საკმაოდ საინტერესო პოლემიკის ხასიათი შეიძინა ზვიად ტომარაძის მიმართვამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისადმი, სადაც იგი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 30 ოქტომბრის დადგენილებაზე საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ მიმართვას სხვებიც აწერენ ხელს, ჩემთვის გასაგებია, რომ ამ მიმართვის ინიციატორად, ალბათ, ბატონი ზვიადი უნდა მოვიაზროთ...
მე პატივს ვცემ ზვიად ტომარაძეს და თვალყურს ვადევნებ მის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ აქტივობებს, (ნიშანდობლივია, რომ მას ყურადღების მიღმა არ რჩება მწვავე და ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები) მაგრამ, მიმაჩნია, რომ ასეთმა მიმართვებმა სოციალურ ქსელში ორთქლის გამოშვებისა და „შეაყარე კედელს ცერცვი“-ს დატვირთვა შეიძინა.
ერთის მხრივ, კარგია, როცა საზოგადოებას ინფორმაციას აწვდი მოსალოდნელ საშიშროებაზე, მაგრამ, როცა მიმართვის ადრესატად დადგენილების მიმღებს ირჩევ და მასვე სთხოვ, ამოიღოს სტანდარტებიდან საშიში და ქრისტიანული მორალისთვის მიუღებელი პუნქტები, მიმაჩნია, რომ თავიდანვე მკვდრადშობილი ინიციატივაა.
ვის-ვის და დღევანდელ მთავრობას კარგად მოეხსენება, როგორ არის ნებაყოფლობით მოქცეული იგი ეშმაკის ბრჭყალებში და რამდენად საშიშ სტანდარტებს ნერგავს (გადაწყვეტილებებს იღებს) საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ, მას ისიც კარგად მოეხსენება, რომ ასეთ ინიციატივებზე საზოგადოების რეაქცია „უწყინარ“ მიმართვებს და სოციალურ ქსელში ორთქლის გამოშვებას არ სცილდება - როცა ხედავ, რომ შენივე მთავრობა (არა აქვს მნიშვნელობა ვისი დავალებით), ერს სასიკვდილო განაჩენს უმზადებს, მოკრძალებით კი არ უნდა სთხოვო დადგენილებიდან საშიში მუხლის ამოღება, არამედ, დადგენილების მიმღებს უნდა მოსთხოვო მისი გაუქმება, ხოლო, საზოგადოებას გაერთიანებისკენმ უნდა მოუწოდო !!!
რაც ყველაზე ნიშანდობლივია, „სტანდარტის“ მიმღები (იგივე მთავრობა) უნდა გააფრთხილო: თუ ხალხის მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, რა რისხვა დაატყდება მას საზოგადოების მხრიდან. მტკიცება არ უნდა, რომ ასეთი მიმართვები და ცარიელი მუშტის ქნევა საშიშ სიმპტომებს იძენს, რასაც სხვანაირად, „ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის!" ჰქვია!
თუ ჩვენ მხოლოდ „რბილი“ პროტესტის ფორმას ავირჩევთ, ხვალ-ზეგ ერთნაირსქესიანთა ქორწინებასაც დაგვიკანონებენ, ქართველებს საკუთარ მიწაზე საბოლოოდ ხიზნებად გვაქცევენ და მერე, როგორც გივი თარგამაძე გვემუქრებოდა „სულსაც ამოგვაძრობენ“!
P.S. სასაცილოდ მეჩვენება კამათი იმის თაობაზე, თუ როგორი ადამიანია გიორგი კვირიკაშვილი. მეც არ ვამბობ, რომ პიროვნულად ცუდი ადამიანია, მაგრამ, როცა ასეთ საშიშ ინიციატივებზე აწერს ხელს, მისი პიროვნების დადებით კონტექსტში მოხსენიება, ან, თუნდაც, ამ თემის საერთოდ განხილვა უაზროდ და უადგილოდ მიმაჩნია.
ჩვენი განსასჯელი არ არის, ვინ ვინ არის - ჩვენ ის უნდა განვსაჯოთ, ვინ რას აკეთებს და რას აფუჭებს!!!
P.S.S. მახსენდება გია ალიბეგაშვილის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებული გადაჭარბებული ემოციები, რომელიც ზოგ-ზოგიერთებმა ლამის „ქაჯეთის ციხის“ აღებად მონათლეს!
აბა ერთი დაინტერესდით, იმის იქით თუ წავიდა საქმე?! ისიც გაარკვიეთ, რატომ მიიღო მთავრობამ მაინცდამაინც მაშინ ნაუცბათევი გადაწყვეტილება?
ზერელობა, ილუზიები და უაზრო, გადაჭარბებული ემოციები ღუპავს ქვეყანას!!!