ივერიონი / რატომ ჩაგრავს „მეგრული თხილი“ „დარჩელის თხილს“ და რატომ ეწინააღმდეგება საკუთარ თავს სამინისტრო?!

რატომ ჩაგრავს „მეგრული თხილი“ „დარჩელის თხილს“ და რატომ ეწინააღმდეგება საკუთარ თავს სამინისტრო?!

 

პაატა კოღუაშვილი,

პროფესორი, სსმმა აკადემიკოსი

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, 2015 წელს გაიხსნა კოოპერაციული ტიპის თხილის გადამმუშავებელი საწარმო, რომლის დაფინანსება განხორციელდა სახელმწიფო სახსრებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეუწყების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განვითარების სააგენტოს მიერ. ეს საწარმო გადაეცა კოოპერატივ „დარჩელის თხილს“ 5 წლიანი გამოსყიდვის უფლებით. კოოპერატივ „დარჩელის თხილში“ გაერთიანებულია დარჩელის თითქმის მთელი მოსახლეობა და ამ ეტაპზე მისი წევრების რაოდენობა 500-ზე მეტია. 

 

მიმდინარე წელს იგივე სოფელ დარჩელში, შპს „მეგრულმა თხილმა“ გახსნა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის საშრობი და შემნახველი  საწარმო, სადაც წლიურად 1000 ტონა თხილის გარჩევა, გაშრობა და დასაწყობებაა შესაძლებელი. ეს კომპანია  გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეუწყების, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად განხორციელდა 862,440 ლარის ინვესტიცია, აქედან 344,976 ლარი გრანტია, ხოლო 116,528 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. კომპანიამ ასევე მიიღო AgriGeorgia/Ferrero-სა და USAID- ის „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) ფინანსური მხარდაჭერა. დაგეგმილია, რომ ეს შპს „მეგრული თხილიც“, კოოპერატივი „დარჩელის თხილის“ ანალოგიურად,  ყოველწლიურად მიიღებს და გადაამუშავებს დაახლოებით 500 ფერმერის მიერ წარმოებულ თხილს.

 

ფაქტიურად, სახელმწიფოს და კონკრეტულად გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ერთი და იგივე სოფელში მოხდა ორი საკმაოდ მაღალი სიმძლავრის საწარმოს დაფინანსება და რაც მთავარია, ორივე საწარმო ორიენტირებულია თხილის მიღებაზე არანაკლებ 500 პირიდან, ანუ ორივემ ცალ-ცალკე უნდა მოიცვას დარჩელის მთელი მოსახლეობა და მიმდაბარე სოფლებიც. თუ შპს „მეგრული თხილი“ არ ჩაიბარებს თხილს დარჩელის მოსახლეობიდან, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია და თხილის შესყიდვას გეგმავს სხვა სოფლებიდან, მაშინ, რატომ გახდა აუცილებელი ამ საწარმოს დაარსება დარჩელში და არა რომელიმე სხვა სოფელში? 

 

ფაქტიურად სახელმწიფომ თავისივე დაფინანსებულ კოოპერატივ „დარჩელის თხილს“ იმავე სოფელში გაუჩინა ისეთი სიმძლავრის კონკურენტი, რომლის წარმატებული საქმიანობის შემთხვევაში, კოოპერატივი „დარჩელის თხილი“ აუცილებლად დადგება სამეურნეო საქმიანობის პარალიზების და საბოლოო ჯამში გარდაუვალი კრახის წინაშე. 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ კოოპერატივ „დარჩელს თხილს“ თხილის გადამმუშავებელი საწარმო გადაეცა არა გრანტის სახით, არამედ შემდგომი გამოსყიდვის უფლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ კოოპერატივის წარუმატებელი საქმიანობის შემთხვევაში იგი ვერ შეძლებს საწარმოს გამოსყიდვას და სახელმწიფოს მიადგება სერიოზული მატერიალური ზარალი. 

 

ამის მიზეზი იქნება მხოლოდ და მხოლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაუაზრებელი ან მიზანმიმართული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგი. აღსანიშნავია ისიც, რომ შპს „მეგრული თხილის“ დაფინანსებაში, კოოპერატივი „დარჩელის თხილისგან“ განსხვავებით, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გრანტ-ელემენტს და მის კონკურენტუნარიანობას ასევე მნიშვნელოვნად ზრდის პროექტში ძლიერი ბრენდის AgriGeorgia/Ferreroს-ს მონაწილეობა.

 

ლოგიკურად იბადება კითხვა: რა მოსაზრებით მიიღო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საბიუჯეტო სახსრებით, ერთი და იგივე ლოკაციის სანედლეულო ბაზაზე, ორი ერთმანეთის კონკურენტი საწარმოს დაფინანსებაზე ყოვლად გაუმართლებელი და აბსურდული გადაწყვეტილება?! 

 

გარდა ამისა, საკითხი ეხება კიდევ ერთ არანაკლებ მნიშვნელოვან გარემოებას, რაც  ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, კოოპერაციული პროცესის მიმართ აშკარად არაადექვატურ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

 

საქმე იმაშია, რომ კოოპერატივი „დარჩელის თხილის“ საწარმოს შექმნამ იმედი გაუჩინა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ გამოსყიდვის შემდეგ ისინი მიიღებდნენ შემოსავლებს არა თხილის ჩაბარებით შუამავალი პირების და შპს-ების ნაკარნახევი დაბალი ფასებით, არამედ შეძლებდნენ თხილის გადამუშავებას საკუთარ კოოპერაციულ საწარმოში და გაცილებით მაღალი შემოსავლის მიღებას, რადგან გარჩეული და გადამუშავებული თხილი გაიყიდებოდა მაშინ, როდესაც მასზე გაზრდილი მოთხოვნის გამო გასაყიდი ფასი იქნებოდა გაცილებით მაღალი. 

 

სწორედ ამ მიდგომების საფუძველზე შეიქმნა კოოპერატივი „დარჩელის თხილის“ კოოპერაციული საწარმო, სადაც სახელმწიფო სახსრების განთავსება განხორციელდა მიზანმიმართულად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის  სწორად გააზრებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ამის შემდეგ იმავე სოფელში შპს-ს ტიპის საწარმოში საბიუჯეტო სახსრების განთავსება და ამით კოოპერაციული საწარმოს არსებობის მაღალი რისკის ქვეშ დაყენება, ამ სამინისტროს არსებული ხელმძღვანელობის ყოვლად გაუმართლებელი და არაადექვატური ხედვების შედეგია. 

 

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა შპს-ს, როგორც ორგანიზაციულ ფორმას თავისი  ადგილი გააჩნია საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მაგრამ დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე,  სწორედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესი წარმოადგენს ქართული სოფლის მოსახლეობის ინკლუზიური სამეწარმეო განვითარების ეფექტურ მექანიზმს და შესაბამისად, ამ პროცესის მიმართ არაადექვატური დამოკიდებულება და ამ კუთხით მდიდარი  საერთაშორისო გამოცდილების იგნორირება აუცილებლად შექმნის სერიოზულ პრობლემებს რაც ნეგატიურად აისახება საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური განვითარების მასშტაბური ღონისძიებების შედეგებზე.

 

28-09-2018, 10:41
უკან დაბრუნება