ივერიონი / მიხეილ ჯიბუტი: კკკ მომავალ თბილისში

მიხეილ ჯიბუტი: კკკ მომავალ თბილისში

საუბარი იქნება არა კკკ - კუ-კლუქს-კლანზე (Ku Klux Klan), არამედ კკკ - კახი კარლოს ძე კალაძეზე, რომელიც 2017 წლის 21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამომხატველი ყველაზე რელიეფური ფიგურაა თამაზ მეჭიაურთან ერთად!

 

პირველი იმიტომ, რომ ის გახდა დედაქალაქის მერი და ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული პირი საქართველოში პრეზიდენტის შემდეგ. ამასთან, მის ირგვლივ იქმნება ახალი თაობის პოლიტიკური ჯგუფის კრისტალიზაციის შესაძლებლობა. ამ პროცესის მიმდინარეობა შესამჩნევია ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებიდან, თუმცა ის ჯერ მიმდინარეობს სოლოკრატიის შიგნით და ამ უკანასკნელის გაძლიერების ნიშნის ქვეშ....

 

2017 წლის 21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მართლაც სოლოკრატიის ტრიუმფი იყო, ძალაუფლების გაფართოების თვალსაზრისით.

 

არჩეულ იქნა მუნიციპალიტეტისა და ქალაქების საკრებულოები და მერები. ოფიციალური მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის აბსოლუტური უმრავლესი „საკომანდო პუნქტები“ მმართველმა პარტიამ - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-მ აიღო. მეორე პოზიციაზე დარჩა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ვერც „ქართული ოცნებიდან“ და ვერც „ნაციონალური მოძრაობიდან“ წარმოქმნილმა პარტიებმა ვერ აჯობეს მის „დედა“ პარტიებს. არჩევნები ჩატარდა ძველი საარჩევნო სიებით. არჩევნების ლეგიტიმურობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენება არ გაზრდილა. ყველაფერი შინაარსობრივად მიმდინარეობდა და დარჩა „ძველებურად“. უცვლელია „რესპუბლიკური პარტიის“ პროექტითა და „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი თვითმმართველობის სისტემა.

 

არჩეულებს მივულოცოთ ხალხისთვის სამსახურის ვალდებულებებით დატვირთვის პატივი და ვუსურვოთ შეძლონ დაკისრებული მოვალეობების ღირსეულად წარმართვა.

 

საქართველოში სოლოკრატიის ჩამოყალიბების შემდეგ ეს იყო პირველი არჩევნები და ის მისი ტრიუმფით დამთავრდა!

 

სოლოკრატიული მმართველობა („სოლოკრატია“ - „Solokratia”) (“solo” - იტალიური - ერთი; „κράτος“ - ბერძნული - ხელისუფლება), ანუ ერთი კაცის მიერ სახელმწიფოს არაფორმალურად და სრულად მმართველობის ძალაუფლება,როგორც მმართველობის უნიკალური სისტემა ჩამოყალიბდა საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთ კაცზეა დამორჩილებული - მის წინაშეა ვალდებული, რადგანაც მის მიერაა „დანიშნულ“-დაწინაურებული. 

 

არჩევნების საბოლოო შედეგების შემდეგ შესაძლებელია დეტალური ანალიზი, თუმცა მთავარი უკვე ცნობილია - სოლოკრატიამ მოიცვა, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება!

 

სოლოკრატიის აბსოლუტურ ძალაუფლებას ახლა ორი - საქართველოს პრეზიდენტისა და თიანეთის მერის - თანამდებობების კონტროლი აკლია. თუმცა ორთავე პოსტზე სოლოკრატიის სათავეებთან მყოფი პიროვნებები არიან.

 

განსაკუთრებულია თამაზ მეჭიაურის შემთხვევა.

 

თმ - თიანეთის მერი - თამაზ მეჭიაური ერთი ხმის უპირატესობით გახდა მერი. (ვულოცავთ, რა თქმა უნდა, ისევე როგოც ყველა სხვა არჩეულებს და უფრო მეტადაც კი.) ერთი ხმის უპირატესობით არჩევის ფენომენი რამ წარმოშვა? თამაზ მეჭიაურის პიროვნული თვისებების გარდა, დემოკრატიამ, სასამართლოს დამოუკიდებლობამ, თუ სოლოკრატიულმა გადაწყვეტილებამ?!

 

ბუნებრივია ჩნდება კითხვა - შეიძლება ერთ კაცზე იყოს დამოკიდებული თვითმმართველობაში მოსული ამდენი ადამიანი? რა თქმა უნდა, თვითმმართველობის ცალკეულ დეპუტატზე უკვე სოლოკრატიული სისტემის შესაბამისი სტრუქტურა ზრუნავს, თუმცა აქ არის გამონაკლისები, მაგალითად თბილისის მერი.

 

სოლოკრატიის დროს ერთი კაცი კი არ წყვეტს ყველაფერს, არამედ ეს ერთი კაცი ამ ქვეყანაში აკეთებს ყველაფერს, რაც სურს და როდესაც სურს, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები ამ სურვილებს უსიტყვოდ და თავდადებით ასრულებენ!

 

მაგალითისთვის გამოდგება თბილისში პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიისა და თაბორის მთის ბიძინა ივანიშვილის სახელთან ასოცირებული იურიდიული პირებისათვის საკუთრებაში გადაცემის საკითხი. თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ამ საკითხზე ორჯერ მიიღეს გადაწყეტილება ზეექსტრემალურ სიტუაციაში. პირველად 2017 წლის 29 სექტემბერს, როდესაც მიწის ნაკვეთებს შეუცვალეს ფუნქციური ზონის სტატუსი და მეორედ, 2017 წლის 10 ოქტომბერს, როდესაც უშუალოდ ნაკვეთის გადაცემის საკითხი გადაწყვიტეს.გადაწყვეტილებას მხარი თბილისის საკრებულოს სხდომაზე პირველად 28, მეორედ 31 წევრმა დაუჭირა მხარი.

 

ყურადღება მიაქციეთ ორ მომენტს: 1. როდის ხდება გადაწყვეტილების მიღება და 2. ვინ იღებს გადაწყვეტილებას.

 

გადაწყვეტიების მიღება ხდება თბილისის საკრებულოს არჩევნებამდე 10 დღით ადრე. ისე, ნორმალურ ქვეყნებში არჩევნებამდე 3-4 თვით ადრე თუ რა გადაწყვეტილების მიღება შეუძლია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მკვეთრად განსაზღვრულია. ეს იმიტომ, რომ მათ არ მიიღონ გადაწყვეტილება საქმიანობის დამთავრების გარემოებებთან, ან ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

 

მეორე, გადაწყვეტილებისთვის თავგამოდებით იბრძვიან საკრებულოს წევრები, რომლებმაც იციან, რომ ახალ შემადგენლობაში არ იქნებიან. 

 

რაშია ამ ბრძოლის საიდუმლო?

 

საიდუმლო იმაშია, რომ ამ საკრებულოს მსგავსი გადაწყვეტილება ათეულობით აქვს მიღებული თავისი არსებობის მანძილზე და ახლა საკითხი ეტყობა პრინციპულად დადგა: ბიძინა ივანიშვილისთვის არ შეიძლება.

 

პრობლემა საერთოდ არ იქნებოდა, თბილისის საკრებულოს რომ მიეღო ე.წ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის მიღების ფორსირებას ივლის-აგვისტოს თვეში ახდენდა თბილისის ხელმძღვანელობა.

 

წარმოდგენილი ფორმით ამ გეგმის ნაკლოვანებები მე და ბევრმა ქართველმა სპეციალისტმა თავის დროზე ვამხილეთ.

 

მგგ მიუღებლობამ გამოიწვია „გამორჩეული“ საკითხის ცალკე განხილვა.

 

სხვათაშორის, დღეისთვის თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე არსებობს უცხოელი ექსპერტების დასკვნები, რომლებიც მთლიანად ემთხვევა საქართველოში გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს.

 

ახლა ყველაფერი დალაგებულია. ცნობილია რა არის გასაკეთებელი. ცნობილია, რომ ეს უნდა გააკეთოს ახალმა გუნდმა კახი კალაძის ხელმძღვანელობით.

 

ახლა მთავარია ის არ მოერგოს მემკვიდრეობით მიღებულ უწესრიგობას ქალაქმშენებლობაში.

 

ჩვენ უნდა ვისურვოთ და ხელი შევუწყოთ, რომ „კ“ ასო-ნიშნის გამოყენება იყოს ისეთივე უწყინარი, როგორც ინიციალებში -კკკ, მაშინაც, როდესაც აღნიშნულია კ1, კ2, კ3 - კოეფიციენტები. 

 

ეს დამოკიდებულია თუ რა საშუალებას მისცემს მას სოლოკრატიული სისტემა, მაგრამ თუ რა არის მცდარი და როგორ უნდა გამოსწორდეს - ეს უნდა ითქვას. ამის შესახებ შემდგომში.

 

27-10-2017, 13:51
უკან დაბრუნება