ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: გაბახებული ქართული დემოკრატია და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მესაფლავე სალომე ზურაბიშვილი

ზაურ ნაჭყებია: გაბახებული ქართული დემოკრატია და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მესაფლავე სალომე ზურაბიშვილი

ის, რაც გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ იკადრა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული ირაკლი კობახიძის პირით გვამცნო, არც მეტი, არც ნაკლები - ქართული დემოკრატიის გაბახება და ქართული საზოგადოების სულში ჩაფურთხებაა (ვაი და უი იმ ქვეყანას, რომელსაც ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ ეყოლება!).

 

ის კი არ არის ტრაგედია, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად რომ გვტენიან (ბოდიშს ვიხდი უხამსობისთვის), კატასტროფაა, როცა საკუთარი (ფორმით ქართული, შინაარსით ანტიქართული) ხელისუფლება ასე უტიფრად დაგვცინის და სახელმწიფოს საბოლოოდ ჩამოშლაზე იძულებით ხელს გაწერინებს.

 

„ქართულ ოცნებას“ აქვს (ჰქონდა) უფლება საკუთარ ფავორიტად სალომე ზურაბიშვილი დაასახელოს (დაესახელებინა) და მხარდაჭერისკენაც მოგიწოდოს, მაგრამ, მას არა აქვს უფლება მის მიერ უტიფრად მხარდაჭერილი „დამოუკიდებელ“, „ზეპარტიულ“ კანდიდატად გაასაღოს და დღისით-მზისით საკუთარ ხალხს თვალში ნაცარი შეაყაროს!

 

ზურაბიშვილისადმი საზოგადოების ანტიპათიას რომ თავი დავანებოთ (თბილისში და რეგიონებში ჩვენს მიერ გამოკითხული რესპოდენტების უმრავლესობისთვის იგი მიუღებელია, როგორც მომავალი პრეზიდენტი), ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით საკუთარ თავს კანონგარეშედ აყენებს - მას არა აქვს უფლება სახელმწიფოს რესურსების (იგულისხმება როგორც ფინანსური, ასევე ადმინისტრაციული რესურსები) გამოყენებით, ტოტალური გაყალბების გზით, თავს მოგვახვიოს საზოგადოებისთვის უმრავლესობისთვის მიუღებელი კანდიდატი და ამით რევოლუციური წინაპირობები შექმნას, რომლითაც, როგორც ყოველთვის, ნაძირლები (ანტიქართული ძალები) ისარგებლებენ.

 

დიახ, „ქართული ოცნება“ გუშინდელი გადაწყვეტილებით მკაცრი დილემის წინაშე აყენებს საზოგადოებას. იმის შიშით, რომ „ნაციონალებმა“ და ბოკერიას ჯგუფმა არ ჩაიგდოს ხელში პრეზიდენტის პოსტი, ამ რეალობასთან შეგუებას გვავალდებულებენ და უტიფრად გვეუბნებიან, რომ არც შენი არჩევანი აინტერესებთ და არც ე.წ. დამოკრატიაც და როცა უნდათ, მას მაშინ გააბახებენ! 

 

წარმოიდგინეთ, რა სასაცილო შედეგით დასრულდება „დამოუკიდებელი“ კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო მარათონი გაყალბების მანიპულაციის გარეშე!

 

არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ ხელ-ფეხი გაუხსნა რევოლუციურ აღტკინებას ქვეყანაში, რომლის შედეგი, თუ რეალურად არ გავიაზრეთ და ხელი არ შევუშალეთ, „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება იქნება. არ ვაზვიადებ: ქვეყანაში სიტუაციის არევის შემთხვევაში, სწორედ „ნაცმოძრაობაა“ ის ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ძალა, რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია მოახდინოს რევოლუციის პროვოცირება და მოსალოდნელი შედეგითაც თვითონვე ისარგებლოს!

 

ახლა ისევ ირაკლი კობახიძის განცხადებას დავუბრუნდეთ: „ქართული ოცნება“, თურმე, მხარს უჭერს დამოუკიდებელ „ზეპარტიულ“ კანდიდატს (თუ მმართველი პოლიტიკური პარტია მხარს უჭერს, როგორ არის „ზეპარტიული“?) ქართული ემოგრაციის ღირსეული წარმომადგენლების შთამომავალს, „უნაკლო“ დიპლომატს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის, თურმე, რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანაში და რომელსაც ობიექტური შეფასება მიუცია 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისთვის.

 

ცრუობს „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკურად არშემდგარი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, როცა სალომე ზურაბიშვილს „ზეპარტიულ“ „დამოუკიდებელ“ კანდიდატად წარმოგვიდგენს.

 

ცრუობს ირაკლი კობახიძე, როცა სალომე ზურაბიშვილს „უნაკლო“ „ევროპული ტიპის“ დიპლომატად წარმოაჩენს - ჯერ ერთი, ზურაბიშვილს დიპლომატიური ენით საუბარი ნამდვილად უჭირს, მეორეც, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში თავად სააკაშვილი იყო პრემიერ-მინისტრიც და საგარეო საქმეთა მინისტრიც და მისი ნების გარეშე ყოველგვარი ინიციატივა იბლოკებოდა (ან ვინ გაბედავდა). 

 

ასე რომ, ბლეფია იმის მტკიცება, რომ რუსული სამხედრო ძალები საქართველოდან ზურაბიშვილმა გაიყვანა, მითუმეტეს, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივია ზურაბიშვილის ოფიციალური შეფასება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით - არანაირი დიპლომატიის ჩარჩოში არ ჯდება პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება, რომ ომი „გიჟმა სააკაშვილმა“ დაიწყო და ამით საერთაშორისო ასპარეზზე არა მარტო დარტყმის ქვეშ დააყენო საკუთარი ქვეყანა, არამედ ხელი შეუწყო რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების „დემოუკიდებელ“ სახელმწიფოებად აღიარებას. ზურაბიშვილის არადიპლომატიური განცხადების მიღმა სწორედ ეს ავანტიურა იმალება და ეჭვგარეშეა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საქართველო მიტაცებულ ერიტორიებს საბოლოოდ დაემშვიდობოს!

 

სწორედ ასეთი ხისტი, არადიპლომატიური განცხადებები მაფიქრებინებს, რომ სალომე ზურაბიშვილი წმინდა რუსული პროექტია, რომლის გაპრეზიდენტება დამოკლეს მხვილი იქნება საქართველოსთვის! თუმცა, გამოთქმა „რუსული პროექტიც“ პირობითია, რადგან იგი სხვა საერთაშორისო სტრუქტურების ვალდებულებებითაც არის დატვირთული, რომელსაც მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის.

 

მე პირადად ნაკლებად მაღელვებს, რომ სალომე ზურაბიშვილი გამართული ქართულით ვერ მეტყველებს - ჩემთვის უფრო საშიშია მისი „ინტერნაციონალური“ მენტალობა, რომელიც შორს დგას ყოველივე ქართულისგან. სხვათაშორის, არც ნიკო ნიკოლაძის პირდაპირი შთამომავლობაა მისთვის ალიბი - ნიკო ქართული მოვლენა იყო, ქართულ წიაღშივე აღზრდილი, ევროპულად მოაზროვნე, მაგრამ ქართული (ეროვნული) ტრადიციების ერთგული, რასაც ვერ ვიტყვით მის შთამომავალზე.

 

არანაკლებ დამაფიქრებელია „ქართული ოცნების“ რჩეულის რელიგიური მრწამსიც, მითუმეტეს, თუ ქართული იდენტობა მართლმადიდებლობასთან ასოცირდება (ეკლესიაში შესვლა და სანთლის დანთება მართლმადიდებლობას არ ნიშნავს)! უფრო შორს არ წავალ...

 

რა უნდა ვქნათ ამ მომცემულობაში - არსებობს თუ არა გამოსავალი გარდა რევოლუციისა (არეულობის), რომელსაც კულუარებში უკვე აანონსებენ?!

 

აქსიომაა, როცა არსებული (ნებისმიერი) ხელისუფლება სხვა გზას არ გიტოვებს, მასთან საზოგადოების სახიფათო „ფლირტი“ ყოველთვის რევოლუციით მთავრდება. თუმცა, არც ერთ ეპოქაში, არც ერთ რევოლუციას არც ერთი სახელმწიფოსთვის სარგებელი არ მოუტანია!

 

მითუმეტეს, რევოლუცია (თავისი ტრადიციული გაგებით) სარგებელს არ მოუტანს დღევანდელ საქართველოს, რადგან, როგორც ზემოთ ვთქვით, არ არსებობს ორგანიზებული პოლიტიკური ძალა (გარდა „ნაციონალებისა“), რომელიც, თუნდაც ამ ხელისუფლებას ჩაანაცვლებს. ჩემი აზრით, სწორედ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა ყოფილიყო ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირების წინაპირობა. ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ასე არ იქნება.

 

სამწუხაროდ, არც აქა-იქ გაჟღერებული არჩევნების ბოიკოტი მოგვცემს შედეგს, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს თუნდაც ამომრჩეველთა 1 პროცენტი მაინც. ცხადია, დღევანდელ პირობებში საყოველთაო ბოიკოტის მიღწევა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, რჩება ერთადერთი გზა - „საარჩევნო რევოლუცია“ - ქართველი ამომრჩეველი უნდა დაირაზმოს ერთი, მეტ-ნაკლებად მისაღები კანდიდატის გარშემო და „ქართული ოცნება“ პირში ჩალაგამოვლებული დატოვოს!

 

ეს რომ რეალურია, 2012 წლის არჩევნების შედეგებმაც დაადასტურა - თვით სააკაშვილის რეჟიმმაც ვერ გაბედა არჩევნების ტოტალურად გაყალბება და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა.

 

დღევანდელ მოცემულობაში ნამდვილად არის ასეთი კანდიდატი ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის სახით, რომელსაც გამოცდილებაც და მორალური უფლებაც აქვს ჰქონდეს პრეტენზია პრეზიდენტობაზე და იხსნას ქვეყანა მოსალოდნელი პოლიტიკური კატაკლიზმებისგან.

 

შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ თეიმურაზ შაშიაშვილი არც ამერიკის და არც რუსეთის პროექტია. იგი საკმაოდ ერუდირებული და პოლიტიკურ ბატალიებში გამოწრთობილი ქართული ფენომენია, რომელსაც მყარად აქვს გააზრებული, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს, როგორ შევინარჩუნოთ ქართული იდენტობა ამ გამოწვევებისთვის სათანადო „ხარკის“ გადახდის აუცილებლობის პირობებშიც კი! 

 

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას: თეიმურაზ შაშიაშვილი სწორედ ის პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც შეუძლია დააბალანსოს შიდა პოლიტიკური სიტუაცია და საერთაშორისო ასპარეზზეც ღირსეულად წარმოადგინოს ქვეყანა ამ შეკვეცილი საპრეზიდენტო უფლებამოსილების პირობებშიც კი.

 

„ქართული ოცნების“ გუშინდელმა უტიფარმა გადაწყვეტილებამ უნდა დააფიქროს ქართველი ამომრჩეველი და ამ ერთხელ მაინც სწორი, იძულებითი აუცილებლობით ნაკარნახევი არჩევანი უნდა გააკეთობინოს - შექმნილი სიტუაცია გვავალდებულებს არ წამოვეგოთ ხელისუფლების ანკესზე და გავერთიანდეთ თეიმურაზ შაშიაშვილის კანდიდატურის გარშემო, რომელიც დღევანდელ მოცემულობაში ყველაზე რეალური გადაწყვეტილება იქნება. თუ სხვა არგუმენტი გექნებათ, სიამოვნებით მოგისმენთ და პირადად მე მხარსაც დაგიჭერთ.

 

ჩემი ხმა „საარჩევნო რევოლუციას“ - სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს!

 

P.S. მე შეგნებულად ვიკავებ თავს ბიძინა ივანიშვილის როლის შეფასებაზე გუშინდელ გადაწყვეტილებაში და მისთვის ყველა იმ ტვირთის დაკისრებაზე, რომელსაც იგი ავად თუ კარგად ატარებს. ფორმალურად, მისი კეთილი ნების გარეშე, როგორც იტყვიან, ჩიტიც ვერ შემოფრინდება, თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატონი ბიძნა ივანიშვილი საკუთარი მდგომარეობის მძევალია. 

 

ერთადერთი, ვისაც ამ ანომალიური პერსპექტივის შეჩერება შეუძლია, ქართველი ხალხი, ქართველი ამომრჩეველია, რომელსაც ტოტალური გაყალბების პირობებშიც კი ხელეწიფება ხელისუფლებას გამოსტაცოს ანტიქართული  ინიციატივები!

 

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, სწორედ ის დააჭედებს უკანასკნელ ლურსმანს  „ქართული ოცნების“ „პოლიტიკურ“ კუბოზე და საბოლოოდ აზრს დაუკარგავს არჩევნების პერსპექტივასაც ქვეყანაში.

 

10-09-2018, 12:01
უკან დაბრუნება