ივერიონი / პრეზიდენტი პანდორას ყუთიდან!

პრეზიდენტი პანდორას ყუთიდან!

ივანიშვილის წუხანდელი ინტერვიუს დეტალურ შეფასებას არ შევუდგები,რადგან, სანუგეშოს ვერაფერს ვხედავ მის პოლიტიკურ გზავნილებში და არ მინდა ისედაც შეწუხებული და იმედგაცრუებული ხალხის განწყობა კიდევ უფრო დავამძიმო, მაგრამ, თავს არ მივცემ უფლებას, საკუთარი აზრი არ გამოვთქვა მის ერთ არაოდინალურ განცხადებაზე.

 

მხედველობაშია საპრეზიდენტო ტახტის გაფეშქაშება ოპოზიციურ ან დამოუკიდებელ კანდიდატზე.

 

მართალია, საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტის უფლებები საკმაოდ შეკვეცილია, მაგრამ, ნონსენსად მეჩვენება მმართველი პარტიის მხრიდან უარის თქმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე-უფრო თუ დავკონკრეტდები , საკუთარი კანდიდატურის დასახელებისგან თავის შეკავება.

 

მიუხედავად იმისა, რომ, "ქართული ოცნების"რეიტინგი დღითიდღე კლებულობს,დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, მმართველი გუნდის კანდიდატს, ვინც არ უნდა იყოს იგი, აშკარა უპირატესობა აქვს უკვვ დასახელებულ კანდიდატებთან შედარებით.არა მგონია,მომავალშიც რომელიმე ცალკე აღებულმა ოპოზიციურმა პარტიამ ისეთი კანდიდატი დაასახელოს, საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვოს.თითქმის იგივე შედეგი იქნება დამოუკიდებელ კანდიდატებთან მიმართებაშიც, თუ რა თქმა უნდა, ხელისუფლება საკუთარ ადმინისტრაციულ და სხვა მის ხელთ არსებულ რესურსებს არ დაახმარს.

 

სამწუხაროდ, ივანიშვილმა არ დააკონკრეტა, რატომ არ დაასახელებს "ქართული ოცნება" საკუთარ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში-არ ჰყავს შესაფერისი კანდიდატურა, თუ მართვის სადავეებს (პრეზიდენტი, რაც არ უნდა შეზღუდული უფლერბებით სარგებლობდეს, მაინც პრეზიდენტია და მის დამოუკიდებელ თამაშს სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია ქვეყნისთვის)შეგნებულად უშვებს ხელიდან და მომავალი პრეზიდენტის არაადექვატური გადაწვეტილების შემთხვევაში პასუხისმგებლობას მას დააკისრებს?!

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი ავირჩიეთ, დღევანდელი პარლამენტი იმდენად ქმედუუნაროა, მას პრეზიდენტის ამბიციების მყისიერი დათრგუნვა არ შეუძლია.თუ მარგველაშვილის დროს კუკუდამალობანას თამაში გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა სახელმწიფო შტოებს შორის ურთიერთობის ბალანსის თვალსაზრისით, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური თუ ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის გაპრეზიდენტების შემთხვევაში "ურჩობის" ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება და ამას ქვეყნის ინტერესები შეეწირება!

 

არ მესმის ივანიშვილის განცხადების დედააზრი: პრეზიდენტის ინსტიტუტი ოპოზიციამ გაინაწილოსო.რა გვინდა ამით რომ ვთქვათ- საქართველოში დემოკრატიის ზეიმია და ჩვენ ამ არაორდინალური (აბსურდული)გადაწყვეტილებით ვაოცებთ ევროპას?1

 

რა ბატონებო და ქალბატონებო-ამ "უწყინარი" გადაწყვეტილების მიღმა გარკვეული საშიშროება იმალება და ამის შედეგს ჩვენ მალევე მოვიმკით!

 

ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ და სამოქალაქო (პასუხისმგებლიანი) საზოგადოება გვიმაგრებდეს ზურგს, თვითონვე უნდა ვიყოთ დაინტერესებული ჩვენთვის სასურველი და ქვეყნისთვის სასარგებლო კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, მაგრამ, კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს, ხომ ვიცით, ვისთვის და რატომ კეთდება ეს?

 

შეიძლება ვცდები, მაგრამ, არა მგონია მსოფლიო პრაქტიკაში ყოფილიყოს პრეცედენტი, მმართველ გუნდს საკუთარი კანდიდატურა არ დაესახელებინოს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე. თუმცა, ჩვენ ხომ ის იშვიათი გამონაკლისი ვართ, ჩვენი არაორდინალურობით მსოფლიოს რომ ვაოცებთ და მერე საკუთარ ფრჩხილებს ვიკვნეტთ აბსურდული საქციელის გამო!

 

კიდევ ვიმეორებ:როცა მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში უარს აცხადებს საკუთარი კანდიდატურის დასახელებაზე, ან პოლიტიკურად გაკოტრებულია, ან მის საქციელში ავანტურისტული ჩანაფიქრი იმალება.თუ გაკოტრებულია, დროზე უნდა ჩამოშორდეს სახელმწიფოს მართვის სადავეებს, ხოლო, თუ მეორესთან გვაქვს საქმე, ასევე დროზე უნდა ვამხილოთ.

 

ყოველ შემთხვევაში, მმართველმა პარტიამ და მისმა ერთპიროვნულმა ლიდერმა ღიად უნდა გვითხრას, რატომ თმობენ პრეზიდენტის ტახტს ასე უცერემონიოდ?!

 

არ არის ეს სახუმრო საქმე...

 

P.S.. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსმა საჩუქრად მისცა პანდორას დახურული ყუთი და გააფრთხილა, რომ არ გაეხსნა. ვინაიდან, ღმერთებმა პანდორას ცნობისმოყვარეობაც დაანათლეს, მან ძალაუნებურად გახსნა ყუთი. საიდანაც ამოფრინდა ყველანაირი ბოროტება, სიავე, ავადმყოფობა და გავრცელდა მთელ მსოფლიოში. შეშინებულმა პანდორამ ყუთი დახურა და ერთადერთი, რაც ყუთში დარჩა, აღმოჩნდა იმედი. ამის შემდეგ ბოლო მოეღო ადამიანთა უდარდელ და ბედნიერ ცხოვრებას. სწორედ აქედან წარმოიშვა და გავრცელდა გამოთქმა – "პანდორას ყუთი", რომელიც ყოველგვარ უბედურებათა წყაროს ნიშნავს!

 

 

ზაურ ნაჭყებია,

პუბლიცისტი

 

25-07-2018, 12:37
უკან დაბრუნება