ივერიონი / დონარა მჭედლიძე: თბილისის გენგეგმა ქაოტურად შექმნილ სივრცეებს აკანონებს?!

დონარა მჭედლიძე: თბილისის გენგეგმა ქაოტურად შექმნილ სივრცეებს აკანონებს?!

თბილისის ახალი გენგეგმის შექმნის პროცესში  გეგმარებითი დავალების ცვლილებებს ჰქონდა ადგილი. საჯარო სივრცეში გამოქვეყნდა 2016 წლის 1 ოქტომბერს  "ქ.  თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის  დაზუსტებული   გეგმარებითი დავალების პროექტი."    გენგეგმა ისეთია როგორიცაა გეგმარებითი დავალება. გენგეგმის ანალიზი, მისი ტესტირება საჯარო, ან კერძო ინტერესებზე,  გეგმარებითი დავალებით უნდა დაიწყოს.


დღეს როდესაც დიდი ვნებათაღელვაა თბილისის ახალი გენგეგმის ირგვლივ, გამოჩნდა რომ აქტუალობა არ დაუკარგავს ზემოთ მითითებული გეგმარებითი დავალების პროექტის გამოქვეყნებისას  მოსაზრებებს, რომელიც სტატიის სახით ჩემს არქივში ინახებოდა და გადავწყვიტე მისი უცვლელად გამოქვეყნება.

გენგეგმა- ქალაქის ურბანული განვითარებისათვის მთავარი საყრდენი  ქვეყნის განვითარების სტრატეგიასა და  ქალაქის  განვითარების კონცეფციით განსაზღვრული პრინციპებით ქალაქის არქიტექტურულ-გეგმარებითი საყრდენი დოკუმენტია.  იგი მოიცავს ქალაქმშენებლობის ფორმირების ხელშემწყობი სხვადასხვა სისტემების: საკანონმდებლო, ინსტიტუციური, ინფორმაციული, საფინანსო-ეკონომიური, მეთოდოლოგიური, არქიტექტურულ-გეგმარებითი და სამშენებლო ინდუსტრიის ძირითადი პრინციპების, კონცეფციების, კანონებისა და ნორმატივების რეგულირების დაცვისა და სამომავლო პროგრამების დამუშავებას, მათი პროპაგანდისა და  დანერგვას.  ეს სამუშაოები სრულდება მხოლოდ შესაბამისი პროფესიონალებისაგან შემდგარი ჯგუფების  მიერ და მის აღსრულებას უზრუნველყოფს სამთავრობო ორგანოები.

"Mოდერნ" - თანამედროვე  ურბანული დაგეგმარება შემოიჭრა დასავლეთ ევროპაში 19-ე საუკუნის დასასრულს,  ქაოტური და სწრაფად მზარდი დაბინძურებული  სითის პასუხად,  რომელიც მოიტანა ინდუსტრიულმა რევოლუციამ.    მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,  ხდება დიდი რაოდენობით სოფლის მოსახლეობის მიგრაცია ქალაქში. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოში  ინდუსტრიალიზაციის ეგიდით სოფლის მოსახლეობის მიგრაცია : რუსთავი, ქუთაისი, ჭიათურა, ტყიბული და სხვა.  იქმნება უნდუსტრიული ქალაქები.    20-ე საუკუნის მეორე ნახევარში თბილისის  განაშენიანების საზღვრები და ფორმები სწრაფად იცვლება: შენდება საცხოვრებელი მასივები.  შესაბამისად,   უმთავრესი მოვლენა საქართველოს არქიტექტურულ ცხოვრებაში იყო 1970 წელს დამტკიცებული თბილისის გენერალური გეგმის განხორციელება,  რადგან სწორედ მის საფუძველზე მიმდინარეობდა ქალაქის ტერიტორიული გაფართოება, ახალი საცხოვრებელი უბნების - გლდანის, მუხიანის, ვარკეთილის, ლოჭინის,  ვაშლიჯვრის, დიდი დიღმის განაშენიანება, - ფაქტობრივად, ახალი ქალაქის წარმოქმნა, რომელიც ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი მხრიდან რკალად შემოერტყა ძველ ქალაქს. გენერალურ გეგმასთანაა დაკავშირებული, აგრეთვე, მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები არსებულ ქალაქში, ისტორიული უბნების რეგენერაცია და ქალაქის ცენტრის პრობლემის სრულიად ახლებური გააზრება. ასევე, ამ გენერალურ გეგმასთანაა დაკავშირებული საბინაო მშენებლობის განვითერება 1970-იან-80-იან წლებში, რადგან ახალი უბნების განაშენიანების მოთხოვნები განსაზღვრავდა მშენებლობის მასშტაბსა და ხასიათს. უნდა ითქვას, რომ გენერალუმა გეგმამ უპასუხა მის თანადროულ მოთხოვნებს.  

რატომ სჭირდება ურბანული დაგეგმარების  ცვლილება

თანამედროვე ურბანი  აღარ  არის 20-ე საუკუნის, ფუნქციური,  თუ გეოგრაფიულ  ჩარჩოებში მოქცეული ორგანიზმი.  მან გაარღვია ე.წ. ქალაქმშენებლობის საზღვრები და უფრო ფართო და მრავალფეროვანი ფუნქციები და ფორმები   შეიძინა. 21-ე საუკუნის  ურბანული  გეგმარება  ხდება უფრო შემოქმედებითი, ნაკლებად რეგულირებადი. მგეგმარებლები  წარმოადგინონ ურბანული სივრცეს, როგორც განსახლების მდგრად  პერსპექტივას  მისი ზეეკონომიკურ  გარემოსა და სოციო-კულტურულ განზომილებაში.  გასათვალისწინებელია  ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი  მახასიათებლების ბალანსი:

1.    დემოგრაფია;
2.    გარემო;
3.    ეკონომიკა;
4.    სოციალური სივრცეები;
5.    ინსტიტუტები;
6.    მონაწილეობა, დაგეგმარება, პოლიტიკა;
7.    მწვანე და ყავისფერი თემა- სივრცეები;
8.    ურბანული დაგეგმარება და ფორმალურობა;   
9.    ურბანი ერთი ცენტრით და ურბანი მულტიცენტრით.

20-ე საუკუნის დასასრულს, საქართველო აღმოჩნდა მოუმზადებელი მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების წინაშე.   1991 წელიდან მწვავე პოლიტიკური სიტუაციამ  და ეკონომიკური კრიზისმა  20%-ით  შეამცირა  მოსახლეობა, რაც ძირითადად, მიგრაციამ განაპირობა. მიგრაციის პროცესი  გაიზარდა ქვეყნის შიგნითაც, რაც ძირითადად გამოიწვია ქვეყნის განვითარების მიმართულებების არა სწორმა   პოლიტიკამ,  რეგიონალური განვითარების  გაუაზრებელმა მართვამ და   თანამედროვე  გარემოსა და  მოთხოვნების  შეუფასებლობამ.   ჩვენი ქვეყნის ქალაქების ქალაქმშენებლობის დღევანდელი პრობლემების განხილვისას არ შეიძლება არ აღინიშნოს, ის რომ ისინი განპირობებულია ეკონომიკური მოვლენების განვითარებით,  რაც გეგმიურ    ცენტრალიზებული ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლით ხასიათდება.  ამ პირობებში ქალაქის, როგორც მატერიალურ-სივრცული და   სოციალ-ეკონომიკური კატეგორიის ფორმირება იქმნება  საბაზრო ფაქტორების  გავლენით,  თუმცა განვითარებად ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო  მას  გარდამავალ პერიოდში უნდა არეგულირებდეს და იცავდეს მოსახლეობის ინტერესებს გარკვეილ წილად  მთავრობა.

ტრანსფორმაციის პერიოდში  თბილისმა  მემკვიდრეობით მიიღო ქალაქმშენებლობის ადრეული ფორმები,  რომლებმაც ნაწილობრივ  განიცადეს ცვლილებები  და  შეიძინეს  ახალი ფუნქციები და ფორმები.  გაჩნდა ახალი ფაქტორები, რომლებიც  განსაზღვრავენ ქალაქის განვითარებას - საინვესტიციო-ფინანსური რესურსები, რომელიც ძირითადად მიიმართა ქალაქმშენებლობისაკენ. ამ პროცესებმა  მოახდინა  სახელმწიფო და კერძო საკუთრების ინვესტირების მიზნების  გაცალკევება. კერძო ბიზნესი  ხელმძღვანელობს ბიზნეს-გეგმებით, რომელებიც ხშირად არ ემთხვევა მუნიციპალიტეტის ინტერესებს და  ხშირად ადგილი აქვს მუნიციპალური პრინციპების "ადაპტირებას"- მორგებას კერძო ბიზნესის ინტერესებზე, რაც იფუთება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ლოზუნგით. ხდება ქალაქის დატვირთვების: ადმინისტრაციული, სერვისების, უწყებების, კერძო ბიზნესებისა და სხვა წარმოებებით  გაჯერება.   რაც  გამოწვეულია საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლით, დემოგრაფიის ცვლილებით,  მიგრაციით,  ტრანსპორტის მიმოქცევის ზრდით და ა.შ. ეს ქალაქს აწვება ტვირთად, აჩენს პრობლემებს (ტრანსპორტის გადაადგილება, პარკინგები, ადმინისტრაციული თუ  სიციალური სერვისების ზრდა.) დგება დრო როცა ამ დატვირთვებიდან ქალაქის ცეტრალური ნაწილის განთავისიფლება  გარდაუვალი ხდება.  გამოსავალი კი არის ქალაქის ფუნქციების  გადახედვა და მათი გადანაწილება  ქვეყნის მასშტაბით.   

ფაქტია,  რომ ურბანის განვითარება  ისევ დამოკიდებულია  ძირითადად   მთავრობაზე.  ერთი მიზეზი შეიძლება იყოს  ის, რომ მოდერნული სითის დაგეგმარება ასოცირდება, როგორც თანამედროვე ქალაქი,  რომლის განვითარებაც უნდა "დაეწიოს" დასავლეთს,  ეს მიზანი ხიბლავს მთავრობას და ელიტას, რომელთა სურვილია რომ გამოიყურებოდნენ "დასავლურად". მეორე მიზეზი არის ის, რომ  მანამდე დაგეგმარება დაიწყებოდა, დავალება  შედგენილია ისე, რომ     მიღწეულ იქნას გარკვეული პიროვნებების განსაკუთრებული  ინტერესები ან გავლენა  ტერიტორიის განვითარებაზე.  გეგმარება გამოყენებულია ხშირად,  პოლიტიკურ ოპონენტებზე სამოქმედოდ,  დამსახურებად თვლიან  მისი ინტერესების "მიტაცებას".   ქვეყანაში, ურბანული ფორმალობა  ხშირად გამოყენებულია მთავრობის მიერ,  რათა აიცილოს პასუხისმგებლობა  წარმოდგენილი სერვისისა ან ნაკვეთის- მიწის გამოყენების  უფლებების დარღვევაზე.  ეს  განაპირობებს  ახალი პრობლემების დამატებსა ძველზე.

დავალება, რომელიც გაიცა "ქ.თბილისის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ" გენერალური გეგმის დასამუშავებლად,  არ სჩანს 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევები, როგორიცაა:  გარემოს დაცვა,  კლიმატის გლობალური ცვლილებები, უკვე არსებული სავალალო ქალაქგეგმარებითი რღვევების გამოსწორების  გზები, საზოგადოებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა გენგეგმის დამუშავების პროცესში,  არ არის გაცხადებული თბილისის , როგორც ქალაქის ტრანსფორმაცია 21-ე საუკუნის გამოწვევებზე,  არ არის  მეთოდურად  დასაბუთებული   პირველი და გადაუდებელი პრობლემების გადაწყვეტის გზები და აღმოფხვრის მოკლე და გრძელ ვადიანი პროგრამები.  ასევე  არ არის შესაბამისი კვლევა და ანალიზი   თბილისის გარშემო სივრცეების, დასახლებების  აგლომერაციის პროცესით გამოწვეული დადებით  და უარყოფით გავლენებზე.

შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში რეგიონულ  ეკონომიკური პოლიტიკის არსის გაცნობიერება საწყისს  სტადიაზეა. მიუხედავად იმისა, რომ მისი განხორციელებისათვის "ჩარჩო" სამართლებრივი ბაზა არსებობს.  მიღებულია რეგიონული განვითარების სტრატეგია, არსებობს რეგიონულ განვითარებაზე უშუალოდ პასუხისმგებელი ინსტიტუტი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შექმნილია შესაბამისი პროფილის სამთავრობო კომისია. რეალურად კი რეგიონებში არ  იქმნება საცხოვრებლად შესაფერისი გარემო და გრძელდება სამუშაოს მაძიებელთა მიგრაცია თბილისისაკენ.   

როგორც   წესი, ურბანიზაციის დონე რეგიონის  უმუშევრობის  განმსაზღვრელია. თბილისის ურბანული განვითარების პროგრამა უნდა იყოს ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ორგანული ნაწილი. მისი  სივრცითი განვითარების განხილვა ქვეყნის განვითარებისა და სივრცითი მოწყობის სტრატეგიის გარეშე  დაუშვებელია.  იგი  განსაზღვრავს თბილისის ფუნქციას და როლს ქვეყნის განვითარებაში.

2016 წლის 1 ოქტომბრის "ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დაზუსტებული გეგმარებითი დავალების პროექტი"   კი  აკანონებს უკვე არსებულ შეუსაბამო,  იურიდიულად  კანონიერ, მაგრამ  ობიექტურად არა კანონიერ (არა სამართლიან),  არა თბილისურ, ქაოტიურად შექმნილ სივრცეებს და არ ეძებს მათი შეცვლის გზებს და ურბანული წესრიგი მიაჩნია საცხოვრებელი ფონდის შემდგომი გაზრდით.  ისეთი მასშტაბის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა  ქალაქს აგლომერაციის პროცესი აქცევს "ნახევარ სახელმწიფოდ" და გვევლინება კონკურენტად  ქვეყანის განვითარებასთან.  ეს პროცესი,  ასევე,  ცვლის თბილისის იმიჯს, მასშტაბს, ხასიათს, კულტურას,  უკარგავს მას უნიკალურობასა და "თბილისურობას".        



26-08-2017, 11:50
უკან დაბრუნება