ივერიონი / ია საკანდელიძე: 33 საგულისხმო! ანუ, ვინ მოგვცა სამყაროს შეცვლის უფლება?!

ია საკანდელიძე: 33 საგულისხმო! ანუ, ვინ მოგვცა სამყაროს შეცვლის უფლება?!

მართლაც ძალიან ბევრს ნიშნავს კარგი მკითხველი და საინტერესო კომენტარი (ქალბატონ მანანა წერეთლის კომენტარს ვგულისხმობ!. ამას წინათ „ივერიონში“ გამოქვეყნებულ ჩემ სტატიაზე: „ყვირილი ქალთა უფლებების დაცვაზე აბსურდულია, თუ არ გავითვალისწინეთ მამაკაცთა ინტერესებიც!“ - „დონორ (დასაქმებულ) ქალზე მიტმასნულ მოძალადე მამაკაცს თუ ამ ქალს წაართმევ, ძალიან დიდი შანსია, რომ სწორედ ეს მოძალადე დაიღუპოსო!“. 

 

დიახ, ამ ორ -სამ წინადადებაში ჩატეულმა კომენტარმა „საგულისხმო“ ნათელი მოჰფინა ჩემს ნააზრევს და თან ახალი ფორმატი მომიხაზა, რა მიმართულებით უნდა წარვმართო შემდგომი სათქმელი. გამოგიტყდებით და წინა პუბლიკაციასთან დაკავშირებით პირად სივრცეში სხვაგვარი კომენტარი და სატელეფონო ზარიც მქონდა. - „გაგიჟდი, ამ მოძალადე ცხოველების ინტერესების დაცვას როგორ ითხოვ? აგერ 21 წლის გოგო მოკლეს, იქით ორი შვილის დედა და ასე შემდეგ, ამათ რაღა დაცვა სჭირდებაო“. (ჰო, კიდევ „ძალიან აკადემიურია შენი პუბლიკაციები და ცოტა „დაამიწე,“ ხალხმა უკეთესად რომ გაიგოსო!“ ზუსტად ამ სიტყვებით მომცეს კიდევ ერთი შენიშვნა). ძალიან არ მომწონს სიტყვა „დამიწება“, მაგრამ მაინც ვეცადე, უფრო მარტივად და უბრალოდ გამომეთქვა ჩემი აზრი. თუ ბოლომდე არ გამომივა, ბოდიშს გიხდით „დამიწების“ მოყვარულებო (ოღონდ, მართლა ბოდიში)!

 

შემთხვევით არც „დამიწებაა“ ალბათ მოდაში! სამაგიეროდ, ძალიან მიყვარს სიტყვა „საგულისხმოდ“. ამიტომ ამ სიტყვას წინამდებარე ტექსტში დიდი დატვირთვა აქვს მინიჭებული.

 

ქალბატონ მანანა წერეთლის კომენტარის გაგრძელებაში ყველანი დამეთანხმებით, იგულისხმება, რომ ძირითადად ქალი ამ გაყრის შემდგომ გაცილებით დიდი წარმატებით გააგრძელებს ცხოვრებას. ამიტომაც გოგონათა და წარმატებულ ქალთა „საგულისხმო“ რაოდენობა მამაკაცს უკვე განიხილავს, როგორც ცხოვრების ეპიზოდური პერიოდის პარტნიორად და (ისევ) „საგულისხმოდ,“ ბევრ შემთხვევაში, მხოლოდ უსარგებლო, ზედმეტ და მოსაცილებელ პრობლემად! გოგონებს კი უკვე ოჯახის შექმნის ეშინიათ! 

 

აი, რატომ სჭირდება დღეს მამაკაცს საყოველთაო ყურადღება. არაფერი რომ არ ვთქვათ ქალის ტანსაცმელში გამოწყობილ უკვე, „საგულისხმო“ რაოდენობის მამაკაცებზე, ამ ბოლო დროს, ყოველ ცისმარე დღე ტელეეკრანიდან რომ იხვეწებიან, სიცოცხლისა და ცხოვრების უფლება მოგვეცითო. თქვენი არ ვიცი და მე კი ამ დროს ტირილი მინდება!!!

 

თორემ ამდენი აგრესიისა და დანაშაულის გამოვლენა რომ დიდი უბედურებაა, ამას ვინ შეიძლება უარყოფდეს. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს „გაუკონტროლებელი რისხვა სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის“. ანდა, რა ვქნათ, პროფილაქტიკისთვის ხომ არ გავწყვეტთ აგრესიულ ქმედებებში შემჩნეულ ნამდვილად „საგულისხმო“ რაოდენობის მამრობით სქესს?! 

 

დიახ, ჩემი აზრით, დღეს მამაკაცების „საგულისხმო“ რაოდენობა ხერხემალშია გადატეხილი, ამიტომ შველა, პირველ რიგში დასაქმება, პროფესიული რეალიზება და ფიქოლოგიური დახმარება ნამდვილად სჭირდებათ. 

 

თუმცა როგორც ერთმა ახლობელმა მითხრა: „შენი შესაცოდი ლგბტ-ებს არაფერი სჭირთ, ვერ ხედავ, მთელი მსოფლიო ამ ხალხის დაცვას ცდილობს. ყველა კინოფესტივალი და მთელი ჰოლივუდი მათ ცხოვრებას აპიარებს და წინა საუკუნეში გამოვლენილ არსებულ თუ არარსებულ მამაკაცთა გამოვლენილ ძალადობაზე საუბრობსო“. ჰოლივუდის ხსენებაზე უკვე ჩვენი კინოშედევრის პერსონაჟის კითხვა გამახსენდა: „მამაო ენუქ, ვინ მართავს სამყროს?“ 

 

თუმცა ყველა არა, კატრინ დენევი უკვე გამოეყო ამ კომპანიას და თავისი თანამოაზრეებიც შემოიკრიბა. ხოლო, როცა ცნობილი ამერიკელი საზოგადო მოღვაწე, ოჯახის ინსტიტუტის დამცველი ბრაიან-ბრაუნი მახსენდება (ცხადია, ჩვენს ქვეყანაშიც მეგულება ოჯახის ინსტიტუტის მსგავსი დამცველები), იმედი მეძლევა, რომ მარტო არა ვარ ჩემს პოზიციაში და ამ საოცარ გაუგებრობაში. 

 

ისიც სათქმელია, ამ ,,დამიწებულ“ რეალობაში ქალთა მიერ გამოვლენილი „საგულისხმო“ რაოდენობის აგრესიული ფაქტებიც რომ ფიქსირდება. ქალმა ქმარი მოკლა, მეგობარი გოგონა თუ მამაკაცი დაჭრა და ასე შემდეგო. მოზარდების მიერ ჩადენილ აგრესიული დანაშაულებების რიცხვიც ხომ მართლაც საგანგაშოა და „საგულისხმო“.

 

აი, ასე ნელა-ნელა მოვედით აქამდე: მამაკაცების საგულისხმო ნაწილი (განსაკუთრებით საგულისხმო ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისათვის) მოძალადეა, ,,საგულისხმო“ ნაწილი ლგბტ-თა წარმომადგენელი, „საგულისხმო“ უდიდესი ნაწილი - დაუსაქმებელი (თანმდევი აგრესიული გამოვლინებებით) და ასევე „საგულისხმო“ ნაწილი - ნარკომანი.

 

ხოლო, ამათი (ისევ ეს „საგულისხმო“) ნაკრები პოლიტიკაში არიან გარეულები და ქვეყნის მართვაში ხელს უშლიან იმ საგულისხმოდ მცირე რაოდენობის, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ფეხზე დააყენონ ეს ქვეყანა (არავინ თქვას, საერთოდაც არ არსებობენ ასეთებიო, უიმედობა და სასოწარკვეთა უდიდესი ცოდვაა). ამიტომ ასე რთულად იმართება და ვითარდება ეს ჩვენი საცოდავი ქვეყანა. ქვეყანა, საიდანაც ჩვენი გენოფონდის (ისევ ეს „საგულისხმო“) ნაწილი ქვეყნის გარეთ არის გახიზნული, ზოგი საყაჩაღოდ, გარკვეული „საგულისხმო ‘’ ნაწილი კი ჩვენი ქვეყნის ნაცვლად, სხვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გასაუმჯობესებლად იღწვის!!! ჩვენს სახელმწიფოში კი სხვა ქვეყნის მოქალაქეები ჩვენი გაღატაკებული ხალხისგან საგულისხმო რაოდენობის (140 მილიონ!) დოლარს გამოიმუშავებენ და ბუნებრივია, თავიანთ სამშობლოში აგზავნიან. აბა როგორ, ანრი ბერგსონის, კარლ პოპერის, შემდეგ ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების მოდელი კარგა ხანია „საგულისხმოდ“ საინტერესოდ მუშაობს ჩვენს ქვეყანაშიც. თუმცა, ისიც საგულისხმოა, რომ ამ მოდელის სახიფათო შედეგებზე უკვე ძალიან წუხან ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში და ა.შ.შ.-შიც.

 

დიახ, ასეთ დიდ ქაოსში ვცხოვრობთ. ქაოსს, რომელსაც ისევ მხოლოდ ქაოსით ებრძვიან! 

 

ეს ყველაფერი უშენოდაც კარგად ვიცითო, ყურში ჩამესმის უარყოფითი ემოციებით გადაღლილი „დამიწების“ მოყვარული ადამიანების ხმა.

 

სამწუხაროდ, XXI საუკუნის მეცნიერებისა და ტექნიკის ხმაურიანი და მნიშვნელოვანი გამოგონებების მიუხედავად, ჩვენი თანამედროვე ყოფა ნამდვილად ხასიათდება მსოფლიოს მაღალი სტანდარტების მქონე სიმდიდრის გვერდით არსებული ისეთი სამარცხვინო პრობლემებით, როგორიცაა: შიმშილი, სიღატაკე და მათგან გამომდინარე უმეცრება. რაც, თავის მხრივ, სოციალურად უსაფრთხო გარემოს არარსებობას და ამ გაღატაკებულ ადამიანთა აგრესიას განაპირობებს.

 

თუმცა, ისიც სათქმელია, რომ დღესდღეობით მეცნიერებამ და ფილოსოფიამ შეარყია სამყარო და აამოძრავა მისი შინაარსი. თუ წინათ ერები ერთმანეთისაგან დაშორებულნი იყვნენ დღის, თვისა და წელიწადის მანძილის დროით, ახლა ეს მანძილი განისაზღვრება მხოლოდ წუთებითა და საათებით. ნებისმიერი სამეცნიერო მიღწევა ვრცელდება წარმოუდგენელი სისწრაფით. შესაბამისად, განუსაზღვრელად გაიზარდა ადამიანური შესაძლებლობების რიცხვი, რამაც ძალიან საგულისხმოდ, საზოგადოების ცხოვრების წესის დასაცავად აქამდე არსებული რელიგიური დოგმებისა და მორალური ღირებულებების არამხოლოდ გადაფასება, ბევრ შემთხვევაში, სრული იგნორირებაც გამოიწვია. 

 

მან თითქმის ბოლომდე გააშიშვლა ადამიანთა ინსტინქტები. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ შეიქმნა ისეთი ახალი ეპოქა,. სადაც ყველაფერზე ხელშესახები ეს ეგრეთ წოდებული პირდაღებული „თავისუფლებაა“, რომელსაც თითქოს სურს ყველაფერი ჩაყლაპოს. ჩაყლაპოს მამაკაცი (აგრესორია და რაში გვჭირდება), ჩაყლაპოს ქალი (აგრესორი მამაკაცი სხვას რას იზამს!), ერთმანეთი ჩააყლაპინოს მოზრდებს! მძიმე სოციალურ პირობებში თანდათანობით ყლაპავს ნათესაობის ინსტიტუტს, თაობათა შორის კავშირს და დიდი ხანია ჩაყლაპვას უპირებს ოჯახს და, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს. ოჯახი ხომ სახელმწიფოს შემადგენელი ყველაზე ცოცხალი უჯრედია. ჰო, ყველაფერი „მოდი, ვნახოთ ვენახი, რამ შეჭამა ვენახის“ ფილოსოფიური ლოგიკითაა გათვლილი. ამ ყველაფერს ერთი დიდი „საგულიხმო“ ნამდვილად ეკუთვნის!!

 

აბა, ძალიანაც ნუ გააჭენე, მამაკაცი ყოველთვის მოძალადე იყო, უბრალოდ, ადრე ამას არ აფიქსირებდნენო, - ისევ ჩამესმის ,,დამიწების“ მოყვარულთა ხმა. აი, ამაში კი ვერ დაგეთანმებით! ვიღაცები იყო კიდეც შეიძლება აგრესიული, მაგრამ ამდენი ძალადობა და თან ასე სასტიკი შედეგებით, ნამდვილად არ არსებობდა. ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ:„შეძახილით ხეც გახმაო“, - ამბობდნენ წინაპრები. „რაც მეტია წინაღობა, მით უფრო მეტია წინააღმდეგობაო,“- გვასწავლიდა მეცნიერი. „ინფორმაციული დაბინძურება ინფექციური დაინფიციერების მსგავსად ვრცელდებაო“, - ამტკიცებენ მეტაფიზიკოსები და ფსიქოლოგებიც (სხვათაშორის, თქვენი მოწონებული დასავლეთიდანაც).

 

გაიხსენეთ, გამოვლენილი აგრესიული ქმედების ისტერიულ გაშუქებას, ისევ რამდენად „საგულისხმო“ რაოდენობის სხვა მსგავსი აგრესიული ხოცვა-ჟლეტა მოჰყოლია თან. ამიტომ, ჩემი აზრით, მამაკაცის მიერ ჩადენილი აგრესიული ქმედებისას ძალადობის დეტალები კი არ უნდა გააშუქოთ, არამედ ის უნდა აჩვენოთ და გაუსვათ ხაზი, თუ როგორ დაისაჯა მამაკაცი ამ დანაშაულისთვის, ან როგორ დაისჯება (თუ გაქცეულია და იმალება)... ამ დროს კანონის მთელი სიმკაცრე უნდა იქნეს გაცხადებული. აუცილებლად „საგულისხმოა" აგრეთვე იმ მოვლენების ანალიზი თუ რა ფაქტორმა გამოიწვია ეს დანაშაული (რათა გათვალისწინებული იქნეს იგი). დაზარლებული ქალების ჩვენება ახალი დანაშაულის საწყისიც ხდება ხშირად. ეს რთული ფსიქოლოგიური სამწუხარო და „საგულისხმო" რეალობაა და უნდა იქნეს გათვალისწინებული.

 

ისიც ფაქტია, რომ მამაკაცი ფიზიკურად გაცილებით ძლიერი არსებაა ქალთან შედარებით. ხოლო მორალური და რელიგიური ღირებულებებისგან გათავისუფლებული მამაკაცი „საგულისხმოდ“ საყურადღებოა, რადგან, „ძალისა და ძალაუფლების მფლობელს ძალა არ შესწევს ხელი აიღოს ძალმომრეობაზე“(გოეთე).

ჯერ კიდევ პასკალი ამბობდა (დღესაც „საგულისხმოდ!“): „კეთილგონივრულია დაემორჩილო სამართლიანობას, მაგრამ შეუძლებელია არ დაემორჩილო ძალას. ამიტომ, საჭიროა ძალისა და სამართლიანობის შერწყმა, რათა მისადმი მორჩილებით უზენაესი სიკეთე-მშვიდობა დამკვიდრდეს ჩვენს ცხოვრებაში“.

 

მამაკაცმა კი XX საუკუნის ბოლომდე დიდი გზა გაირა ჰომო საპიენსიდან ჰომო მორალისტამდე. საუკუნეების განმავლობაში ეს გზა ყალიბდებოდა ოჯახის, თემის, რაინდობის სხვადასხვა ორდენების, სახელმწიფოს ინსტიტუტების, სხვადასხვა სარწმუნოებითა თუ იდეოლოგიების საშუალებით. 

 

ისიც ვიცით, რომ მამაკაცი მთელი არსებით იცავდა ქალსაც, ოჯახსაც და მთელ ქვეყანასაც. საბოლოოდ, ეს ყველაფერი გამოიხატებოდა დედამიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისა და ერის მსგავსი ცხოვრების წესით. 

 

დიახ, დედამიწის ყველა კუთხეში დედაშვილობის, მამაშვილობის, დედმამიშვილობისა და მეგობრობის საოცრად ნაზი და, ამავდროულად, ძლიერი სიყვარული არსებობდა. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ღმერთი სიყვარულია და იგია ყველაფრის საწყისის თავი და თავი. ამავე დროს, ამ ურთიერთობებს ქალისა და კაცის ურთიერთლტოლვა, ამ ლტოლვით გამოწვეული სიყვარული და ოჯახი უდევს საფუძვლად. ხოლო, „ქალი თავისი იდუმალი, სამყაროს შეცნობისაკენ ჩუმი ლტოლვითა და ინტუიციური უნარებით, სამართლიანობის სწორი გაანალიზებით, იმორჩილებდა, შემოქმედებით მუხტს აძლევდა ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ მამაკაცს“. 

 

XX საუკუნის ბოლომდე ქალს ამის უნარი ნამდვილად ჰქონდა. ხოლო „ყოველი წარმატებული მამაკაცის უკან ჭკვიანი ქალი იდგა“. ამიტომ, არც ამდენი აგრესიული ფაქტი არ ფიქსირდებოდა. ხოლო თანამედროვე დასავლური მოდური მამრის „მაჩოს“ მსოფლმხედველობა, რომელიც ოჯახის ინსტიტუტის მსხვრევის ნიშანდობლივი არჩევანია, დიდი ხანია გახდა მომრავლებულ ქართველ „მაჩოთა“ ინტერესისა და ყურადღების საგანი.

 

თემის სრულყოფის მიზნით, ისევ ვიხსენებ ნაწყვეტს ჩემი ადრინდელი პუბლიკაციიდან: „ადამიანის ფიზიკურ ბუნებაში მთავარი ის არის, რომ ქალის ესტროგენების ქვედა ზღვარი და მამაკაცის ესტროგენების ზედა ზღვარი მხოლოდ 3 მიკროგრამი ესტროგენით განსხვავდება ერთმანეთისგან. ხოლო ანდროგენები შესაძლებელია ერთნაირი ჰქონდეს ქალსა და მამაკაცს. სწორედ ამიტომ არის ადვილი განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და შესაბამისად, განსხვავებული მოთხოვნილებები განუვითარდეს ადამიანს. სწორედ ეს არის ბეწვის ხიდი, რომლის შენარჩუნება კაცთამოდგმის შენარჩუნების მთავარი ფაქტორია... დიახ, ჩვენი ფიზოლოგიურ-ანატომიური მონაცემებით და ჰორმონული ცვლის პარამეტრებით საოცარ კანონზომიერ დამოკიდებულებაში ვიმყოფებით გარემოში მიმდინარე პროცესებთან და თითქმის ღმერთივით ,,ვფლობთ“ და ღმერთისგან განსხვავებით დაუდევრად მოვიხმართ ამ გარემოს.

 

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, ეს იმ ორი ურთიერთსაპირისპირო მუხტის არსებობის გაგრძელებაა, საიდანაც იწყება ჩვენი ხილული სამყაროს არსებობა და რომლის ირგვლივაც ბრუნავს დღემდე სამყარო! 

 

ჩვენ ვინ მოგვცა უფლება მისი შეცვლისა და გაუქმების?! ისიც ცნობილი და საგულისხმოა, რომ ომიანობის შემდეგ გაცილებით მეტი ვაჟიანობა ფიქსირდება ხოლმე, რათა არ დაირღვეს აუცილებელი წონასწორობა და ბალანსი სამყაროში. ამიტომ, საჭიროა, ისე ვიცხოვროთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი პირველსაწყისი ფიზიოლოგიური, ფიზიკური ბუნების პარამეტრები". 

 

და ბოლოს გავიხსენებ ილია ჭავჭავაძის სიტყვებს: „ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული („გულისხმიერი“) კაცები არა ჰყავს“, მაგრამ რადგან ჩვენ დღემდე მოვაღწიეთ, იმედი ვიქონიოთ, ჯერჯერობით ისევ გვყავს ასეთი გულისხმიერი და გულანთებული ადამიანები (ამ აზრის უარყოფა, იმედის უქონლობა და სასოწარკვეთა უდიდესი ცოდვაა ამქვეყნად).

 

ამიტომ გადარჩენილო გულანთებულო და გულისხმიერო პოლიტიკოსებო, პოზიციაში თუ ოპოზიციაში დარჩენილებო, გაერთიანდით! პირადი წყენა და ეკონომიკური ინტერესები გვერდზე გადადეთ, გახსოვდეთ: ერთ ნავში ვსხედვართ და ვერც ახალ საქართველოს და მით უფრო, ვერც ახალ დედამიწას ვერ გამოიგონებთ!

 

კონკრეტულად კი რაც ასე თვალშისაცემი ნაკლია ჩვენი ცხოვრების, ეს სოციალური დისბალანსია. არ არსებობს გამოანგარიშებული კოეფიციენტი, რამდენჯერ შეიძლება აღემატებოდეს უდიდესი ხელფასი საარსებო მინიმუმს, რათა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელი არ შეეშალოს და გასაღების ბაზარი ქვეყნის გარეთ არ იქნეს საძიებელი!!! 

 

გვახსოვდეს, სახელმწიფო ეს არის ხალხთა შეთანხმება, შეთანხმება სწორედ იმაზე, კონკრეტულად რამდენი უნდა იყოს ეს კოეფიციენტი და რა შეფარდებითი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს სახელმწიფო ეკონომიკურ საკუთრებასა და კერძო, ინდივიდუალურ ეკონომიკურ საკუთრებას შორის, რათა სოციალურ ფენათა თანაარსებობა შედგეს და არსებული ეკონომიკური სიდუხჭირე როგორმე გადაილახოს.

 

დიახ, საგულისხმოა, რომ სწორედ სიღატაკე, უმუშევრობაა ყველაზე მთავარი ფაქტორი აგრესიისა და ძალდობის! ზემოთ დასახელებული ეს ორი ციფრი თუ არ იქნა დადგენილი, სახელმწიფო ვერ იარსებებს. საგულისხმოა, რომ დანარჩენი ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული!

 

ისიც ცნობილია, რომ საქართველოს გააჩნია პოტენციური ენერგია ჭიაყელისა, რომელსაც თუ ფეხს დააბიჯებენ, უნარი აქვს რეგენერაციისა და თვითაღდგენის. ხოლო ეს მშვიდობა და ფენიქსივით თავიდან აღდგენა ქალისა და მამაკაცის ჰარმონიული, მხოლოდ ნაცადი ტრადიციული ურთიერთობითა და ამ კოეფიციენტების „საგულისხმო“ გამოანგარიშებითა და დაკანონებით არის შესაძლებელი. ესეც ჩვენი 33 „საგულისხმო“. მაშინ ვიგულისხმოთ, რომ ლაზარეს აღდგინების დროც მოვიდა და ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის!

 

P.S. ცხადია, იგულისხმება, ეს თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი, ვისაც ღმერთმა „ათი ტალანტი“ გიბოძათ! ვისაც თანამდებობაც გაქვთ, ასპარეზიც და დიდი ეკონომიკური სახსარიც. გაიხსენეთ, მხოლოდ ერთი ტალანტის დამმარხველს რა დიდი სასჯელი მიუსაჯა ღმერთმა და ათი ტალანტის მქონეს რას უზამს!

 

7-03-2018, 12:17
უკან დაბრუნება