ისინი ტალინიდან მოშორებითაც თავს საკმაოდ კომფორტულად (ეკონომიკური და ყოფითი ასპექტით) გრძნობენ და არ გააჩნიათ სურვილი გადავიდნენ დედაქალაქში საცხოვრებლად იმის გათვალისწინებითაც კი, რომ 2013 წლიდან კომუნალური ტრანსპორტი ტალინელთათვის უფასოა.
საქართველოს დედაქალაქის გეოგრაფიულმა განვრცობამ „სიგანეში“, განსაკუთრებით რიგი სასოფლო დასახლებული პუნქტების შემოერთების შემდეგ, თითქმის გადაასწრო მის განვრცობას „სიგრძეში“ (მტკვრის კალაპოტის გაყოლებით). შესაბამისად, ასეთი გეოგრაფიული გაშლილობის ფონზე შეუძლებელია შენარჩუნდეს ერთი კულტურულ-კომერციული ცენტრი, როგორადაც ბოლო დრომდე მოიაზრებოდა რუსთაველის გამზირი. სხვათა შორის, ის, რომ ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციები მათ „ტრადიციულ“ ადგილზე - რუსთაველზე, პარლმენტის შენობის წინ კი არ ჩატარდა, არამედ დავით აღმაშენებლის გამზირზე, ამგვარი ტენდენციის გამოვლენის ლატენტურ ფორმადაც შეიძლება მივიჩნიოთ. გეგმაში მკაფიოდ უნდა ჩანდეს, თუ რომელი საქალაქო ქუჩები, მოედნები, კვარტალები შეიძლება მოიაზრებოდნენ „პოლიპრეფერენციულ ცენტრებად“.
თბილისის განვითარებაში ბოლოდროინდელი მთავარი პრობლემა იყო უსისტემობა, ინტერესთა დაუბალანსებლობა ქალაქის ცალკეული უბნების, კვარტალების განვითარებასა და დედაქალაქის, როგორც ერთიანი ცოცხალი ორგანიზმის ინტერესებს, აგრეთვე ცალკეულ მენაშენეთა, დეველოპერულ თუ კომერციულ ჯგუფებს შორის. ამის გამოა, რომ სიმჭიდროვე ქალაქის ზოგიერთ უბანში, მაგალითად ვაკეში და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე გადასცდა ყოველგვარ ეკოლოგიურად დასაშვებ და წარმოსადგენ ნორმებს. ზეკონცენტრაციის გამო სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია ფაქტობრივად იქცა, ხატოვნად რომ ვთქვათ, „ღაზას სექტორად“. და ეს ერთეული შემთხვევები არაა. თბილისში საგანგაშოდ სწრაფად იზრდება იმ უბნების რაოდენობა, იმ ტერიტორიის სიდიდე, რომლებიც ზეგაჯერებულია უძრავი ქონებით, საცხოვრისით და კომერციული დატვირთვის მქონე შენობა-ნაგებობებით. ურბანიზაცია, ზოგადად, ზრდის უძრავი ქონების ელემენტების კაპიტალიზაციას. მაგრამზეურბნიზაცია უკვე საპირისპირო პროცესების აქსელერატორია - იგი თანდათან აიაფებს, ძირს სცემს ასეთი აქტივების ღირებულებას, ანუ ახდენს მათ დეკაპიტალიზაციას.
ამ მხრივ საგულისხმოა კიევის მაგალითი მიწისქვეშა კომუნიკაციების განვითარებისა და შესაბამისი ურბანისტიკის პოტენციალის გამოსაყენებლად. - ამ ქალაქის მესვეურებმა გაათავისუფლეს მოგების გადასახადისაგან ის ორგანიზაციები, რომლებიც მიწისქვეშა სივრცეებს შექმნიდნენ და გამოიყენებდნენ. ამიტომაც უკრაინის დედაქალაქის მთავარი მოედნის ქვეშ (და არა მარტო იქ) რამდენიმესართულიანი მრავალრიცხოვანი მიწისქვეშა კომერციული უბნებია აშენებული.
როგორც უკვე ითქვა, საქართველოს მშპ-ის 3/5-ზე მეტი თბილისში იქმნება. თავისთავად ეს ფაქტი არც კარგია და არც ცუდი. მაგალითად, პარიზის წილი საფრანგეთის მშპ-ში 28 პროცენტია, ბერლინისა კი გერმანიის მშპ-ში - მხოლოდ 4.4 პროცენტი; აღმოსავლეთში, მაგალითად, პეკინზე მოდის ჩინეთის მშპ-ის მხოლოდ 3.35 პროცენტი, „სამაგიეროდ“ სეული ქმნის სამხრეთ კორეის ეკონომიკის 46 პროცენტს... მაგრამ, თბილისის იურიდიული პირებისა და მოსახლეობის წილის უმნიშვნელოვანესი როლისა და წვლილის გათვალისწინებით საქართველოს ეკონომიკასა და ბიუჯეტის ფორმირებაში, მიზანშეწონილი იქნებოდა დედაქალაქის გეგმაში ასახულიყო ცენტრალური ბიუჯეტის ჩართულობის ხარისხი (ამჟამად, როგორც უკვე ითქვა, საერთოდ არ ჩანს სახელმწიფო ბიუჯეტის მონაწილეობის პერსპექტივა დედაქალაქის გენერალური გეგმის რეალიზაციაში). დღეისათვის დედაქალაქის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბიუჯეტისათვის გადახდილი ყოველი 15 ლარიდან მხოლოდ ერთი ხვდება უშუალოდ თბილისის ბიუჯეტში და 14 - ცენტრალურ (სახელმწიფო) ბიუჯეტში, რაც, ვფიქრობ, ქალაქის საკრებულოს, მერიას აძლევს მორალურ უფლებას, ქვეყნის ბიუჯეტიდან მოითხოვონ მეტი დაფინანსება გენერალური გეგმის რეალიზაციისათვის. თუმცა, ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გეგმის ავკარგიანობაზე, მიზანშეწონილობასა და სისტემურობაზე დაფიქსირდება საზოგადოებრივი კონსენსუსი.
და ბოლოს. თბილისს ოცამდე დაძმობილებული (თბილისის დაძმობილებული ქალაქებია: საარბრიუკენი, ნანტი, ლუბლიანა, ინსბრუკი, ატლანტა, პალერმო, ბრისტოლი, ბილბაო, ერევანი, კიევი, ასტანა, ვილნიუსი, კიშინიოვი, კაირო, დოჰა, თეირანი, მინსკი, სტამბოლი, სოფია, ტომსკი) და თითქმის ერთი ამდენივე პარტნიორი ქალაქი (თბილისის პარტნიორი ქალაქებია: ოდესა, ანკარა, ბაქო, ათენი, პარიზი, იერუსალიმი, რიგა, კრაკოვი, ვარშავა, ბუდაპეშტი, ხარკოვი, ლვოვი, ლინკოლნი, გუანჩჟოუ, ლუბლინი, დუბლინი, პრაღა) ყავს - ატლანტადან დაწყებული და იერუსალიმით დამთავრებული. ჩვენი დედაქალაქის განვითარების კონცეფციისა და ამის საფუძველზე გენერალური გეგმის შესამუშავებლად კარგი იქნებოდა ამ ქალაქების გამოცდილების გაცნობა და გათვალისწინება. ველოსიპედი ძალიან კარგი, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ტრანსპორტია, მაგრამ მისი ხელახალი გამოგონება არასასიამოვნო და არაეკონომიკური ასოციაციების აღძვრის საბაბს იძლევა, სარეპუტაციო ფაქტორს თავი საერთოდ რომც დავანებოთ...