ივერიონი / ქვეყანაში მორიგი პროვოკაციის სუნი ტრიალებს!

ქვეყანაში მორიგი პროვოკაციის სუნი ტრიალებს!

პანკისის ხეობის ჩვენი მონათესავე კავკასიური მოდგმის მოსახლეობისა და ავტოქტონი ქართველების 200-წლიანი თანაცხოვრება იშვიათი მაგალითია ორი ხალხის ინტეგრაციისა ასიმილაციის გარეშე. 

 

სახეზე გვაქვს პრაქტიკული ერთობა საკუთარი იდენტობის, საკუთარი ენისა და კულტურის შენარჩუნების, საკუთარი ერის, ეროვნული ცნობიერებისა და ცხოვრების საკუთარი წესის დაზარალების გარეშე. ძნელად საპოვნია სხვა მაგალითი მოსულთა მიერ ადგილობრივი ენის სრულყოფილი ათვისების ისევე, როგორც ორი სარწმუნოების მოსახლეობის აბსოლუტურად უპრობლემო თანაარსებობისა. უფროს თაობას კარგად ახსოვს ამ მოსახლეობის ხაზგასმული ერთგულება ქართული სახელმწიფო ინტერესებისადმი. ამ ისტორიულად უნიკალური ფაქტის ფსიქოლოგიური საფუძველი ალბათ იმ გარემოებაში უნდა ვეძებოთ, რომ ორივე ეთნიკური კუთვნილების მოსახლეობას, პირველი - ერთობლივი სიამაყის – კავკასიური სიამაყის – განცდა ჰქონდა და, მეორე - საერთო მტრის - რუსეთისგან - იყვნენ ჩაგრულნი. ცალკე გამოსაყოფია ქისტების განსაკუთრებული როლი ჩრდილო-კავკასიის სხვა ხალხების ქართველებთან ურთიერთობაში.

 

ცოტა ხნის წინ საქართველოს მოსახლეობამ სულშეკრულმა უყურა 19 წლის ახალგაზრდის – თემირლან მალხაზის-ძე მაჩალიკაშვილის სიკვდილთან ბრძოლის ულმობელ ისტორიას. იგივე ადამიანები ღრმა მწუხარებით შეუერთდა ოჯახის გლოვას მისი გარდაცვალების გამო. ცალკე აღსანიშნავია, მძიმე ემოციურ ფონის მიუხედავად გარდაცვლილის მამის ღირსეული პოზიცია.

 

არც ერთ ჩვენგანს – არც რიგით მოქალაქეებს, რომელთაც თანაგრძნობის ბუნებრივი ადამიანური გრძნობა გვამოძრავებს, არც ნაცნობ-მეგობრებს და არც პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომელთაც ისტორიულ პროცესებზე პასუხისმგებლობის ზიდვა გვევალება, არა გვაქვს უფლება, რომ შრომა და ძალისხმევა დავიშუროთ იმის სრული სურათის გასარკვევად, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა მაჩალიკაშვილებს ოჯახში. 

 

ჩვენ მოვითხოვეთ თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის დაწვრილებითი გამოძიება ხელისუფლების მიერ. აღვნიშნავდით, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების პროფესიონალიზმი და საქართველოსადმი ერთგულების ხარისხი შეფასდება იმის მიხედვით, თუ რა ხარისხისა იქნება ეს გამოძიება. როგორც გამოძიების მიმდინარეობა ცხადჰყოფს, ჩვენ სრული უფლება გვაქვს კრიტიკულად შევაფასოთ გამოძიება და ხელისუფლების დამოკიდებულება ამ ფაქიზი მოვლენისადმი.

 

მიგვაჩნია, რომ გამოძიებას აქვს ორი ფუნდამენტური ნაკლი:

 

პირველი - არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილის სიცოცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს თავისი განაჩენის გამოტანის ფორმით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეჭვმიტანილი ძებნილია, შეიარაღებულია და, ამგვარად საშიშია, დასაშვები ხდება (ისიც - არა ყველა შემთხვევაში და ვითარებაში) მისთვის ცეცხლის გახსნა დაკავების ნაცვლად!

 

მეორე - არ არის გათვალისწინებული, რომ ეჭვმიტანილისთვის ცეცხლის გახსნის უფლება ძალოვან სტრუქტურას აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის ფაქტი მისი მხრიდან წინააღმდეგობისა დაკავების პროცესში, ან, უკიდურეს შემთხვევაში (და არა ყველა შემთხვევაში), მაშინ, თუ იგი გარბის მიმალვის მიზნით (ესეც, რა თქმა უნდა, არა ყველა შემთხვევაში). ამიტომ, გამოძიება ვალდებულია აღადგინოს მომხდარის ამ ეპიზოდის სრული სურათი.

 

მოქალაქის (რაგინდარა მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილის) სიცოცხლის ხელყოფა ძალოვანი სტრუქტურის მიერ იურიდიული ნორმების დაცვის თვალსაზრისით არის ტერორის აქტია. დაკავების პროცესში ცეცხლის გახსნა ძალოვანთა მხრიდან არის ან უფლების გადამეტება და, შესაბამისად, განზრახ მკვლელობა, ან გაუფრთხილებლობა, ანუ უბედური შემთხვევა და უნებური მკვლელობა. ამ კითხვაზე პასუხგაუცემლობა გამოძიების არჩატარებულობას ნიშნავს (გამოძიების კონკრეტულ დეტალებზე არ შევჩერდებით). 

 

ყველა კითხვაზე სრული, ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხის გარეშე მომხდარი ფაქტი სცილდება ერთი კონკრეტული პირის, ოჯახის, კუთხისა თუ მოსახლეობის დიდი ჯგუფის ტრაგედიას და ქვეყნის პოლიტიკურ პრობლემად იქცევა...

 

ობიექტური გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის გარეშე დიდია ალბათობა იმისა, რომ მსგავსი ტრაგედია განმეორდეს უკვე გაფართოებული მასშტაბით და/ან გამოყენებული იქნას საქართველოსა და ისედაც დაძაბულ და ფეთქეფადსაშიშ კავკასიის რეგიონში კიდევ ერთი ცხელი წერტილის შესაქმნელად.

 

ყველას გვესმის ისიც, რომ პანკისის ხეობა და მისი მიმდგომი სოფლები არა ერთი ბოროტმზრახველი მტრის აქტიური დარტყმების ქვეშ იმყოფება. არც ერთი მათგანი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა სისხლი ჩამოაგდოს საქართველოს კიდევ ერთ მხარეში – კახეთში, სადაც ყადორის უღელტეხილის უმაღლეს წერტილამდე რუსეთს ჩრდილოეთიდან მოყვანილი აქვს ასფალტირებული და ბეტონირებული გზატკეცილი. ამიტომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფხიზლად.

 

ჩვენს ზემოთ ხსენებულ ნაირ-ნაირ მტრებს – ჯერ რუსებს, მერე მათ არაქრისტიან პარტნიორებს – საქართველოში ძლიერი აგენტურა ჰყავთ. ეს აგენტურა მრავალრიცხოვანია და გამწარებულია იმით, რომ მსოფლიო პოლიტიკაში დღესდღეობით ერთად მარცხდებიან. არ უნდა გამოირიცხოს ამ ძალების მცდელობა, განახორციელონ საპასუხო დარტყმა ყველაზე მნიშვნელოვან და, ამავდროულად ყველაზე სუსტ რგოლში, როგორსაც, სამწუხაროდ, დღეს საქართველო წარმოადგენს. ამასთან, მაღალი ალბათობით, ასეთი დარტყმას ექნება არა გარედან უხეში პირდაპირი ჩარევის, არამედ შიდა დაპირისპირების სახე, რაც აგენტურის შესაბამისი მუშაობით იქნება მიღწეული და უკიდურესად გამწვავებული.

 

წლების განმავლობაში ხეობაში მიმდინარე პროცესების მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო დონეზე ამ კუთხის მაგალითზე საქართველოს კრიმინალისა და ტერორიზმის ბუდედ წარმოჩინება, არასტაბილური სივრცის შექმნა და პროვოკაციების პლაცდარმად გამოყენება სწორედ მათს ინტერესებშია. რასაც წარმატებით იყენებენ საქართველოს წინააღმდეგ შევარდნაძისა თუ სააკაშვილის რეჟიმების ხელშეწყობით.

 

მარტივია იმის ილუსტრაცია, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულ სახელმწიფოებს საქართველოში ჰყავთ აგენტურის უფართოესი ქსელი (საქართველოს არცერთმა ხელისუფლებამ არ განახორციელა ლუსტრაციის პროცესი), რის გამოც საქართველო, ფაქტობრივად, არ არის დაცული თავისი მმართველი სტრუქტურების არც ერთ დონეზე. საკმარისია ითქვას, რომ საქართველომ ამ ბოლო წლების მანძილზე იცის ორი მთავარსარდალი, რომელიც, რეალურად, მოწინააღმდეგის მხარეზე ომობდა: შევარდნაძეც და სააკაშვილიც უზრუნველყოფდა რუსეთს, ერთის მხრივ, საბაბით საქართველოს წინააღმდეგ ქმედებისთვის და, მეორე მხრივ, ამ ქმედების საერთაშორისო საზოგადოების თვალში გასამართლებელი არგუმენტაციით. 

 

ფაქტია ისიც, რომ საქართველოს სათანადო ორგანოების მხრიდან არ მომხდარა არც რუსეთის, არც რომელიმე სხვა მტრული ქვეყნის აგენტურული ქსელის გამოაშკარავებისა და ხელყოფის (მასთან რეალური და არა გასაპიარებელი შებრძოლება) არც ერთი შემთხვევა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეთოლოგიურად სავალდებულოა, რომ ხსენებული გამოძიების პროცესში პოტენციურ ეჭვმიტანილად მიჩნეულ იქნას ყველა თანამდებობის პირი, რაგინდარა მაღალი მდგომარეობისა, რომლის ხელიც კი შეხებულია აქ აღნიშნულ ტრაგიკულ საქმეს მთელი მისი მსვლელობის მანძილზე.

 

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება ვალდებულია გააცნობიეროს რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და გამოძიება უნდა ჩატარდეს იურიდიული ნორმების დაცვის თვალსაზრისით სრულყოფილი სახით.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თავს თვითონვე გახდის შევარდნაძე-სააკაშვილის დანაშაულებრივი პოლიტიკის გამგრძელებლად! 

ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელი საზოგადოების ვალია მინიმუმამდე დაიყვანოს ასეთი ხელისუფლების „თავისუფალი“ ქმედებების სივრცე!

 

ვითარება საგანგაშოა, გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში მორიგი პროვოკაციის სუნი ტრიალებს! 

 

 

მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი, ნოდარ ნათაძე

 

4-04-2018, 10:50
უკან დაბრუნება