ორი მოსწავლის საზარელი მკვლელობის ფაქტი ზოგმა პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამოიყენა, ზოგს - თადაცვა დასჭირდა, ზოგიც გულწრფელად შეწუხდა. მიუხედავად იმისა, რომ მას თითქმის ცხელ კვალზე ერთ-ერთი პირველი შევეხმიანე (პრესითაც და ტელევიზიითაც), მერე მაყურებლის ფუნქცია ავირჩიე. სამწუხაროდ, ბევრმა პედაგოგს შეაწმინდა ხელი, ისე რომ არავინ დაინტერესდა მასწავლებლის პოზიციით.
ცხადია, პედაგოგი თავის დასაცავ სიტყვას როგორ გაბედავდა, როგორ იტყოდა, რომ ასეთ დანაშაულობებში, გლობალურად, ყველას ჩვენი წილი, გვაქვს, და ვერც პედაგოგი აიცილებს მას თავიდან, მაგრამ, როდესაც კონკრეტულ მიზეზს ვეხებით, იქ სხვაგვარადაა საქმე.
აი, გავიდა რამდენიმე კვირა და ვერავინ, მათ შორის, ვერც გამოძიება ბედავს ისაუბროს იმ რეალურ მიზეზებზე, რამაც დანაშაულის პრევენცია შეუძლებელი გახადა. ვერავინ ბედავს პასუხისმგებლობა დააკისროს საგანმანათლებლო პოლიტიკის მთავარ წარმართველ უწყებას - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თავად სკოლის დირექციებს, რომელიც საქართველოს სკოლებში და მით უფრო 51-ე საჯარო სკოლაში, სწორედაც რომ უსიტყვოდ ასრულებენ ზემდგომთა მითითებებს!
ჩვენ ვიცით, რომ 51-ე საჯაარო სკოლის დირექციამ მხოლოდ ფორმალურად ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ დაასახელა ეჭვმიტანილი პირები; არ გაამჟღავნა, რომ ამ სკოლაში იარაღის ტარება ჩვეულებრივი მოვლენა იყო და რომ „საქმის გარჩევები“ ლამის რუტინულ ყოველდღიურობად იქცა; არ ითქვა, რატომ ვერ ასრულებდა ფუნქციას მანდატური, დაცვა, დირექტორი...
აქედან, მაინც, ყველაზე მთავარი ესაა: სკოლამ დამალა საფუძვლიანი ეჭვი იმაზე, რომ მაღალკლასელები იარაღით გადაადგილდებოდნენ სკოლის შენობაში.
რატომ დამალა?
ამ კითხვას მივყავართ განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნებთან - აქ არის „ძაღლის თავი დამარხული“.
ჩვენი ინფორმაციით (ძალიან ღრმა საფუძვლიანი ეჭვითაც), სკოლის დირექციას იარაღის შესახებ ინფორმაციების გამჟღავნება, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა აუკრძალა. ეს ქალბატონი, რომელიც მანამდეც არაერთხელ იყო მხილებილი ფინანსურ დარღვევებში, ახლა ამ კრიმინალში იმიტომ გაეხვია, რომ სკანდალისა და თანამდებობრივი პასუხისმგებლობისგან აცილება სცადა. ამ დროს ჩხენკელიც ახლად დანიშნული გახლდათ მინისტრის პოსტზე და მკვლელობა საკმარისი არგუმენტი გახდებოდა გიგაურის მოადგილეობიდან გადასაყენებლად (ლია გიგაური კურირებს ზოგად განათლებას).
ჩვენი ინფორმაციისა და ლოგიკური დასკვნების შედეგად დანაშაულის წინაპირობის მიჩქმალვის სავარაუდო ისტორია ასე გამოიყურება: მოგეხსენებათ, მკვლელობა პარასკევს, პირველ დეკემბერს მოხდა. ლია გიგაური სისხლხორცეულად დაინტერესდა, რომ 51-ე სკოლის მენეჯმენტის გამართულობაში არავის შეეტანა ეჭვი, ამისთვის კონკრეტული მიზეზები უნდა მიჩქმალულიყო. სწორედ ამიტომ, გიგაურმა ოპერატიულად გააფრთხილა სკოლის დირექცია, რომ მაქსიმალურად წაეშალათ ყველა კვალი, რომელიც დაადასტურებდა სკოლის შენობაში მოსწავლეთა იარაღით გადაადგილების შემთხვევებს. უნდა გაფრთხილ;ებულიყო ყველა პედაგოგი, რომ ამაზე კრინტი არ დაეძრათ არც საჯაროდ და არც გამოძიებასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც შეექმნებოდათ პრობლემები. მეორე დღეს, ანუ შაბათს, როდესაც არასამუშაო დღეა, სკოლის დირექტორმა საგანგებოდ დაიბარა სკოლის პედაგოგები და კლასების ხელმძღვანელები და მათ სავარაუდოდ გიგაურის მითითება გადასცა.
ამ გაფრთხილებების შემდეგ გიგაურმა შვებით განაცხადა, რომ სკოლის კამერები იარაღის ტარებას ვერ აფიქსირებენო და დანაშაულის მიზეზად აბსტრაქციას მიმართა: არასწორი საგანმანათლებლო აღზრდის ბრალია ყველაფერიო, რითაც მთელი სიმძიმე პედაგოგებზე გადაიტანა.
ჩვენ ვხედავთ, რომ მოვლენები ინციდენტის შემდეგაც დღემდე გიგაურის სცენარით ვითარდება. სკოლის დირექცია პასუხისმგებლობას გადაურჩა. გიგაური პოსტს ინარჩუნებს. 2500 ბავშვიანი სკოლის მართვა-კონტროლის სტაბილიზაცია კი ისევ ეჭვქვეშაა.
კიდევ ერთი, რის გამოც განათლების მაღალჩინოსნები ასეთი სკოლებით არიან დაინტერესებული, ფინანსური დეტალებია. 51-ე და მსგავსი „ცენტრიდანული“ სკოლები ე.წ. დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებიდან საკმაოდ კოლოსალურ თანხებს „ხვეტენ“. ამ არასახელმწიფო-საბიუჯეტო შემოსავლის განკარგვა კი მარტო სკოლის ხელში როდია - საკმაოდ მსუყე ლუკმები, სწორედ ხსენებულ მაღალჩინოსანთა ხელში ხვდება.
ვფიქრობთ, მედია საშუალება, რომელიც ამ განცხადების გავრცელებისგან თავს შეიკავებს, ნებსით თუ უნებლიეთ, ხდება უპასუხისმგებლო და დანაშაულის თანამონაწილე.
დავით ფერაძე,
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი