ამ ბოლო ხანებში არაფერი მაკვირვებს და თითქოს არც არაფერი მაშინებს, მაგრამ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გუშინდელმა ქადაგებამ, უფრო კონკრეტულად კი მისმა ერთმა წინადადებამ არა მარტო შემაშინა, არამედ, დამთრგუნა კიდეც და სრული უსუსურობის განცდა დამიტოვა. როცა ერის სულიერი საჭეთმპყრობელი ასეთ განცხადებას აკეთებს, რა პერსპექტივაზე შეიძლება იყოს ქვეყანაში საერთოდ საუბარი?!
არადა, მისი უწმინდესობა საზოგადოების რიგითი წევრი არ არის - არც რიგითი სასულიერო პირია - ის არც მეტი, არც ნაკლები, უფლის რჩეული და ქართველი ერის სულიერი მწყემსმთავარია!
აბა დაუკვირდით მის სიტყვებს: „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, თუ ნარკოტიკებს დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ნარკოტიკებით ვაჭრობა და ნარკოტიკების მოყვანა“ http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/506718-ilia-meore-narkotikebis-mokhmarebaze-nebis-darthva-aris-mtroba-chveni-erisa.html?ar=A
მე პირადად ამ სიტყვებმა გაორების განცდა დამიტოვა: რას ნიშნავს, თუ ნარკოტიკებს დავუშვებთ, ნარკოტიკებით ვაჭრობა და ნარკოტიკების მოყვანა უნდა დავუშვათ?!
მის უწმინდესობას რომ ეთქვა, მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება თავისთავად ბოროტებაა, მაგრამ, მისი ლეგალურად გაყიდვა და მოყვანა არ უნდა დავუშვათო, ცოტას მაინც დავწყნარდებოდი, რადგან, ხომ შეიძლება მოხდეს სასწაული და ახალი ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომლებიც ასეთ, ერისთვის მომაკვდინებელ გადაწყვეტილებებს გააუქმებენ, მაგრამ, მან ეს არ თქვა და ის ბოლო ხავსიც გამომაცალა ხელიდან, რომელსაც დღემდე ვეჭიდებოდი... (ალბათ არა მარტო მე!).
ანუ, რა გამოდის? რადგან, ნარკოტიკის (არა აქვს მნიშვნელობა სუსტია თუ ერთბაშად მომაკვდინებელი) მოხმარების ლეგალიზება დავუშვით, გამოდის, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობა და ნარკოტიკის მოყვანაც უნდა დავუშვათ?!
ღრმად მწამს, რომ მის უწმინდესობას ამას არა მარტო ინტუიცია ალაპარაკებს- მას ჩვენგან განსხვავებით ღვთიური ხილვაც აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ, რადგან, ეს შემოგვაპარეს და გადავყლაპეთ (დავუშვით), არც მეორე და საბოლოოდ მომაკვდინებელი გაგრძელებაც არ უნდა გაგვიკვირდეს!
ბევრი მიიჩნევს, რომ მისი გუშინდელი განცხადება „ნარკოტიკის მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა“ უკან მიდევნებული ლამპარია, რადგან, მას ადრე უნდა მოეხდინა პრევენცია და ეთქვა, რომ ვინც ამას ხელს მოაწერს, ერის მტრად შეირაცხებაო!!!
არიან ისეთებიც, ვინც თვლიან, რომ პატრიარქმა თავისი განცხადებით მოსალოდნელ საშიშროებაზე წინასწარ მიგვანიშნა და ერს გამოფხიზლებისკენ მოგვიწოდა! მეც მინდა ამ ადამიანების რიგს შევუერთდე და ვირწმუნო, რომ მისმა უწმინდესობამ გაგვაფრთხილა: რადგან, ეს იკისრეს, უარესსაც არ მოერიდებიანო!
არამც და არმც არ მინდა გავივლო გულში, რომ მის სიტყვებში მოსალოდნელი უბედურების შეგუებაზე ყოფილიყო მინიშნება, როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია...
დიახ, ეს შეიძლება ყოფილიყო ერის გაფრთხილება მისი სულიერი მწყემსმთავრის მხრიდან, რომ უარესის მოლოდინში შეიძლება ვიყოთ, ან, პირიქით, წინასწარი გაფრთხილება, რომ ეს უბედურება არ დავუშვათ. მე ძალიან მინდა უფრო მეორე იყოს!