ივერიონი / ფადი ასლი ახალი მთავრობის უყურადღებობით უკმაყოფილოა

ფადი ასლი ახალი მთავრობის უყურადღებობით უკმაყოფილოა

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი "ბიზნესკურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ ძველი მთავრობა ბიზნესთან ურთიერთობისთვის მზად იყო, ახალი კი ტელეფონსაც არ პასუხობს.

 

"შეშფოთებული ვარ ქვეყანაში არსებული მდგომარეობით. სოციალური არასტაბილურობა, გაფიცვები - ინვესტორებისთვის ცუდი გზავნილია. საქართველოს ეკონომიკა ძირითადად უცხოურ კაპიტალზეა დამოკიდებული, თუ ისინი დაფრთხებიან, დეფიციტი წარმოიქმნება და ლარის გაუფასურება დაიწყება. ამ ორი თვის განმავლობაში არც ერთი უცხოური ინვესტიცია არ შემოსულა და ჩემი პროგნოზით ეს სიტუაცია უახლოესი 3 თვის განმავლობაში არ მოგვარდება. დრო არ ითმენს, მთავრობამ სასწრაფო სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს. მმართველი გუნდიდან ბიზნესთან თანამშრომლობის არავითარი ინიციატივა არ მოდის. ძველი მთავრობა ყოველთვის მზად იყო ინვესტორებთან შესახვედრად, ახალი მთავრობა კი არც ტელეფონს და არც ელექტრონულ წერილებს არ პასუხობს", - აცხადებს ფადი ასლი "ბიზნესკურიერთან" საუბრისას. 

 

ფადი ასლი ამბობს, რომ თურქი ბიზნესმენები, რომლებთანაც ძველ მთავრობას ენერგეტიკულ პროექტებზე მემორანდუმი ჰქონდა გაფორმებული, დღეს საქართველოთი აღარ ინტერესდებიან.

 

"მათ არ მოეწონათ განცხადება ელექტროენერგიის ტარიფების გაიაფებასთან დაკავშირებით, რადგან ინვესტიციების ამოღებას სწორედ იქედან გეგმავდნენ. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა უკვე გადაწყვიტა პროექტი მაკედონიაში წამოიწყოს, რადგან დღეს იქ უკეთესი გარემოა", - განაცხადა სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა.

ფადი ასლი პრემიერ-მინისტრის  მიერ ინიცირებულ საინვესტიციო  ფონდის შექმნასთან დაკავშირებით უარყოფით მხარეებზეც საუბრობს.

 

"პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, საინვესტიციო პროექტების 75% საკუთარი ფულით დააფინანსოს, ერთი მხრივ, კარგი ნაბიჯია, თუმცა, მეორე მხრივ, დიდ შეკითხვას აჩენს. ვინ გაბედავს ისეთ არეალში შესვლას, სადაც კონკურენტი მთავრობის მეთაურია: მისია როგორც ფინანსები, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება. ის არის კანონიერი ინიციატორი, ანუ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ეს მმართველობის ცუდი ფორმაა, რადგან ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს, პრაქტიკულად, ძველი მთავრობის ჩანაცვლებაა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბიზნესპროცესში", - განაცხადა ფადი ასლიმ.

24-11-2012, 17:34
უკან დაბრუნება