ივერიონი / გიორგი ტიგინაშვილი: „რესპუბლიკელებს“ რომ ჰკითხო - ეკლესიებიც დასახურია და მღვდლებიც არასაჭირო!

გიორგი ტიგინაშვილი: „რესპუბლიკელებს“ რომ ჰკითხო - ეკლესიებიც დასახურია და მღვდლებიც არასაჭირო!

რესპუბლიკური პარტია უტიფრად და თავმომწონედ, რომ იჩემებს - "ყველაზე ინტელექტუალური და ერუდირებული კადრები გვყავსო", ეს არახალია, მაგრამ ახლა უკვე ღიად აცხადებენ, რომ აგერ აგრესიული ათეისტებისა და სარკასტული დემაგოგების თავშესაფარიც ჩვენთანაა და თუ ვინმე ღმერთზე გაბოროტებული და სულიერად დეგრადირებული ხართ, ჩვენს წიაღში ბენეფისითა და ფურორით რეალიზდებით და welcome-ო!

დაუკვირდით ცინიზმისა და თავხედობის აპოგეას: კომპარტიის ყოფილი წევრები, კა გე ბე-ში ცნობილი დამსმენები და ილია ჭავჭავაძის მლანძღველები ლიბერალურ დემოკრატიაზე ექსკლუზივს იბრალებენ.

შეიძლება იყო ინფორმაციული ლიტერატორი, ნაკითხი ლექტორი, კომპეტენტური იურისტი, ენაკვიმატი ორატორი და გამოცდილი პოლიტიკოსი, მაგრამ არ იყო ადამიანი და პიროვნება!

ბიბლიაში "სიბრძნე ზირაქისა" ამბობს: "ჭკუანაკლი, მაგრამ ღვთისმოშიში სჯობს დიდად გაბრძნობილს, მაგრამ რჯულის დამრღვევსო" (19.24).

ასეა, როცა შეგნებულად მტრობ უზენაეს შემოქმედს, ქრისტიანულ საუნჯესა და ეთიკას - რაც არ უნდა დიდი რესურსის მატარებელი იყო, ვერასოდეს აცდები ამომრჩეველთა 1.5 %-ს და ვერასოდეს პოზიტიურ პროდუქტს ვერ შექმნი, რადგან თვითონ ნეგატივი ხარ.

რესპუბლიკური პარტიის წევრები ყველას და ყველაფერს მუდმივად ზემოდან დაჰყურებენ. სწორედ მათ ამპარტავნებას მოსდევს ხოლმე მათივე რენომეს დაღმასვლაც, ხოლო პოლიტიკურ ვარდნას კი დამღუპველ სიჩქარეს, ანუ კინეტიკურ ენერგიას სძენს ყოველივე ეროვნულ-კულტურული ფასეულობისა და სულიერი ღირებულების დაუცხრომელი სიძულვილი.

ამ ჯგუფს, რომ ჰკითხო, ეკლესიებიც დასახურია და მღვდლებიც არასაჭირო. დიახ, ჩვეულებრივი ბოლშევიკების იდეოლოგიური რენკარნაციის სილუეტები არიან!

მათთვის ლიბერალიზმი ალიბი და შირმაა, თავიანთი ჰედონისტური, მატერიალისტური და ანტიეროვნული ზრახვების შესანიღბად. გროტესკული ირონიაა, როცა ამას ცივილიზებულობად ასაღებენ.

მოკლედ, ღმერთთან და ყოველივე საკრალურთან ბრძოლაში, ისინი ყველაზე უფრო "აკადემიურ" ფორმატს, ანუ ლიბერალურ ნარატივს ირჩევენ. პარადოქსი კი ის არის, რომ ვითომ თავისუფლების იდეას ადევნებულნი, თავად ყველაზე დაკომპლექსებული კასტა არიან და განსხვავებულ აზრთან მიმართებითაც ისე პირქუშად და ფანატიკურად რეაგირებენ, რომ უნებლიედ შემოავიწყდებათ ხოლმე, ხელზე მარლასავით დახვეული "ადამიანის უფლებები" და მისი ღირსება, რომელიც მათთან (შექმნილი კონიუქტურის მსგავსად) ყოველთვის რეალატიური და ფარდობითია.

მათ მხარდამჭერებსაც რომ უთხრა - ხალხს ძალიან არ მოსწონხართო, პასუხად მუდამ ეს სიტყვები აქვთ: - "სულ არ გვანაღვლებს ხალხს ვეყვარებით თუ არაო"!

ვისაც ასეთი განწყობა აქვს, ის არაფრით განირჩევა დემონური მდგომარეობისგან. ლუციფერიც ასეა: სულ არ ანაღვლებს მას არავისი აზრი...


7-09-2017, 10:17
უკან დაბრუნება