სამი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ცხინვალის მარიონეტულმა ხელისუფლებამ დააკავა და შემდეგ ციხეში წამებით მოკლა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი. დღემდე ვერ მოხერხდა მისი ცხედრის გადმოსვენება. მარიონეტულმა რეჟიმმა და მისმა მფარველებმა კიდევ ერთხელ გაამჟღავნეს საკუთარი ნაცისტური ბუნება.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა და მისი ნაწამები გვამის გადამალვა არის პირდაპირი შედეგი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოკუპანტი და აგრესორი ქვეყნის მიმართ ათწლეულობის განმავლობაში გატარებული "პოლიტიკური" რევერანსებისა და მოღალატეობრივი დათმობების დანაშაულებრივი კურსისა. კურსისა, რომელიც არა მარტო აზარალებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არ უწყობს ხელს კონფლიქტის მოგვარებასა და დეოკუპაციას, არამედ, საფრთხესაც უქმნის საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს. როცა ოკუპანტ რუსეთს ცხინვალზე გზას გაუხსნი, ტატუნაშვილისნაირი ვაჟკაცების ტრაგედია გარდაუვალი ხდება.
ცხადია, რომ ზედმეტად დამთმობი პოლიტიკა ვერ ახდენს არსებით გავლენას სასურველი შედეგის მიღწევაზე. სამაგიეროდ, ბადებს დაუსჯელობის სინდრომს, სტიმულირებას უკეთებს, როგორც ოკუპანტს, ისე, მარიონეტულ რეჟიმებს ტერიტორიის მიტაცების, პატრიოტ ქართველთა დაპატიმრების, წამებისა და მკვლელობისკენ. ხელისუფლების უმოქმედობის ფონზე, „წარმატებულ“ ბიზნესად იქცა გატაცებული პირების ოჯახებისგან გამოსასყიდის მიღება.
არჩილ ტატუნაშვილის ნაწამები ცხედრის არგადმოცემა გასცდა ადამიანურობის ყოველგვარ ზღვარს, თორემ, მის მსგავსად, უკანასკნელ წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გატაცებული, დაპატიმრებული, ნაწამები თუ გარდაცვლილი მრავალი მსხვერპლის შესახებ ხელისუფლება რეაგირებასაც არ ახდენდა.
საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ წლების განმავლობაში არ შემუშავდა ეფექტური და თანმიმდევრული უსაფრთხოების სტრატეგია და არ განხორციელდა რეალური ქმედებები ამ მიმართულებით. საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ბოლო განცხადება სწორედ ამ უპასუხისმგებლობის გაგრძელებაა.
განცხადების ცალკეული კომპონენტები შიგადაშიგ გამოიყენებოდა საქართველოს ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენლის რიტორიკაში, მაგრამ რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიმართება კონცეპტუალურად ჩამოყალიბებული სახით პირველად გაცხადდა. გაოცებას იწვევს ის გარემოება, რომ კვირიკაშვილის ასეთ ხედვაზე არაფერი იყო ცნობილი. თუ ასე ფიქრობდა, აქამდე სად იყო?! ნუთუ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, მისი ცხედრის გადმოუცემლობა და ამ ფაქტის გამო საქართველოს მოსახლეობის აღშფოთება იქნა მიჩნეული საუკეთესო დროდ (ან საბაბად!), რომ პრემიერს მსგავსი პოზიცია დაეფიქსირებინა?!
განცხადებაში პრემიერი გამოხატავს მზაობას აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის, თუმცა "ავიწყდება", რომ დღესდღეობით მარიონეტული ხელისუფლებები წარმოადგენენ არა აფხაზ ან ოს ხალხს, არამედ ოკუპანტს, რომლის სამხედრო ძალითაც არიან დასმული.
თუ მკაფიოდ არ გაიმიჯნა, ერთის მხრივ, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა, იქ მცხოვრები ეთნოსების წარმომადგენლების ჩათვლით და, მეორე მხრივ, რეჟიმები, რომლებიც ამ ტერიტორიებს მართავენ, გაურკვეველ სუბიექტებთან "პირდაპირ დიალოგზე" საუბარი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, დემაგოგია და კონტრპროდუქტიული სპეკულაციაა. უფრო მეტიც, ამგვარი მიდგომა ათავისუფლებს რუსეთს პასუხისმგებლობისგან, რომელიც მას, როგორც ოკუპაციის განმახორციელებელ მხარეს ეკისრება.
საყურადღებოა, რომ პრემიერი კვირიკაშვილი საჯაროდ მიმართავს რუსეთის ხელისუფლებას, მაშინ როცა, საქართველო-რუსეთის დიპლომატიური მეკავშირე, შვეიცარიის ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას მისთვის მოსკოვთან დაკავშირება არ უთხოვია. ვფიქრობთ, აქ დასკვნების გაკეთება მარტივია.
მისასალმებელია ცივილიზებული სამყაროს ძალისხმევა, მაგრამ ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვითარებაზე ზემოქმედებას, თუ საქართველოს მთავრობა არ გამოხატავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მტკიცე ნებას და არ გადადგამს რეალურ ქმედით ნაბიჯებს.
კერძოდ:
- სახელმწიფო ინსტიტუტების რეალური მშენებლობის უზრუნველყოფა, საერთო ეროვნული თანხმობისა და მოქალაქეთა კონსოლიდაციის მიღწევა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპციის სახელმწიფო პროგრამის მიღება და საზოგადოების, თითოეული მოქალაქის ჩართვა მის რეალიზაციაში;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში, სპეციალური კანონის მიღება და ლუსტრაციის რეალური მექანიზმების ამოქმედება. დღეისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სხვა ქვეყნის აგენტურის უვნებელყოფა. ერთიანი ეროვნული პოზიციის შემუშავება აგრესორი სახელმწიფოსა და მარიონეტული დანაშაულებრივი რეჟიმების ინტერესების გამომხატველ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ;
- ტერმინის „სამხრეთ ოსეთი„ ერთხელ და სამუდამოდ ამოღება ოფიციალური სიტყვახმარებიდან;
- განცხადება და მსოფლიოსთვის განმარტება იმისა, რომ ეს არის რუსი ბოლშევიკი ოკუპანტების მიერ საქართველოს დაუძლურების მიზნით ხელოვნურად შექმნილი ტოპონიმი და ადმინისტრაციული ერთეული, და არა ისტორიული, დემოგრაფიული, ეკონომიკური ან სხვა რამ რეალობა. იგი საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აგრეთვე საფრთხეს უქმნის და ყოველთვის შეუქმნის ქართველი და ოსი ხალხის მშვიდობიან თანაცხოვრებას;
- აუცილებელია ოსური დიასპორის საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალური ჩართვა პროცესებში.
- ასევე, ჩრდილო კავკასიის ხალხებთან მჭიდრო ურთიერთობების ორგანიზება;
- მარიონეტული არაადამიანური რეჟიმის წარმომადგენლებისა და ქართველთა გენოციდში მონაწილე კრიმინალების საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსაკუთრებულ და მუდმივ კონტროლზე აყვანა, მათი განეიტრალება და საერთაშორისო თუ ქართული სასამართლოს წინაშე წარდგენა.
- 2008 ომის პოლიტიკური შეფასება, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და დამნაშავე პირთა დასჯა.
- შესამუშავებელია რეგულაციები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით: საოკუპაციო ზოლის მუდმივი კონტროლი (მაგ. ტრასაზე ჭკვიან კამერებს ვაყენებთ აქ არა);
ოკუპირებულ ტერიტორიიდან ნებისმიერი მაცხოვრებელ პირისა და სატრანსპორტო საშუალების გადმოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე სპეციალური შემოწმების და ნებართვის გარეშე; შესაცვლელია როკის გვირაბის და ცხინვალიდან სომხეთისკენ მიმავალი გზის გახსნის გადაწყვეტილება, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიის ეკონომიკას განავითარებს, ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების ნაცვლად (არაფერს ვამბობთ მის პოლიტიკურ თუ სამხედრო საფრთხეებზე);
- და სხვა..., რომელიც აუცილებელია გადადგას სახელმწიფოსა და საკუთარი თავის პატივისმცემელმა ხელისუფლებამ!
უნდა გავაცნობიეროთ, რომ რეალური ქმედებების ნაცვლად განცხადებების კეთება, რომლებშიც აშკარად იკითხება რუსეთისთვის პასუხისმგებლობის არიდებისა და "ახალი რეალობის" სახელით ცნობილი კრემლისეული ნარატივის გაზიარებისთვის მზაობა, წარმოადგენს არა გონივრულ პოლიტიკას, როგორადაც ცდილობს მის წარმოჩენას ბატონი პრემიერი, არამედ ოკუპანტთან ელემენტარულ თანამზრახველობას. ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას და გაზრდის მსხვერპლს!
მამუკა გიორგაძე, სახალხო პარტია
12.03.2018
P.S. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა ჰარმონიაშია კვირიკაშვილის წერილი რუსეთის ინტერესთან.
„ივერიონისგან“: საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის განცხადებები საქმეს ნამდვილად არ აფუჭებს. უფრო რადიკალური ქმედებებისთვის კი საქართველო დღეს ნამდვილად მზად არ არის. ჰაერში გასროლილი ფუყე განცხადებები კი საქმეს უფრო ვნებს, ვიდრე არგებს. თუმცა, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება.