კორეის ნახევარკუნძულის იაპონელი დამპყრობლებისგან განთავისუფლების შემდეგ კორეა ორ ნაწილად გაოყო 38-ე პარალელის გასწვრივ და მიუხედავად იმისა, რომ ამ გაყოფამ ორივე კორეაზე, როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთზე, ცხადია ნეგატიურად იმოქმედა, სამხრეთ კორეამ არნახულ ეკონომიკურ წარმატებას მიაღწია და ,,აზიურ ვეფხვებთან’’ ერთად (მალაიზია, სინგაპური, ინდონეზია), ე.წ. აზიური სასწაულის ერთერთი წარმომადგენელიც გახდა.
სამხრეთ კორეის მოსახლეობა 51 მილონს შეადგენს, ხოლო ფართობი, - დაახლოებით 100 ათას კვადრატული კილომეტრია. მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), თუ 2005 წელს, დაახლოებით 900 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2016 წელს მან უკვე 1,4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა (სამწუხაროდ ეს გადაჭარბება, რომელიც ჩვენ დამრგვალების მიზნით გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნის მშპ-ს აღემატება), დოლარის 2016 წლის სამომხმარებლი ფასების ინდექსით, ანუ ათ წელიწადში მშპ 50 პროცენტზე მეტად გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ ადგილი აქვს ეკონომიკის მდგრად ზრდას, საშუალო წლიური სამ პროცენტზე მეტი ზრდის ტემპის არსებობის პირობებში და, რომ არა 2008 წლის თითქმის მინუს თერთმეტ პროცენტიანი ვარდნა და 2012 წლის მინუს ორ პროცენტიანი ვარდნა, ზრდის ტემი გაცილებით მეტი იქნებოდა.
სამხრეთ კორეის ასეთი ეკონომიკური აღმავლობის ფონზე ვერავითარ ახსნას ვერ ექვემდებარება ის გასაოცარი (თუ გამაოგნებელი არა), ფაქტი, რომ 1948 წლიდან მოყოლებული, სამხრეთ კორეის არც ერთ პრეზიდენტს ,,მშვიდობიანად,’’ არ ჩაუთავებია საპრეზიდენტო ვადა. ყველა მათგანი, გამონაკლისის გარეშე, კორუფციული გარიგებების მსხვერპლი შეიქმნა. თუ გასული საუკუნის შუა ხანებში კორუფციის არსებობა კიდევ გასაგები იყო, რადგან, კორეა მაშინ საკმაოდ ჩამორჩენილი ქვეყნების რანგში გადიოდა, დღეს, ანუ, ბოლო პრეზიდენტი ქალის, - პაკ კინ ჰე-ს სკანდალური გადადგომა, მისი კორუფციულ სკანდალში გახვევის გამო, ყოვლად გაუგებარია. მას ბრალად ედება (უფრო სწორად, უკვე დაუმტკიცდა), 76 მილიონი დოლარის ღირებულების კორუფციულ აფერაში მონაწილეობა და მას 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და დღეს იგი უკვე პატიმრობაში იმყოფება საპატიმრო დამღით, - ,,ნომერი 503’’.
ამ საპრეზიდენტო კორუფციულ ვაკხანალიაში ორი რამ არის გასაკვირი, უფრო სწორად სამი რამ!
პირველი ის, რომ ვერცერთმა შემდგომმა პრეზიდენტმა წინა პრეზიდენტის დანაშაულებრივი ქმედებებიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანა და ისე იქცეოდა, როგორც ახალბედა მძღოლი, რომელიც ავტოავარიების ხილვისას საკმაოდ დამშვიდებული გამოიყურება, რადგანაც დარწმუნებულია, რომ მას ეს არ შეემთხვევა!
მეორე ის, რომ საპროტესტო ტალღას სათავეში ყოველთვის სტუდენტობა ედგა, როგორც ყველაზე უკომპრომისო და შეურიგებელი ნაწილი საზოგადოებისა, რომელსაც წესით, ყველაზე ნაკლებად უნდა ეცალოს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად.
მესამე, ყველაფრის მიუხედავად ქვეყანა არა თუ მაინც ვითარდება, არამედ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების პირველ ოცეულში იმყოფება; უფრო მეტიც, 2016 წლის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით სამხრეთ კორეას მსოფლიოში მეთორმეტე ადგილი უჭირავს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, სავალუტო ფონდის შეფასებით, 29 ადგილი.
ცხადია კორუფციას, ამა თუ იმ მასშტაბებით, ყველა ქვეყანაში აქვს ადგილი. საკმარისია განვიხილოთ საფრანგეთის რამდენიმე პრემიერის, თუ პარიზის მერის მაგალითები, ინგლისის პრემიერის მაგალითი და ბოლოს და ბოლოს ის საშინელება, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში საბანკო სფეროს მიერ დატრიალებულმა ფინანსური კრიზისმა გამოიწვია, მაგრამ ის რასაც ადგილი აქვს კორეაში, ერთი ისეთი დასკვნის გაკეთების მიზეზს იძლევა, რომ ვშიშობთ, უკეთურებს კიდევ უფრო შემატებს რწმენას თავიანთი ქმედებების აუცილებლობაში საზოგადოებისადმი გაკეთებული სიკეთის კუთხით.
და მართლად, ისმის რიტორიკული კითხვა: როგორ შეიძლება ქვეყანამ, რომელიც 1960 წლამდე ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანას წარმოადგენდა, ასეთი ეკონომიკური განვითარების დონეს მიაღწიოს საპრეზიდენტო ხელისუფლების ასეთი პერმანენტული კორუფციული ვაკხანალიის ფონზე?
თუ კიდევ შეიძლება იმ შეხედულების გაზიარება, რომ თავდაპირველი სიდუხჭირიდან ქვეყნის აღმავლობის აუცილებელ პირობას, სწორედ კორუფცია წარმოადგენს, რომელიც ისეთივე როლს თამაშობის ქვეყნის ეკონომიკაში, როგორც საწვავ-საცხები ავტომობილის ძრავაში, მაშინ, რით შეიძლება აიხსნას მისი ასეთი მასშტაბებით არსებობა უკვე ეკონომიკური აღმავლობის იმ დონეზე, რომელსაც კორეამ დღეს მიაღწია? თუ უნდა დავასკვნათ ყოვლად დაუჯერებელი შეგონება, რომ, როგორც ძრავი ვერ იმუშავებს საწვავ-საპოხის გარეშე, ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მასტიმულირებელ ძალად კორუფციული გარიგებები უნდა ჩავთვალოთ?
სამხრეთ კორეის სასამართლო ხელისუფლების სასახელოდ და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის ნიშანსვეტად თუნდაც ის გამოდგება, რომ ერთ-ერთ პრეზიდენტს, ჩონ დუ ჰუან-ს სასამართლომ თავდაპირველად დახვრეტა მიუსაჯა, რომელიც შემდგომ ოც წლიანი პატიმრობით შეუცვალა, მის შემდგომ პრეზიდენტს, - რო დე უ-ს სასამართლომ ასევე ხანგრძლივ ვადიანი პატიმრობა მიუსაჯა და მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ ისინი ამნისტიის შედეგად გაანთავისუფლეს პატიმრობიდან. სულ უკანასკნელ პერიოდში უკვე 2017 წელს, როგორც აღვნიშნეთ - პაკ კინ ჰე-ს 24 წლიანი პატიმრობა მიესაჯა!
რა გამოდის? კორუფციის არსებობის წარმოუდგენელი დონის არსებობის პირობებშიც კი ქვეყანა შეიძლება ეკონომიკურ აღმავლობას განიცდიდეს! აბა ჩვენ რა გვჭირს? რა გვემართება?
თამაზ აქუბარდია,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი