ივერიონი / საყურადღებო სახელმძღვანელო ეკონომიკურ თეორიაში

საყურადღებო სახელმძღვანელო ეკონომიკურ თეორიაში

 

საქართველოს აკადემიურმა გამომცემლობამ დასტამბა ვ. ბასარიას და რ. ბასარიას წიგნი „ეკონომიკის პრინციპები“, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან - „მიკროეკონომიკა“ და „მაკროეკონომიკა“. ამავდროულად, ნაშრომი ფაქტობრივად ერთი სახელმძღვანელოა ეკონომიკურ თეორიაში: მისი მეორე ნაწილის („მაკროეკონომიკა“) შესწავლა შინაარსობრივად გამომდინარეობს და დაკავშირებულია პირველი ნაწილის („მიკროეკონომიკა“) ათვისებასთან. ვფიქრობთ, ეს წიგნის დადებითი მხარეა. სახელმძღვანელოს შინაარსის ჩამოყალიბებისას გამოყენებულია ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული ტიპური პროგრამები (სილაბუსი). წიგნის თითოეულ ნაწილში შვიდ-შვიდი თემაა მოცემული, რაც შესაძლებელს ხდის საგნის სწავლება ორგანიზებულ იქნეს ორ სემესტრში.

 

 

ეკონომიკის პრინციპები ნაშრომში ნეოკლასიკური თეორიის პოზიციიდანაა გაშუქებული. საკითხების გადმოცემისას ავტორები, როგორც ანოტაციაშია მითითებული, მიმართავენ „ეკონომიკური მეცნიერების გამოჩენილი წარმომადგენლების (კლასიკოსების) გზამკვლევ იდეურ მემკვიდრეობას, ასევე ნობელის პრემიით დაფასებულ პ. სამუელსონის სახელმძღვანელოს „ეკონომიკა“, გრეგორი მენქიუს და სხვა ცნობილი ავტორების ნაშრომებს“. მაკროეკონომიკის ნაწილში დიდი ადგილი აქვს დათმობილი კეინსის კონცეფციას, განსაკუთრებით სამთავრობო მაკროეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში.

 

ამასთან დაბეჯითებით გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ საქმე გვაქვს ქართველი ავტორების მიერ შექმნილ ორიგინალურ ნაშრომთან: ეს ეხება მის როგორც შინაარსს, წყობას, გადმოცემის სტილს, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური რეალიებიდან გამოყენებულ მაგალითებს.

 

წიგნის ავტორები წინათქმაშივე ისახავენ თავიანთ ამოცანად დაეხმარონ სტუდენტებს (ასევე სხვა მკითხველს) „ეკონომიკური აზროვნების ხასიათის“ დაუფლებაში. მართლაცდა პრაქტიკულად ყველა თემაში, თემებისადმი დართულ კითხვარებში ისინი ცდილობენ მაქსიმალურად მიაპყრონ სტუდენტების (და სწავლულების, თუ ასეთი მკითხველი აღმოჩნდა) აზროვნება გაშუქებული პრობლემების და საკითხების წინააღმდეგობრიობას და გამოიწვიონ მათში ამის განხილვაში (დებატებში) მონაწილეობის სურვილი.

 

სახელმძღვანელოს გასდევს ავტორთა ნდომა - მცდელობა, რომ, არჩეული მეცნიერების დარგის მეტ-ნაკლებად დაუფლებასთან ერთად, მკითხველს განუმტკიცდეს ეკონომისტისათვის აუცილებელი ობიექტურად, მიუკერძოებლად მსჯელობის განწყობა.

 

ამ დებულების დასამტკიცებლად წიგნის შინაარსიდან მოვიშველიებთ კონკრეტულ ადგილს. ნაშრომის მე-2 ნაწილის მე-2 თემის მე-5-6 თავებში განხილულია საკითხი „ცოდნა, საზოგადოებრივი მენტალიტეტი და ეკონომიკური ზრდა“. საქართველოს განათლების სისტემაში დღეს არსებული მდგომარეობა შეფასებულია როგორც ძალიან მძიმე, პრობლემური. ეს მოსაზრება, რომ იტყვიან, არახალია, მაგრამ ის, რომ ავტორები ამას ჩვენ საზოგადოებაში გავრცელებულ „დიპლომომანიის“ მენტალურ განწყობას  უკავშირებენ და მდგომარეობის გაუმჯობესების თავისებურ რადიკალურ, მათი აზრით, სრულიად აუცილებელ, გარდუვალ ღონისძიებას გვთავაზობენ, ეს უეჭველად საინტერესო და საყურადღებოა.

 

რას გვთავაზობენ ისინი კონკრეტულად?

 

ავტორები თვლიან, რომ აუცილებელია, ყველა (სახელმწიფო თუ კერძო) სასწავლებლის მიერ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთის (დიპლომის) გაცემის საკითხი თავის თავზე აიღოს სახელმწიფომ; ამისათვის შემუშავდეს გამოსაშვები გამოცდების ჩატარების და ჩასაბარებელი საგნების ცოდნისადმი მოთხოვნის სტანდარტები; ყველა სასწავლებელში გამოსაშვები გამოცდები სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ მიიღოს და მანვე გადაწყვიტოს ცოდნის შეფასების, შესაბამისად, დიპლომის გაცემა - არგაცემის საკითხები. ავტორების აზრით, ამოცანა ის არის, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში არ გაიცეს არც ერთი დიპლომი, თუ მის მიმღებს არ ექნება შესაბამისი ცოდნა. ეს კი თვისებრივად შეცვლის ქვეყანაში განათლებისადმი მიდგომას, აღადგენს და განამტკიცებს რეალური ცოდნის მიღების საზოგადოებრივ განწყობას. თუ საქართველოში მოსახლეობის განათლებულობის მდგომარეობა მკვეთრად არ გაუმჯობესდა, ასკვნიან წიგნის ავტორები, ეკონომიკაში მძიმე მდგომარეობა შენარჩუნდება.

 

შეიძლება იკითხონ: კი მაგრამ, რა შუაშია აქ ქმედობა - აზროვნების ობიექტური განწყობა?

 

ავტორთა მტკიცებით (და ძნელია არ დაეთანხმო ამაში), ასეთი წინადადების წამოყენება - გატარება მოითხოვს, რომ პრობლემის გადაწყვეტის ღონისძიებების წამომყენებელ - გამტარებელი უნდა იყოს აბსოლუტურად ობიექტური, მან უნდა იფიქროს მხოლოდ პრობლემაზე და მის გადაწყვეტაზე, ვინაიდან ღონისძიება, რომელზედაც არის საუბარი, მას პოპულარობას არ მოუტანს, რადგანაც სიტუაცია ისეთია, რომ საკითხის მნიშვნელობა ქვეყანაში თითქოსდა ყველას ესმის და აწუხებს, მაგრამ მისი გადაჭრა პრაქტიკულად არავის აწყობს. 

 

ეს როგორ?

 

აი, ავტორების მოსაზრება (მიზეზები):

 

1) სწავლას მოწადინებულ სტუდენტებს შესაბამისი ცოდნა - განათლების მიღების საშუალება რეალურად აქვთ: პედაგოგები მზად არიან შეეშველონ ასეთებს. ამიტომ სტუდენტთა ამ ნაწილს მდგომარეობა მთლიანობაში არ აწუხებს, პირიქით - რაც ნაკლებად განათლებული კონკურენტები დახვდებათ მათ შრომის ბაზარზე, მით უფრო ადვილი იქნება მისაღები სამუშაოს პოვნა;

 

2) მდგომარეობის შენარჩუნება აწყობთ იმ „სტუდენტებსაც“, რომელთათვის ამოცანა მხოლოდ დიპლომის მიღებაშია;

 

3) მდგომარეობით კმაყოფილი (მას შეგუებული) არიან სწავლულების მშობლებიც: ისინი ყველაფერს აკეთებენ (მატერიალური თვალსაზრისით) იმისათვის, რომ შვილებს მიაღებინონ განათლება;

 

4) უმაღლესი სასწავლებლების კეთილსინდისიერ მასწავლებლებს (ლექტორ - პედაგოგებს), მართალია, არ მოსწონთ მდგომარეობა, მაგრამ თავს იმით იმშვიდებენ, რომ თვითონ ცდილობენ გააკეთონ მაქსიმუმი, მაგრამ, თუ სტუდენტების დიდ რაოდენობას სწავლის მოტივაცია არა აქვს, ვერაფერს გახდებიან. გარდა ამისა, უმაღლესი სასწავლებლების ყველა მუშაკმა კარგად უწყის: რომ არა ამ სტუდენტების „სწავლის“ საფასური, მათი უმეტესობა ქუჩაში აღმოჩნდებოდა;

 

5) მიუხედავად ბევრი საუბრისა და მდგომარეობის გამოსწორების მნიშვნელოვანწილად მოჩვენებითი ხასიათის რეფორმების გატარებისა (ამ რეფორმებზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები კი არსებულ პირობებში ფაქტობრივად რესურსების განიავებაა), მდგომარეობას ფაქტობრივად შეგუებულია ხელისუფლებაც. ჯერ ერთი, მას აწყობს, რომ ათასობით ახალგაზრდა, მართალია, არ სწავლობს, მაგრამ რამდენიმე წელიწადი „დაკავებულია“ იმით, რომ, ჯერ ერთი, სასწავლებელში ირიცხება (რომ არა ასეთი მდგომარეობა, მათი დიდი ნაწილი დაუსაქმებელთა და უკმაყოფილოთა რიგებს შეუერთდებოდა) და, მეორეც, დიპლომირებულთა რიცხოვნობის შემცირება საგრძნობლად „გააუარესებდა“ ქვეყანაში უმაღლესი განათლების მქონე პირთა სტატისტიკას, „შეარყევდა“ ქვეყანაში განათლებულობის რეიტინგს.

 

ზემოთ მოტანილი მოსაზრებები საქართველოს განათლების სისტემის მდგომარეობაზე (რომელიც საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზეც უდიდეს გავლენას ახდენენ),  ამ წიგნის გამოცემამდეც არაერთგზის აღუნიშნავს მის ერთ-ერთ ავტორს ბ-ნ ვლადიმერ ბასარიას თავის სამეცნიერო პუბლიკაციებში. ვფიქრობთ, ისინი შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან სათანადო რეაგირებასა და გათვალისწინებას საჭიროებენ.

 

ეკონომიკური თეორიის სახელმძღვანელოების ავტორებს, აგრეთვე საგნის ლექტორებს ზოგჯერ საყვედურობენ, რომ ხანდახან საკითხებს იმეორებენო. ეს  ნაშრომშიც გვხვდება, მაგრამ არ მიგვაჩნია დიდ ცოდვად; უფრო მეტიც, ვთვლით, რომ დისციპლინის შინაარსიდან გამომდინარე, ეს საჭირო და გარდუვალიც კია ზოგჯერ. ამიტომ ამ თვალსაზრისით პრეტენზიას ვერ გამოვთქვამთ.

 

ამასთან, ერთ შემთხვევაში ნამდვილად შევეკამათებით ავტორებს. ეს ეხება საბაზრო ეკონომიკაში ეროვნული შემოსავლის განაწილების პრობლემას. პირდაპირ ადეკვატური დასათაურების ქვეშ ეს საკითხი გადმოცემულია წიგნის როგორც პირველ, ისე მეორე ნაწილებში (თემაში, რომელიც ეხება ფირმის საქმიანობას, და თემაში, რომელშიც განხილულია მთლიანი შინა პროდუქტის წარმოება). მართალია, პირველ შემთხვევაში საკითხისადმი მიმართვას ავტორები წარმოაჩენენ, როგორც მასში გარკვევის მცდელობას (თავისებურ „სინჯს“), ხოლო მეორეში - როგორც ცოდნის „გაღრმავება - გაფართოებას“.  ჩვენი აზრით, მაინც უფრო მართებული იყო მისი თავიდან ბოლომდე მაკროეკონომიკის ნაწილში გადმოცემა.

 

წიგნი გამართული, კარგი ქართულით არის დაწერილი, ადვილად და საინტერესოდ იკითხება. ვფიქრობთ, ის ეკონომიკური სპეციალობის დამუფლებელ - გამღრმავებელთა ცხოველ ინტერესს გამოიწვევს. ამასთან, თუ ბატონი ვლადიმერი და ბატონი რევაზი შესაბამის კომერციულ ნიჭს და შემართებას გამოიჩენენ, იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარი ნაკლებად არის გაჯერებული ეკონომიკური თეორიის ქართულენოვანი სახელმძღვანელოებით, შესაძლებელია, წიგნის გამოცემის ხარჯები მათ ერთგვარი ნამეტითაც დაფარონ.

 

დაბოლოს, საერთო დასკვნა. ეკონომიკური თეორიის სახელმძღვანელოს შექმნა ურთულესი და უდიდესი პასუხისმგებლობის მატარებელი მძიმე სამუშაოა. ამ საქმეში უმაღლესი შედეგის მიღწევა თავისებური „ევერესტის დაპყრობაა“ და ეს მხოლოდ პოლ სამუელსონის და ალფრედ მარშალისთანა გამორჩეული შესაძლებლობების ადამიანების ხვედრია. ევერესტის რა მოგახსენოთ, მაგრამ წიგნის ავტორებმა ჩვენი რეალობის მყინვარწვერი რომ დალაშქრეს, ამის თქმა ნამდვილად შეგვიძლია.

 

იოსებ არჩვაძე 

ეკონომიკის დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის 

აფილირებული პროფესორი

 

დავით კბილაძე

ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს დავით აღმაშენებელის  

სახელობის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი

 

 

13-06-2018, 14:23
უკან დაბრუნება