გუშინ, დედა ენის ბაღში, საინიციატივო ჯგუფმა ქართული მედიის წინაშე წარადგინა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილის სამოქმედო პროგრამა.
პრეზიდენტობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილმა პირმა, საინიციატივო ჯგუფის წევრმა, პუბლიცისტმა ზაურ ნაჭყებიამ ჟურნალისტებს გააცნო თეიმურაზ შაშიაშვილის წინასაარჩევნო სტრატეგია. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილი გახლდათ ისიც, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი პირადად არ ესწრებოდა საინიციატივო ჯგუფის შეკრებას.
ზაურ ნაჭყებიამ ისაუბრა წარდგენილი კანდიდატის მოტივაციებზე. საინიციატივო ჯგუფის აზრით, თეიმურაზ შაშიაშვილი არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პრინციპული პიროვნება და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, გააჩნია ყველა ის თვისება, რაც აუცილებელია საქართველოს პრეზიდენტისთვის.
საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა: პროფესორმა კობა კობალაძემ, ცნობილმა მუსიკოსმა გელა ფარჩუკიძემ, პროფესორმა ნინო ჟვანიამ, ახალგაზრდული გუნდის ლიდერმა ქრისტინე ჩაჩხიანმა, ჟურნალისტმა ლელა ებრალიძემ ისაუბრეს პრეზიდენტობის კანდიდატის უპირატესობებზე, თეიმურაზ შაშიაშვილის პიროვნულ ღირსებებზე, მის საპრეზიდენტო გეგმებსა და სტრატეგიაზე.
გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს, რომ აუცილებელია, დაიმსხვრეს საარჩევნო ტექნოლოგიებად ჩამოყალიბებული მახინჯი პრაქტიკა და მათ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა უნდა იმუშაოს ამომრჩევლის უანგარო მხარდაჭერის მიღებაზე. მათი აზრით, ასეთი ელექტორატის დეფიციტს ქართული საარჩევნო სივრცე არ განიცდის, მთავარია მათთან დროული, სწორი და გულწრფელი კომუნიკაცია.
პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი უახლოეს დღეებში უკვე თავად წარსდგება საზოგადოების წინაშე და ისაუბრებს ახალი სტანდარტის საარჩევნო სტრატეგიაზე, რომლის განხორციელებასაც თითოეულ მხარდამჭერთან ერთად აპირებს.