ქართველების ეროვნული იდენტობა მათ სამოქალაქო იდენტობაზე უფრო მყარად ჩამოყალიბებული ფენომენია. ეს გასაგებიცაა - ქართველებს ისტორიულად ძალიან დიდხანს ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის გარეშე უწევდა არსებობა!
დღესაც, როგორც დაპყრობილ საქართველოში, ისე რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის საქართველოებში არსებული ქართველობა (ვინც ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა), აგრეთვე სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები, თავიანთ იდენტობას ეროვნულის საფუძველზე ახდენენ. ქართველების ეროვნული ხასიათი კავკასიელობის ფენომენშია გამოქანდაკებული და თავმოყრილია შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანში“.
მრავალ კეთილ თვისებათა შორის, ქართველისთვის უმნიშვნელოვანესია სახელის მოხვეჭა, სასახელო საქმის ქმნა, კაცთმოყვარეობა და ქცევის მოტივაციაში მატერიალურთან შედარებით სულიერისთვის უპირატესობის მინიჭება (ეს იმდენად ღრმადაა მოცემული ქართველის ბუნებაში, რომ დღეს ბევრი ის ქართველიც კი, ვინც მამონას ემონება, ცდილობს თავი ისე წარმოაჩინოს, თითქოს მისთვის მთავარი სულიერია), მისაბაძი მაგალითის შექმნა.
ეს აისახა ქართული ხალხურ ანდაზებშიც. მაგალითად, ნათქვამია: „სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობია“. ან კიდევ: „სახელი სჯობს ქონებასა და უფლება - მონებასა“.
ქართველების აღნიშნული მისწრაფება და პოზიცია შოთა რუსთველმა ჩამოაყალიბა შემდეგ აფორიზმში: „სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა“!
შოთა რუსთველმა „ვეფხისტყაოსანში“ შექმნა ამ ფორმულით მოქმედების მისაბაძი მაგალითები და განამტკიცა ქართველობის ეს დიდებული ეროვნული მახასიათებელი.
ერისა და ინდივიდის ხასიათებს შორის მყარი კორელაცია არ მტკიცდება, თუმცა მათი ურთიერთკავშირი ფაქტია.
განსაკუთრებით ნიშანდობლივია მაშინ, როცა საქმე გვაქვს იდენტობასთან. მაშინ ირკვევა, თუ რომელ ერთან აიგივებს პიროვნება თავს და რატომ! აქ მნიშვნელოვანია ერის ხასიათზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპი. ამ უკანასკნელს კი ამ მამულიშვილური მიერ სასახელო საქმენი, მათი განუმეორებელი დიდებულება ქმნის!..
ერის იდენტობა ეფუძნება პიროვნებათა სასახელო ქცევებს, რომელთაც იხსენებენ, რომლითაც ამაყობენ, რომელშიც ხედავენ ადამიანები თავიანთ გენეტიკურ, თუ სულიერ კავშირს.
ჩვენი ერის ისტორია - საქართველოსთვის თავდადების ისტორიაა. ყველა ეპოქა აღსავსეა ასეთი ადამიანებით.
მაგალითებად, ქართველი იხსენებს ცოტნე დადიანს, კოხტასთან შეთქმულების (1245 წელი) გამჟღავნებისას მომხდარ ამბავს, მონღოლ ნოინისგან მეგობრების დასახსნელად მის თავგანწირვას. ოსმანებთან ბრძოლის დროს (1609 წელი) საარაკოა თევდორე კვერთელის (თევდორე მღვდლის) გმირული საქციელი. ღირსების დაცვის გაკვეთილია ქართველებისთვის ის ფაქტი, როდესაც რუსი გენერალი ივანე ლაზარევი „უპატიურობისათვის“ ხანჯლით განგმირა მეფე გიორგი მეთორმეტის ქვრივმა დედოფალმა მარიამ ციციშვილმა (1803 წლის 12 აპრილს). სულიერების, სამშობლოს სიყვარულის მწვერვალია ქრისტიანობისთვის ირანის შაჰის აბას I-ის მიერ წამებული ქეთევან დედოფალი (შირაზი, 1624 წლის 12 სექტემბერი) და სხვა მრავალი ცნობილი, თუ უცნობი გმირი და წმინდანი. ყველა ოჯახს, ყველა გვარს, ყველა სოფელს, ყველა ქალაქს ჰყავს ის ადამიანები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ ქართულ იდენტობას.
დიდება მათ სახელებს!
ქართველების მამულიშვილობის მაგალითები არ ეტევა საქართველოს არც დღევანდელ და არც ისტორიულ საზღვრებში.
პროფესორი იოსებ ჟორდანია დაიღუპა რიო-დე-ჟანეიროში თვითმფრინავის კატასტროფის დროს (1962 წლის 20 აგვისტო), როდესაც თავისი მაშველი რგოლი უბილეთო მგზავრ გოგონას დაუთმო და გადაარჩინა...
ბუნებრივია, ამ ადამიანების გმირობის მომენტი კი არ იყო გაშუალებული სახელზე ფიქრით, არამედ მათი შინაგანი მდგომარეობა, ქართველის აღზრდა მუდმივ მზადყოფნაშია ასეთი საქციელისთვის.
ასე იყო გუშინ, ასეა დღეს და ასე უნდა იყოს ხვალ.
დღეს ეს მომენტი, რა თქმა უნდა, გართულებულია. რით განსხვავდება ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა ბევრი თანამედროვე ქართველი დედისგან?
ხერხეულიძეებს დედა სამშობლოსთვის - საქართველოსთვის ზრდიდა, თანამედროვე ქართველი დედა ძირითადად (გამონაკლისებია აფხაზეთში, სამაჩაბლოში, სამშობლოსათვის სხვა ადგილებში მებრძოლთა, უპირველეს ყოვლისა კი - დაღუპულთა დედები) შვილებს ზრდის თავისთვის! აქედან გამომდინარე, აღარ მუშაობს რაფიელ ერისთავის მიერ ქართველებში დანახული ფორმულა: „არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“!
საქართველოდან რამდენია უცხოეთში წასული და მაინც, დარჩენილებიდანაც ყოველი მეოთხე უცხოეთში წასვლას გეგმავს...
ახალგაზრდებს ეშინიათ: დრო არ გაექცეთ ისე, რომ ვერ გამოსცადონ თავიანთი შესაძლებლობა...
საშუალო ასაკისანი შეშინებულები არიან, რომ მოხუცებულობამ არ მოუსწროს და ისეთ დღეში არ ჩავარდნენ, რა დღეშიც მათი მშობლები და მშობლების თაობაა.
მოხუცები კი სრულ დემორალიზაციას განცდიან მათი ნაცხოვრების გაბაიბურების გამო - მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ის, რითაც ბოლო 25 წლის მანძილზე გამდიდრდნენ საქართველოში, ყველაფერი რაც პრივაზტიზებას დაექვემდებარა, მათი შექმნილია.
ერთი სიტყვით, ყველაფერს ემატება ფასი, გარდა ადამიანისა!
ნათქვამიდან გამომდინარეობს გამოსავალიც: ქართველის ფასი საქართველოში უნდა გაიზარდოს, ქართველი საქართველოში ყველაზე ძვირად უნდა ფასობდეს, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში!
ქართველების აფასება მსოფლიო მნიშვნელობის ქართველებით უნდა დაიწყოს. იმ ადამიანებით, რომლებსაც უკვე აქვთ განუმეორებელი ადამანისეული კაპიტალი დაგროვილი.
ჩვენს გვერდით ჯერ კიდევ ბევრია ასეთი „ჭკუის საკითხავი“ და მაგალითების შემქმნელი პიროვნება.
ერთი ასეთი კაცია ლევან თედიაშვილი.
მას 2018 წლის 15 მარტს 70 წელი შეუსრულდა. ის 1948 წლის 15 მარტს, საგარეჯოში სოფელ თაქლაში დაიბადა.
მასზე ბევრია სათქმელი, მაგრამ დავიწყებ იმით, რომელიც ქართველთა იდენტობისათვისაა მნიშვნელოვანი.
ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც უფროს თაობაში შენახული ეროვნული იდენტობა იკარგება ახალგაზრდებში, ხოლო სამოქალაქო იდენტობა ერთნაირად ჩამოუყალიბებელია ქართველთა ყველა თაობაში.
მხედველობაში მაქვს ერთი ცნობილი შემთხვევაა. მას, ჩვეულებრივ, ლევან თედიაშვილის ცხოვრების აღწერისა და მისი უამრავი წარმატებების შემდეგ ასახელებენ. მე კი ვთვლი, რომ ლევან თედიაშვილის ეს საქციელი მისი ცხოვრების მთავარი კრედოა - მის მიერ რუსთველის ანდერძის შესრულებაა.
ვგულისხმობ ლევან თედიაშვილსა და ირანის 35-ე და ბოლო შაჰის - მოჰამედ რეზა ფეჰლევს (Mohammad Reza Pahlavi- ირანის შაჰი იყო 1941 წლიდან 1979 წლამდე, გარდაიცვალა 1980 წელს) შორის მომხდარ ამბავს. საქმე ეხება იმ შემთხვევას, როცა თედიაშვილმა თეირანში, შაჰის დაარსებულ ტურნირზე ბევრი ირანელი ფალავანი, მათ შორის , შაჰის თანდასწრებით სტადიონზე, მისი ფავორიტი ფალავანიც დაჯაბნა. თანაც მასთან პირველი გამარჯვება არ ჩაუთვალეს და გადაათამაშებინეს - თედიაშვილმა ესეც მოიგო.
ამ გამარჯვებაში იყო მისტიკა.
აქ ხომ ცხოვრებაში განხორციელდა ის სცენა, რაც მოცემული იყო ლეო ესაკიას ფილმში: „ბაში-აჩუკი“, რომელიც 1956 წელს გამოვიდა ეკრანზე და სპარსეთის წინააღმდეგ 1659 წლის კახეთის შესახებ აკაკი წერეთლის მიერ 1895 -1896 წლებში დაწერილი ისტორიული რომანის კინო-ეკრანიზაციაა.
კახელი თედიაშვილის ამ გამარჯვებაში უდაუდ მიუძღვით წვლილი ზაალ ერისთავს, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებს, ბიძინა ჩოლოყაშვილს, ფშაველებს, ხევსურებს და მრავალ ქართველს - საქართველოსთვის თავგანწირულებს!
ირანის შაჰი ჭიდაობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, რაც იმითაც იყო ალბათ გამოწვეული, რომ მამამისი - რეზა ფეჰლევი, ირანის 34-ე შაჰი, მაზანდარიდან იყო წარმოშობით, სადაც თავის მხრივ მათი ოჯახი მოხვდა, წყაროების მიხედვით, „კავკასიაში რუსების შემოსვლის შემდეგ“ (კონკრეტულად საიდან - ეს ვერ დავადგინე. იქნებ საქართველოდან?).
შაჰმა თურმე ლევან თედიაშვილი თავისთან იხმო, სამახსოვროდ ბეჭედი გადასცა და თან აღსასრულებლად ერთი სურვილის დასახელება თხოვა.
ლევან თედიაშვილმა შაჰს იმხანად ციხეში მყოფი ირანელი მოჭიდავის გათავისუფლება სთხოვა!
შაჰმა პირობა შეასრულა!
ასე შეიქმნა ქართველი კაცის ზნეობრიობის, ვაჟკაცობის, სულიერების თედიაშვილისეული მაგალითი.
ლევან თედიაშვილს ამით არ დაუმთავრებია თეირანის „დაპყრობა“.
1973 თეირანში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში თავისუფალ, რომაულ-ბერძნულ და სამბოს სახეობებში.
ლევან თედიაშვილმა აქ თავისუფალ ჭიდაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. შემდეგ მოხდა ისე, რომ მის წონით კატეგორიაში სპორტსმენის გამოუყვანლობისთვის სანქციების თავიდან ასაცილებლად ლევანს სთხოვეს სამბოშიც გამოსულიყო. იგი ჩემპიონის წინა ტიტულის მოპოვებიდან სამ დღეში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი სამბოშიც - ერთ კვირაში მსოფლიო ჩემპიონი ორ სხვადასხვა სახეობაში. დამეთანხმებით, ეს სასწაულებრივი, ჯერ გადაულახავი წარმატებაა და საეჭვოა ოდესმე შესაძლებელი გახდეს!
ალბათ აქ დიდი მნიშვნელობა იქონია იმანაც, რომ სამბო საბჭოთა კავშირში შექმნილი ჭიდაობაა (სახელწოდება რუსული ტრანსკრიფციითა და ნიშნავს - თვითდაცვა იარაღის გარეშე - самозащита (самооборона) без оружия), რომლის ერთ - ერთი უმთავრესი წყარო ქართული ჭიდაობაა. თედიაშვილის ეს გამარჯვება ქართული ფალავნობის ინსტიტუტის მნიშვნელობის გამოხატულებაა.
ლევან თედიაშვილის უმთავრესი შედეგები: თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური (1972,1976 წწ.), ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი (1971, 1973, 1974,1975 წწ.), სამგზის ევროპის (1974, 1976, 1978 წწ) საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი და 1973 მსოფლიო ჩემპიონი სამბოში.
ლევან თედიაშვილის სპორტული ცხოვრება ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი.
არასრულფასოვანია მასზე ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც - დღემდე არ არის აღნუსხული მის მიერ მიღწეული შედეგები, მისი წვლილი ჭიდაობის განვითარებაში.
სამწუხაროდ, ცალკეულ ეპიზოდებადაა მიმოფანტული მისი ფენომენალური შედეგები.
ლევან თედიაშვილმა 1974 წელს მსოფლიო შემპიონატზე 3 წამში მოუგო შვეიცარიელ რაფაელ მარტინეტის (Raphaël Martinetti), რომელიც 2002 – 2013 წლებში იყო საერთაშორისო ფედერაციის (FILA) პრეზიდენტი.
ლევან თედიაშვილს ფენომენალური შედეგი აქვს წონითი კატეგორიების ცვლილებებისადმი ადაპტაციის თვალსაზრისითაც. ჯერ არავის არ მიუღწევია ამდენ სხვადასხვა (82, 90, 100 კილოგრამ) წონით კატეგორიებში მისნაირი წარმატება. მარტო ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონობის მიხედვით, ეს შედეგი ასე გამოიყურება: 82 კგ. წონით კატეგორიაში ის გახდა ოლიმპიური (1972წ.) და მსოფლიო (1971წ.) ჩემპიონი, 90კგ. წონით კატეგორიაში ის გახდა ოლიმპიური (1976წ.) და ოთხგზის მსოფლიო (1973, 1974, 1975 წწ.წ.) ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში და მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973 წ.), 100კგ. წონით კატეგორიაში კი მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი (1978წ.).
სხვადასხვა ინფორმაციით, ლევან თედიაშვილს ოფიციალურად 400-მდე ორთაბრძოლიდან მხოლოდ ორი აქვს წაგებული.
ლევან თედიაშვილს როდესაც ჰკითხა ჟურნალისტმა, თუ წაგიგიათო, მან უპასუხა: წაუგებელს ჭიდაობაში მხოლოდ ერთ კაცს - მამაჩემს ვიცნობო. ეს როგორო, გაუკვირდა ჟურნალისტს. ლევანმა უპასუხა: იმიტომ არ წაუგია, რომ არც არასოდეს უჭიდავიაო!
არ უჭიდავიაო და არა არ „უბრძოლიაო“!
ლევანის მამა - ქიტეს თედიაშვილი მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა, ქერჩში დაიჭრა და ჰოსპიტალში გაიცნო მისი მომავალი მეუღლე - ლევანის დედა, შურა გრიკალოვა.
ლევანის ოჯახს საქართველოსთვის არც ერთი ბრძოლა არ გამოუტოვებია.
ამიტომაც ლევან თედიაშვილის ცხოვრებაში სიხარულმა და სიმწარემ ერთმანეთი ბევრჯერ შეცვალა.
ლევან თედიაშვილის ცხოვრებაში წყალგამყოფი იყო დიდი სპორტიდან წასვლა.
1981 წელს ლევან თედიაშვილი, საქართველოს ჭიდაობის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი, 33 (!) წლის ასაკში, გადატენილი თბილისის სპორტის სასახლის დარბაზიდან პატივით გააცილა გულშემატკივრებმა და მთელმა საბჭოთა კავშირმა. მათ შორის პოლიტიკურმა ელიტამ. ამ უკანასკნელის დამოკიდებულება ასახულია იმ ფაქტში, რომ ის დაჯილდოებულია საბჭოთა კავშირის უმაღლესი ჯილდოთი - ლენინის ორდენით.
სპორტიდან წასვლით ლევან თედიაშვილის ცხოვრება „თავიდან დაიწყო“. ეს ასე იყო საბჭოთა კავშირის დროს ყველა სპორტსმენისთვის. თუ კაპიტალისტურ გარემოში სპორტსმენი ჩართულია სპორტის კომერციულ ნაწილში და როგორი დონისაცაა სპორტსმენი, ისეთივე ფინანსურ მდგომარეობას იქმნის კარიერის მანძილზე, რასაც იყენებს სპორტიდან წასვლის შემდეგ ცხოვრების ბაზად, საბჭოთა კავშირში სპორტსმენი, რა სიდიდისაც არ უნდა ყოფილიყო, დამოკიდებული იყო პარტიისა და მთავრობის მზრუნველობაზე. რა თქმა უნდა, აქ ბევრი იყო სუბიექტური დამოკიდებულება, მაგრამ არსებობდა რაღაც მინიმუმი, რომელსაც სპორტსმენები იღებდნენ: უშვებდნენ ბენზინგასამართი სადგურის უფროსებად, საწყობში სამუშაოდ, ...ბოლოსდაბოლოს ახალ ტაქსზე სვამდნენ მძღოლად! ლევან თედიაშვილიც დანიშნეს კაკაბეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. მატერიალურად უზრუნველყოფილი იყო და მორალური მხარდაჭერა, მოფერება და პატივი არ აკლდა.
საბჭოთა კავშირის დაშლითა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით ყველაფერი, მათ შორის, სპორტსმენების „შენახვის“ ფორმალური და არაფორმალური სისტემაც დაიშალა.
ამის შემდეგ ლევან თედიაშვილისთვის იწყება, ისე როგორც მისი თაობის ადამიანებისთვის, ახალი - საბჭოთა კავშირისგან განსხვავებული, საბჭოთა კავშირის დემონტაჟსა და კაპიტალიზმის რესტავრაციაზე ორიენტირებულ გარემოში ცხოვრება.
დამოუკიდებელ საქართველოში სპორტის, სპორტსმენებისა და სპორტიდან წასული პირებისადმი საბჭოთა კავშირის დამოკიდებულება პრინციპში შენარჩუნდა.
ქვეყანა ვერ გათავისუფლდა საბჭოთა სისტემისგან, ვერ გადაიგდო ერთპარტიული სისტემის უღელი და შესაბამისად, სპორტი და სპორტსმენები ვერ გათავისუფლდნენ მმართველი პარტიისადმი სამსახურისგან და მმართველ პარტიის ნებაზე დამოკიდებული მატერიალური კეთილდღეობისგან.
ახალ სინამდვილეშიც, ისე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, სანამ ლევან თედიაშვილი კარგად იყო მმართველ პარტიასთან - პრობლემები არ შექმნია: თანამდებობაც ჰქონდა, საქართველოს პარლამენტის წევრიც იყო „მოქალაქეთა კავშირიდან“ 1995-1999 და 1999- 2004 წლების მოწვევის პარლამენტში. ცოტა კაპიტალისტიც გახდა, მაგრამ ეს ყველაფერი მიღწეული იყო იმის ხარჯზე, რომ ის მმართველ პარტიას კომფორტს არ ურღვევდა, პირიქით, თავისი სპორტული და ადამიანური ავტორიტეტით მიმზიდველ ფასადს უქმნიდა!
საკმარისი იყო მას ოდნავი დამოუკიდებელი პოზიცია დაეჭირა მმართველი პარტიისადმი, რომ უცებ ყველაფერი დაკარგა, ყველაფერი წაართვეს. ვინ ქნა ეს? მათ, ვინც მის გვერდით იჯდა პარლამენტში, პარტია „მოქალაქეთა კავშირში“.
წაართვეს არა მარტო ბიზნესი, არამედ მისი წარსულის რეალიზების შესაძლებლობაც...
2011 წლის 30 ივნისს მის ირგვლივ შექმნილმა სიტუაციამ აიძულა ლევან თედიაშვილი სამბოს ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადამდგარიყო. http://geonews.ge/geo/news/story/1510-levan-tediashvili-sambo
ჯერ გაიხსნა ლევან თედიაშვილის სახელობის სკოლა და ჰქონდა ეს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას, ხოლო მას შემდეგ, რაც ლევან თედიაშვილს „შეეშალა“, მისი სახელობის ჭიდაობის ცენტრი გაუქმდა და სკოლა გადაეცა ძიუდოს ფედერაციას.
აი, რას ამბობს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე: ლევან თედიაშვილს „შეურაცხყოფა მიაყენეს, როცა ის დარბაზი წაართვეს, თუმცა ეს ჩვენი ფედერაციის შეურაცხყოფაც იყო. მე ვეცდები ამის გამოსწორებას“.
ჯერ გამოსწორებას პირი არ უჩანს!
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ მოხდა ლევან თედიაშვილის ნაციონალური ხელისუფლების „სასჯელისგან გათავისუფლება“.
ნათელია, რომ ლევან თედიაშვილმა „ვერ გაამართლა“ „ქართული ოცნების“ იმედები. ასეთ დროს კი ერთპარტიული სისტემების ქცევები იდენტურია. მათი გენეტიკური კოდი ერთი და იგივეა.
როგორ წარმოიშობოდა მმართველი პარტიები საქართველოში? კომპარტიამ შვა „მოქალაქეთა კავშირი“, „მოქალაქეთა კავშირმა“ შვა „ნაციონალური მოძრაობა„, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შვა „ქართული ოცნება“!
ლევან თედიაშვილი ბოლო წლებში საზოგადოებას თავს პრინციპული პოზიციებით ახსენებს:
- სამართლის ძიება - 2013 წლის ოქტომბერი - https://www.youtube.com/watch?v=VL-WJDTylVo
- ლუკა კურტანიძის გადაყენების მხარდაჭერა - 2014 წლის ოქტომბერი - http://qronikaplus.ge/?p=2078
- შიმშილობა საგარეჯოს საპარლამენტო შუალედური არჩევნების გამო - 2015 წლის ნოემბერი - http://www.timer.ge/jumber-kirvalidze-levan-thediashvili-shimshilobisas-thu-daighupa-sagarejodan-da-mtheli-saqarthvelodan-khareba-da-gogia-daidzreba-thbilisisaken/
- ჭიდაობის ფედერაციის არჩევნებში აქტიურობა (მანუჩარ კვირკველიას მხარდაჭერა) - 2016 წლის დეკემბერი -https://www.mysports.ge/ka/post/view/16937/?month=07&year=2094
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები - 2017 წლის 21 ოქტომბერი - საგარეჯოში მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა (მაჟორიტარული ოლქი 11.07.01) „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით - მეოთხე შედეგი - https://results20171021.cec.gov.ge/maj_11.html
მკითხველმა ბოლო ფაქტს უნდა მიაქციოს ყურადღება. ლევან თედიაშვილი არ აირჩიეს სოფლიდან საგარეჯოს საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად!
რატომ? იმიტომ რომ ის არ იყო წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ ნომრით - 41!
აქ რა ისტორიული პარალელი გამოდის გონებაში? დიახ, სწორია - სხვიტორში რომ აკაკი წერეთელი არ აირჩიეს!
ასეთ კონკრეტულ ფაქტებში გამოხატვას ჰპოულობს არჩევნების დროინდელი საზოგადოების მდგომარეობის სრული ფიზიოლოგია და ანატომია არა სხვიტორსა და საგარეჯოში, არამედ სრულიად საქართველოში!
საგარეჯოს საკრებულოს წევრობაზე კენჭისყრა ლევან თედიაშვილის მხრიდან იმაზე უფრო რთული და მეტი გადაწყვეტილებაა, ვიდრე შაჰის მხრიდან პირობის შესრულება.
ლევან თედიაშვილმა სოფლის მაჟორიტარად მზადყოფნით აჩვენა, რომ ის მზადაა ემსახუროს საქართველოს ნებისმიერი ფორმატით, ის მზადაა შეეწიროს და შესწიროს საქართველოს ყველაფერი, რაც მისმა ოჯახმა, მისმა შვილმა სიცოცხლის შეწირვით დაამტკიცეს.
წარმოგიდგენიათ საგარეჯოელებს, თუ რა ფასი ექნებოდა თქვენ საკრებულოს, რომ იქ მჯდარიყო ლევან თედიაშვილი? მან შემოგთავაზათ მისი შვიდი ათწლეულის ნაგროვები სახელი, დიდება, გამოცდილება გამოსაყენებლად, შემოგთავაზათ პირადად, პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე და თქვენ ხელი ჰკარით?
თუ ეს იმიტომ გააკეთეს საგაროჯელოებმა, რომ ხელისუფლების კანდიდატებისთვის უნდა დაეჭირათ მხარი, მაშინ ეს სამარცხვინო ლაქად დარჩება, როგოც მაგალითი საზოგადოების უმწიფრობისა. იქნებ სოფელმა „დასაჯა“ ლევან თედიაშვილი იმისათვის, რომ ის მუდამ სახელმწიფო კაცად ევლინებოდა მას და ეხლა აღარ დაუდგა გვერდით! ამ შემთხვევაშიც სოფელმა დაუშავა თავის თავს.
„ქართული ოცნება“ რას ემართლება ლევან თედიაშვილს? ლევან თედიაშვილს არ პატიობენ იმ დონის თავისუფლებასაც კი, რომ მან დასვა საკითხი ჭიდაობის პოლიტიკისგან, პოლიტიკური ზეწოლისგან განთავისუფლების თაობაზე.
მართლაც დააკვირდით ინფორმაციებს სოციალურ ქსელებში სპორტული ფედერაციების შესახებ, რა ხდება არჩევნებზე, რა დონის ფინანსური სკანდალებია (https://www.worldsport.ge/ge/page/156885_dadzabuloba-qartuli-chidaobis-garshemo) და სხვ.
ჭიდაობა ქართული იდენტობის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. იგი ქართული ენის, ქართული სიმღერისა და ცეკვის რიგში მდგომი მოვლენაა. აქედან მოდის ყველა სხვა სახეობებში წარმატება.
მარტო ჭიდაობის ოლიმპიურ სახეობებში საქართველოს მოპოვებული აქვს სულ 505 მედალი, აქედან:
თავისუფალ ჭიდაობაში: ოლიმპიურ თამაშებში - 26, მსოფლიო ჩემპიონატებზე - 64, ევროპის ჩემპიონატებზე 92, სულ 182 მედალი.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში: ოლიმპიურ თამაშებში -16, მსოფლიო ჩემპიონატებზე -43, ევროპის ჩემპიონატებზე 48, სულ 107 მედალი (http://www.wrestling.ge/Pages/p/14).
ძიუდოში: ოლიმპიურ თამაშებში -19, მსოფლიო ჩემპიომატებზე - 45, ევროპის ჩემპიონატებზე 152, სულ 216 მედალი (http://gjf.ge/geo/judo/statistic) სამბოში.
ამ მედლების უკან მდგარი ემპირიული მასალა და ადამიანები წარმოადგენენ იმ უზარმაზარ სიმდიდრეს, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს, როგორც ჭიდაობის ერთ-ერთი მსოფლიო ცენტრის სახით პოზიციონირებისთვის.
თითოეული ჩემპიონი მისთვის მისაღები ფორმით უნდა იყოს ჩართული ჭიდაობის განვითარებაში - მწვრთნელების, მრჩევლების, მზრუნველების სახით. ჩემპიონების გამოცდილების უშუალოდ მიღება და ჩემპიონებთან უშუალო კონტაქტი - ესაა ახალგაზრდებისთვის საუკეთესო სკოლა და მომავალი წარმატებების საფუძველი.
ამ კუთხით როგორია საქართველოში მათი გამოყენების დონე?
თუ ვიმსჯელებთ ლევან თედიაშვილის გამოყენების ხარისხით, მაშინ ძალიან დაბალი.
ლევან თედიაშვილის ფენომენი შესაწავლია და ეს მისი მონაწილეობით უფრო უკეთესად მოხდება, თუ მის გარეშე? მისი ფენომენი უნდა იყოს სხვადასხვა კუთხით მეცნიერული შესწავლის საგანი.
ლევან თედიაშვილის სკოლა უნდა არსებობდეს და მისგან მასტერ კლასების მიღება უნდა შეეძლოთ სპორტსმენებს, მწვრთნელებს, მსაჯებს... ნშანდობლივია, რომ მის ცოდნას და გამოცდილებას იყენებენ ირანში, იაპონიაში, ხოლო იგნორირებულია საქართველოში...
ყველა ეს საქმიანობა უნდა იყოს კომერციალიზებული და ლევან თედიაშვილს, როგორც სპორტსმენს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება.
თუ ვინმეს სურს ქველმოქმედება - ეს მისი საქმეა და ღმერთმა გაუმარჯოს.
ლევან თედიაშვილის ყველა დრო უნდა გამოყენოთ სახელმწიფოებრივი მიდგომის საფუძველზე.
უნდა შესრულდეს საქართველოს კანონით „სპორტის შესახებ“ დადგენილი მიდგომები და ნორმები.
კანონის მიხედვით: „სპორტსმენი, რომლისთვისაც სპორტი შემოსავლის ძირითადი წყაროა, არის პროფესიონალი (მუხლი 21. პუნქტი 2) და "სპორტსმენი" პროფესიაა (მუხლი 21. პუნქტი 3).
საქართველოში უნდა გაიმიჯნოს სპორტის პოლიტიკა პროფესიონალებისა და მოყვარულთათვის, პროფესიული დიდი სპორტი და ფიზკულტურა.
კანონით განსაზღვრულია სპორტსმენისა და სპორტის სპეციალისტის სოციალური დაცვა, კერძოდ, “სახელმწიფო და შესაბამისი სპორტული ორგანიზაცია უზრუნველყოფს სპორტსმენის, სპორტის სპეციალისტისა და სხვა მუშაკების სოციალურ დაცვას. მათზე ვრცელდება შესაბამისი კანონმდებლობა“ (მუხლი 22. პუნქტი 1) და „პროფესიონალ სპორტსმენს პენსიის უფლება ენიჭება შრომის მძიმე პირობებში მომუშავეთათვის კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი პირობებითა და ოდენობით“ (მუხლი 22. პუნქტი 2.).
ლევან თედიაშვილი ქართველობის ჯილდოა, რომელსაც სრულად ვერ აღვიქვამთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის ჩვენი თანამედროვეა.
მისი მრავალმხრივობა ხელოვნებაშიც გამომჟღავნდა.
ჯიბუტებს განსაკუთრებული ვალი გვაქვს რეჟისორ გიორგი შენგელაიასი, რომელმაც 1987 წელს გადაიღო ფილმი „ხარება და გოგია“.
ხარება ჯიბუტის მამა წარმოშობით იყო ჩოხატაურის რაიონის, სოფელ შუა ამაღლებიდან. ის იყო მღვდელი, შეირთო ნაფარეულელი ქალი და დამკვიდრდა კახეთში. ჯიბუტების ეს კერია დღესაცაა ამ სოფელში.
რეჟისორის გენიალური გადაწყვეტილება იყო როლებზე სახელოვანი სპორტსმენების მოწვევა. ხალხმა ამ სპორტსმენების მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულება და სიყვარული გადაიტანეს ფილმის გმირებზე. ომარ ფხაკაძისა და ლევან თედიაშვილის სიყვარული ავტომატურად გადავიდა მათ გმირებზე - ხარება ჯიბუტზე და გოგია კენკიშვილზე.
მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ლევან თედიაშვილის გოგიამ არ დაჩრდილა ომარ ფხაკაძის ხარება, რადგანაც ომარ ფხაკაძეც ქართული ფენომენი და ლევანის სწორი და ღირსი იყო. ომარ ფხაკაძე იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი ველორბოლაში. სხვათაშორის, მასაც აქვს ქართველის იდენტობის განმსაზღვრელი მაგალითი შექმნილი.
მაშინ, როდესაც ომარ ფხაკაძეს საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველმა მდივანმა ვასილ მჟავანაძემ უთხრა, მთხოვე რაც გინდაო, ფხაკაძემ ველოტრეკის აშენება სთხოვა თბილისში მაშინ, როდესაც თვითონ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა.
http://tbiliselebi.ge/index.php?newsid=268435837
საქართველოს 1995-1999 წლების მოწვევის პარლამენტში ერთად მოგვიწია ყოფნა - ის მოქალაქეთა კავშირს - მმართველ პარტიას, მე - სახალხოს - ოპოზიციურ პარტიას წარმოვადგენდით. ჯიბუტი-კენკიშვილის ურთიერთობა აქ პარტიული ნიშნით იყო გაყოფილი, მაგრამ მათი მეგობრობა არ მოგვიშლია, შევინარჩუნეთ ახალ ისტორიულ გარემოში და შესაბამისი რეპლიკებიც შეიქმნა: „გამოდი ჯიბუტი“, „გაჩერდი ჯიბუტი“, „ხარებამ ეს გასწავლა კენკიშვილო გოგია?!“...
ლევან თედიაშვილის კინოში მოღვაწეობა წარმატებულ, მაგრამ მაინც შემთხვევით მოვლენად აღიქმებოდა. თუმცა აქაც თედიაშვილმა აჩვენა, რომ ის სხვანაირია, რჩეულია. გამოჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ რეჟისორი ლევან კოღუაშვილის ახალ, სრულმეტრაჟიან ფილმში "მეოთხე ბრაიტონი", რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრანტი მამა-შვილის თავგადასავალზეა, მთავარ როლს ლევან თედიაშვილი შეასრულებს.
https://imedinews.ge/ge/kultura/11727/levan-koguashvili-akhal-pilms-igebs
ლევან თედიაშვილი ერთია! ფენომენია! განუმეორებელია!
ლევან თედიაშვილის იუბილე დიდი ზეიმის მიზეზია, მსოფლიოსთვის იმის მაჩვენებელია, თუ როგორ აფასებს საქართველო თავის სახელოვან შვილებს, ახალგაზრდებისთვის იმის მაგალითია, თუ როგორები უნდა იყვნენ, რომ ქვეყანამ დააფასოს!
რეალობაში, რა ხდება?!
კარგი, ხელისუფლება ამ მიმართულებით „ბრმა და ყრუა“, ის რაღაცას „ჩეკინობს“ თითქოს საქართველოს პოპულარიზებისთვის, მაგრამ ერი და ბერი სადაა?
ლევან თედიაშვილო დიდხანს იყავი!
შენ უკვდავი ხარ, შენი მტრები კი გაქრებიან უკვალოდ, უხსენებლად!