სააკაშვილის გარშემო საქართველოში ატეხილი აჟიოტაჟი და უკრაინაში მიმდინარე პროცესები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მრავალმილიონიან უკრაინას ჩვენზე მეტად უჭირს - იქ არა მარტო სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებელი ჭანჭიკებია მორყეული, არამედ, ეტყობა, ეროვნული ღირსებაც თავის დროზე ამერიკელების მიერ თავსმოხვეულ „მაიდანს“ გააყოლეს და ვეჭვობ, ოდესმე დაიბრუნონ!
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ე.წ. მსოფლმთავრობის აშკარა მხარდაჭერით სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის მსხვერპლი აღმოჩნდა, ის, რაც უკრაინაში ხდება, წარმოუდგენელია ჩვენთან მომხდარიყო, ანუ, უკრაინიდან გაძევებული პრეზიდენტი იანუკოვიჩი, დავუშვათ, ჯერ აჭარის მეთაურად დაენიშნათ, ხოლო, შემდეგ მთავარი ოპოზიციონერის (ახალი „რევოლუციონერის“) ამპლუაში გვეხილა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ ვერ გაბედა სააკაშვილი მსჯავრდებულის სკამზე დაესვა და შორიდან ეფლირტავება, ქართულმა მართლმსაჯულებამ „გაბედა“ და გირგვლიანის საქმეზე მას სამწლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა!
ახლა კი იმაზე მიდის მსჯელობა, ჩამოიყვანენ თუ არა ბორკილდადებულ პრეზიდენტყოფილს საქართველოში, აღსრულდება თუ არა მართლსმსაჯულება, თუ მოქმედი პრეზიდენტი შეიწყალებს მას და ქართულ საზოგადოებას ისევ პირში ჩალაგამოვლებულს დატოვებს...
სხვათაშორის, ძალიან ბევრი უკმაყოფილო დარჩა სასამართლოს გადაწყვეტილებით - სააკაშვილისთვის, რომლის რეჟიმმა ენით გაუგონარი სისატიკე ჩაიდინა საკუთარი ხალხის მიმართ, სამწლიანი თავისუფლების აღკვეთა ეცოტავათ!
არადა, ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი აღტკინებით მოვიდა იგი ხელისუფლებაში, რა იმედებს ამყარებდა ეიფორიაში მყოფი ქართული საზოგადოება ახალგაზრდა ენერგიულ „რეფორმატორზე“, მაგრამ, როგორ გააწბილა სააკაშვილმა ხალხის იმედები. თუმცა, არა მარტო გააწბილა, არამედ, ჯოჯოხეთის კუპრშიც ამოაყოფინა თავი!
კარგად გვახსოვს ისიც, რა მემკვიდრეობა მიიღო მან შევარდნაძის ძირმომპალი ხელისუფლებისგან - როგორი მორყეული, უსისტემო, კორუფციის ჭაობში ჩაძირული ქვეყანა ჩაიბარა და ინსტიტუციური რეფორმებითა და ძალადობრივი სისტემის ჩამოყალიბებით როგორ აქცია იგი ელიტური კორუფციის ქვეყნად, სადაც ერთეულებმა (სააკაშვილის კლანმა და მისმა ფინიებმა) დიდძალი ქონება დააგროვეს შევარდნაძის კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და მათი ლობირებით გაქსუებული „ახალი ქართველების“ ძალადობრივი კონფისკაციის წყალობით!
გავბედავ და ვიტყვი: ქუჩაში დახვრეტებს, ციხის ჯოჯოხეთს და ძალადობრივი რეჟიმის სხვა არაადამიანურ გამოვლინებებს არანაირი გამართლება არა აქვს, მაგრამ, დღეს, როცა უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებაზეა საუბარი, იქნებ, იმაზეც გვეფიქრა, როგორ იშოვეს შევარდნაძის ჩინოვნიკებმა და მათმა ბიძაშვილ-მამიდაშვილებმა მილიონები, როგორ ჩაიგდეს ხელში ჩალის ფასად (ხშირად გამილიარდებულ კუპონად და სიმბოლურ ერთ ლარად) სახელმწიფო ქონება და როგორ დატოვეს ხახამშრალი მისი უდიდებულესობა, ქართველი ხალხი?!
მე თქვენ გეტყვით და, დღე და ღამე ხელები ჰქონდათ დაკაპიწებული და ოფლი წურწურით გასდიოდათ, ან, მილიონები წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღეს. ამით იმის ხაზგასმა კი არ მინდა, რომ ქვეყანაში შეძლებულთა ფენა არ უნდა არსებობდეს, მაგრამ, გააჩნია, რა გზითაა ნაშოვნი ქონება!
სხვა ყველაფერი რომ აპატიო, შევარდნაძე მარტო იმისთვის უნდა გაასამართლო, რომ კორუფციის ჭაობში ჩაფლო ქვეყანა და ერის ქონება საძარცვავად ერთ მუჭა ავანტიურისტებს ჩაუგდო ხელში (ე.წ. „პრიხვატიზაცია“, მოქმედი საწარმოების ხელოვნური გაკოტრება და უნიკალური მანქანა-დანადგარების საზღვარგარეთ ჯართად გატანა) და ამით სათავე დაუდო ხალხის (სახელმწიფოს) ძარცვის ხარჯზე უკანონოდ გამდიდრებულთა და ღარიბ-ღატაკთა ფენას საქართველოში...
ამით იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა უმეტეს შემთხვევაში წაართვა იმათ, ვისაც უკანონოდ (არმად) ჰქონდა ნაშოვნი მილიონები საკუთარი ხალხის გაღლეტის ხარჯზე, თუმცა, სხვა საკითხია, რა ფორმით მოხდა წართმევა (და არა ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნება), სრულად შევიდა თუ არა კოსფისკირებული ქონება სახელმწიფო ბიუჯეტში, თუ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი სააკაშვილის კლანის ჯიბეში მოექცა?!
სამწუხაროდ, უფრო მეორე შემთხვევასთან გვქონდა საქმე, ანუ, როგორც ამბობდნენ, კონფისკირებული ქონება ხშირად სახელმწიფო ბიუჯეტში სრულად არ აისახებოდა...
როცა საპროცესო გარიგების საფუძვლად კატასტროფულ თანხებს ასახელებდნენ, ცხადი იყო, რომ სააკაშვილ-ადეიშვილის კანტორას ზუსტი ინფორმაცია გააჩნდა, ვის რამდენი ჰქონდა უკანონოდ მოხვეჭილი და არც თუ იშვიათად, უკანასკნელ „სარჩო-საბადებელსაც“ ართმევდნენ ხოლმე - იმისდა მიხედვით, ვინ როგორ „დაიმსახურებდა“!
შეუძლებელია, იმ არაადამიანური მოპყრობის გამართლება, რასაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ადგილი ჰქონდა წინასწარი დაკავების პროცესში, თუ ციხის სინამდვილეში, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: როცა უკანონოდ წართმეულ ქონებაზე ვსაუბრობთ, ისიც გავიხსენოთ, რამდენად კანონიერად იყო მოპოვებული მავანთა და მავანთა მიერ თავის დროზე ის ქონება?! (სხვა საკითხია, ბიზნესის სახელმწიფო რეკეტი და რეჟიმის სამსახურში მისი იძულებით ჩაყენება).
თუ ასე არ მივუდგებით, მაშინ, არათუ სამართლიანობის აღდგენაზე, არამედ, ელემენტარულ ამქვეყნიურ სამართლიანობაზე საუბარი, წყლის ნაყვა იქნება და მეტი არაფერი!
ღმერთმა დამიფაროს, სააკაშვილის რეჟიმის გამართლებას ვცდილობდე, მაგრამ, ერთია სისტემური დანაშაული, რომელმაც საზოგადოება ენით აუწერელ კატორღაში ჩააგდო და რომლის პატიებაც არ შეიძლება, მაგრამ, მეორეა, ე.წ. „უკანონოდ წართმეული ქონების“ დაბრუნებაზე წარამარა საუბარი, რომელიც თავის დროზე ასევე უკანონოდ იქნა მოპოვებული!
სიტყვამ მოიტანა და როცა სააკაშვილის ბრალეულობაზე მიდგება საქმე, აქ არა მარტო გირგვლიანი, რობაქიძე, ან ქუჩაში უმოწყალოდ დატვრეტილი სხვა ადამიანები უნდა მოვიაზროთ, არამედ, საუბარი უნდა იყოს სისტემურ დანაშაულზე და „ნაცმოძრაობის“, როგორც დანაშაულებრივი მმართველი რგოლის გასამართლებაზე!
ეს რომ არ მოხდება, უკრაინაში მიმდინარე პროცესებიდანაც აშკარად ჩანს - სააკაშვილის ადრინდელი და დღევანდელი მფარველი (პრინციპში ერთი და იგივეა) და მისი ძალადობრივი რეჟიმის თავის დროზე „გამპრავებელი“, ამის უფლებას ნამდვილად არ მოგვცემს!
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი „ძლევამოსილი“ დიქტატორიდან სათამაშო თოჯინად ჩამოქვეითდა, ის მაინც დავალებებს ასრულებს და ასრულებს ზედმიწევნით.
აქედან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რა გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს მის მიმართ საქართველოს მართლმსაჯულება და შეიწყალებს თუ არა მას პრეზიდენტი მარგველაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე - ფაქტი ერთია, ის დღესაც რჩება „მაოხრებელ გზირად“ საქართველოსთვის და თავისი არაორდინალური გამოხტომებით ზიანის მოტანა კიდევ შეუძლია!
ჩვენ კი ვალდებულნი ვართ, ილუზიის ტყვეობიდან დროულად გამოვიდეთ!!!
P.S.მთავარი ლამის დამავიწყდა: რაც არ უნდა კანში გავძვრეთ, „ქოცები“ „ნაცებს“ ვერ გაასამართლებენ ერთადერთი მიზეზის გამო - ისინი ერთი მთელის ორი ნაწილია და ერთი პატრონაჟის ქვეშ იმყოფებიან. რაც შეეხება ხალხს, თეორიულად, მას ამის (რეჟიმის გასამართლების) პოტენციური შესაძლებლობა გააჩნია, მაგრამ, სად არის ხალხი?!
ზაურ ნაჭყებია