1. ხალხი გრძნობს
საქართველოში ისეთი სიტუაციაა, რომ სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები მთლიანად საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, საგარეო მოვლენები ფარავს შიგას, როგორი აქტუალურიც არ უნდა იყოს ეს უკანასკნელი.
ამ ბოლო დროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის რეფორმისტული წინადადებები, რომელიც ა.წ. 12 აპრილს გაჟღერდა, აგრეთვე, 1978 წლის 14 აპრილის ქართული ენის დაცვისთვის განვითარებული პროცესებიდან 40 წლისთავი, მთლიანად გადაფარა 2018 წლის 14 აპრილს აშშ, დიდმა ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ სირიის ტერიტორიის 100-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტით დაბომბვის ფაქტმა. საქართველოს აქ საფიქრალი აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აისახება სირიის მოვლენები რუსეთის ქცევებზე და მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში.
2018 წლის 23 აპრილს სერჟ სარგსიანი გადადგა სასომხეთის პრემიერ - მინისტრის პოსტიდან მისი სასომხეთის პარლამენტის - ეროვნული კრების მიერ 17 აპრილს ამ პოსტზე არჩევის წინაამღდეგ დაწყებული სახალხო მღელვარების გამო. 23 აპრილს მან დატოვა მმართველი „სასომხეთის რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის პოსტიც. ამ ფაქტმა გადაფარა არა მარტო ის, რომ სერჟ სარგსიანს 17 აპრილს მიულოცა არჩევა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა -„ვულოცავ ჩემს ძვირფას მეგობარს, სერჟ სარგსიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას“- დაწერა მან ტვიტერზე. https://imedinews.ge/ge/saqartvelo/57584/giorgi-kvirikashvili-serj-sargsians-somkhetis-premierad-archevas-ulotsavs. სერჟ სარგსიანის გადადგომამ გადაფარა აგრეთვე კახი კალაძის მიერ თბილისის ეკონომიკის ახალი კლასიფიკაციის ინიციატივა, მისი „დღის“ და „ღამის“ ეკონომიკებად დაყოფის თაობაზე 2018 წლის 20 აპრილს. http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=494&info_id=65128.
ვერც საგარეო და ვერც საშინაო მოვლენებმა ვერ გადაფარეს ერთი საკითხი - ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ თანამდებობაზე დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ ცნობა.
ეს ამბავი ვერ გადაფარა ვერც 26 აპრილს ავტოფარეხების დანგრევა - ჩუქება-ჩამორთმევის კახი კალაძის მოუმზადებელმა განცხადებამ (http://for.ge/view.php?for_id=52975&cat=1) და მასთან დაკავშურებულმა ინტერესებმა და ვერც ამ ამბის შემდეგ კორეაში განვითარებულმა პროცესებმა, როდესაც 2018 წლის 27 აპრილს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და კორეის რესპუბლიკას შორის კორეის ომის დამთავრებიდან 65 წლის შემდეგ შედგა შეხვედრა, სადაც ფხენიანისა და სეულის ლიდერების - კიმ ჩენ ინისა და მუნ ჩჟე ინის მიერ ხელი მოეწერა დეკლარაციას, რომელიც ქმნის საფუძველს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლიზაციისა და უახლოეს მომავალში ამ ორი სახელმწიფოს ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებისთვის.
ამ ფაქტის მნიშვნელობა რელიეფურად გასაგებია, თუ გავიხსენებთ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს იმ გეოგრაფიულ ადგილას, სადაც რამოდენიმე თვის წინ ატომური იარაღის გამოყენებით იმუქრებოდა აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
მიუხედავად იმისა, რომ არავინ არ უხსნის ხალხს, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილი, თუ რამ გამოიწვია მისი ეს გადაწყვეტილება,ხალხი მაინც გრძნობს ამ ფაქტის მნიშვნელობის სიდიდეს.
ხალხი გრძნობს იმის დადებით მნიშვნელობას, რომ როგორც კი გაფორმდება ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეობა, ამით დასრულდება საქართველოში კიდევ ერთი მმართველობითი ექსპერიმენტი სოლოკრატიის არსებული ფორმით.
ხალხი გრძნობს იმის მნიშვნელობას, რომ გარდაუვალად მოხდება სოლოკრატიის ტრანსფორმაცია.
მაგრამ საით?
ეს ხალხმა არ იცის, ამიტომაც საზოგადოებრივი აზრი დაიძაბა და მოლოდინის რეჟიმში გადავიდა.
„ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) 2018 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოში „ჰიბრიდული დემოკრატიაა“ და ქვეყანა დგას "ავტორიტარიზმის რისკის წინაშე“ http://www.tabula.ge/ge/story/131570-demokratiis-indeqsis-kleba-da-araformaluri-mmartveloba-freedom-house-is-axali-kvleva.
2. „დაბრუნების“ მიზეზი
ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში „დაბრუნებაში“ არაფერი სიახლე არაა - ის ხომ არც წასულა პოლიტიკიდანო.
ეს აზრი მცდარია. ბიძინა ივანიშვილის „დაბრუნება“ ეს არის თვისობრივად ახალი პოლიტიკური მოვლენა - მის მიერ არაფორმალური მმართველობაზე, სოლოკრატიაზე უარის თქმა!
ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა, რადგანაც ქვეყანაში ხდება ერთმანეთს დაშორებული ხელისუფლებისა და ძალაუფლების გაერთიანება, როდესაც ხელისუფლებას უბრუნდება ძალაუფლება და როდესაც მკვიდრდება ფორმალური მმართველობის დომინანტი არაფორმალურზე.
ეს რევოლუვიური ცვლილებაა!
ამაშია უზარმაზარი შანსი ქვეყნისთვის! მთავარია, ამჟამად როგორ იქნება გამოყენებული ეს შესაძლებლობა.
ეს შანსი შექმნა ბიძინა ივანიშვილმა და მისი გამოყენებაც მასზეა დამოკიდებული.
არის ამ შანსის გამოყენება ბიძინა ივანიშვილის მიზანი თუ არა, გავიგებდით, რომ ყოფილიყო განსაზღვრული მისი „დაბრუნების“ მიზეზი.
სამწუხაროდ, ეს არაა ცნობილი.
ოფიციალური ვერსიით, - პრემიერ - მინისტრისა და პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, - „პირადად ჩემი და მთელი გუნდის სახელით, მე შევთავაზე და ვთხოვე პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“.
ეს განაცხადა კვირიკაშვილმა 26 აპრილს ბრიფინგზე.
ყველაზე ცუდია, როდესაც ისე წავა ქვეყნის პირველი პირის საქმე, რომ სიმართლეს არ ამბობს და კიდევ უფრო ცუდია, როდესაც ქვეყნის პირველი პირი სისწორესაც ისე ვერ ამახინჯებს, რომ ერთმა კაცმა მაინც დაუჯეროს. ეს უკვე ქვეყნის პრობლემაა.
ეს თუ პიროვნული თვისებაა - პიროვნებაა შესაცვლელი და თუ სისტემური, მაშინ სისტემაც!
უეჭველია, რომ კვირიკაშვილს ბრიფინგამდე დებრიფინგი ჰქონდა.
„ბრიფინგი“-ს პირველადი მნიშვნელობა ინსტრუქტაჟი და მითითებაა. ბრიფინგს წინ უძღვის „დებრიფინგი“, სადაც ყველაფერს ჰყვებიან უფროსობასთან, პატრონებთან და იღებენ „ბრიფინგს“, ანუ ინსტრუქციას თუ რა უნდა და რა არ უნდა თქვან.
კვირიკაშვილის სიტყვა ბრიფინგზე ისტორიული დოკუმენტია (ამასთან, გაკვეთილიცაა, როგორ არ უნდა თქვა) და ამიტომ მთლიანად მომაქვს აქ ეს სიტყვა (მკითხველს: წაკითხვის დაჩქარებისათვის შეგიძლიათ გამოტოვოთ, შინაარსობრივად არაფერს არ ცვლის).
„26.04.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი
მოგესალმებით,
მინდა, საზოგადოებას ვამცნო ის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც იგეგმება ჩვენს გუნდში - პარტია “ქართულ ოცნებაში”. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სრულიად ბუნებრივი და ლეგიტიმურია საზოგადოების ინტერესი მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესების მიმართ და ხალხს სჭირდება სიცხადე.
ჩვენ, როგორც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე და მივიჩნევთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისა და ახალი გამოწვევების ფონზე დადგა აუცილებლობა, მაქსიმალურად გავაძლიეროთ პარტია,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და სიმტკიცე შევძინოთ ჩვენს გუნდს.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის შიგნით მიმდინარე დემოკრატიული პროცესები. ამავე დროს, ჩვენ გვაერთიანებს მკვეთრად გამოხატული ღირებულებები და ერთიანი პოლიტიკური ხედვა, როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, შევინარჩუნოთ ერთსულოვნება ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაში.
ყველასთვის ნათელია, თუ რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის, მისი დამაარსებლის - ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი.
მინდა გითხრათ, რომ პირადად ჩემი და მთელი გუნდის სახელით, მე შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა.
მას ყველაზე მეტად ძალუძს, გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი, პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს.
უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, შემდეგ უკვე მალე - ყრილობა და დარწმუნებულები ვართ, რომ, როგორც პოლიტსაბჭო, ასევე მთელი საქართველოდან წარმოდგენილი დელეგატები ერთხმად აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს ახალ თავმჯდომარედ და შესაბამისად, არჩეული იქნება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც.
დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ეს იქნება ახალი იმპულსი ჩვენთვის, პარტია „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისთვის, ჩვენი გუნდისათვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის.
დიდი მადლობა“
http://41.ge/new/630-saqartvelos-premierministris-brifingi
აქ იმის დადგენისგან, კვირიკაშვილმა თუ როგორ შეკრიბა „მთელი გუნდი“ და როგორ მოიპოვა მათგან დელეგირება ყველას სახელით ელაპარაკა, თუ როგორ ამაყად უთხრა პარტიის დამფუძნებელს, რომ საქმეს თავს ვერ ვართმევ, მოდი მე პრემიერად დავრჩები, შენ კი პარტიის საქმეები „დაალაგეო“, თავი შესაკავებელია იმიტომ, რომ იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვით, რასაც ყველა (ხალხი) ხვდება.
მაინც რაშია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების მიზეზი?!
არასანდო ოფიციალურმა ინფორმაციამ მრავალი აზრი წარმოშვა ამ საკითხზე.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ახლახან გამოქვეყნებული „ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) ანგარიში, (https://freedomhouse.org/sites/default/files/FH_FITW_Report_2018_Final_SinglePage.pdf)
ევროპული დემოკრატიის ნაცვლად ქვეყანაში დამკვიდრებული „ იმერული ბიძინოკრატია“ და „სრული პარტიული კოლაფსია“ (როდესაც გამიჯნული არაა პარტიული და საპარლამენტო ფუნქციები) (სოსო ცისკარიშვილი -http://www.interpressnews.ge/ge/interviu/489958-soso-cisakarishvili-qarthul-ocnebashi-thanapartieltha-aghvirakhsnili-shou-vnebs-ara-mkholod-zeaqtiur-parlamentarebs-aramed-thavad-qarthuli-sakhelmtsifos-avtoritets.html).
სხვათა აზრით, დაბრუნება „დიდწილად შეიძლება უკავშირდებოდეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს“,ამასთან „ ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ მყარად მიეწება არაფორმალური მმართველის იარლიყი, რაც დასავლურ წრეებში საკმაოდ ნეგატიურ კონტექსტში აღიქმება. არაფორმალური მმართველობის ფაქტორი საქართველოში რამდენიმე, საკმაოდ გავლენიანი ორგანიზაციის ანგარიშებშიც მოხვდა და „ფრიდომ ჰაუსის“ გახმაურებული ანგარიში საქართველოზე ბოლო აკორდი იყო. ბიძინა ივანიშვილი კი საკმაოდ უფრთხილდება საკუთარ რეპუტაციას - ბოლოს და ბოლოს, საერთაშორისო მასშტაბის ფინანსისტია, ამიტომ, მისთვის არ არის სულერთი, რას წერენ მასზე საერთაშორისო ორგანიზაციები - შესაძლოა, ესეც ყოფილიყო მოტივი, ერთგვარად, ფორმალიზება მოეხდინა მისი ყოფნისა პოლიტიკაში“
(ზაალ ანჯაფარიძე: http://www.for.ge/view.php?for_id=52981&cat=2).
ყველას გაახსენდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლისას განაცხადა, რომ „დიდი უბედურება“ უნდა მოხდეს, რომ დავბრუნდეო და თვლიან, რომ დაბრუნება ქვეყანაში დიდ უბედურებასა და პოლიტიკურ კრიზისთანაა დაკავშირებული (ირმა ინაშვილი. http://for.ge/view.php?for_id=52977&cat).
გამოითქვა აზრი, რომ „იმდენად ეჭვიანი კაცია ივანიშვილი, შეიძლება სომხეთში მიმდინარე მოვლენებმა დააჩქარებინა მას ეს გადაწყვეტილება - ყველა ჩემს წინააღმდეგ არ გარიგდესო“ (დავით ბერძენიშვილი http://for.ge/view.php?for_id=52977&cat).
მიზეზთა ჩამონათვალი ეს მწკრივი ძალიან გრძელია. როდესაც ოფიციალურად ის დასახელებული არაა, ყველა მათგანს აქვს არსებობის უფლება, სანამ ფაქტობრივად არ გამოჩნდება ნამდვილი მიზეზი.
ხომ არ არის ეს დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილის მიერ გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებასთან?
ბიძინა ივანიშვილი მართლა კვირიკაშვილის თხოვნით რომ არ დაბრუნებულა - ეჭვი ჩემს ირგვლივ მყოფთაგან და ალბათ საზოგადოებაშიც, არავის არ ეპარება.
ჩვენ საზოგადოება ხომ განსაბჭოებული („დესოვიეტიზირებული“) ჯერ არაა ბოლომდე და მან ყველაფერი იცის.
დაახლოებით ისე, როგორც ეს ცნობილი მომღერლის ვახტანგ ტატიშვილის გურიაში მომხდარ ამბავშია (ბახმაროში მისი ნაამბობის მიხედვით).
შუა ქეიფის დროს მაგიდასთან ბატონ ვახტანგისგან მოშორებით მჯდომი გურული წამოდგა თურმე და ყველას გასაგონად შეეკითხა: „იი ტატიშვილი რომაა, ოთარიე, ტელევიზორში, შვილია ხო თქვენი?“. ბატონ ვახტანგს უპასუხია:“ არა, შორებელი ნათესავია, ტატიშვილების სხვა შტოაო“. ამაზე გურულს არაფერი არ უთქვამს, მხოლოდ დაჯდომისას ჩაულაპარაკია ყველას გასაგონად: „შენ მასწავლი?“.
მთავარია, რომ ეს დაბრუნება მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა, თუ მართლა „ივანიშვილი პოლიტიკაში ხანძრის ჩასაქრობად დააბრუნეს?“ (ზაალ ანჯაფარიძე: http://www.for.ge/view.php?for_id=52981&cat=2).
ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.
თუმცა როგორი პასუხიც არ უნდა იყოს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მმართველი პარტიის ხელმძღვანელად უაღრესად დადებითი მოვლენაა.
გარდა იმისა, რომ ეს კარგია, რამეთუ მთავრდება სოლოკრატიული მმართველობის სისტემა, ის კარგია იმიტომაც, რომ ქმნის ნორმალურ მოდელს პარტიის ხელმძღვანელობისა და სახელმწიფოს ხელმძღვანელობის გამიჯვნის სახით.
ჯერ ეს საქართველოში მმართველ პარტიას არ გაუკეთებია.
სულ რამოდენიმე ფაქტია ასეთი საქართველოს უახლოეს პოლიტიკურ ისტორიაში და ორივე ოპოზიციურ პარტიასთანაა დაკავშირებული.
პირველი პრეცენდენტი შექმნა გია ჭანტურიამ, რომელიც დარჩა პარტიის ლიდერად და არც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წევრი არ გამხდარა და აღმასრულებელი ხელისუფლებაში თანამდებობის დაკავებაზეც უარი თქვა, როდესაც ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მთავრობის დაკომპლექტებაში მონაწილეობდა. ამის შედეგიც იყო ის, რომ ამ დროს ედპ გახდა ყველაზე ეფექტიანი პარტია ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე.
დღეისათვის ასეთ პოლიტიკას ატარებდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი. პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური შედეგებიც დინამიურია და ორ - ყოფილ და დღევანდელ სამთავრობო პარტიების შემდეგ საუკეთესოა.
საქართველოს არც ერთმა პირველმა პირმა არ მოახდინა პარტიული და სახელისუფლებო ფუნქციების გამიჯვნა. ედუარდ შევარდნაძე მაშინ გადადგა მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარეობიდან, როდესაც ამ უკანასკნელის გაუქმება გადაწყვიტა. მიხეილ სააკაშვილი როგორც კი ჩამოშორდა ხელისულებას, მისი პარტია დაიშალა ნაწილებად. არც ერთმა პირველმა პირმა ხელი არ შეუწყო იდეოლოგიურად გამართული პარტიის ჩამოყალიბებას და ამიტომაც მმართველი პარტიებში ხდებოდა პოლიტიკური ავანტურისტებისა და პოლიტიკური მევახშეების დიდი რაოდენობა, რომელიც აჩქარებდა გადაგვარების პროცესს. როდესაც მმართველი პარტია ასეთი სახითაა, მაშინ ოპოზიციური პარტიებიც მსგავსი და ე.წ. „ნარჩენობის პრინციპით“ მრავლდება. ვისაც არ წყალობს მმართველი პარტია, წყალობს ოპოზიცია. თუ მოხდება პარტიული მექანიზმით ხელისუფლების პარტიული კონტროლი და დამკვიდრდება ეს მექანიზმი, ასეთ შემთხვევაში შეიქმნება ჯანსაღი პოლიტიკური გარემო. ოპოზიციური პარტიებიც მოეწყობა იდეოლოგიის საფუძველზე და შეიქმნება პოლიტიკური ბაზარი, სადაც ადგილი ექნება კონკურენციას და მომხმარებელი (ამომრჩეველი) იყიდის (ხმას მისცემს) იმ პარტიას, რომლის იდეოლოგია და პროგრამა მისთვის მისაღებია.
ამდენად, რა მიზნითაც არ უნდა მოქმედებდეს ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტიის ლიდერობისა და ქვეყნის პირველი პირობის ერთი კაცის ხელში ყოფნის გაუქმება პოზიტიურია და ის ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრიობის
მექანიზმის შექმნას, ვიდრე ივანიშვილი სხვანაირად არ გადაწყვეტს, თუ ეს მის მიზანში შედის!
როგორიც არ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების გადაწყვეტილების ფორმა (პირადი, თუ გარედან ზემოქმედებით), მთავარია მისი დაბრუნების განზრახვა - როგორ ბრუნდება იგი: სინანულით, თუ მახვილით?
3. სინანულით თუ მახვილით?
ბიძინა ივანიშვილი პრემიერ - მინისტრობის პოსტიდან 2013 წლის 24 ნოემბერ გადადგა.
2018 წლის 26 აპრილს, ანუ 4 წლისა და 4 თვის შემდეგ მ ან პოლიტიკური დე ფაქტო მდგომარეობის დე იურე მდგომარეობაში გადაყვანა გადაწყვიტა. რა არის ამის მიზეზი მხოლოდ ფაქტობრივი მდგომარეობით გამოჩნდება, დღეს უნდა შევეცადოთ ამოვხსნათ, რა იყო ისეთი რისი გაკეთებაც არაფორმალურ ლიდერს არ შეეძლო? პიროვნულ და საოჯახო დონეზე -არაფერი. ქვეყნის მასშტაბით - არაფერი. ერთადერთი საერთაშორისო მასშტაბია არაფორმალური მართველისთვის მიუწვდომელი.
აქ რა შეიძლება იყოს?
რა საერთაშორისო ინტერესები საქართველოს მიმართ?
ეს არის უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიული მთლიანობის - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი, მათი პოლიტიკური მომავალი;
ესაა საქართველოს ბუნებრივი რესურსები, წიაღისეული, მიწა-წყალი, ტყე, მათი საკუთრება;
ესაა შავი ზღვა, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფანი, მათი კონტროლი;
ესაა საქართველოს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის „წილი“ მსოფლიო პოლიტიკაში - გაეროს წევრ სახელმწიფოთა შორის, მისი ორიენტაცია და ხმა.
2013 წელს გადადგომის შემდეგ, თეა სიჭინავასთან „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკაში დაბრუნება დაუშვა, როგორც აღინიშნა, იმ შემთხვევაში, თუ რაღაც „უბედურება“ მოხდებოდა ქვეყანაში.
ჩვენ არ ვიცით მაშინ რა ჰქონდა მხედველობაში ბიძინა ივანიშვილს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის იმ დონეზე არ უშვებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, რომ ამ გადაწყეტილების შესაცვლელად წარმოუდგენელი უბედურება დაასახელა. ეს დასტურდება იქვე მისივე ნათქვამით: „მეორედ მოსვლას ვადარებ მე ამას“. იესო ქრისტეს დედამიწაზე მეორედ მოსვლის დროს იოანეს გამოცხადების მიხედვით აპოკალიფსია, კატაკლიზმებითა და სასწაულებით. „მეორედ მოსვლა“ პლანეტარული მაშტაბის კატასტროფის მნიშვნელობით გაიგება!
ამ გაგებით ასეთი მასშტაბის პროცესად შეიძლება ვივარაუდოთ სირიაში, კორეაში, თურქეთში, რუსეთსა და დასავლეთს შორის მოვლენების განვითარების პერსპექტივა, რომლის შესახებაც ინფორმაცია აქვს ბიძინა ივანიშვილს. ამ ლოგიკის ჯაჭვში ჯდება, როკის გვირაბთან დაკავშირებული გაუგებრობები რუსეთთან, გიორგი კვირიკაშვილის ცნობილი 9 მარტის წერილი რუსეთის ფედრაციის ხელისუფლებას, ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე და მისი ოჯახისადმი მისამძიმრება ბიძინა ივანიშვილის მიერ წეოროვანის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდის დროს 24 მარტს. (https://palitranews.ge/video/bidzina-ivanishvili-archil-tatunashvilis-samdzimarze),
თუ ეს ასეა, მაშინ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება მახვილით დაბრუნებაა საქართველოს უმნიშვნელოვანესი მომავლის განმსაზღვრელი კვანძების გასაკვეთად. ეს საქართელო სრულიად ახალი თავგადასავალია.
და თუ ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება მართლა პარტიის შიგნით სიტუაციის დალაგებაა (ღმერთმა ქნას, თუმცა მაშინ ეს სცენაა საპნის ოპერიდან!), საქართველოს შიგნით საკითხების მოგვარებაა, მაშინ ბედი ჰქონია ქვეყანას, რომ კიდევ ეძლევა შანსი სწრაფი განვითარებისათვის, არსებული მდგომარეობის გამოსწორებისთვის. ეს იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი თავის დაბრუნებისას სინანულში იქნება ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ქვეყნის მიერ გამოუყენებელი შესაძლებლობების გამო დაკარგული დროისთვის, ხელისუფლების ჩადენილი არასასახელო საქმეებისთვის...
ასეთ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს კიდევ ეძლევა შანსი ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური და კულტურული განვითარებისთვის, ამ საქმეში საშვილიშვილო დიდების მოპოვებისთვის. თუმცა, ეს შანსი ნაკლებია 2012 წლის შესაძლებლობებზე. მოსახლეობის მისდამი მხარდაჭერა მაშინ და დღეს სხვადასხვაა - მაშინ, ბიძინა ივანიშვილს მხარს უჭერდნენ მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შესაცვლელად. ფარულად ყველას ჰქონდა იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილის მილიარდებიდან რაღაც მოუწევდათ. ის, ვინც „ნაციონალების“ მხარეს არ იყო, მაგრამ არც ივანიშვილის მხარეს არ იჭერდა, ივანიშვილისადმი სიმპატიებით იყო გამსჭვალული. დღეს სხვა რეალობაა. ჯერ ერთი ხალხს არ მოუთხოვია ბიძინა ივანიშვილის (ეს გააკეთა კვირიკაშვილმა, როდესაც თქვა, რომ ჩემი თხოვნა იყოო და არა ხალხის!).
ამასთან, სააკაშვილის დაბრუნების საფრთხით, მის წინააღმდეგ მოწოდებას ისეთი გამაერთიანებელი ეფექტი არ ექნება. ივანიშვილისგან ფულის დარიგების იმედიც გამქრალია, მას უკვე ჰყავს ყოფილ მხარდამჭერებში მოწინააღმდეგეები, უფრო მეტიც, მისმა პოლიტიკურმა სტრატეგიამ „შუაში გაკრეფის“ შესახებ კრახი განიცადა და პოლიტიკურ ველზე უფრო მეტმა ამოიყარა,ვიდრე გაკრეფამდე იყო. ყოფილი პარლამენტარებიდან ივანიშვილის აქტიური მხარდამჭერი საზოგადოება არ შეიქმნა. ის მოსახლეობის მასაში მიზიდულობისა და ავტორიტეტის იმ ძალის მქონე აღარაა, როგორც პოლიტიკაში პირველად მოსვლის დროს, ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს პოლიტიკაში, და სახელმწიფო საქმეების სიკეთისკენ მოსაბრუნებლად მისი ბოლო შანსია.
4. ჩაივლის?
როგორადაც არ უნდა იყოს შესუსტებული ბიძინა ივანიშვილის პოზიციები, მისი შესაძლებლობები, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური, ერთი თავით აღემატება ყველა სხვა არსებულ ფიგურებს საქართველოს პოლიტიკურ დაფაზე.
მთავარია, ამ შესაძლებლობას ის როგორ გამოიყენებს.
უმთავრესი საკითხი ფილოსოფიურია.
აქ მთავარია, თუ რა დასკვნებს აკეთებს ის საკუთარი პოლიტიკური ბიოგრაფიიდან.
ბიძიბა ივანიშვილისთვის პოლიტიკაში მობრუნებით დგება მესამე ფაზა ხელისუფლებაში - ჯერ იყო კოჰაბიტაცია, შემდეგ სოლოკრატია და ეხლა, ახალი ფაზა, რომელიც ჯერ განსაზღვრული არაა.
რა იქნება ეს ახალი მოდელი? ავტორიტარიზმი, თუ გაუმჯობესებული დემოკრატია?
ვინ გააკეთებს ამას?
მმართველი ელიტა დემოკრატიის განვითარებისთვის ძნელად წარმოსადგენია რომ გამოდგეს.
ეს იქედანაც ჩანს, რომ როგორც კი შეატყვეს, რომ პრობლემებია, სულისკვეთებით ახალი გზების ძიება კი არ დაიწყეს, არამედ „ჟივილ-ხივილი“ გამართეს.
არავის არ გახსენებია ტატოს ნათქვამი:
„ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!“
რადგან ივანიშვილი „დარწმუნდა, რომ პროცესებში უნდა ჩაერთოს, ესე იგი ჟივილი-ხივილი ფუჭად არ გაგვიმართავს", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=4&id_artc=46455.
პირველი საკითხი ქვეყანაში ეფექტიანი მმართველობის, კადრებისა და ზოგადად ბიუროკრატიის პრობლემაა.
თუ ეს საკითხი არ გადაწყდა და საკადრო პოლიტიკა იგივე დარჩა, მაშინ მივიღებთ იგივე ხარისხის მმართველობას და შედეგებიც კატასტროფული იქნება როგორც ბიძინა ივანიშვილისთვის, ისე საქართველოსთვის.
აუცილებლად უნდა შეიქმნას საზოგადო კაცების (დედაკაცებისა და მამაკაცების) ელიტა.
არაფრით არ გამოდგება პირველ პირებად ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო მართვისა და დიპლომატიის დროს სარგებლობენ წარმომავლობის არგუმენტებით.
მაგალითისთვის საკმარისია გიორგი კვირიკაშვილის შესახებ სკანდალური მასალა, რომელიც გამოაქვეყნა ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ. მან კვირიკაშვილის შესახებ ბელორუსი ხალხისა და ეროვნული კრებისადმი 2018 წლის 24 აპრილის მიმართვაში (https://eadaily.com/ru/news/2018/04/28/zayavlenie-lukashenko-shokirovalo-gruzin) აღნიშნა: „როგორც ჩვენი პრემიერი კობიაკოვია, ისევეა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, უბრალოდ ჩვენი პრემიერი 100 პროცენტით რუსია, იქ კი 75 პროცენტი რუსი ადამიანია. მასთან ერთად ვიჯექი მაგიდასთან და ქართულ ღვინოს ვაგემოვნებდი. ადამიანი გაიხსნა და თითქმის აცრემლებულმა დამიწყო ლაპარაკი რუსეთის მიმართ მის დამოკიდებულებაზე. ვინ ესაუბრა მას ასე? ყველაზე მარტივია მოშორება. ისინიც უკვე ამერიკული ჯაველინების, თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო იარაღის დემონსტრირებას ახდენენ. უკრაინაც და საქართველოც. ეს გვინდა? ბევრ რამეში, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავე. ამიტომაც გვიწევს ურთიერთობის ნორმალიზება იქაც და აქაც.“ (http://www.tabula.ge/ge/verbatim/132094-lukashenko-kvirikashvili-75-procentit-rusi-adamiania).
გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდრ ლუკაშენკოს სამუშაო სადილზე - აღნიშნული განცხადებამდე ერთი თვით ადრე - 23 მარტს, თბილისში უმასპინძლა (https://1tv.ge/news/giorgi-kvirikashvilma-aleqsandr-lukashenkos-samushao-sadilze-umaspindzla/). სწორედ აქ, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს აღნიშნული განცხადების საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ შეხვედრისას „აღინიშნა, რომ, როგორც ასეთი, ხალხთაშორისი ურთიერთობების დონეზე დაპირისპირება არ აღინიშნება. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში რუსეთიდან 1.5 მილიონი ტურისტი შემოდის არ ყოფილა დაპირისპირების არც ერთი ინციდენტი ეთნიკურ საფუძველზე. ამავე კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი ბებია იყო რუსი და დღემდე საქართველოში ბევრი შერეული ოჯახია.“ (https://news.ge/giorgi-kvirikashvilis-presamsaxuri-lukashenkos/).
სრული ნონსენსია, როდესაც საქართველოს უმაღლესი ხელისუფალი აპელირებს მის წარმოშობაზე. საქართველო მრავალეროვნული ქვეყანაა (ეხლა უკვე მრავალრასობრივიც) და მისი ხელისუფალი შეიძლება იყოს სხვადასხვა წარმოშობის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ყველგან უნდა პოზიციონირებდეს, როგორც ქართველი სახელმწიფოს მოქალაქე - კანონმდებლობით დადგენილი ქართველი ერის უმაღლესი წარმომადგენელი. წარმოსადგენადაც ძნელია, რომ კვირიკაშვილი და მისი მთავრობის წევრები თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, სომხეთის... ოფიციალურ პირებთან, რომ არკვევდნენ თავიანთ სისხლით ნათესაობას? საქართველოს ხელისუფალი უნდა იყოს საქართველოსთვის დავით აღმაშენებელი, დიმიტრი თავდადებული, ქეთევან დედოფალი, ილია ჭავჭავაძე ერთად აღებული, მიუხედავად იმისა, თუ რა სისხლი აქვს ძარღვებში!
წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ ლონდონის მერმა, ეროვნებით პაკისტანელმა, რწმენით მუსულმანმა, სადიკ ხანმა პაკისტანის ოფიციალურ დელეგაციასთან თავისი ეროვნებით დაიწყოს პოზიციონირება და შეიგრძნობთ კვირიკაშვილის საქციელს.
თუმცა შეიძლება ეს სრულებითაც არაა კვირიკაშვილისთვის შემთხვევითი მოვლენა და დამკვიდრებული პრაქტიკაა საქართველოს მთავრობაში?
თუ აქამდე ყურადღებას არ აქცევდა, ეხლა ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ამ საკითხების გარკვევა და მათზე რეაგირება.
მისი ყველა ქმედება უკვალოდ ვერ ჩაივლის. მთავარია, ეს კვალი ნათელი იქნება თუ არა!
ბიუროკრატიული ელიტის შესაქმნელად, ჩემი აზრით, საუკეთესო გამოსავალია საკადრო პოლიტიკის მაქსიმალურად ინსტიტუციონილიზაცია. მაგალითად უნდა დადგინდეს (სრული ჩამონათვლის პრინციპით), რომ მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, სხვა მაღალი რანგის მოხელეები აუცილებლად უნდა იყვნენ მეცნიერებათა დოქტორები. ამასთან ხელისუფლებაში მეცნიერების მიღწევების გამოყენების ხარისხის ასამაღლებლად, ყველა სამთავრობო ინსიტუტისთვის კანონით უნდა დადგინდეს მეცნიერ -კონსულტანტთა არსებობა და მათი უფლება - მოვალეობებიც უნდა გაიწეროს კანონის ნორმებში.
მსგავსი ღონისძიებების სისტემური გატარება იქნება გარანტი, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის ახალი ცდა დადებითად „ჩაივლის“.