175 წლის წინათ დაიბადა ეპოქალური მასშტაბის, ქართველობის იდენტობის განმსზღვრელი მნიშვნელობის პიროვნება - ნიკო ნიკოლაძე.
ნიკო ნიკოლაძის ფენომენი ცალკე ინსტიტუტების შესწავლის საქმეა.
მის მიერ გაკეთებული საქმე კი - ყველა ქართველისთვის სამოქმედო სახელმძღვანელოა, როდესაც გარემოებათა ცვლა არ იწვევს პიროვნების ფერისცვალებას.
ფეოდალური საქართველო, მეფის რუსეთის კოლონია, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა - კაპიტალისტური წყობილებითა და ბურჟუაზიასთან მებრძოლი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (ნ.ჟორდანიას მეთაურობით) ხელისუფლებით, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (ბოლშევიკების) მიერ დამოუკიდებელი საქართველოს დაპყრობა, კომუნისტური სახელმწიფო და პროლეტარიატის დიქტატურა.
ნიკო ნიკოლაძემ დაამტკიცა ის, რომ სხვა დროშიც და განსაკუთრებით, ბოლო 30 წლის მანძილზე, საქართველოში გავრცელებული ყოველ სამ-ოთხ წელიწადში პოზიციებისა და ქცევების შეცვლა - უზნეობაა და არა გარემოებათა შედეგი.
ნიკო ნიკოლაძე სიცოცხლეში ყოველთვის საზოგადოებრივი ცხოვრების მწვერვალზე იდგა და საქართველოსათვის მანათობელი შუქურის როლს ასრულებდა
მის მემკვიდრეობას ამ ფუნქციის შესრულება დღესაც შეუძლია, თუმცა ეს შესაძლებლობა გამოუყენებელია.
საქართველო ისე არ წახდება, რომ ნიკო ნიკოლაძე დაივიწყოს. მიმოფანტულად, მაგრამ დღეს მის სახელს მაინც ვადიდებთ. მას ჰყავს მუდმივი გულშემატკივრები - ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების (პრეზიდენტი რამაზ ნამიჭეიშვილი), ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის სამეცნიერო კოლექტივის (დირექტორი ლია ბიბილეიშვილი) და სხვების სახით.
მაგრამ, მაინც, რა ხდება იქ, სადაც ამის ყველაზე დიდი საშუალებებია - საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი, სამინისტროები, ქუთაისის, სამტრედიის მუნიციპალიტეტები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, უნივერსიტეტები... რატომ არ მართავენ მასშტაბურ, ქვეყნისმომცველ ღონისძიებებს?
რატომ არ აღნიშნავენ?
ამის არც ფინანსური, არც მატერიალური, არც ადამიანისეული რესურსის პრობლემა დღეს ქვეყანას არ აქვს (გაჭირვებულ ჟამს თემურ შაშიაშვილის თაოსნობით გრანდიოზულად აღინიშნა ნიკო ნიკოლაძის 160 წლის იუბილე, მაგრამ შემდეგ ხომ იყო 165, 170...).
მაშინ, შენ რომ ეს სავარძელი გიკავია და სახელმწიფოს მართვის ფუნქცია გაკისრია, რა მიზნით, რა მოტივაციით საქმიანობ?
მე ასე წარმომიდგენია, რომ ყველა სახელმწიფო კაცი ფიქრობს ისე იღვაწოს ქვეყნისთვის, რომ შემდგომში მისი სახელი ერს და ქვეყანას ისე დარჩეს, როგორც ნიკო ნიკოლაძის. შეიძლება მაშტაბების ამბიცია ასეთი არ გქონდეს, მაგრამ ორიენტირი ხომ ეს უნდა იყოს?!
თუ ეს არ გაქვს, მაშინ რაშია მოტივაცია? მოასწრო?
ნიკო ნიკოლაძესაც იმიტომ ხომ არ ივიწყებ, რომ შემდგომში შენი ქცევა „ახსნა და გაამართლო“ - ნიკოლაძეც კი იყო, მაგრამ ახსოვს ვინმეს?
ეს არადამოუკიდებელ საქართველოშიც არ იკადრა კომუნისტებმა და სახლ-მუზეუმი მოუწყვეს ნიკო ნიკოლაძეს.
სოხუმის დაცემაც მეეჭვება ახსოვდეს იმას, ვისაც ნიკო ნიკოლაძე არ ახსოვს. სოხუმის დაცემით რა მოხდა? ნიკო ნიკოლაძეც მოკლეს ჟიული შარტავასთან ერთად! (დიდება სოხუმში დაღუპულ გმირთა სახელებს და თანაგრძნობა სოხუმელებსა და აფხაზეთელებს, განსაკუთრებით ოკუპაციის ქვეშ მცხოვრებთ!). ნიშანი სოხუმში დაბრუნებისა იქნება იქ ნიკო ნიკოლაძის ხსოვნის აღდგენა!
თუმცა, არა უშავს: ნიკო ნიკოლაძე უცვლელი სიდიდეა - ქართველი ერიც უკვდავია, ხოლო მთავრობა აუცილებლად ეყოლება დამოუკიდებელ საქართველოს ისეთი, რომელიც ნიკო ნიკოლაძის არა მარტო საიუბილეო თარიღებს, არამედ ყოველწლიურად აღნიშნავს მის დაბადების დღეს, პატივს მიაგებს მის ხსოვნას - გამოვა ფულის ნომინალები მისი სახის გამოხატულებით, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს - მის ოცნების აღსრულებას - მიანიჭებს მის სახელს და ა.შ.
მანამდე კი იამაყეთ, იტრაბახეთ კიდეც ქართველებო!
თქვენ გზას ნიკო ნიკოლაძე გინათებთ!
ჯვართამაღლებას გილოცავთ!