ივერიონი / ღია წერილი ჩემს საქართველოს!

ღია წერილი ჩემს საქართველოს!

ჩემო მწარე სამშობლოვ,

 

ამ წერილს პოეტი გწერს, შენი სიყვარულით სავსე ჭარმაგი მესიტყვე, რომელიც მთელი ცხოვრება, როგორც შეეძლო, ისე გემსახურებოდა.

 

ვისაც შენთვის თითი თითზე არ დაუკარებია, მტრად თუ არა, ვერც მოყვარედ მიიჩნევა.

 

ვინც შენს მწერალს, კომპოზიტორს, მსახიობს და ზოგადად, შენს ჭირისუფალს ფეხებზე იკიდებს, ყველა შენი მტერია!

 

მეც შენმა მტერმა არ დამინდო!!!

 

არ დაინდეს შენი პოეტი, შენი სიყვარულით  გულატკიებული  კაცი... ფაქტობრივად სიცოცხლე არ დააცადეს...

 

არ დაინდო ადამიანმა, რომლისთვისაც პოეტსა და ჯიბის ქურდს ერთი ფასი აქვს!..

 

შენი  გულში ჩასახუტებელი შვილის, გურამ  დოჩანაშვილისა არ იყოს, ეს ადამიანი ძალიან ჰგავს სიტყვას „გავძეხი“!

 

გამძღარი კაცი მშიერ პოეტს ვერასოდეს იტანდა!

 

ისიც კი მკადრეს, რას აკეთებდი, იჯექი კაბინეტში და ლექსებს წერდი,  კი ბატონო - კარგ ლექსებს, მაგრამ მერე რააო?!

შენი უპირველესი ტაძრის კედელზეც ასე ეწერა - რატომ კარგი აგიგიაო!

 

შენი მმართველი გუნდის სახელით მოსულმა კაცმა ასე მითხრა, ეჭვი შენს კომპეტენციაში არ მეპარება, მაგრამ მე სხვა კრიტერიუმებით ვზომავო!

 

ამ „სხვა კრიტერიუმს“  პირადი ინტერესების საფუძველზე დევნა ჰქვია!

 

ამ „სხვა კრიტერიუმს“ კრიტიკის გამო დევნა ჰქვია!

 

არც კი ვიცი, ვის მივმართო, ვინაა შენი პატრონი, ჩემო დაბნეულო  ქვეყანავ: „ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ თუ სხვა ოპოზიციური პარტიები... შენი დაბნეული პოეტი  ვერ ხვდება, ქართული ოცნების სახელით მოსულ კაცს, რატომ უზის პირველი მოადგილის პოლიტიკურ თანამდებობაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერი და მისი საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე, რომელიც სისხლს უშრობდა შენს „ქართულ ოცნებას“.

 

ამას იმიტომ გეკითხები, ჩემო დედასამშობლოვ, რომ გავიგო, ვის შევჩივლო, ქართულ ოცნებას თუ ნაცმოძრაობას?!დედაშვილობამ, დამაყენე გზაზე, რუსთაველი ხომ კაი ხნის მკვდარია!

 

შარშან, ერთი თვის მოსულმა კაცმა, სახელმწიფო ბიუჯეტით  ძმაკაცები აქეიფა!

 

არ შეიძლება-მეთქი, ვუთხარი, ეგ ფული უკან უნდა დაბრუნდეს-მეთქი!

 

დაბრუნდებაო, შემპირდა თუ იხუმრა, ვერ გავიგე!

 

საახალწლოდ არნახული ზეიმი უნდა გამოვიდესო, არასოდეს რომ არ ყოფილა ისეთიო და მართლა რომ არასოდეს მომხდარა, ისეთი საქმე დაატრიალა -  ღია ცის ქვეშ კონცერტის ორგანიზებაზე ტენდერი გამოაცხადა და  სატენდერო ხელშეკრულებაში წინასწარ გარიგებულ  სოფო ბედიას  ვერმოხვედრის გამო, მასთან პირდაპირი ხელშეკრულება გააფორმა. ამით ტენდერის ჩატარების  იდეა და ფუნქცია ფეხებზე დაიკიდა!

 

არ შეიძლება-მეთქი, რომ ვუთხარი, ნამეტანი პატიოსანი ჩანხარ შენო, მითხრა და თითქოს რაღაცას მიმახვედრა!

 

სოფო ბედიას ჩამოყვანას თურმე იმიტომ ეშურებოდნენ მერიის ზოგიერთი თანამშრომლები, რომ რესტორან „ვერსალთან“ იყვნენ მორიგებულნი - სოფოს ჩვენ ჩამოგიყვანთო! ძაღლის თავი მარხია მანდ-მეთქი, რომ ვუთხარი,  შევისწავლი და დავსჯი დამნაშავესო, კბილების ღრჭიალით მომაძახა!

 

ჩემო მამულო, დაუდგა ამ კაცს სანატრელი დრო, წამომაწია რეორგანიზაცია და მიყელა კიდეც...

 

შენი სახელით მოსულმა კაცმა პატიოსნების გამო  მიმასიკვდილა!

 

- 300 ლარის წამალი მჭირდება თვეში, ერთიც რომ გამოვტოვო, მოვკვდები-მეთქი!

 

- დაზღვევა მაქვს და იმის იმედით ვცოცხლობ,  მომეხსნება და დავიღუპები-მეთქი!

 

- ორი სტუდენტი თბილისში  პირდაღებული ელოდება ჩემს ხელფასს, მათ შორის ერთი დათაა, ვეფხისტყაოსანი რომ ზეპირად იცის, ისაა, ჩემო საქართველოვ, ისიც შენი კაცია და ის გამძღარი მერი დათას ფრჩხილადაც არ ღირს!

 

ფეხებზე მკიდიაო, მე სენაკის კულტურის სამსახურის შტატში შენს ადგილს ვერ ვხედავო!

 

მერე ვითომ წერილი გამომიგზავნა, კომისიის დასკვნის საფუძველზე განთავისუფლებო!

 

კომისიამდე  3  დღით ადრე ის ასალგაზრდა კაცი შემოვიდა, ვისაც ჩვენი გაერთიანებული სამსახურების უფროსად ნიშნავს და მითხრა: ახლა მერს ველაპარაკე, უფროსად მე მნიშნავს და ბატონო ვასილ, შენს საქმეს მიხედე, მგონი შენ უადგილოდ გტოვებსო!

 

ესეც შენი 3 დღის მერენდელი კომისიის დასკვნა!

 

მე მადლობელი ვარ ამ ახალგაზრდა კაცის - მან ისიც მითხრა, ბატონო ვასილ, მე შენ როგორ შეგედრებიო, თუმცა ამის თქმა სახალხოდ ვერ გაბედა. რას იზამ, გმირობას ყველას ვერ მოსთხოვ, თუმცა გმირად გახდომის შანსი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გეძლევა! ამ კაცს შეეძლო ძალიან პოპულარული გამხდარიყო საქართველოში და თავში ჩაერტყა ყველა არსებული და მოსალოდნელი არაკაცებისთვის!

 

თუმცა, ვინ იცის, ჯერ კიდევაა დრო!

 

ჩემო მშობლიურო მიწა-წყალო, მე რომ მიღებული შრომის ანაზღაურების შესაბამისი ინტელექტუალური პროდუქტის დადება არ შემეძლოს, ღმერთი, რჯული, ენას არ ამოვიღებდი.

 

დაგუგლე ჩემი ღინისძიებები-მეთქი, რომ ვუთხარი, რა დაგუგლვა უნდა, ისედაც ვიციო, ცინიკურად მეკაიფა ეს ბალღი მერი ამ ჭაღარა კაცს!

 

მე ჩემი ლექსები მიპატრონებენ, ჩემი ლექსები შენი პატრონიცაა, ჩემო საქართველოვ, უფრო დიდი პატრონი, ვიდრე ასეთი  გაფუებული მედროვენი, რომლებიც ვერ ხვდებიან, რა მისია აკისრია ზოგადად ადამიანს!

 

მე არ ვიცი, დავწერ თუ არა აწი ლექსებს. რწმენადაკარგული კაცის არც ლექსი ვარგა და არც ლოცვა. არც ის ვიცი, რამდენი ხანი გავძლებ უწამლოდ...

 

ვნახოთ, რას იტყვიან შენი და ჩემი პატრონები... მე პოეტი ვარ და აკაკის არ იყოს, „გარემოების საყვირად“ ვარგივარ მხოლოდ - კანონსა და სამართალს პოეტი ვერ აღადგენს, ეს იმ ხალხის საქმეა, ვინც დღეს შენი სახელით მოქმედებს.

 

ჩემი  საყვირი  პროტესტია, მუნკის „ყვირილია“, მსგავსი რამ შენს წიაღში არ უნდა ხდებოდეს, შენ ამის ღირსი არ ხარ!

 

და ბოლოს, ერთ ძველ ლექსსაც მოწიწებით გაახლებ:

 

„მე მაინც მჯერა, რომ გადურჩები,

თუმცა ნაბიჯი ვერ აგვიწყვია,

მაჩვენე შუბლი,

ასე ტუჩებით

დედა მსინჯავდა მაღალსიცხიანს...

 

სანამდი თვალებს მოკეთეს ვუვსებთ,

ძირში  ვთხრით იმედს,

ნედლსა და თოთოს...

და კვლავ ჯიუტად,  სიცხიან  შუბლზე

გაფარებ ლექსის გაყინულ ფოთოლს!“

                                          

ვასილ    ბესელია,

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის

განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის

სამსახურის უფროსი (11 მაისამდე)

 

 

 

18-04-2018, 15:18
უკან დაბრუნება