ივერიონი / დავით ფერაძის მორიგი გამარჯვება - „სქემა“ გაცამტვერდა!

დავით ფერაძის მორიგი გამარჯვება - „სქემა“ გაცამტვერდა!

 

 

სოციალურ ქსელებს ვაკვირდები და მიხარია: არ წყდება სამადლობელი გამოხმაურება პედაგოგთა საკოორდიანაციო ცენტრის ხელმძღვანელის დავით ფერაძისადმი. უამრავი ადამიანი (ლოგიკურად, ისინი პედაგოგები უნდა იყვნენ) სიხარულს ვერ მალავენ და დავითს სამართლიანად უხდიან მადლობას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის მიღწევისთვის. 

 

ამ გამოხმაურებამ მეც გამიღვივა იმედი, რომ ჩვენი ორგანიზაციის, კონკრეტულად, დავით ფერაძის მართლა უკომპრომისო, სარისკო და სამართლიან ბრძოლას სრუალიად საქართველოს სასკოლო სივრცე სათანადოდ აფასებს და მადლობს კიდეც. 

 

სიმართლე გითხრათ, დავითის პოზიცია ასეთია: მთავარია, საქმე გაკეთდეს და ვინ გააკეთებს, რა მნიშვნელობა აქვსო. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ მოცემულ შემთხვევაში შემდგომი ბრძოლისთვის ამას სწორედაც აქვს მნიშვნელობა. 

 

ამიტომ, ვინც არ იცის, შევახსენებ, რომ სქემაში შეტანილ ცვლილებებს წინ ახლდა პეტიციის შემუშავება და მასზე ხელმოწერების შეგროვება. 

 

პეტიციით ჩამოყალიბდა მოთხოვნა ე.წ. სქემის მოქმედი ვერსიის შეჩერების შესახებ. ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ ხელმოწერები მაინც შეგროვდა. იყო გარკვეული მიზეზებიც, რამაც ხელმოწერების უფრო მეტ ოდენობას შეუშალა ხელი, მათ შორის, უმთავრესი  ოფიციალური უწყებებისგან აკრძალვა იყო, რის გამოც მასწავლებლების დიდმა ნაწილმა ხელმოწერა ვეღარ გაბედა. 

 

არადა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ რაღაც სქემის გაგონებაზე პედაგოგებს ყოველგვარი მუშაობის ხალისი ეკარგებათ. და მაინც, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ერთობამ, ამ გვერდში დგომამ, ამ მცირე დარაზმვამაც თავისი შედეგი გამოიღო და განათლების სამინისტრო დავით ფერაძესთან წამოვიდა მოლაპარაკებაზე, სადაც მათ გამოთქვეს მზადყოფნა, რომ იმუშავებდნენ  პეტიციით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე. 

 

ამის შემდეგ მთავრობამ და სამინისტრომ საკითხზე განმარტება მოთხოვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორს - მაჩაბელს, რომელმაც დავით ფერაძეს ოფიციალურად უპასუხა, რომ მოქმედი სქემა პედაგოგების კეთილდღეობას ემსახურება და მის  გადახედვას არ ვაპირებთო, რასაც მოყვა დავით ფერაძის მკაცრად არგუმენტირებული და დასაბუთებული საპასუხო კრიტიკული განცხადება. 

 

ფართო საზოგადოება გაეცნო, როგორც მაჩაბლის „შედევრს“, ისე ფერაძის პასუხს. აი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციტატა დავით ფერაძის განცხადებიდან, რამაც გამოიწვია „სტატუსის შენარჩუნების„ წესის გაუქმება: 

 

„თუნდაც უფროს ან მენტორ მასწავლებელს რომ დაუწესდა მოპოვებული პედაგოგიური სტატუსის შესანარჩუნებელი აუცილებელი ვადები და კრედიტქულების აუცილებელი კვოტა, ეს რას ნიშნავს? 

 

რატომ არსებობს სქემაში დისკრიმინაციული მოთხოვნა „სტატუსის შენარჩუნება“? ეს იმას ჰგავს, სამხედრო პირს ოფიცერის წოდების მინიჭების მერე დრო და აქტივობები რომ განუსაზღვრონ წოდების შესანარჩუნებლად, თუ არადა რიგითობამდე რომ ჩამოაქვეითონ. თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ არათუ პრაქტიკოსთა წინსვლის, არამედ უკვე უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეთა ჩამოქვეითების ტენდენციებმა იჩინა თავი, რადგან მათთვის გაცემული დანამატები სახელმწიფოს ეზედმეტება. სწორედ ამიტომაა შემოგდებული „სტატუსის შენარჩუნების“ რთული ალგორითმი“.

 

ჩვენთის ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრი ითხოვდა, აუცილებლად განხორციელებულიყო ცვლილებები და რომ ფერაძისა და პეტიციით გავრცელებული მოთხოვნები აუცილებლად ყოფილიყო გათვალისწინებული. 

 

ამ ყველაფრის შემდეგ, მაჩაბელმა და მისმა გარემოცვამ კეთილი ინებეს და „არგადახედვის“ პოლიტიკა რადიკალურად შეცვალეს. მათ ბოლომდე არ გაითვალისწინეს მოთხოვნა, ანუ, სქემის სრულიად შეჩერება არ მოხდა, მაგრამ, რა ცვლილებაც შევიდა, ზუსტად, სიტყვასიტყვით განმეორდა დავით ფერაძის მოთხოვნები. ფაქტობრივად, სქემა გახდა ნებაყოფლობითი. ცხადია, სამწუხაროა, რომ ისინი არ აღიარებენ ფერაძის წვლილს, რადგან, მათ ამით უნდა აღიარონ ოპონენტების გამარჯვება, მაგრამ, საბედნიეროდ, პედაგოგები ამას კარგად მიხვდნენ და ეს  სოციალური ქსელებიდანაც ჩანს. 

 

ჩვენს ორგანიზაციასთან, დავითთან ერთად უმნიშვნელოვანესია იმ ადამიანების წვლილი, რომლებმაც ხელი მოაწერეს ხსენებულ პეტიციას. ამ ერთობამ თავისი გაიტანა და რაც მთავარია, დაგვანახა ერთობის აუცილებლობა. ამიტომ საჭიროა, ახლა მაინც შეიკრან მასწავლებლები და გაერთიანდნენ ისინი პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის, მისი ხელმძღვანელის გარშემო და შემდგომი წარმატებისთვის მოემზადონ.

 

მაგრამ, საჭიროა ყველა მასწავლებელმა, უკლებლივ, ყველა პედაგოგმა და მთელმა საგანმანათლებლო საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს წარმატება უპირველესად დავით ფერაძის დამსახურებაა. არავითარი მაჩაბლებისა და მათნაირების ტვინში ეს არ მოხარშულა. პირიქით, მათ უარესი ბიუროკრატია სურდათ. მათ სწორედ ისეთი სქემა სურდათ, რომ მასწავლებლები დაკაბალებულიყვნენ და თავად კი, ჩინოვნიკებს ფულის კეთების მეტი შანსი ჰქონოდათ. 

 

ნორმალურ სახელმწიფოში, გამოვიდოდა მინისტრიც, გამოვიდოდა მაჩაბლის დაწესებულებაც და იტყოდა: ჩვენ გავითვალისწინეთ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრისა და მისი ხელმძღვანელის ინიციატივა, გავითვალისწინეთ მასწავლებელთა ხელმოწერები და სწორედ ამიტომ წავედით ამხელა დათმობაზეო. მაგრამ საქართველო არაა სახალხო სახელმწიფო. ხელისუფლება არ აღიარებს, რომ დათმო, რომ იძულებული გახდა ეცნო რეალობა. ამიტომ, ასეთ სიტუაციაში, ჩვენ უნდა დავინახოთ სიმართლე. დღეს ყველა მასწავლებელი ვალდებულია გააგებინოს იმ მასწავლებლებს, ვინც არაა ინფორმირებული, რომ სქემასთან დაკავშირებით ხელისუფლება კუთხეში მიიმწყვდია დავით ფერაძემ. ვიმეორებ, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მოვემზადოთ შემდგომი „ომისთვის“, რომ ეს საძულველი სქემა საერთოდ მოვიშოროთ.

 

 ახლა მინისტრ ჩხენკელზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას:

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მინისტრმა კომპრომისული ნაბიჯი გადმოდგა. ეს მისასალმებელია, მაგრამ პსც-ს და მის ხელმძღვანელს აქვს სხვა მოთხოვნებიც, რომლებზეც მიმართვა ჯერ კიდევ წინა მინისტრმა მიიღო. ჩვენი თანამშრომლობა შედგება, თუ სამინისტროს გაწმენდის პროცესი დაიწყება. კორუმპირებულთა და ნეპოტისტთა ჯგუფი მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა მოაშოროს სამინისტროს. ეს ეხება უპირველესად მოადგილე ლია გიგაურს, რომელიც ცნობილი ნეპოტისტია, მაქინატორი და ბოლოს 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მკვლელობის საქმესთან აქვს კავშირი. დღეს, ეს ქალბატონი, არანაირად არ შეიძლება, რომ კურირებდეს ზოგად განათლებას. 

 

მინისტრმა ჩხენკელმა დაუყოვნებლივ უნდა გააძევოს სისხლისმსმელი, ნეპოტისტი, კორუმპირებული გაიძვერა ექსმინისტრი სანიკიძე არსებული თანამდებობიდან, სადაც მან გააგრძელა „ფულის კეთების„ ნაცადი საქმიანობა. სწორედ სანიკიძეა ის საშინელი ფიგურა, რომელიც პირადად დევნიდა დავით ფერაძეს და მის მხარდამჭერებს.

 

რა დაუჯდა დავითს უკომპრომისო ბრძოლა და დღევანდელი გამარჯვება? რა და სანიკიძის დაგეშილი ბიუროკრატიისგან დევნა, ნერვების დაწყვეტა, სამსახურიდან გაგდება, მისი ოჯახის ფიზიური და მორალური განადგურების საშიშროება, სასამართლოს უსამართლობა და უამრავი უბედურება. არანაკლები ვიწვნიეთ ჩვენ, მისი დანაშაულებრივი პოლიტიკის მოწინააღმდეგეებმა. დიახ, ეს ადამიანი უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას...

 

ბატონი ჩხენეკელი ელემენტარული მაგალითით უნდა მიხვდეს: როდესაც ჩვენ სანიკიძეს და მის გარემოცვას, მათ შორის გიგაურს ვაკრიტიკებთ, ათობით ცრუადამიანები, ე.წ. „ფეიკები“ გვესხმიან თავს და იცავენ ამ დამნაშავეებს. როდესაც მინისტრს ეხება კრიტიკა, ისინი ამ დროს ჩირგვებში არიან. ეს ადასტურებს, რომ დღეს სამინისტროში არსებული დამნაშავე გუნდი მოქმედებს ჩხენკელის ზურგსუკან და საჭიროა მათი დროული გახვეტა. 

 

იმედს ვიტოვებ, რომ ჩხენკელი კარგად შეაფასებს ამ სიტუაციას და დამნაშავე გუნდთან თანამშრომლობას ჩვენთან კომპრომისს ამჯობინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ გაზაფხულის დათბობისთანავე სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქციის დაწყებას. მით უმეტეს, ერთ-ორ კაციანი შიმშილობის აქციაში დიდი გამოცდილება გვაქვს. ამიტომ, რაც შეიძლება ოპერატიულად უნდა გასუფთავდეს სამინისტრო „წიდებისგან“!

 

დავით სალია

პედაგოგი, პოლიტიკური დევნილი; პსც-ს აქტივისტი

 

 

19-03-2018, 10:16
უკან დაბრუნება