მრავალგზის მითქვამს: არ ვარ რევოლუციების მომხრე. რევოლუციებს ყოველთვის ნგრევა მოჰყვება და მისი შედეგებით ნაძირლები სარგებლობენ. აქედან გამომდინარე, სრულად ვეთანხმები რევოლუციის კლასიკურ განმარტებას და მხარს არ ვუჭერ მასების აღტკინებას, რომლის უკან სწორედ ნაძირლები დგანან!
მიუხედავად ამისა, საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა უფლებას არ გვაძლევს
მხოლოდ ცარიელი მუშტის მოღერებით, მოღალატე-გამყიდველთა "მხილებით" დავკმაყოფილდეთ და იმის მოლოდინში ვიყოთ, როდის აივსება ჩვენი მოთმინების ფიალა და როდის აბობოქრდება მრავალჭირგადანახადი ქართული სული!..
თანამედროვე ეპოქამ ფასეულობათა გადაფასებასთან ერთად, ეტყობა, ის ჯიგარიც გამოგვაცალა, რომელსაც ასე უფრთხოდნენ საქართველოს დაუძინებელი მტრები - საქართველო ქართველებისგან იცლება და ნაცვლად განგაშის ზარებისა, გამამართლებელ "არგუმენტებს" ყოველთვის ვპოულობთ - ფიზიკურად ხომ უნდა გადავრჩეთ - საქართველოში კი გადარჩენის ყოველგვარი შანსი დღითიდღე ისპობა.
როგორც ქართული მედია და სოციალური ქსელი იტყობინება, ათასობით ჰექტარი ქართული მიწა უცხოელებზე უცერემონიოდ იყიდება. არაბულ-ირანულ-ინდურ-ჩინური სოფლები სოკოებივით მრავლდება, ბოლო არ უჩან უცხოელთა ვიზიტს საჯარო რეესტრში, რომლებიც კანონიერი გზით ახდენენ თურმე მიწისა და სხვა უძრავი ქონების გადაფორმებას, ჩვენ კი, არხეინად ყურთბალიშზე გვძინავს - ამას მოღალატე ხელისუფლებას ვაბრალებთ, რომელიც "ვიღაცეების" დავალებებს ასრულებს და გადამთიელებს წინაპრების სისხლითა და ოფლით ნალოლიავებ სწორუპოვარ საგანძურს კაპიკებად უგდებს ხელში.
ყველამ კარგად ვიცით, რომ ისედაც დამცრობილი და ბედის უკუღმართობით დაჭრილ-დანაკუწებული ქართული მიწა არ უნდა იყიდებოდეს, მაგრამ იყიდება - თან ისეთი ტემპებით ხდება უცხოტომელებზე მისი გასხვისება, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ქართველები საკუთარ მიწაზე ხიზნებად ვიქცეთ - საერთოდ, უცხოტომელებში ავითქვიფოთ, ან თავშესაფრის ძებნაში საკუთარი იდენტობაც დავივიწყოთ!
რაც უნდა მწარედ მოსასმენი იყოს, ძალიან მძიმე პერსპექტივა გველის და თუ დღესვე არ გავაცნობიერეთ მოსალოდნელი საშიშროება, ხვალ შეიძლება გვიან აღმოჩნდეს...
მთავარი პრობლემა ისაა, რომ თანამედროვე საზოგადოებას პრიორიტეტები არ გააჩნია - მას ვერ გაუცნობიერებია, თუ რომელია ის მთავარი "არტერია", რომლის გადაჭრით შეიძლება საერთოდ სისხლისგან დაიცალოს ქვეყანა!
ბევრი მიიჩნევს, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, რომელიც თავის მხრივ უქონლობასთან,. ანუ შიმშილთან ასოცირდება. თუმცა, დაზუსტებით არავინ ამბობს, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ უმუშევრობას და როგორ დავაყენოთ ფეხზე გაუბედურებული ქვეყანა. უცხოელებზე მიწის გასხვისება და იქედან შემოსული გროშებით (თურმე ოფიციალურად გროშებზე იყიდება ქართული მიწა) ქართველების გამოკვება და უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტა რომ არ მოხერხდება, ცხადია!
ქვეყნის თითქმის 30- წლიანი დამოუკიდებლობის მანძილზე ხელისუფლებები ისე მოდიოდნენ და მიდიოდნენ, უმუშევრობის პრობლემა არათუ იკლებდა, არამედ, დღითიდღე მწვავდებოდა კიდეც! სიღრმეებში შესვლას არ ვაპირებ, მაგრამ უმთავრესი მიზეზი, მაინც ყალბად გაგებული საბაზრო ეკონომიკა იყო, რომელმაც იმ ავადსახსენებული კომუნისტური (სოციალისტური) სისტემის ნანგრევებზე (თან რა ბეჯითად ვანგრევდით) ვერ მოიკიდა ფეხი და სახელმწიფო ბიუროკრატიის და მათთან მიტმასნებული შარლატანების გამდიდრების წყაროდ იქცა - მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი კი, მოტყუებული და ჰაერში ჩამოკიდებული დარჩა - მასების სიღატაკის ზღვარმა თანდათან პიკს მიაღწია!!!
ხელოვნურად დაცარიელებული ბიუჯეტის ამოვსებას და ქვეყანაში სოციალური გარანტიების დამკვიდრებას ვერც "პრიხვატიზაციად" მონათლულმა პრივატიზაციამ უშველა და ვერც მოღალატე ქართველების მუცელში ჩახეთქილმა მილიარდიანმა კრედიტებმა, რომლებიც არსებითად მათ კომფორტს და უცხოეთში მილიონიანი ვილების შეძენას მოხმარდა. დღევანდელი მდგომარეობით საქართველო სრული ბანკროტის წინაშე დგას - ხვალ-ზეგ საგარეო ვალების მომსახურეობა შეიძლება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, რაც ქვეყანას უმძიმესი დილემის წინაშე დააყენებს.
თუმცა, ყველაფერი ამით არ დამთავრებულა - დღეს ბიუჯეტის შევსების "უტყუარ" წყაროდ უცხოტომელებზე ათასობით ჰექტარი მიწის გასხვისება იქცა. ამ მოღალატური გადაწყვეტილების მიღმა არა მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები, არამედ, კუდის რიკამდე გაფცქვნილ ქართულ მიწაზე უცხოტომელთა მასობრივი შემოსახლება და ქართველების ხიზნებად გადაქცევა იმალება...
ამ ავანტურის პირველი ნაბიჯი შრომისუნარიანი ქართველების (ქართული ინტელექტის) საქართველოდან მასობრივი გადინება იყო, რომელიც დღემდე წარმატებით გრძელდება - სხვათაშორის, უპერსპექტივობის განცდამ და "თავს უნდა ვუშველოთ" პოლიტიკამ კარგად იმუშავა და დღეს შრომითი მიგრანტების ანგარიშზე მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე მოდის. საქართველოდან გაქცევის მსურველთა რიცხვი კი დღითიდღე მატულობს!
არა რევოლუციებს - გაუმარჯოს ერთობას!
კიდევ ვიმეორებ: არ ვარ რევოლუციების მომხრე. საკუთარი ქვეყნის მაგალითზეც ვიგრძენით, თუ რა მიზანს ემსახურება ძალადობით მოსული ხელისუფლება და როგორ ვიმკით ჩვენი უსაფუძვლო აღტკინების შედეგებს. მე ყოველთვის ცივილიზებული გზით ხელისუფლების შეცვლის მომხრე ვარ, რომლის პრაქტიკაში აპრობირებული ფორმა არჩევნებია.
მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი პრობლემებისა, დღეს მხარს არ დავუჭერ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, რადგან, არ არსებობს რეალურად ორგანიზებული საზოგადებრივ-პოლიტიკური ძალა, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას ჩაანაცვლებს და "ნაციონალების" პარპაშსაც დაუსვამს წერტილს!
რა ვქნათ მაშინ, გულზე ხელი დავიკრიფოთ და იობის სიმშვიდით ვუყუროთ, თუ როგორ რიგდება ქართული მიწა უცხოტომელებზე და, თუ ასე გაგრძელდა, როგორ დავრჩებით ქართველები უმცირესობაში?!
რა თქმა უნდა, არა! ოღონდ ამას კომპიუტერის კლავიშებზე კაკუნი და ცარიელი მუშტების მოღერება არ უშველის - არც ყბადაღებული ლიდერია საჭირო, რომელსაც ასე გამალებით ველოდებით!
ცარიელი ლოზუნგები და 2020 წლამდე (საპარლამენტო არჩევნებამდე) ლოდინი კი ნიშნავს, რომ ჩვენი ინერტულობით საკუთარი ხელით გამოვჭრით ყელს საკუთარ სამშობლოს და გადამთიელების (ისტორიული მტრების) საჯიჯგნად მივაგდებთ!!!
დღეს ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, თუ ვინ ისწორებს ჩოხას მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის და ვის შეიძლება ჰქონდეს დღევანდელი ხელისუფლების ჩანაცვლების ილუზია. ღმერთმა ყველას მშვიდობაში მოახმაროს სახელისუფლებო ბერკეტები, თუ მას კანონიერად ჩაიგდებს ხელში, მაგრამ დღეს კეკლუცობის დრო არ არის - ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს ქართული მიწის შინაური მტრებისგან დასაცავად და ხელისუფლებას წითელი უნდა აუნთოს. ჩვენ საერთო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა პრობლემამ უნდა გაგვაერთიანოს - ქართული მიწა უნდა გადავარჩინოთ!
ამისთვის არ არის აუცილებელი განსაკუთრებული ნიჭითა და ქარიზმით დაჯილდოებული ე.წ. ლიდერის გამოჩენა - ჩვენ დღეს ხელისუფლებისთვის არ ვიბრძვით, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მშობლიური მიწის გადასარჩენად. ამისათვის, შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და მოღალატე ხელისუფლებას ვაგრძნობინოთ, რომ ქართველი ერი ჯერ კიდევ სუნთქავს და ღირსეულ წინაპართა სისხლი ჯერ კიდევ არ გაწყალებულა!
კიდევ ვიმეორებ! დედოზარის დარისხებას პარტიული სტრუქტურები და ე.წ. პარტ-ელიტები არ სჭირდება - ეს საერთო ტკივილია, რომელმაც უნდა გაგვაერთიანოს. არც სატელევიზიო ძვირადღირებული რეკლამებია საჭირო. ჯერ ერთი, სოციალური ქსელი ყველაზე საუკეთესო საშუალებაა ხალხის მობილიზებისთვის, მეორეც, როგორც წესი, ერთი მეორეს მოიყვანს, მეორე მესამეს და დარწმუნებული ვარ, მრავალათასიანი აქციებით ამ მოღალტურ ტენდენციებს შევაჩერებთ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ქართველი ერი ყალყზე დადგება და თავის მტკიცე ნებას უკომპრომისო პროტესტით დაადასტურებს!
ამ ბოლო ხანებში ავანსცენაზე გამოჩნდნენ ცალკეული ადამიანები, რომლებსაც ერის მამობაზე გაუჩნდათ პრეტენზია. მათ მიმართვებში მაინც პოლიტიკური გზავნილები იკითხება, რომელმაც შეიძლება დააფრთხოს ე.წ. "ქართული პოლიტიკით" გაღიზიანებული საზოგადოება. ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირება, გადაუდებელი აუცილებლობაა, მაგრამ დღეს დროის გაფლანგვის და ახალი "ექსპერიმენტების" ჩატარების ფუფუნება არაა ქვეყანაში - ერთად დავდგეთ რუსთაველის პროსპექტზე და ერთად ვიხუვლოთ ქართული მიწის გადასარჩენად. ასეთ ინერტულობას არც მომავალი თაობა და არც უფალი გვაპატიებს.
როგორც იტყვიან, "დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია!"
ბოლოთქმა: სტატიაში ორ უმთავრეს (უმწვავეს) პრობლემაზე გავამახვილე ყურადღება - ქართველთა მასობრივი მიგრაცია და ქართული მიწის უცხოტომელებზე მასობრივად გასხვისება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ პირველი მეორესთან პირდაპირ კავშირშია: ვინც წინაპირობები შექმნა იმისთვის, რომ ქართველები გეგმაზომიერად გაქცეულიყვნენ საქართველოდან, სწორედ იმანვე დაგეგმა უცხოტომელებზე ქართული მიწის ხელაღებით გასხვისება და აბორიგენი ქართველების უმიწოდ დატოვება. რაც არ უნდა მწვავე პრეტენზიები გვქონდეს სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, უცხოტომელთა მასობრივი შემოსევები "ნაციონალების" რეჟიმის დროს არ ყოფილა და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს!..
ენა არ მომიბრუნდება კონკრეტული საყვედური ვთქვა შრომითი მიგრანტების მიმართ, რომლებიც წელებზე ფეხს იდგამენ და ათასგვარ შეურაცხყოფებსაც იტანენ, ლუკმა-პურის ფული იშოვონ და უცხოეთიდან გამოგზავნილი გროშებით, თავიანთი ოჯახები ფიზიკურად გადაარჩინონ, მაგრამ რბილად თუ ვიტყვით, გარკვეული პასუხისმგებლობა მათ კისერზეა - დაცარიელებულ საქართველოს უხოტომელები ეპატრონებიან და ქართველების სამშობლოდან გაქცევით გამოწვეული დისბალანსი მალე უცხოტომელებით გასწორდება . უკვე ღიად საუბრობენ ახალაღმოცენებულ არაბულ, ირანულ, ჩინურ სოფლებზე და ათასობით ჰექტარ უცხოტომელთა ხელში გადასულ ქართულ მიწაზე, რომ არაფერი ვთქვათ აშკარა თურქულ ექსპანსიაზე.
მთელი უბედურება ისაა, რომ საქართველოდან გაქცევის მსურველთა რიცხვი დღითიდღე მატულობს, ხოლო შრომითი მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების ნიშანწყალიც არ ჩანს ("რომ ჩამოვიდეთ, რა უნდა ვაკეთოთ?!")
მახსენდება წმინდანად შერაცხული ბერი გაბრიელ სალოსის გაფრთხილება: ნუ დატოვებთ საქართველოს, ღვთისმშობელი გაგინაწყენდებათო. ეტყობა, საქართველოს ღვთისმშობელი მართლაც გაუნაწყენდა, რისი ნიშანიც უცხოტომელთა მასობრივი შემოსვლაა. ამჯერად, უფრო შორს არ წავალ..
P.S. მოდით, განზე გადავდოთ აბსურდამდე დასული ყოველგვარი წვრილმანები, მათ შორის, ბუტაფორიად ქცეული საპრეზიდენტო არჩევნებიც - დავთქვათ დღე, საათი და ორგანიზებულად შევიკრიბოთ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ და ერთხმად ვუთხრათ ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვას - არა!
P.S.P.S. დღემდე არავის უჩნდება კითხვა: რატომ დუმს საქართველოს საპატრიარქო და არ არისხებს დედოზარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია? ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს - საქართველო ფაქტიურად სისხლისგან იცლება, ქართულ მიწას ეშმაკები ეპატრონებიან!!!
ზაურ ნაჭყებია,
პუბლიცისტი