ივერიონი / ვინ იყენებს მეუფე იობს და რა შუაშია საქართველოს პატრიარქი?!

ვინ იყენებს მეუფე იობს და რა შუაშია საქართველოს პატრიარქი?!

გუშინ, გაზეთ „ასავალ დასავალში“ დაიბეჭდა ინტერვიუ რუის-ურბნისის ეპარქიის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მოძღვართან,  მამა გიორგი აბდუშელიშვილთან საკმაოდ სკანდალური სათაურით: „მეუფე იობი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს!“

 

ინტერვიუ იწყება ინფორმაციით, რომ პარასკევს, 6 ივლისს, 18 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში, მეუფე იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით ჩატარდება ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა, რომელიც ერის საჭირბოროტო საკითხებს განიხილავს და საგანგებო აღთქმას დადებს.

 

ეროვნული ყრილობის ჩატარების იდეა ახალი არ არის - ამის აუცილებლობას ჯერ კიდევ 2006 წელს გრძნობდნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, თუმცა, მაშინდელი ანტიქართული ხელისუფლების ძალისხმევით იდეას განვითარება ვერ მოჰყვა.

 

პირდაპირ ვიტყვი: ორივე ხელებით დავუჭერდი მხარს ამ ინიციატივას, საჩოთირო (საეჭვო) ნიუანსებთან რომ არ გვქონდეს საქმე.

 

პირველი და უმთავრესი ეს არის მკრეხელობამდე დასული განცხადება, რომ „მეუფე იობი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს“!!!

 

ერი და ეკლესია განუყოფელია ერთმანეთისგან, ამდენად, ბუნებრივია, მას ქვეყანაში შექმნილი სავალალო მდგომარეობა უნდა აწუხებდეს, მაგრამ, ასე ღიად და კატეგორიულად საერო საქმეებში ჩარევა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, მის პრეროგატივაში რომ არ შედის, ცხადია.

 

თუმცა, ამაზე მეტად, პირადად მე, მამა გიორგი აბდუშელიშვილის კატეგორიულმა განცხადებამ გამაოცა: თუ ხელისუფლება ყრილობის გადაწყვეტილებებს მხარს არ დაუჭერს და ჩვენს მოთხოვნას არ შეასრულებს, საზოგადოებას აქცია-დემონსტრაციებისკენ მოვუწოდებთო.

 

ჯერ ერთი, ეკლესია არა დაშლა-დაპირისპირებისკენ, არამედ, გაერთიანებისკენ უნდა მოუწოდებდეს საკუთარ მრევლს, მეორეც, როდის აქეთ გახდა ეკლესია ასეთი რადიკალური ინიციატივების ორგანიზატორი, ან ცალკე აღებულ რომელიმე ეპარქიას რამდენად აქვს უფლება გამოვიდეს საქართველოს ეკლესიის სახელით და „საგანგებო აღთქმის“ დადებით ახალი ქაოსისკენ წაიყვანოს ქვეყანა?!

 

არანაკლებ გამაოცა ყრილობის ინიციატორად ქართველი ერისთვის ღრმადპატივსაცემი ადამიანების - ტარიელ ხარხელაურის და ომარ მხეიძის დასახელებამ. ვიფიქრე: ან ეს ადამიანები შეიყვანეს შეცდომაში, ან მავანი და მავანი მათ სახელებს ამოეფარნენ-მეთქი.

 

ინტუიცია უფრო მეორისკენ იხრებოდა და არც გავწბილებულვარ - „სცენის არწივად“ წოდებულმა ომარ მხეიძემ, რომელმაც შორს გაიტანა საქართველოს სახელი, აკანკალებული ხმით მითხრა, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, მსგავსი რამ მისთვის არავის შეუთავაზებია და რომც შეეთავაზებინათ, არ დათანხმდებოდა, რადგან, იგი არასოდეს დაუჭერს მხარს ქვეყანაში ახალი დესტაბილიზაციის აგორებას. იგივე დაადასტურა ტარიელ ხარხელაურმაც. მეტიც, მან პირად საუბარში აღნიშნა, რომ შეურაცხყოფილია და საპროტესტო განცხადების გამოქვეყნებასაც აპირებს!

 

ეჭვი მეპარება, რომ ცნობილი პოეტი თემურ ჩალაბაშვილი ან პროფესორები, გიგლა გობეჩია და პაატა გიორგაძე ზემოხსენებული ინიციატივის სათავეში იდგნენ, როგორც ეს „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუშია აღნიშნული.

 

რაც ნიშანდობლივია, მამა გიორგის ინტერვიუში საყურადღებოდ მეჩვენა მომავალი ყრილობის მოთხოვნები: ახალი საარჩევნო კანონის მიღება და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო (არადა, შემოდგომაზე ისედაც ტარდება) არჩევნების ჩატარება, რომელიც გამსახურდიას დროინდელმა უზენაესმა საბჭომ და დღევანდელმა მოქმედმა პარლამენტმა უნდა დანიშნონ...

 

ჯერ ერთი, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა, რადგან, პოლიტიკურ ჰორიზონტზე ჯერ კიდევ არ გამოჩენილან ახალი ძალები, რომლებიც დღევანდელ ხელისუფლებას ჩაანაცვლებენ და „ნაციონალებსაც“ პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრებენ. ამდენად, აშკარა პოლიტიკურ უმწოფრობად, ან ავანტურისტულ გამოხტომად შეიძლება შეფასდეს დღეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა რომელიმე საზოგადოებრივი დაჯგუფების მიერ, მითუმეტეს, თუ ამ დაჯგუფებას ეროვნული ყრილობა ერქმევა.

 

უფრო გამაოგნებელია გამსახურდიას დროინდელ უზენაეს საბჭოზე აპელირება - რომელ უზენაეს საბჭოზეა დღეს საუბარი, როცა მათი უმეტესობა სხვადასხვა ხელისუფლებებს ორ შაურად მიეყიდა, ზოგიერთების საბოლოო ლუსტრირება მოხდა (КГБ-ს აგენტები ტყუილად არ ელანდებოდა, თურმე, ცხონებულ გამსახურდიას), ხოლო, დანარჩენი მხოლოდ იმით გვაწონებს თავს, რომ უზენაესი საბჭოს წევრები არიან...

 

მიუხედავად იმისა, რომ იარაღით დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, თითქმის 30-წლიანი შუალედის შემდეგ უზენაეს საბჭოზე ამოფარება, ალბათ, დიდი სარგებლობის მომტანი არ იქნება. ასეთი ფორმალობების გამოკიდებამ მიიყვანა სწორედ დღევანდელ უკიდურეს სიტუაციამდე ქვეყანა.

 

ახლა, რაც შეეხება მომავალ ყრილობას, რომელმაც დასაბამი უნდა მისცეს, თურმე, ახალ „ერას“  საქართველოს ისტორიაში - უპირველესად უნდა დავადგინოთ რას ნიშნავს ეროვნული ყრილობა და ვის აქვს უფლება ისაუბროს მთელი საქართველოს სახელით, რამდენად სწორია მასში ეკლესიის ჩართვა, როცა უმწვავესი პრობლემებია თავად საქართველოს ეკლესიის წიაღში და პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლას ეწირება ეკლესიის ავტორიტეტი?

 

დანამდვილებით არ ვიცი, რეალურად ვინ დგას ამ ინიციატივის სათავეში და საიდან იკვებება ეს იდეა, თუმცა ვეჭვობ, რომ ამის უკან ხელმოცარული, ბნელი ძალები, უპირველესად, ბოლომდე გაკოტრებული პოლიტიკოსები დგანან, რომლებსაც აწყობთ ქაოსი და დესტაბილიზაცია ქვეყანაში. არ გამოვრიცხავ, ისინი ვიღაცის შეკვეთას ასრულებდნენ, მითუმეტეს ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით. ნიშანდობლივია ისიც, რომ ეს ინიციატივა არა მარტო ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა, არამედ, მომავალში ანალოგიური ყრილობის ჩატარების დისკრედიტაციის მცდელობაც.

 

ეს რომ ასეა, საპატრიარქოს განცხადებამ დაადასტურა, სადაც იგი კატეგორიულად ემიჯნება ზემოთ ხსენებულ ინიციატივას:

 

„ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რისი უფლებაც საზოგადოებას აქვს, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყრილობა იმართება მეუფე იობის კურთხევით, რასაც მეუფე უარყოფს... ამასთან, კათალიკოს-პატრიარქის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, რაც რეალობას საერთოდ არ შეესაბამება...“

 

დასკვნა მარტივია: მავანი ცდილობს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენოს საქართველოს ეკლესიას და მცირედმორწმუნე მრევლში მისი ავტორიტეტი კიდევ უფრო დააკნინოს!

 

არადა, ეკლესია არ არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, ეკლესია არ არის მავანისა და მავანის ქვენა გრძნობების შეფუთვის საშუალება.

 

დღეს ყველაფერი შეიძლება იკადრონ, მაგრამ, ჩვენ არ უნდა ავყვეთ და გამოუსწორებელი შეცდომები არ უნდა დავუშვათ.

 

რაც შეეხება ეროვნულ (ყოველთა ქართველთა და საქართველოში მცხოვრებთა) ყრილობას, მე მხარს დავუჭერ იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, იგი სათანადოდ მომზადდება, ერის კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს და არა მორიგ დაპირისპირებას, როგორც ეს 6 ივლისს დაანონსებული ყრილობის შედეგებითაა მოსალოდნელი.

 

ზაურ ნაჭყებია

3-07-2018, 16:18
უკან დაბრუნება