ივერიონი / ივანიშვილის „მეორედ მოსვლა“ და კიდევ ერთხელ გაცუცურაკებული საქართველო!

ივანიშვილის „მეორედ მოსვლა“ და კიდევ ერთხელ გაცუცურაკებული საქართველო!

საქართველოში „დიდი უბედურება“ უკვე მოხდა - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა! 

 

არ ვაზვიადებ - 2015 წელს მან თვითონ ბრძანა: „რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, რომ იძულებული გავხდე პოლიტიკაში დავბრუნდეო!“ თან მისი პოლიტიკაში დაბრუნება „მეორედ მოსვლას“ შეადარა.

 

ბატონი ბიძინა მეტაფორების დიდოსტატი რომ არის, ეს უცხო არავისთვის არ გახლავთ. თუმცა, ამჯერად ცოტა ზედმეტი მოუვიდა -  პოლიტიკაში დაბრუნება უფლის მისიასთან გააიგივა! მანამდე ჩვენ ვიცოდით (არა მარტო ვიცოდით, მუდმივ მოლოდინშიც ვართ), რომ უფალი მეორედ უნდა მოვიდეს ამ ცოდვილ დედამიწაზე და კაცთა მოდგმა მის სამსჯავროზე უნდა წარსდგეს!

 

რას უნდა ნიშნავდეს მისი ადრინდელი განცხადება: საკუთარი რესურსების (საკუთარი როლის) გადაჭარბებულად დემონსტრირებას, თუ ხალხის საგონებელში ჩაგდებას - სულ იმის მოლოდინში ყოფილიყო, როდის გვეღირსებოდა მისი „მეორედ მოსვლა“, რომ საკუთარი გუნდის განუკითხაობისთვის წერტილი დაესვა, დამნაშავენი და მართალნი მარჯვნივ და მარცხნივ დაეყენებინა!

 

ყოველ შემთხვევაში, რადგან პოლიტიკაში დაბრუნდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ უკვე დიდი უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს და ამ უბედურებიდან თავის დაღწევა მხოლოდ მისი პოლიტიკაში დაბრუნებითაა შესაძლებელი.

 

სამწუხაროდ, „დამშვიდების“ იმედს არ გვაძლევს მისი ბოლოდროინდელი განცხადება: „რაც 2012-ში ვერ მივიღეთ, ახლა უნდა ველოდოთ!“ რა იგულისხმება „ვერმიღებაში“, დაკონკრეტებული არ არის, თუმცა, ოცნების პრიზმაში ნამდვილად ჯდება!!!

 

ცხადია, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არ არის იმდენად საინტერესო, რამდენადაც მისი პოლიტიკაში შემოსვლისა და პოლიტიკიდან წასვლის პრეისტორია.

 

მრავალგზის მითქვამს: ივანიშვილი სწორედ მაშინ შემოვიდა პოლიტიკაში, როცა ქვეყანაში ამის წინაპირობები საკმაოდ მომწიფებული იყო, როცა მას შეეძლო აეყოლებინა ხალხის მასა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ (აიყოლია კიდეც).

 

დრომ დაადსტურა, რომ იგი პოლიტიკაში შემოვიდა ყალბი, შეუსრულებელი დაპირებებით - შემოვიდა ყოველგვარი წინაპირობების გარეშე - საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელი გუნდით და ასევე პოლიტიკური კონიუნქტურისთვის არარსებული (არასერიოზული) განცხადებით, რომ 2 წლის შემდეგ ისევ წავიდოდა ხელისუფლებიდან.

 

ეს განცხადება არასერიოზული იყო იმდენად, რამდენადაც სააკაშვილის რეჟიმის ფორმალურად მოშორება არ იქნებოდა საკმარისი ქვეყანაში სიტუაციის დასალაგებლად, ხოლო, მის მიერ დანატოვარი გუნდი (კოჭებზეც ეტყობოდათ რისი მაქნისები იყვნენ) პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნიდა!

 

ბევრი ივანიშვილის განცხადებას, რომ იგი ორ წელიწადში დატოვებდა ხელისუფლებას, „ხბოს აღტაცებით“ შეხვდა („როგორც სხვები, იგი არ ჩაებღაუჭება ხელისუფლებას“). სამწუხაროდ, ძალიან ცოტანი აღმოჩნდნენ ის ადამიანები, ვინც ივანიშვილის ნაბიჯში პასუხისმგებლობის თავიდან არიდება დაინახა (მე პირადად, 2011 წლის ოქტომბერშივე დავწერე, რომ პოლიტიკიდან მისი ნაჩქარევად წასვლა ქვეყანას არ წაადგებოდა!).

 

როგორც მოსალოდნელი იყო, თვალის დახამხამებაში გაქრა მისი ყველა წინასაარჩევნო დაპირება - მათ შორის, „პირველი წელი კარგი იქნება, მეორე უკეთესი, მესამე კიდევ უკეთესი და მეოთხე ძალიან კარგი“. 

 

არადა, პოლიტიკური ლიდერი, რომელიც თავად აცხადებდა, რომ მან მაქსიმალურად გამოიყენა ხალხი სააკაშვილის რეჟიმის მოსაშორებლად, არაფერს ამბობდა სისტემური და ინსტიტუციონალური ცვლილებების აუცილებლობაზე, არასდროს წამოსცდენია, რომ შესაცვლელი (გასაუქმებელი) იყო სააკაშვილისდროინდელი ანტისახელმწიფოებრივი კანონები. პირიქით, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეში დამკვიდრებულ წამების არაადამიანურ მეთოდებს და არასასურველი ბიზნესის „ახევის“ პრაქტიკას, ივანიშვილის ხელისუფლებამ არათუ მოირგო არსებული სისტემა, არამედ, ერისთვის მიუღებელი საკანონმდებლო ინიციატივებით გადაუსწრო კიდეც სააკაშვილის რეჟიმს.

 

რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ქვეყანაში კატასტროფულად გაიზარდა ღარიბ-ღატაკთა და საქართველოდან გაქცეულ თუ გასაქცევად გამზადებულთა რიცხვიც.

 

კრიტიკას ვერ უძლებს „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკაც. რომ არაფერი ვთქვათ კოჰაბიტაციით მიყენებულ მორალურ ზიანზე, საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაბალ და მაღალ საფეხურებზე კადრების ჩერჩევა ნეპოტიზმის ზღვარს ვერ გასცდა - თითებზე ჩამოსათვლელიც არ იქნება პროფესიონალიზმის ნიშნით შერჩეული კადრები („ნაციონალებისგან“ განსხვავებით, მათ საკუთარ აქტივისტებსაც კი უთხრეს უარი დასაქმებაზე). კიდევ უფრო „დაიხვეწა“ სახელმწიფო შესყიდვების „ნაციონალების“ მიერ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა - უკვე ხმამაღლა საუბრობენ სერიოზულ „ატკატებზე“ ყველა დონეზე.

 

პარლამენტი გაივსო სოროსელებითა და ულტრალიბერალებით, რომელთა ძალისხმევა (ინიციატივა) ყოველთვის მიმართულია ანტიქართული საკანონმდებლო ინიციატივების ინიცირებისკენ.

 

ერთი სიტყვით, საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან უარესი სიტუაციაა.

 

ახლა დავუბრუნდეთ თემას - რამ განაპირობა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება? სიტყვა დაბრუნება ამ შემთხვევაში პირობითია, რადგან, ყველამ ვიცით, რომ იგი არსად არ წასულა - კულუარებიდან მართავდა სიტუაციას ყოველგვარი პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე. 

 

თუ უფუნქციო პრეზიდენტს არ ჩავთვლით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება დღემდე მისი ყურმოჭრილი მონაა. როგორც ამბობენ, ივანიშვილის ნების გარეშე საკვანძო თანამდებობებზე კვირიკაშვილსაც კი არ შეუძლია კადრების შერჩევა-დანიშვნა.

 

რადგან, ეს ასეა, მაშინ, რაში დასჭირდა მაქსიმალური ძალაუფლებით აღჭურვილ ივანიშვილს აუტკივარი თავის ატკივება და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე?! 

 

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ივანიშვილი ჯერჯერობით არც მომავალ პრეზიდენტად და არც პრემიერ-მინისტრად მოიაზრება, მმართველი პარტიის ლიდერობა პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომელსაც ვერ გაექცევა. სხვა საკითხია, როგორ ესმის მას ეს პასუხისმგებლობა ამ ინერტული და სავსებით უსუსური (უღირსებო) საზოგადოების პირობებში! მითუმეტეს, ბოლო 27 წლის მანძილზე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა არც ერთ პირველ პირს საკუთარ თავზე არ აუღია.

 

როცა ადამიანი პოლიტიკაში დაბრუნებას მეორედ მოსვლას ადარებს, რომელსაც წინ უძღოდა მისი განცხადება - დიდი უბედურება უნდა მოხდეს, რომ მე დავბრუნდე პოლიტიკაშიო, იგი ვალდებულია საზოგადოებას აუწყოს, რა ქვია სახელად ამ „დიდ უბედურებას“ და როგორ აპირებს იგი („ქართველი მოსე“) იხსნას საზოგადოება ამ დიდი უბედურებისგან?!

 

სამწუხაროდ, ამის ნაცვლად, მისგან გვესმის მხოლოდ ცარიელი დაპირებები, რომ „ხალხი მიიღებს იმას, რასაც 2012-ში ელოდა“!

 

თუ ოფიციალურ ვერსიებს ვერწმუნებით, ივანიშვილი პოლიტიკაში საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაბრუნდა („სომხეთის სინდრომი“). შეიძლება ეს ვერსიაც მისაღები იყოს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ იგი, როგორც შემოვიდა (2011 წელს), ასევე დავალებით დაბრუნდა პოლიტიკაში. 

 

მეორეც, თუ ადამიანურ დონეზე ვიმსჯელებთ, პოლიტიკაში დაბრუნება მეტი ჯავშანია საკუთარი უსაფრთხოებისთვის. არადა, უსაფრთხოების განცდა, თუნდაც კულუარული მმართველობის პირობებში, მას გარანტირებული ნამდვილად არ ჰქონდა - ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ მის მიერვე გაზულუქებული გარემოცვისგან ელოდა და ელოდება კიდეც! ასეთია პოლიტიკური ბატალიების ლოგიკა...

 

რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას ქვეყნისთვის პოლიტიკაში, თუნდაც, პრეზიდენტად არჩევის ან პრემიერ-მინისტრად დაბრუნების შემთხვევაში? 

 

პირდაპირ ვიტყვი: არანაირი, თუ იგივე პოლიტიკას გაატარებს, რითაც დაიწყო, ანუ თუ დროზე არ დაემშვიდობება თავის დახავსებულ (კორუფციის ჭაობში ჩაფლულ) გუნდს და ახალი გუნდის ფორმირებას პროფესიონალი, პოლიტიკურად გაუსვრელი ადამიანებით არ ეცდება. მეტიც, თუ საკუთარ ოპონენტებს გვერდში არ დაიყენებს და სისტემურ და ინსტიტუციონალურ ცვლილებებს ოპერატიულად არ განახორციელებს!

 

ჩემი ინტუიციით (მისი რენომედან გამომდინარე), მას ამის პოლიტიკური ნება არ აქვს და არც მომავალში ექნება. 

 

სხვანაირად, მისი „მეორედ მოსვლა“, მართლაცდა, მეორედ მოსვლის ტოლფასი იქნება საქართველოსთვის - ისევ ცარიელი დაპირებებით გაბრუებული საზოგადოება ოცნებების მორევში ჩაიძირება და შესაძლოა, ვერც გამოიღვიძოს!

 

ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა დავალებით ბრუნდება იგი პოლიტიკაში, მაგრამ ერთი რამ უდაოა: იგი ან ძალიან სუსტია, როგორც პოლიტიკური მენეჯერი და ბიზნესის მეთოდებით უდგება სახელმწიფოსაც, ან პირნათლად ასრულებს იმ დავალებას, რა დავალებითაც იგი შემოიყვანეს ქართულ პოლიტიკაში.

 

კიდევ ვიმეორებ: თუ პოლიტიკურ მენეჯმენტში რადიკალური ცვლილებები არ განახორციელა და მხოლოდ საკუთარი თავის და საკუთარი გუნდის გადარჩენაზე იფიქრა, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ძალიან საზიანო იქნება საქართველოსთვის!

 

ვფიქრობ, 2011 წლისგან განსხვავებით, როგორც მმართველი პარტიის ლიდერს, ახლა მაინც უნდა მოსთხოვოს საზოგადოებამ წარმოადგინოს საკუთარი მოქმედების პროგრამა-მინიმუმი და პროგრამა-მაქსიმუმი. ასევე, აიძულოს იგი აიღოს პირადი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მართვაზე, ან საერთოდ წავიდეს ფორმალური და არაფორმალური მმართველობიდან!

 

ეს გაცილებით უკეთესი იქნება საქართველოსთვის, ვიდრე, მუდმივ ილუზიებში ყოფნა, რომ ივანიშვილის სახით მესია მოევლინა ქვეყანას, ხოლო, მისი „მეორედ მოსვლა“ ყველა მოსალოდნელ უბედურებას აგვაცილებს თავიდან.

 

P.S. მე არა მგონია, ივანიშვილმა პრეზიდენტობა ან პრემიერ-მინისტრობა მოინდომოს - ეს მას არ სჭირდება. თუ საზოგადოებამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ მისი პოლიტიკაში დაბრუნება ობიექტურად არ შეაფასა და ისევ გადაყლაპა, მაშინ ჩავთვლი, რომ მართლაც უარესის ღირსნი ვართ და წუმპედან ამოსვლას ვერც ვეღირსებით. „ქართული ოცნების“ გადარჩენა შეიძლება ივანიშვილის გეგმაში შედიოდეს, მაგრამ საზოგადოების გეგმაში ნამდვილად არ უნდა შედიოდეს.

 

ჩასარეცხი დროზე უნდა ჩაირეცხოს!

 

ზაურ ნაჭყებია

30-04-2018, 11:57
უკან დაბრუნება