ღრმად პატივცემულო ჟურნალისტებო:
არა მარტო სალომე ზურაბიშვილი, არამედ, მეც მოგიწოდებთ - „ცოტა ტვინი გაანძრიოთ“ და ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვათ და თავისი ადგილი მიუჩინოთ, თორემ, საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებისთანავე, თუ ქალბატონ სალომეს სიტყვების პერიფრაზირებით ვიტყვით, მთელი საქართველო იგრძნობს, რომ „ქაჯები“ კი არ წასულან, „ქაჯები“ მოდიან!
მე პირადად საშიშროებას იმაში კი არ ვხედავ, საპრეზიდენტო კანდიდატი ჟურნალისტებს, ზოგადად, ქართულ მედიას, ასე თავხედურად (უცერემონიოდ) რომ ელაპარაკება, არამედ, იმაში, რომ ეს არის სიგნალი - გაპრეზიდენტების შემთხვევაში რა ენაზე დაელაპარაკება იგი ქართულ საზოგადოებას!!!
მე არ ვიცი, რა დონისა და სტანდარტების დიპლომატია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ, უდავოა, რომ -უპირველესად, მან თავისი დიპლომატია საკუთარ ხალხთან მიმართებაში უნდა გამოამჟღავნოს - ჩემი დაკვირვებით, ჟურნალისტების მიმართ მისი გუშინდელი ხისტი და ცინიკური დამოკიდებულება ზოგადად ადამიანებისადმი ურთიერთობის სტილია, მისი ხელწერაა, რომელსაც ვერ წაართმევ!!!
გუშინდელი და საერთოდ, მისი ბოლოდროინდელი განცხადებები მაფიქრებინებს, რომ ეტყობა, ქალბატონ სალომეს თავი ქუდში აქვს და მისდამი საზოგადოების დამოკიდებულება ნაკლებად აინტერესებს.
არადა, დიპლომატი და მომავალი პრეზიდენტი ხალხს სხვა ენაზე უნდა ესაუბრებოდეს-შეიძლება უკომპრომისო (თუმცა, არა ხისტი) დამოკიდებულება გქონდეს კონკურენტის მიმართ, მაგრამ, მედიას ასე გამომწვევად ესაუბრო, ნიშნავს, რომ პრეზიდენტად დანიშვნის (სიტყვა „დანიშვნა“ შემთხვევით არ დამიწერია, რადგან, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა სხვას არაფერს ნიშნავს) შემთხვევაში მისი „ტრადიციული“ სიხისტე პიკს მიაღწევს და ღმერთმა იცის, ასეთ გამომწვევ და ღირსებააყრილ განცხადებებს რა ზიანის მოტანა შეუძლია საქართველოს იმიჯისთვის და ზოგადად, საქართველოსთვის!
გამომდინარე იქიდან, რომ პირადად ვიცნობ და იქიდანაც, რომ ქალბატონი და ქართველი ემიგრანტების შთამომავალია, უფრო შორს არ წავალ. ამასაც არ ვიტყოდი, გული საქართველოს მომავალზე რომ არ შემტკიოდეს!!!
P.S. მიუხედავად იმისა, რომ ზაზა პაპუაშვილის რეპლიკა “ჟურნალისტების მნიშვნელოვანი ნაწილი იტყუება და ნერვებს გვიშლიან“ ჟურნალისტებმა შეურაცხყოფად მიიღეს, პირადად მე ვეთანხმები, თუმცა, სალომე ზურაბიშვილისთვის „პირის მოწმენდის“ კონტექსტში, რა თქმა უნდა, არა! იმაშიც ვეთანხმები, რომ “ის უბედურება, რაც საქართველოში დატრიალდა, ამაში ლომის წილი ჟურნალისტების დევს“, მაგრამ, ეს ვიღაცის დასაცავად არ უნდა გვახსენდებოდეს...
ისე, ქართველი ჟურნალისტები მეტის ღირსნიც არიან, მაგრამ, როცა ცინიკურად პრეზიდენტობის კანდიდატი გესაუბრება, მაშინ მაინც უნდა დაუმტკიცო, რომ ტვინის განძრევა ნამდვილად შეგიძლია!
არადა, მეც ხომ ჟურნალისტი ვარ...