გულდასმით გავეცანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II სააღდგომო ეპისტოლეს.
როგორც ყოველთვის, მისი ამჟამინდელი სადღესასწაულო ქადაგებაც საკმაოდ შემეცნებითი, საღვთო სიბრძნით გაჯერებული და დაბალანსებულია. მისი უწმინდესობა ზოგადად საუბრობს იმ უმწვავეს პრობლემებზე, დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას თანამედროვე მართლმადიდებელი სამყარო, მათ შორის, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიაც.
უწმინდესისგან განსხვავებით, საკმაოდ გამომწვევი (შეიძლება ითქვას, პროვოკაციულიც) მეჩვენა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) სააღდგომო ეპისტოლე, სადაც ერთ გახმაურებულ თემაზე დაუფარავად სვამს უმწვავეს კითხვას, მაგრამ მასზე პასუხის გაცემას თვითონ თავს არიდებს (http://www.radioatinati.ge/regioni/article/63992-fothisa-da-khobis-mitropolitis-grigolis-saaghdgomo-mimarthva-mrevls.html).
ეპისტოლეს ყურადღებით გაცნობისას გექმნება შთაბეჭდილება, რომ საკუთარი ქარაგმით ფოთელი მიტროპოლიტი ახალ „საღვთო ომს“ იწყებს საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ, თუმცა, ბოლომდე მაინც არ იხსნება და თავისი პროვოკაციული მინიშნებებით კიდევ უფრო ამწვავებს ოპერაცია „ციანიდის“ გარშემო საზოგადოებაში არსებულ ვნებათაღელვას...
თუმცა, ვიდრე „ციანიდზე“ ვისაუბრებდეთ, საგულისხმოა მეუფე გრიგოლის ინიციატივებსაც შევეხოთ, რომელიც საქართველოს ეკლესიის რეფორმის აუცილებლობას გულისხმობს.
ფოთელი მიტროპოლიტი ეკლესიას განიხილავს, როგორც ინსტიტუციას, რომლის რეფორმირებაც, მისი აზრით, დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. იგი მიიჩნევს, რომ საჭიროა ჩატარდეს საქართველოს ეკლესიის სტრუქტურული რეფორმები, რაც, უპირველესად, ითვალისწინებს წმინდა სინოდის როლის გაფართოებას ეკლესიის მართვაში, ანუ საქართველოს ეკლესიის სინოდალურობის პრინციპით მართვას _ სინოდის წმიდა კრების სრულფასოვნად ფუნქციონირებას.
მისი ინიციატივის ქვეტექსტში ვკითხულობთ, რომ კოლექტიური (სინოდალური) მართვა ხელს შეუწყობს ეკლესიის შეუცდომლობას და წმიდა სინოდის გადაწყვეტილებების მაღალ ლეგიტიმაციას, რაც აშკარა მინიშნებაა დღევანდელი საპატრიარქოს ინსტიტუტის არასრულფასოვნებაზე.
მიტროპოლიტი ღიად აფიქსირებს, რომ ადამიანთა უფლებების დამცველი არა მარტო სახელმწიფო, არამედ ეკლესიაც უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე საქართველოს ეკლესია ამ ფუნქციას ჯეროვნად არ ასრულებს.
არის სხვა არანაკლებ საყურადღებო ინიციატივებიც. თუმცა, ამჯერად, პირადად ჩემთვის, უფრო მნიშვნელოვანია მეუფის ორაზროვანი მინიშნება დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობაზე.
სჯობს თვითონ მას მოვუსმინოთ:
„სასულიერო პირი სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებლობას; სამწუხაროდ, არ არის ბოლომდე მიყვანილი შესწავლა-გამოკვლევა იმ საქმისა, რომელმაც 2017 წლის თებერვალში (გერმანიაში მკურნალობისას) საფრთხე შეუქმნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიცოცხლეს, და ვფიქრობთ, რომ მიზანი ამ ვერგანხორციელებული ვერაგული ჩანაფიქრისა კიდევ უფრო შორს მიდიოდა და, სავარაუდოდ, გულისხმობდა საქართველოს ეკლესიის მმართველობაში არსებული კონფიგურაციის შეცვლას.
სწორედ იმიტომ, რომ დღემდე არავინ არის ამ საქმეში გამოვლენილი, მიგვაჩნია, რომ საფრთხე კვლავ არსებობს!!! მისი პირობითი სახელია შეთქმულება საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ.
შესაბამისად, ეკლესიის დღეს არსებული ავტორიტეტისა და მისი რეალური გავლენების გათვალისწინებით, საფრთხეშია ქვეყნის მომავალიც. გავიმეორებთ, ამ დასკვნამდე მიგვიყვანა მოვლენების ჩვენეულმა აღქმამ“.
რამდენადაც ვიცით, მეუფე გრიგოლი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საგანგებოდ შეხვდა ბრალდებულ გიორგი მამალაძეს. აქედან გამომდინარე, ეჭვგარეშეა, მას აქვს ინფორმაცია, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ვინ დაგეგმა ოპერაცია „ციანიდი“, ნამდვილად აპირებდნენ თუ არა პატრიარქის და მისი გარემოცვის რამდენიმე წევრის, მათ შორის, ერთ-ერთ მღვდელმთავრის სიცოცხლის ხელყოფას (ეჭვია, რომ რამდენიმე ადამიანის მკვლელობაც იგეგმებოდა)!
ისმება კითხვა: ვინ იდგა ამ ვერაგული ჩანაფიქრის უკან?!
თუ მეუფის აზრით, მამალაძე „პაიკია“ ამ საქმეში, მაშინ ვინ არიან ისინი, ვისაც პატრიარქის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი?
შეიძლება ყველა სიტყვაში უპირობოდ დაეთანხმო ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი), დაეთანხმო იმაშიც, რომ „საფრთხე კვლავ არსებობს“, რომ ეს იყო „შეთქმულება საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ“, რომ „საფრთხეშია ქვეყნის მომავალიც“, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმ ქარაგმაში, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამით ჩვენს ყურადღებას მიაპყრობს სხვა ჯგუფზე, რომლებსაც პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფა, საქართველოს ეკლესიაში სრული დეზორგანიზაციის შეტანა ჰქონდათ დაგეგმილი.
იმის გათვალისწინებით, რომ მეუფე გრიგოლი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდა გიორგი მამალაძეს, შესაძლოა, რომ მას სრული ინფორმაცია აქვს დამკვეთზეც, რაც, როგორც მღვდელმთავარს (ზოგადად სასულიერო დასის წარმომადგენელს) ავალდებულებს სააშკარაოზე გამოიტანოს სიმართლე (დაასახელოს დამნაშავენი) და გააშიშვლოს „შეთქმულება საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ“.
ეკლესია რაც შეიძლება დროულად უნდა გაიწმინდოს მკვლელებისგან და მოღალატეებისგან, რომ მის გაორებულ მრევლს რწმენა დაუბრუნდეს!
სწორედ ასეთი მიდგომა ააცილებს საქართველოს ეკლესიას და ზოგადად ქვეყანას მოსალოდნელ საფრთხეს, თორემ, ქარაგმებით და ორაზროვანი გამონათქვამებით კიდევ უფრო დავაკნინებთ ეკლესიის ავტორიტეტს და დავაბრკოლებთ ისედაც დაბნეულ მრევლსაც.
ეს მას ევალება, ეს მან უნდა გააკეთოს!
ზაურ ნაჭყებია