არ ვიცი, რატომ დუმს საპატრიარქო და ზოგადად ეკლესია, რატომ არ იღებენ ხმას ცალკეული საეკლესიო პირები (რომლებიც ხანდახან „ცეცხლს“ ანთებენ ამბიონზე), ან რატომ არ აინტერესებს საზოგადოებას, ვინ არის ის „პატრიარქის უერთგულესი“ „დაფარული მეუფე“, რომელიც „სტიქიების მართვის უნარითაა დაჯილდოებული და შეუძლია კბილებამდე შეიარაღებული მტერი წამში გადაიყვანოს „ქვის ხანაში“?!
უფლის მიერ მოვლენილი სასწაულების ნამდვილად მჯერა, მაგრამ არ შემიძლია ვირწმუნო იმ ადამიანების „მოჩუქურთმებული“ ზღაპრები, რომლებიც ისედაც დაბნეულ და ზომბირებულ საზოგადოებას კიდევ უფრო აბნევენ და აზობმბირებენ!“
სიცხადისთვის „ძლევაი საკვირველის“ ერთ-ერთ წარმომადგენელს, ქალბატონ ნინო ივერიელს მოვუსმინოთ:
ნინო ივერიელი: საქართველოს გადასარჩენად ფარად და მახვილად, სწორედ ღმერთმა გამოგვიგზავნა პატრიაქის უერთგულესი, წმ. სინოდის ერთ-ერთი წევრი დაფარული მეუფე,რომელიც სტიქიების მართვის უნარიითა დაჯილდოვებული და შეუძლია ღმერთის კურთხევით კბილებამდე შეიარაღებული მტერი ქვეყნები წამში გადაიყვანოს ქვის ხანაში და უფსკრულის პირას მიყვანილი საქართველო რომ გადავარჩინოთ, ამისათვის გავერთიანდეთ ღმერთის კურთხევით,დაფარული მეუფის მიერ დაფუძნებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკურ ცენტრში ,,ძლევაი საკვირველში'' და აქციებით და მიტინგებით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით მოსული ხელისუფლება გააუქმებს გარყვნილ, უსჯულო კანონებს და აგვიშენებს ნამდვილ მართლმადიდებლურ, ტრადიციულ ქვეყანას და ნიადაგს მოვუმზადებთ მეფეს მოსასვლელად, რომელიც იქნება წმ.დავით აღმაშენებელზე უკეთესი წმინდანი მეფე,და ისეთი ძლიერი იქნება, რომ მისი შიშით ხმას ვერავინ გაგვცემს, მთელ მსოფლიოს დააჩოქებს უფლის წყალობით საქართველოს წინაშე.
მაშ მოდით გავერთიანდეთ დაფარული მეუფის მოძრაობაში (სტილი დაცულია).
მივყვეთ თანმიმდევრობით:
ქ-ნ ნინო ივერიელს თუ ვერწმუნებით, ჩვენი ცოდვების მოუნანიებლობის მიუხედავად, ღმერთმა, თურმე, „დაფარული მეუფე“ გამოგვიგზავნა, რომელიც სტიქიების მართვის უნარით ყოფილა დაჯილდოებული და როცა მოინდომებს, საქართველოს მტრებს ნაცარტუტად აქცევს („ქვის ხანაში“ გადაიყვანს).
ზოგადად, შეიძლება ადამიანმა ირწმუნო, ან არ ირწმუნო. მე პირადად, თავს სულიერად განმღრთობილად არ ვთვლი, მაგრამ, არც იმდენად ურწმუნო ვარ, რომ ყველაფერს ეჭვის თვალით შევხედო.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბრმად მორწმუნეობაც არ არის საკმარისი, ქ-ნ ნინო ივერიელის „მტკიცება“ გაითავისო: ძნელია წარმოიდგინო დღევანდელ ვითარებაში მყოფ საქართველოს ჰყავდეს მიწაზე მოსიარულე მესია „პატრიარქის უერთგულესი დაფარული მეუფის“ სახით, რომელსაც შეუძლია სასწაულების მოხდენა (მტრების დაჩოქება) და ქვეყანა ასეთი სისწრაფით მიექანებოდეს უფსკრულისკენ?!
თუმცა, არ აჩქარდეთ. როგორც ქალბატონი ნინო ივერიელი ბრძანებს: „დაფარულმა მეუფემ“ თავისი „ძლევამოსილება“ სისრულეში რომ მოიყვანოს და საქართველო უფსკრულში გადაჩეხვისგან ვიხსნათ, თურმე, მის მიერ დაფუძნებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკურ ცენტრში - „ძლევაი საიკვირველში“ უნდა გავერთიანდეთ.
სანამ აქციებითა და მიტინგებით მოსული ხელისუფლება უსჯულო კანონებს გააუქმებს და „ნამდვილ მართლმადიდებელ, ტრადიციულ ქვეყანას“ აგვიშენებს, შემდეგ კი ნიადაგს მოამზადებს „მეფის მოსასვლელად“ („რომელიც აღმაშენებელზე უკეთესი წმინდანი მეფე იქნება“), მანამ, მოკრძალებით ვკითხოთ „ძლევა საკვირველის“ წარმომადგენლებს: თუ „დაფარული მეუფე“ სასწაულებრივი ძლევამოსილებითაა დაჯილდოებული, რაში გვჭირდება პოლიტიკურ ცენტრში გაერთიანება და „აქტიურობითა და მიტინგებით“ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ მოუსავლეთში გამგზავრება? მოიქნიოს „ჯადოსნური“ კვერთხი, ურჯულოებისგან განწმინდოს ქვეყანა და როგორც სახარება და წმინდა წერილი გვასწავლის, ივერიის გაბრწყინებაც გაცხადდება!
ძნელია ემოციების (გააჩნია ემოციებსაც) გარეშე წაიკითხო „ძლევაი საკვირველის“ მესვეურთა კომენტარები, მაგრამ, როცა ემოციებს დაიოკებ, ბუნებრივად გაჩნდება კითხვა: ეს მოძრაობა გუშინ და გუშინწინ არ დაფუძნებულა _ ასეთი თავბრუდამხვევი ზღაპრებც კარგა ხანია ისმის სოციალური ქსელიდან. ნუთუ არავის გაუჩნდა პროტესტის გრძნობა ასეთი, ყოველგავრ საღ აზრსა და ლოგიკას მოკლებული სიცრუე გაეშიშვლებინა და ისედაც ზომბირებული საზოგადოება, ცრუ მოლოდინისგან, მსგავსი სულიერი სიბრმავისგან ეხსნა?!
როცა „პატრიარქის უერთგულეს დაფარულ მეუფეზეა“ საუბარი, საპატრიარქო, ზოგადად, პატრიარქის გარემოცვა, ვალდებულია სიცხადე შეიტანოს (დაადასტუროს ან უარყოს) ან გაემიჯნოს და ამხილოს აღნიშნული მოძრაობის, თუ პოლიტიკური ცენტრის მესვეურები.
ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როცა ე.წ. „ციანიდის სააქმე“-მ მძიმე დარტყმა მიაყენა საპატრიარქოს იმიჯს და ქაოსი და არეულობა შეიტანა ქართულ ეკლესიაშიც.
ახლა კი ვეკითხები „ძლევაი საკვირველის“ მესვეურებს: თუ ბუნებაში მართლაც არსებობს „პატრიარქის უერთგულესი დაფარული მეუფე“, რომელიც სასწაულებრივი ნიჭითაა დაჯილდოებული, რატომ არ აღუდგება წინ ასეთ ანომალიებს - ბოლომდე უნდა დაკნინდეს ეკლესიის ავტორიტეტი მრევლში და ურწმუნო და მცირედმორწმუნე ადამიანები ბოლომდე უნდა ჩაიძირონ უზნეობისა და უსასოობის ჭაობში, რომ მერე გამოჩნდეს და ყველაფერი საწყის ნიშნულს დაუბრუნოს?!
შეიძლება ბევრს არ სჯერა „ძლევაი საკვირველის“ მოყოლილი ზღაპრებისა, მაგრამ, ხომ არიან ადამიანები, რომლებიც სანთლით ეძებენ ასეთ „სასწაულებს“ და მუდმივად ცრუ მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან?!
მითუმეტეს, ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ახალი პოლიტიკური ძალის აუცილებლობაზე და დარწმუნებული ვარ, ბევრს ალბათ ახალ ჭეშმარიტ ეროვნულ პოლიტიკურ ძალად სწორედ „დაფარული მეუფის“ კურთხევით დაფუძნებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკური ცენტრი „ძლევაი საკვირველი“ მიაჩნია!
სხვათაშორის, რამდენიმე თვის წინ (სხვადასხვა დროს) დამეკონტაქტნენ „ძლევაი საკვირველის“ წარმომადგენლები გიორგი ლაზი და ნინო ივერიელი და თანამშრომლობა და პოლიტიკურ ცენტრში გაერთიანება შემომთავაზეს. როცა შეხვედრა ვთხოვე, რომ გავრკვეულიყავი, ვინ არიან და რას მთავაზობენ, ორივემ თავი შეიკავა. ამის შემდეგ მხოლოდ ჩემს სტატიებზე და სტატუსებზე კომენტარებით იფარგლებიან.
მკრეხელობაში არ ჩამომერთვას, მაგრამ, ვინც არ უნდა იყოს და რა დაფარულ ავტორიტეტებსაც არ უნდა იშველიებდნენ, თუ ვხვდები, რომ მატყუებენ და ასე ატყუებენ (შეცდომაში შეჰყავთ) დანარჩენ საქართველოსაც, არ შემიძლია გავჩუმდე - თუმცა, თუ ჩემი ოპონენტები საკმარისი არგუმენტებით გააბათილებენ ჩემს ეჭვებსა და მოსაზრებებს, მზად ვარ საჯაროდ ბოდიშიც მოვიხადო!
ისევ „ძლევაი საკვირველის“ წარმომადგენელთა მოსაზრებებს დავუბრუნდები: მათი აზრით, „უნდა გამოჩნდეს ბაგრატოვანი უფლისწული და მონარქია აღდგეს“. თურმე, სანამ ეს არ მოხდება, მანამდე „დაფარულმა მეუფემ“ არ უნდა გაამხილოს საკუთარი ვინაობა! („ზუსტად მაშინ უნდა გამჟღავნდეს დაფარული მეუფის ვინაობა“).
ახლა თქვენ თავად წარმოიდგინეთ, დღევანდელი საქართველოს პირობებში ბაგრატოვანი უფლისწულის გამოჩენა და მონარქიის აღდგენა - მითუმეტეს, ისეთი მეფის გამოჩენა, რომელიც დავით აღმაშენებელზე უფრო დიდი წმინდანი იქნება (სამწუხაროდ არ არის მინიშნება თანამედრვე გიორგი ჭყონდიდელზე).
კიდევ ვიმეორებ: ღვთაებრივი სასწაულების ნამდვილად მჯერა, მაგრამ არ მჯერა, რომ დღევანდელი საქართველო უფლისგან ასეთ გულმოწყალებას იმსახურებს, რადგან, ჩვენ თვითონ სულიერი აპათიისა და უმოქმედობის ჭაობში ვართ ჩაძირულნი და იქიდან ამოსასვლელ გზას არ ვეძებთ!
კიდევ უფრო არ მჯერა, რომ „ძლევაი საკვირველის“ ხელმძღვანელის ბ-ნ დავით ამაშუკელის ბრძანება სისრულეში იქნება მოყვანილი და მიმდინარე წლის 23 ნოემბრამდერუსეთის ყველა სამხედრო პირი და ლგბტ-ს მხარდამჭერი ორგანიზაციები დატოვებენ საქართველოს!
გთავაზობთ ამონარიდს დ. ამაშუკელის ბრძანებიდან:
ვბრძანებ:
2017 წლის 10(23) ნომებრამდე საქართველო უნდა დატოვოს რუსეთის ყველა სამხედრო პირმა და ყველა „ლგბტ“-ს მხარდამჭერმა ორგანიზაციამ. ურჩობისთვის დაისჯებიან ისე, როგორც ღმერთმა დასაჯა ფარაონი მოსე წინასწარმეტყველის ხელით!
ზეპარტიული ეროვნული მოძრაობის
„ძლევაი საკვირველის“ დამაარსებელი დავით ამაშუკელი.
თუ 23 ნომებრამდე (რაღა დარჩა) ყველა რუსი სამხედრო პირი და „ლგბტ“-ს მხარდამჭერი ორგანიზაციები დატოვებენ საქართველოს, ან უახლოეს პერიოდში მათ დაჩოქილს (დასჯილს) ვიხილავთ, მაშინ, ყველა ჩემს სიტყვას უკან წავიღებ, „ძლევაი საკვირველის“ მესვეურთა ყველა „ზღაპარს“ ვირწმუნებ და როგორც ზემოთ ვთქვი, საჯაროდ ბოდიშსაც მოვიხდი.
თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ გამოდის, რომ ჩემი დაეჭვების რეალური საფუძველი არსებობს და „ძლევაი საკვირველი“ ერისთვის სასიცოცხლო იდეალებს ამოფარებული ჩვეულებრივი სექტანტური ორგანიზაციაა, რომლის მისია ისედაც დაზომბირებული საზოგადოების კიდევ უფრო დაბნევა-დაზომბირებაა!!!
P.S. ყველაზე ჭკვიანი (მიხვედრილი) და უშიშარი ნამდვილად არ მგონია საკუთარი თავი, მაგრამ, რადგან ყველა დუმს, გადავწყვიტე ხმა ამოვიღო და თანამოქალაქეებს სიფხიზლისკენ მოვუწოდო.
ღმერთმა ქნას, ვცდებოდე!