პასუხი „ჯორჯიან თაიმსში“ ანაკლია პორტზე გამოქვეყნებულ სტატიებზე!
(„ვინ და რატომ უშლის ხელს საქართველოს უდიდესი სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას?!“)
ვერ წარმოვიდგენდი თუ რამე, ან ვინმე გამაკვირვებდა „ანაკლია პორტთან“ დაკავშირებით, მაგრამ ასე მოხდა და მას ვერ დავმალავ!
მკითხველი რომ არ დავაბნიო, აქვე მოვახსენებ:
2013 წლის იანვრიდან მოყოლებული, გაზეთებში _ „საერთო გაზეთი“, „საქართველოს რესპუბლიკა“, „ასავალ-დასავალი“, „ილორი“ და საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო „ივერიონში“ ოცდაათამდე სტატია გამოვაქვეყნე ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე და მასთან დაკავშირებულ ტენდერზე, რომელიც ორ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, ტენდერის პირობებით დადგენილი, პორტის მშენებლობის დაწყებამაც, ასევე ორ წელიწადი მოილია, რაც _ ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადებიდან ექვს თვეში უნდა დაწყებულიყო და ტენდერის მოთხოვნებში მკაცრად იყო განსაზღვრული, კიდევ სხვა მრავალ პირობებთან ერთად!
მართალი გითხრათ, არ ვაპირებდი ქალბატონ თამუნა დუღაშვილის სტატიაზე _ „რა სიკეთეს მოუტანს ქვეყანას ანაკლიის პორტის მშენებლობა და ვინ დგას ამ პროექტის უკან?!“ პასუხის გაცემას, რადგან იგი „მარშრუტკაში“ ყურმოკრული ამბის მოყოლას უფრო ჰგავს ოჯახის წევრებისთვის, ვიდრე საქმეში ჩახედული ჟურნალისტის ნამუშევარს, რომელიც მას აინტერესებს!
არავინ იფიქროს ქალბატონ თამუნა დუღაშვილს პროფესიულ დონეს ვუწუნებდე, ამას არც მას და არც საკუთარ თავს არ ვაკადრებ, მაგრამ დასაწყისშივე ვიტყვი _ უტყუარია, ქალბატონ თამუნა დუღაშვილს დაავალეს ანაკლიაზე სტატიის დაწერა, სადაც, მისთვის აბსოლუტურად უცნობ თემას უნდა შეხებოდა და, რაც მთავარია _ მისთვის ასევე უცხო და უცნობი ადამიანი გაელანძღა!
ყოველივე ამისთვის მას გადასცეს _ ანაკლია პორტზე „ინფორმაციებით სავსე ხურჯინი“ და უთხრეს _ „აბა შენ იციო!“
მე არამცთუ, ვუწუნებ მას პროფესიულ დონეს _ აფერუმ ქალბატონ თამუნა დუღაშვილს, საკმაოდ ლამაზად დაულაგებია ჯადოსნური ხურჯინიდან ამოყრილი „ჯართი“, მისთვის უცხო, ანაკლიის მიდამოებში!
მართალია, მის მიერ დახატულ პორტში გემი ვერასოდეს შევა და იგი არც არასოდეს აშენდება, მაგრამ ამ დასკვნის გამკეთებელი მკითხველი იმდენად ცოტაა, მათ შორის კი პასუხის გამცემი ცალი ხელის თითებზე დასათვლელი, რომ რა მნიშვნელობა აქვს რას დაწერდა, მთავარია, თურმე _ „7 წლის განმავლობაში, არათუ მშენებლობა, არამედ, გარემოს კვლევაც კი არ დაწყებულა. არც მშენებლობის წინამოსამზადებელი სამუშაოები ჩატარებულა. სწორედ ამის გამო, თემურ ქარჩავას და მის კომპანია ,,ანაკლია პორტს“, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, ავტომატურად ას მილიონიანი ჯარიმა დაეკისრა.
რაც არ უნდა პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მიუხედავად წინა ხელისუფლების დროს, თემურ ქარჩავასა და მის კომპანიაზე დაკისრებული ამხელა ჯარიმისა, ის უკვე ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც, როდესაც მათ ამ პროექტის გაგრძელება უკვე ახალი ძალით გადაწყვიტეს, გამოცხადდა ტენდერი და ამ ადამიანმა და მისი კომპანიამ, კვლავ გააგრძელა მუშაობა უკვე ,,თიბისი“ ჯგუფთან ერთად. შეგახსენებთ, რომ ,,თიბისი“ ის ჯგუფია, ვინც ამჟამად რეალურად აშენებს ამ პროექტს. გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ქარჩავა, მისი კომპანიის სახელით, დღემდე საუბრობს იმაზე, რომ ვითომ ყველაფერი მათ გააკეთეს.“
_ ვაი ჩემს ანაკლიელობას და ანაკლიელებს, ვაი სირცხვილო _ ქალბატონ თამუნა დუღაშვილისგან უნდა გავიგოთ „ათასწლეულის ამბავი“, ანაკლიაში პორტის მშენებლობა რომ დაუწყიათ?!
მიუხედავად ამ აბსურდისა, მაინც არ ვაპირებდი პასუხის გაცემას, მაგრამ მეგობრის მიერ გამოგზავნილი ლინკის სათაურის „ვინ და რატომ უშლის ხელს საქართველოს უდიდესი სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას?!“ წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ ორივე მასალისთვის უნდა გამეცა პასუხი, მითუმეტეს ორივეს ავტორი ქალბატონი თამუნა დუღაშვილია და ,,ჯორჯიან თაიმსში“ გამოქვეყნდა!!
_ ვინ და რატომ უშლის ხელს საქართველოს უდიდესი სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას?!
უმნიშვნელოვანესი კითხვაა _ ხუთი წელიწადი იწურება ამ თემაზე ვწერ, არა სხვისგან გაგონილსა და ყურმოკრულს, არამედ, პორტთან დაკავშირებულ უამრავ საკითხებზე, რომელთა შესწავლასა და განხილვებში პირადად ვმონაწილეობდი. სამწუხაროდ, სამთავრობო ჩინოვნიკებს ვერაფერი შევასმინე. იქნებ მოხდეს სასწაული და ,,ჯორჯიან თაიმსი“ დამეხმაროს იმ მარტივი ჭეშმარიტების გარკვევაში თუ, _ ვინ უშლის ხელს უდიდესი სტრატეგიული საინვესტიციო პროექტის განხორციელებას?!
თუ ეს ასე მოხდა, ქალბატონ თამუნა დუღაშვილის დამსახურებად ჩავთვლი ამ ამბავს!
მაშ ასე, რა გვიშლის ხელს ანაკლიაში პორტის აშენებაში:
1.ორ წელზე მეტ ხანს გაწელილი ტენდერის დარღვევით ჩატარება და გამარჯვებულად _ სრულიად მოუმზადებელი, ტენდერამდე ცოტა ხნით ადრე, სახელდახელოდ შექმნილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ იგივე „ხაზარაძე და კონტი ჯგუფის" გამოცხადება!
2.ის, რომ გერმანიიდან მოწვეულმა, ძვირადღირებულმა, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ვერ შეძლეს, შეერჩიათ _ ტენდერის მკაცრი პირობების უპირობოდ შემსრულებელი კომპანია, რომელიც ტენდერს პირობებით დადგენილ ვადაში (2016 წლის პირველი ივნისი) დაიწყებდა პორტის მშენებლობას!
3.ის, რომ კომპანიას, _ გამარჯვებულად გამოცხადებამდე, მზად უნდა ჰყოლოდა ინვესტორები, რომლებიც პირველივე დაძახებისთანავე ჩართავდნენ საბანკო ინსტიტუტებს და დაუყოვნებლივ უზრუნველყოფდნენ პროექტის დაფინანსებას და მას საქართველოს მთავრობასთან ერთად დღემდე დაეძებს!
4.ის, რომ, კომპანიას, _ გამარჯვებულად გამოცხადებამდე, უნდა ჰქონოდა პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული კვლევითი სამუშაოები ჩატარებული და ტენდერის კომისიისთვის ექსპერტიზაგავლილი პროექტი უნდა წარმოედგინა!
5.მშენებლობის ვადის გაუთავებლად გადადება და ორი წლის მანძილზე იმ სამუშაოების ჩატარების მოჩვენებითი მცდელობა, რაც _ ორი წლის წინ მზად უნდა ჰქონოდათ და სატენდერო კომისიისთვის უნდა წარედგინათ!
6.„ახალი აბრეშუმის გზის“ ჩინური პროექტიდან, _ ჩინური გიგანტის, სახელმწიფო კომპანია „პაუერ ჩაინას“ გაგდება, რომელიც კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ შემადგენლობაში შედიოდა და ჩინეთის სახელმწიფოს სამთავრობო მხარდაჭერის გარანტიით იყო აღჭურვილი!
7.ხელისშემშლელია ის, რომ, _ ტენდერში გამარჯვებული უსირცხვილოდ აკითხავს ფულის სათხოვნელად იმ კომპანიებს (ბუნებრივია უშედეგოდ), რომლებიც „ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ შემადგენლობაში შედიოდნენ!
8.ის, რომ, _ კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ პრეზიდენტს, ბატონ თეიმურაზ ქარჩავას, 2015 წლის აპრილის დასაწყისში, უდიდეს გადამზიდავ კომპანია MSc-სთან შეთანხმებული საინვესტიციო (1.200.000.000$ ღირებულების) პროექტი, საქართველოს მთავრობიდან, უცხოურ კომპანიაში, გაგზავნილმა ცნობამ („ქარჩავას და მის კონსორციუმს მთავრობის მხარდაჭერა არ გააჩნიაო!“) ჩაუშალა!
9.პასუხი ამ კითხვაზე, ტენდერის დამთავრებიდან რამდენიმე კვირაში, ჩინელებმა 2016 წლის 13 მარტს «South China Insight» -ში გასცეს, _ „კორპორაციებმა ყაჩაღურად წაიღეს შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტის ჩინური პროექტი... პორტი, რომელიც ლოგიკური დაბოლოება უნდა ყოფილიყო შუა აზიასა და კავკასიაზე გამავალი ჩინური „აბრეშუმის გზისა“, საბოლოოდ დარჩათ ამერიკელებს, რომელთაც არათუ რაიმე გეოგრაფიული კავშირი გააჩნიათ ტრანსევრაზიულ ჩინურ პროექტთან, არამედ მისი ამოქმედების ინტერესიც კი არ გააჩნიათ...“
10.ანაკლიაში პორტის აშენებას ხელს უშლის, ის, რომ, _ იქ პორტი კი არა, „კონტეინერების ტერმინალი“ შენდება!
11.ხელს უშლის, ის, რომ, _ ანაკლიაში, სააკაშვილისეული, საეჭვო დანიშნულების „ლაზიკა პორტი“ შენდება, რაც პროფესიონალი გადამზიდავებისთვის და ინვესტორებისთვის ძნელად ამოსაცნობი არ გახლავთ!
12.ხელს უშლის _ ბანკირ ხაზარაძის უსაფუძვლო და არაპროფესიული კამათი, „მაიერსკის“, ფოთის კონტეინერების ტერმინალის დირექტორთან, რომელსაც ხმა არ ამოუღია ანაკლიაზე, სანამ იქ პორტის მშენებლობა ხმოვანდებოდა. მაგრამ, როცა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიაში კონტეინერების ტერმინალის მშენებლობა საბოლოოდ დაადასტურა, მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა კონკურენცია ჯერ კიდევ აუშენებელი პორტის წინააღმდეგ!
უსასრულოდ შეიძლება მიზეზების ჩამოთვლა, მაგრამ მიზანი?
რა აზრი აქვს მათ ჩამოთვლას, როცა საქართველოში არავინაა, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის გადამწყვეტი!
აქვე, ბარემ ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზსაც დავასახელებ:
13.ანაკლიაში პორტის მშენებლობას ხელს უშლის _ ჩინური სახელმწიფო გიგანტი კომპანიის „ფაუერ ჩაინას“ გამოთიშვა „ანაკლია პორტი და ეკო პარკთან“ ერთად, რომელსაც ტენდერის ყველა მოთხოვნა მზადყოფნაში ჰქონდა, მხოლოდ ტენდერის გადაწყვეტილების გამოცხადების და მშენებლობის დაწყების ვადის 2016 წლის ბოლომდე გადაწევას და სახელმწიფოსა და ტენდერში გამარჯვებულს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში რამდენიმე შეუსაბამო პუნქტების გასწორებას ითხოვდა!
სამწუხაროდ, კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ წინადადება უპასუხოდ დარჩა, რაც ხელს აძლევდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამთავრობო ლობისტებს და ასე გამოცხადდა ეს უკანასკნელი ტენდერის გამარჯვებულად.
ეს ამბავი 2016 წლის 5 თებერვალს მოხდა!
ტენდერში გამარჯვებული, უფულო კონსორციუმის, პორტის ასაშენებელი ფულისთვის ორწლიანმა წანწალმა შედეგი ვერ გამოიღო და საქმე იქამდე მიიყვანეს ტენდერით დაგეგმილი „პორტის“ ნაცვლად „კონტეინერების ტერმინალის“ აშენებას გვთავაზობენ ანაკლიაში.
ბუნებრივია, მკითხველი იკითხავს _ „რატომ მოხდა ასე?“
რაც უნდა მტკივნეული იყოს, სიმართლე უნდა ითქვას, ანალიზს საზარელ შედეგამდე მივყავართ:
_ ჩინელებს, სახელმწიფო და საბანკო გარანტიების გარეშე, ანაკლიაში 5 მილიარდ დოლარად ღირებული პორტი (პლიუს, ამავე ღირებულების ინფრასტრუქტურის მოწყობა საქართველოს ტერიტორიაზე) რომ დაეფინანსებინათ, აეშენებინათ და თვითონვე ემართათ, იგი უთუოდ წარმატებული იქნებოდა და ახალი აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანეს ნაწილად აქცევდა „ანაკლია პორტს“!
სამწუხაროდ, სწორედ ეს აღმოჩნდა „ანაკლია პორტის“ პროექტის ჩავარდნის მიზეზი!
მკითხველს უნდა შევახსენო, რომ _ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, რომელსაც ვერც აშშ და ვერც რუსეთი უბატონოდ ბუზს ვერ აუფრენს!
აქედან გამომდინარე _ ჩინეთი თუ „ახალი აბრეშუმის გზის“ საქართველოს მონაკვეთში ათი მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებდა, საქართველოს ვერასოდეს დაემუქრებოდა ვერც აშშ-ს და ვერც რუსეთის საბრძოლო პოლიგონად გადაქცევა!
ყოველივე ამის შემდეგ, მკითხველმა გააკეთოს ანალიზი, თუ ვის ინტერესებს ემსახურებოდა კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ და მასში შემავალი (შეგნებულად არ ვასახელებ სხვა მონაწილეებს) „ფაუერ ჩაინას“ შევიწროვება, ტენდერიდან მათი გათიშვა და _ „ვინ და რატომ უშლის ხელს საქართველოს უდიდესი სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას?!“
დავით ქობალია
P.S. ეს სტატია, ერთი კვირის წინ დაიწერა, მაგრამ, პარლამენტში დატრიალებული დედის გინების შემდეგ, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის დანაქადნებმა _ „ჩემი ფეხით ჩავალ ანაკლიაში და პორტის შენებას ვიწყებო!“ გადამადებინა მისი გამოქვეყნება.
ფუი ეშმაკს, ამასაც მოვესწარით _ რამდენიმე ჟანგიანი, ნათხოვარი ტრაქტორისა და ყვავილებით მორთულ ერთ გობ ქვიშას, ნიჩბებით მიმდგარი კვირიკაშვილ-ქუმიშვილ-ხაზარაძე, რამდენიმე „დამწყები" მინისტრი და მათი მოადგილეებიც ვიხილეთ, რომლებმაც _ „ანაკლია პორტის“ მშენებლობა დაიწყეს(?!).
ჩვენი ქვეყნის მტერს შეიძლება მხოლოდ ანაკლიაში პორტის მშენებლობისდაწყება არ გაუხარდეს, მას რომ რეალური საფუძველი ჰქონდეს!
სამთავრობო გუნდიდან, სანდო წყარომ გვაცნობა _ პორტის მშენებლობა დაიწყეს და ფულის სამათხოვროდ, ამჯერად „სახელოვანი ახლობელი“ გაუშვესო უცხოეთში 300 მილიონი დოლარის ჩამოსატანად!
ღმერთმა ქნას, ფულიანი დაბრუნდეს, პირველი მე ჩავუთვლი საქართველოს მთავრობას, ქვეყნის და მისი მოსახლეობისთვის გაკეთებულ საახალწლო საჩუქრად ამ ამბავს !