ივერიონი / „სად ვიყავით, სად ვართ, საით მივდივართ“ - ფუნდამენტური მონოგრაფია ეკონომიკაზე!

„სად ვიყავით, სად ვართ, საით მივდივართ“ - ფუნდამენტური მონოგრაფია ეკონომიკაზე!

ახლახან საქართველოს ეკონომისტთა საზოგადოებამ პროფესორ ნოდარ ჭითანავას შესანიშნავი მონოგრაფია მიიღო, რომელიც საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებსა და სამომავლო განვითარების სტრატეგიას ეხება. 

 

 

სახეზე გვაქვს თეორიული და ემპირიული კვლევების სინთეზით შეჯერებული კომპლექსური ხასიათის სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს ეხება - ეკონომიკის ყველა ინსტიტუციურ სექტორს ახასიათებს ობიექტურად და მიუკერძოებლად. მასში გადმოცემულია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან ერთი მეოთხედი საუკუნის თავზე შექმნილი სიტუაცია პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, სახელმწიფო-მმართველობითი და ზნეობრივ-ფსიქოლოგიური ასპექტების გათვალისწინებით. სწორედ ასეთი შინაარსის პუბლიკაციას სამეცნიერო განძს უწოდებდა დიდი ილია ჭავჭავაძე თავის სტატიაში „სტატისტიკის შესახებ“, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ „ივერიაში“ 1888 წლის 18 იანვარს (N12).

 

იმისათვის, რომ მოცემული ნაშრომით დაინტერესებულ მკითხველს შეექმნას შთაბეჭდილება, თუ რას წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი 1980-90 წლებში, როდესაც მიმდინარეობდა ქვეყნის ეკონომიკის თვისებრივად გარდაქმნის არასტანდარტული პროცესები, ნაშრომის ავტორმა მიზანშეწონილად ჩათვალა მოეპოვებინა და გაეანალიზებინა ამ პერიოდზე არსებული ემპირიული მასალა და დაეხასიათებინა ქვეყნის მაკროეკონომიკური სურათი. 

 

ამ მიზნით ავტორი ახასიათებს სოფლის მეურნეობის, მრავალდარგოვანი მრეწველობის, განათლების, მეცნიერებისა და კულტური სფეროებში მიღწეულ წარმატებულ შედეგებს. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია იმდროინდელი ხელისუფლების მიერ გატარებულ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხასიათის საქმიანობაზე, რითაც იმართებოდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ტარდებოდა გონივრული დემოგრაფიული პოლიტიკა, იმართებოდა მიგრაციულ-ემიგრაციული პროცესები. ქვეყნის მოსახლეობამ ამ პერიოდისთვის 5.4 მილიონი კაცი შეადგინა. 

 

მონოგრაფიაში გადმოცემულია ქვეყნის საერო და სასულიერო ხელისუფლებებს შორის ჩამოყალიბებული უნიკალური ურთიერთობები, რომლის შედეგადაც საქართველოში ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებმა და ახალი ძეგლების მშენებლობამ მაღალი ტემპები შეიძინა. ავტორის სიტყვებით, სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება წმინდა სამების ტაძრის ისტორიის დაწყება. 

 

ავტორი მიიჩნევს, რომ XX-ე საუკუნის 80-იანი წლებიდან ნაშრომის პერესტროიკის ნიადაგზე აღმოცენებულმა გარე და შიდა ფაქტორების გავლენამ საქართველოს ეკონომიკა სტიქიურად განავითარა. ერთიანი დიდი სახელმწიფოს რღვევის პროცესი შეფარულად სოციალურ-ეკონომიკური სისტემის შეცვლას და არა მის სრულყოფას გულისხმობდა. ახალ საბაზრო ეკონომიკისკენ საქართველოს მიერ აღებულ კურსზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა პოლიტიკური მნიშვნელობის ისტორიული ფაქტები. 

 

კერძოდ, აქ პირველ რიგში იგულისხმება საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა. ამ კონტექსტში მონოგრაფიის ავტორი საზოგადოებას აცნობს მეტად საინტერესო ფაქტს, რომ საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებას ფაქტობრივად მზად ქონდა ქვეყნის სრული სუვერენიტეტის აღდგენა-გაფორმების პოლიტიკური და იურიდიული საფუძვლები, ცივილური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რომელიც დღეს ცალმხრივად მიეწერება ხელისუფლებაში მოსულ ეროვნულ ძალებს. 

 

მისი თქმით: ჯერ კიდევ 1990 წელს, როდესაც საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ეკონომიკური კავშირების რღვევა დაიწყო და სამეურნეო სუბიექტებს ეკრძალებოდათ სასაქონლო, ფულად საანგარიშსწორებო ურთიერთობები, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით მოხერხდა რუსეთთან ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება. ეს იყო ჯერ კიდევ არსებული საბჭოთა კავშირის ორ რესპუბლიკას შორის ახალი ტიპის ეკონომიკური თანამშრომლობის პრეცენდენტი.

 

ბ-ნი ნოდარი, პოსტსაბჭოური პერიოდის საქართველოში არსებული პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, ეროვნული ეკონომიკის განვითარების ახალ პოსტსაბჭოთა ეტაპის დაწყებას საზოგადოების დაბნეულობით, სამოქალაქო დაპირისპირებით, კრიმინალური აზროვნების აღზევებით, ეგზოგენური ფაქტორების უშუალო ზემოქმედებით ხსნის, რამაც სავალალო შედეგები გამოიღო.

 

საინტერესოა ავტორის მიერ 1990 წლიდან მოყოლებული დამოუკიდებელი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი ტენდენციების დახასიათება და ამ მიზნით ოთხი ეტაპის გამოყოფა. ესენია: 

 

I ეტაპი - 1991-1995 წლები;

II ეტაპი -1996-2003 წლები;

III ეტაპი - 2004-2012 წლები;

IV ეტაპი - 2013 წლიდან დღემდე.

 

ემპირიული კვლევებისა და საკუთარი ხედვების საფუძველზე მონოგრაფიის ავტორი საინტერესო და საფუძვლიან ანალიზს გვთავაზობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ცალკეული ეტაპებისა და მთლიანი საანალიზო დროით პერიოდის მიხედვით. გამოკვლეულ საკითხთა ძირითად წრეს მიეკუთვნება ისეთი პრობლემები, როგორიცაა: ეკონომიკის რღვევა, გაუაზრებელი პრივატიზაცია, ეკონომიკური გამოცოცხლების ფაზები, გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივება, ეკონოიკაზე პოლიტიკის გავლენა, ეკონომიკის ტრანსფორმაციულ პროცესებში სახელმწიფოს მონაწილეობა, ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება და სხვა მრავალი.

 

მონოგრაფიაში ფუნდამენტურადაა გამოკვლეულ-გაანალიზებული ეკონომიკის ტრანსფორმაციული პროცესების თანმხლები სოციალური ცხოვრების არასახარბიელო შედეგები. კერძოდ, ისეთები, როგორიცაა: ცხოვრების დონე, დასაქმება, უმუშევრობა, ახალი მდიდრებისა და ახალი ღარიბების სოციალური პოლარიზაცია, სასურსათო უსაფრთხოება, საშუალო ფენის ფორმირების სირთულეები და სხვა.

 

მონოგრაფიის ყველაზე დიდი ნაწილი დათმობილი აქვს მიწის მართვის პრობლემებს და მათი გადაწყვეტის ძირითად მიმართულებებს. ჩვენი ქვეყნისთვის მოცემული უმნიშვნელოვანესი პრობლემა ავტორის მიერ შესწავლილი და გაანალიზებულია კომპლექსურად და თანმიმდევრულად, რაც იმაში გამოიხატება, რომ თავდაპირველად განხილულია მიწის რესურსების მართვის თეორიული საფუძვლები; შემდეგ გაანალიზებული და განზოგადებულია მოცემულ სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება; მეტად საინტერესო მიდგომებია გადმოცემული მიწის კოდექსის და კადასტრის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური ასპექტების გაშუქებისას. 

 

ავტორი საკუთარ პრინციპულ პოზიციას აყალიბებს მიწის კოდექსის შემოღებასთან დაკავშირებით და ასაბუთებს იმ სიკეთეებს, რაც მოცემულმა ღონისძიებამ შეიძლება მოუტანოს ქვეყანას. მიწის კადასტრის შემოღებაზე მსჯელობისას მონოგრაფიის ავტორი თავდაპირველად გვაცნობს ამ ფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებას და შემდეგ აყალიბებს ჩვენს ქვეყანაში მისი შემოღების კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ მიდგომებს ავტორი ასევე საინტერესო მოსაზრებებს აყალიბებს მიწის რესურსების მართვის ეკონომიკური მექანიზმის ფორმირების წინაპირობების ჩამოყალიბებით.

 

ბ-ნი ნოდარი საინტერესო ანალიზს გვთავაზობს საქართველოს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში მონაწილეობის მხრივ, რაც თუ ადრე ეფუძნებოდა მატერიალური და ფინანსური რესურსებით ქვეყნის მომარაგებისა და საქართველოში წარმოებული პროდუქციის გასაღების გარანტირებულ ვალდებულებებს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ავტორის სიტყვებით საქართველოს მთავარ ახალ პრინციპებზე უნდა განესაზღვრა მსოფლიო ბაზარზე შეღწევის სტრატეგია. ამჟამად სრულიად ახლებური სტრუქტურა და შემადგენლობა გააჩნია ჩვენი ქვეყნის პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტსა და იმპორტს. ასევე მთლიანად საგარეო ეკონომიკურ ვექტორს. 

 

მონოგრაფიის ავტორი გეოეკონომიკას - საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითრების სტრატეგიულ რესურსად მიიჩნევს და გლობალიზაციის შუქ-ჩრდილებსა და სამომავლო ამოცანებზე საინტერესო მსჯელობას გვთავაზობს. განსაკუთრებით საინტერესო ხედვები აქვს ჩამოყალიბებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფოებრივი რეგულირების მიმართულებით. იგი დამაჯერებლად ასაბუთებს მის ობიექტურ აუცილებლობას. ქვეყნის განვითარების სტრატეგიის განმსაზღვრელ ფაქტორად ახალ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის ჩამოყალიბებას მიიჩნევს.

 

ამრიგად, საბოლოოდ მინდა დავასკვნა რომ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნოდარ ჭითანავას მიერ მომზადებული ბრწყინვალე მონოგრაფია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ პერიოდს - დამოუკიდებლობის აღდგენიდან ერთი-მეოთხედი საუკუნის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის დახასიათებას ეძღვნება. ნაშრომი უდაოდ გაამდიდრებს ეკონომიკურ ლიტერატურას, ეკონომიკურ თეორიასა და პრაქტიკას რიგ ახალ სიახლეებს შესძენს. 

 

ვფიქრობ, წარმოდგენილი კომპლექსური ხასიათის ნაშრომი მრავალფეროვანი საზოგადოებისთვის იქნება გამოყენებადი. იგულისხმება მეცნიერები, სხვადასხვა რანგის სახელმწიფო მოხელეები, მასმედია, სტუდენიტი ახალგაზრდობა და სხვა მრავალი, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის გარეთ.

 

დავით კბილაძე,

ეკონომიკის დოქტორი, სდასუს პროფესორი, მონოგრაფიის რეცენზენტი.

 

27-06-2018, 10:25
უკან დაბრუნება