„აჭარის ლომად“ წოდებული ასლან აბაშიძე საკმაოდ არაორდინალური პიროვნება იყო - შიგნით (აჭარაში) ყველას შიშის ზარს სცემდა, ხოლო, გარეთ მასზე ლეგენდები დადიოდა: ხან რას აბრალებდნენ და ხან რას!
არადა, ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული ფორმალური დაპირისპირება ორივე მხარეს აწყობდა - შევარდნაძეს ადვილად შეეძლო ბიუჯეტის სიმწირე და მასთან დაკავშირებული პრობლემები „ურჩი ფეოდალისთვის“ (ასეც მოიხსენეიბდნენ ასლან აბაშიძეს) დაებრალებინა და საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ რეგიონთან ურთიერთობის გართულება მეზობელ სახელმწიფოსთან (თურქეთთან) ურთიერთობის გართულებებსაც გამოიწვევდა, რადგან, აბაშიძის მთავარი დასაყრდენი მაშინ ბათუმში დისლოცირებული რუსული შენაერთები იყო, რომლებსაც უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებდა (ოხ, ეს ყარსის მაგიური ხელშეკრულება).
თავად „ურჩი ფეოდალი“ ფაშასავით გრძნობდა თავს საკუთარ „სამეფოში“ - მის დაუკითხავად აჭარაში ჩიტიც ვერ შემოფრინდებოდა.
მე არ ვიცი, რა ცოდვა-ბრალი მიუძღვის ასლან აბაშიძეს გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში (არადა, თვითონ „დანიშნა“ აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ), მაგრამ, ერთი რამის თქმა დაბეჯითებით შეიძლება: აბაშიძემ პუტჩის შემდგომი აჭარა „მხედრიონის“ თარეშს და რეგიონში მოსალოდნელ სხვა გართულებებს გადაარჩინა, რაც მის დადებით აქტივში უნდა ჩავთვალოთ.
რამ გამახსენა ასლან აბაშიძე?
ახლავე გეტყვით: ამ რამდენიმე დღის წინ, როცა საინიციატივო ჯგუფმა ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა(ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გავრცელდა), შემომიხტნენ ე.წ. ზიადისტები და ნიშნისმოგებით მისაყვედურეს - ეს ის შაშიაშვილი არ არის, ქუთაისში ზვიადისტებს (გამსახურდიას სამხედრო ფორმირებებს) რომ არ უშვერბდა თბილისისკენო?
- დიახ, ეს ის შაშიაშვილია-მეთქი, ვუპასუხე „ამბოხებულებს“ და პოლემიკის გაგრძელება საჭიროდ არ ჩავთვალე.
რადგან იმერეთის ყოფილ გუბერნატორს ზვიადისტები სამხედრო შენაერთების ქუთაისთან შეჩერებაში (მათი ტერმინოლოგიით, გამსახურდიას მომხრეები ქუთაისიდან არ გამოატარა) ადანაშაულებენ, დაბეჯითებით ვიტყვი - ეს არის სწორედ თეიმურაზ შაშიაშვილის სახელმწიფოებრივი ხედვა და თავგანწირვა - დაგვეთანხმებით, მაშინ, ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან დიდი ვაჟკაცობა იყო.
არავინ უარყოფს, რომ კანონიერი ხელისუფლების დამხობა კატასტროფა იყო და ამ ცოდვას დღესაც იმკის საქართველო, მაგრამ, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა მაშინ, თუ გამსახურდიას დაქვემდებარებულ სამხედრო ფორმირებებს თბილისში ჩამოიტყუებდნენ - რა სისხლის კალო დატრიალდებოდა ქვეყანაში და ახალ „ბართლომეს ღამეს“ მოუწყობდნენ ერთმანეთს ბარიკადების სხვადასხვა მხარეს მდგომი ქართველები.
მახსენდება, 1997 თუ 1998 წელი, როცა აკაკი ელიავას „ლაშქარი“ დაიძრა თბილისისკენ.მაშინ თეიმურაზ შაშიაშვილი ყოველგვარი დაცვის გარეშე მივიდა ამბოხებულებთან და კატეგორიულად განუცხადა, რომ ელიავას ლაშქარს არ გაატარებდა.აქვე ამომიტივტივდა ელიავა-შაშიაშვილის მაშინდელი დიალოგი.
შაშიაშვილი: აგერ ვარ მე ხელისუფლების წარმომადგენელი და თუ გინდა, მესროლე!
ელიავა: რად მინდა მე შენი მოკვლა , შენი მოკვლა რომ მინდოდეს, ახლავე მოგკლავდი!
სხვათაშორის, თემურ შაშიაშვილის მაშინდელმა ცდამ, მოლაპარაკება ეწარმოებინა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, შედეგი გამოიღო და საქართველო კიდევ ერთხელ ასცდა ძმათამკვლელ ომს-ახალ სამოქალაქო დაპირისპირებას!
რაც არ უნდა იძახონ ე.წ. ზვიადისტებმა, ასევე დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ თეიმურაზ შაშიაშვილს არა აქვს ხელები გასვრილი 1991-1992 სახელმწიფო გადატრიალებაში. პირიქით, მაშინაც სწორ პოზიციაზე იდგა და დაპირისპირებულ მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდებდა.
თეიმურაზ შაშიაშვილს ქუთაისის მერად მუშაობის პერიოდში საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა „მხედრიონის“ მაშინდელ ლიდერთან, ჯაბა იოსელიანთან. სწორედ მისმა შეუვალმა პოზიციამ გადაარჩინა ქუთაისი და ზოგადად იმერეთი, მხედრიონის თარეშს.
სამაგალითოა იმერეთის მაშინდელი გუბერნატორის თეიმურაზ შაშიაშვილის უკომპრომისო დამოკიდებულება ქურდულ სამყაროსთან მიმართებაშიც - საყოველტაოდ ცნობილია, რომ მაშინდელ ქუთაისში ქურდებმა დასაყრდენი ვერ იპოვეს და სხვა ქვეყნებს და ქალაქებს მიაშურეს...
სწორედ ასეთი უშიშარი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტი სჭირდება საქართველოს და არა „კომბოსტოს ფოთოლში“ გახვეული ან ათას პარტია-მოძრაობა გამოტარებული ლაქიები და სისხლისმსმელები!
P.S. ყოველთვის ჯანსარი პოლემიკის მომხრე ვარ-პოლემიკა ცრუ ბრალდებებზე და თითიდან გამოწოვილ „არგუმენტებზე“ არ უნდა იყოს აგებული.კამათში არც პიროვნული შეურაცხყოფის მომხრე ვარ.
რაც შეეხებათ ზვიადისტებს - სამწუხაროდ, ისინი დღემდე ვერ განთავისუფლდნენ „ბაცილებისგან“. დღემდე ვერ აცნობიერებენ, რომ შეცდომა მაშინ იქნა დაშვებული, როცა შიდა და გარე ავანტიურისტებს კანონიერი ხელისუფლების დამხობის უფლება მივეცით.ხელისუფლების აღდგენის ყოველი შემდგომი ცდა კი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიმართული ნაბიჯი იყო, რომელსაც ქვეყანა ვერ გადაიტანდა.
უფალმა გაანათლოს საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტის ზვიად გამსახურდიას სული, მაგრამ, ამ თემით სპეკულირება არა მარტო დროში ჩარჩენის ნიშანია!