28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა დიდი თავსატეხი გაუჩინა საზოგადოებას, განსაკუთრებით იმათ, ვინც საერთოდ არ მისულა არჩევნებზე და ამით ღია პროტესტი გამოხატა „ქართული ოცნების“ არასწორი, არასახელმწიფოებრივი პოლიტიკის მიმართ! თუ დღეს საზოგადოებაში დამკვიდრებულ აზრს ვერწმუნებით, შუალედურ საპრეზიდენტო არჩევნებზე არმისვლა ნიშნავს, რომ ჩვენ სრულ კარტბლანშს ვაძლევთ ვაშაძეს გასაპრეზიდენტებლად, რაც მავანს და მავანს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების წინაპირობად ესახება.
არსებობს თუ არა რეალური საფრთხე „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების და რას მისცემს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება? გვესაუბრება საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „ივერიონის“ მთავარი რედაქტორი, პუბლიცისტი ზაურ ნაჭყებია.
- ბატონო ზაურ, თქვენ აქტიურად იყავით ჩართული საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის, თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდამჭერი. რა დასკვნის გაკეთება შეიძლება 28 ოქტომბრის შედეგების გათვალისწინებით?
თქვენ ერთ-ერთ სტატიაში ამბობდით, რომ არასდროს ყოფილხართ არა მარტო პრეზიდენტობის კანდიდატის, არამედ, დეპუტატობის კანდიდატის მხარდამჭერი და რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. რამ განაპირობა თქვენი არჩევანი? და კიდევ: რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის 28 ოქტომბრის შედეგები?
- დავაზუსტებ, მე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თეიმურაზ შაშიაშვილის, არა მარტო მხარდამჭერი ვიყავი, არამედ, მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელიც. ამასთან, ჩვენს მიერ დასახელებულ კანდიდატს წარმოვადგენდი ცესკო-შიც.
მოგეხსენებათ, ქართულ სინამდვილეში შინაგანად პატიოსან, სახელმწიფოწებრივად მოაზროვნე და რაც მთავარია, პატრიოტი პოლიტიკოსების დეფიციტია. ამ თვალსაზრისით ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი წარმოდგენილ კანდიდატებს შორის გამორჩეული ფიგურა იყო - გამორჩეული თავისი უმწიკვლო ბიოგრაფიით (შევარდნაძის ზეობის პერიოდში შეძლო კორუფციის ჭაობში არ ჩაფლულიყო და ბევრი კეთილი საქმე ეკეთებინა) და რეგიონალური მართვის გამოცდილებით. რაც ყველაზე არსებითია, იგი საკუთარი პრინციპების ერთგულია და ზოგ-ზოგიერთებივით ფულზე არ იყიდება!
სწორედ ამან გადამაწყვეტინა მის გვერდით დავმდგარიყავი.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში სერიოზული შედეგის მიღების გარანტია არ გვქონდა (არა იმიტომ, რომ ბატონი თემური ამომრჩევლის მხარდაჭერას არ იმსახურებდა), ჩვენ მაინც შემოვედით საარჩევნო მარათონში შიშველი ხელებით და ამ უსამართლო ბრძოლაში იმაზე მეტი შედეგი ვაჩვენეთ, ვიდრე, ზოგს წარმოედგინა...
ღიად ვაცხადებ: გაცილებით მეტი ხმები მოგვპარეს, ვიდრე ოფიციალურად დაფიქსირდა - ამის თქმის საფუძველს გვაძლევს მხარდამჭერთა აქტიურობა რეგიონებში, განსაკუთრებით, იმერეთში, გურიასა და აჭარაში. საკუთარი ხმების დაცვა კი იმიტომ ვერ მოვახერხეთ, რომ ადგილებზე არც შტაბები გვქონდა და არც წარმომადგენლები გვყავდა საარჩევნო კომისიებში - ისევ და ისევ მწირი ფინანსური რესურსების გამო. თუმცა, ეს არ არის მთავარი, მთავარია არსებითად რა გვიჩვენა არჩევნებმა და შეიძლება თუ არა ასეთ ვაკხანალიას საერთოდ არჩევნები ეწოდოს?
უპირველესად, ვგულისხმობ, აშკარად დისკრიმინაციულ საარჩევნო გარემოს, არათანაბარ პირობებს კანდიდატებისთვის - პრეზიდენტობის კანდიდატების დაყოფას „კვალიფიციურ“ და „არაკვალიფიციურ“ საუბიექტებად, ამასთან, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და არჩევნების გაყალბების დახვეწილ პრაქტიკას, რომელიც ჯერ კიდევ „მოქალაქეთა კავშირიდან“ იღებს სათავეს...
თუმცა, მაინც არ ვნანობ - საკმარისზე მეტი გამოცდილება მივიღე - აშკარად დავინახე, თუ რას ნიშნავს არჩევნები „ქართულად“ და როგორია ე.წ. „ქართული დემოკრატია“. არჩევნებმა სამწუხაროდ ბევრი სიბინძურეც დამანახა და ბევრ რამეზეც დამაფიქრა...
რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება და რამდენად მოსალოდნელი იყო 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, გულწრფელად გეტყვით: შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა - თავიდანვე ვამბობდი, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნებოდა და ვაშაძე-ზურაბიშვილი შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
„ქართულმა ოცნებამ“, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ასეთ შედეგი დამდგარიყო. ჯერ ერთი, სალომე ზურაბიშვილი არ იყო ის პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც ხალხი მხარს უპირობოდ დაუჭერდა (ასეც მოხდა), მეორეც, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრებმა ჟურნალისტებთან არჩევნების წინა დღეებში და კანაფის პლანტაციის „მომხიბვლელობის“ კიდევ ერთხელ აჟიტირებამ, ფაქტიურად გადაწყვიტა არჩევნების ბედი - ისინი, ვინც არ უჭერდნენ მხარს „ნაციონალებს“ და არც სხვებისთვის ემეტებოდათ ხმები, საერთოდ არ მოვიდნენ არჩევნებზე და ამით გამოხატეს საკუთარი პროტესტი „ქართული ოცნების“ მიმართ...
არ გამოვრიცხავ, ივანიშვილის ცინიკურმა განცხადებებმა კიდევ უფრო გაზარდა „ნაციონალების“ (ვაშაძის) მხარდამჭერთა რაოდენობა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი სცენარის ნაწილი ყოფილიყო...
- თქვენ ბრძანეთ, რომ არჩევნებმა ბევრი სიბინძურეც დაგანახათ და ბევრ რამეზეც დაგაფიქრათ... მაინც რას გულისხმობთ?
- არჩევნებში აქტიურად ჩართვამ მართლად ბევრი სიბინძურე დამანახა - დავინახე არა მარტო ადამიანების გაორება, არამედ, ზნეობრივი დაცემაც, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით - ვგულისხმობ, ამომრჩეველთა მოსყიდვის ამაზრზენ პრაქტიკას და იმ ჯოჯოხეთის დავიწყებას, რაც საქართველომ 9 წლის მანძილზე გაიარა. ამასთან, ამომრჩეველთა უპრინციპობას და ფარისევლობას - ჯერ შეგპირდებიან, რომ ხმას შენ მოგცემენ, მერე კი აღმოჩნდება, პირწმინდად მოგატყუეს!
რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, თუ რაზე დამაფიქრა არჩევნების შედეგებმა, მოკლედ ჩამოვაყალიბებ:
1. ის მახინჯი სისტემა, რომლითაც დღეს არჩევნები ტარდება საქართველოში, უნდა დაინგრეს! ვიდრე საარჩევნო კოდექსი არსებითად არ შეიცვლება და ყველას თანაბარი სასტარტო პირობები არ ექნება, არჩევნების ჩატარება და არჩევნებზე მისვლა, უბრალოდ უაზრობაა. არანაკლები პრობლემაა ამომრჩეველთა სიების დაზუსტებაც.
2. როცა საუბარია სისტემის დემონტაჟზე (იგულისხმება არა მარტო საარჩევნო, ზოგადად პოლიტიკური სისტემა) და ახალი სისტემის ფორმირებაზე, იგივე მეთოდებით უნდა ებრძოლო, რა მეთოდებიცაა დამკვიდრებული არსებულ სისტემაში.
როგორც ადრე გითხარით, რესურსების უქონლობის გამო არ გვქონდა არც შტაბები, არ გვყავდა კოორდინატორები და წარმომადგენლები (დამკვირვებლები) საარჩევნო კომისიებში, რის გამოც ის ხმებიც დავკარგეთ, რაც კანონიერად მოვიპოვეთ!
3. „შიშველი ხელებით“ (სათანადო ფინანსური რესურსების გარეშე) არსებულ პოლიტიკურ მონსტრს („ნაციონალები“-„ოცნება“) ვერ დავამარცხებთ.
თანამოაზრეთა გუნდის ჩამოყალიბებასთან ერთად აუცილებელია ზემოქმედება მოვახდინოთ ამომრჩევლის ცნობიერებაზე - მან უნდა იგრძნოს (გააცნობიეროს) თუ რატომ უნდა დაგიჭიროს მხარი არჩევნებში.
ისევ ჩვენი კანდიდატის მაგალითზე გეტყვით: ჩვენ ვერ შევძელით გაგვერღვია საინფორმაციო სივრცე: ტელევიზიები საეთერო დროს, როგორც „არაკვალიფიციურ“ (უპარტიო) კანდიდატს არ გვითმობდნენ, მაშინ, როცა ანგაჟირებული კანდიდატები ლამის სატელევიზიო ვარსკვლავებად აქციეს. არ გვქონდა ფინანსური რესურსი ფასიანი რეკლამები გაგვეკეთებინა, რომელიც ათასებს ეთამაშება!
ყოველივე ამის გამო, ვერ შევძელით სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებაზე მიდგება საქმე, სათანადო ფინანსური რესურსით უნდა აღიჭურვოს. აქ არ ვგულისხმობ რესურსს ამომრჩევლის მოსასყიდად - ამომრცეველს ელემენტარულად უნდა გააგებინო, თუ რით სჯობიხარ შენ კონკურენტებს!
- არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ ამომრჩევლის მხრიდან ნდობის ვოტუმი მინიმუმამდე დავიდა - ამაზე მიგვანიშნებს ამომრჩეველთა დაბალი აქტივობაც. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, არჩევნების მიმართ სრული ნიჰილიზმია ახალგაზრდების მხრიდან...
- არჩევნებისადმი და ზოგადად, პოლიტიკისადმი, ახალგაზრდობის დამოკიდებულება აქილევსის ქუსლია დღევანდელი საქართველოსთვის. აშკარაა, რომ მათი მხრიდან სრული ინდიფერენტიზმი, ცინიზმი და გულგრილობა იგრძნობა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ თითქოს არ აინტერესებთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.
რატომ გახდა ახალგაზრდობა ასეთი გულგრილი და რატომ არ გრძნობს პასუხისმგებლობას მომავლის წინაშე? ეს საკმაოდ დამაფიქრებელი კითხვაა, რომელსაც თუ დროზე არ გაეცა პასუხი, წინ მძიმე პერსპექტივა გველოდება!
- საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ 2 დეკემბრისთვის დაინიშნება. იმის შიშით, რომ ვაშაძემ არ გაიმარჯვოს, „ქართულმა ოცნებამ“ „ქუდზე კაცი“ გამოაცხადა. სხვათაშორის, იგივე განწყობაა იმ ადამიანებში, ვინც „ოცნებას“ არ უჭერს მხარს, მაგრამ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება არ სურს!
ნიშნავს თუ არა სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის გახანგრძლივებას და რას შეიძლება ველოდოთ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში?!
- კარგი კითხვაა. ვეთანხმები ქალბატონ ხათუნა ლაგაზიძეს, რომ „ოცნების მხრიდან „ქუდზე კაცის“ მოწოდება სამარცხვინოა და შეურაცხმყოფელიც. თეორიულად, თუნდაც ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაშიც, არ არსებობს გარანტია, რომ „ნაციონალები“ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. რა მაქვს მხედველობაში?
დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს არა მარტო საპარლამენტო, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობაც, მის დაქვემდებარებაშია ძალოვანი სტრუქტურები სუს-ის ჩათვლით, საკუთარი ხალხი ჰყავს ადგილობრივ თვითმმართველობებშიც. მაშ საიდან იღებს სათავეს ასეთი პანიკური შიში, რომ ვაშაძის გამარჯვება ავტომატურად ნიშნავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლას?!
საკონსტიტუციო უმრავლესობას ყოველთვის შეუძლია დათრგუნოს დაკნინებული უფლებების მქონე პრეზიდენტის ამბიციები, მიუხედავად იმისა, რომ ის გამძებნის სათანადო ბერკეტს შექმნას პოლიტიკური კრიზისი. ერთი რამ უდავოა: „ნაციონალები“ დღეს რევოლუციას ვერ მოახდენენ, რადგან მათ ხალხი არ გაჰყვება.
ისევ ვკითხულობ, მაშ საიდან პანიკური შიში?
საქმე იმაში გახლავთ, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ უმრავლესობას არ ენდობა - არ არის გამორიცხული, ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში მმართველი პარტიის ეკლექტიკური (ხელოვნურად შეკოწიწებული) გაერთიანება ხუხულასავით დაიშალოს და უმრავლესობის წევრებმა „ნაციონალების“ ნავში გადახტომა მოინდომონ, რაც მათი ხელისუფლებაში დარჩენის დასასრული იქნება!
ერთი რამ ცხადია: სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში კიდევ დიდხანს დარჩენის პირდაპირპროპორციულია, თუ გეგმა „ბ“ აქედანვე არ შევიმუშავეთ!
დავსვათ ლოგიკური კითხვა: რა მოხდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - ისევ ხომ არ დავდგებით იგივე დილემის წინაშე - „ნაციონალები“ რომ არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ხმა ისევ „ქართულ ოცნებას“ უნდა მივცეთ?!
ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „შუა გაკრეფით“ დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი დაესაჭურისებინა. ვთქვათ პირდაპირ: ყველა ერთად აღებული ე.წ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტია რომ გადავადნოთ, მათგან ერთი ხეირიანი პოლიტიკური სუბიექტი არ გამოდნება.
დასკვნა მარტივია: თუ აქედანვე არ ვემზადეთ ახალი პოლიტიკური გუნდის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შემოსაყვანად, „ქართული ოცნების“ გადარჩენით 2020 წელს უფრო უარესი დილემის წინაშე აღმოვჩნდებით!
მე ყველაზე მეტად ერთი რამ მაწუხებს: 6 წლის შემდეგ როგორ უნდა მიეღო „ნაცმოძრაობას“ ის მხარდაჭერა, რაც ამომრჩეველთა მოსყიდვით ან „ოცნებაზე“ გაბრაზებულთა ძალისხმევით მიიღო? ერთი იმათ ტვინში ჩამახედა, ვინც „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებულმა ხმა (არა აქვს მნიშნელობა ანგარებით თუ უანგაროდ) ვაშაძეს მისცა. აქ ხომ პირდაპირ უზნეობასთან გვაქვს საქმე - არც მეტი, არც ნაკლები, ის ადამიანები თავიანთი ქმედებით კლავენ ერის მომავალს!
- დღეს ბევრი ხელს ეკლესიაზე იშვერს - იქამდეც მიდიან, რომ პატრიარქისგან მოწოდებასაც ითხოვენ, რომ მან პოლიტიკური შეფასება მისცეს მოვლენებს. რა როლი ეკისრება ეკლესიას ამ კრიტიკულ სიტუაციაში?!
- ეკლესიის პოლიტიკაში ჩართვის მოთხოვნა არასწორია - მან რომელიმე პოლიტიკურ ძალას რომ მხარი დაუჭიროს, ეს ნიშნავს, რომ ხელს უწყობს დაპირისპირებას ისედაც დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის!
ეკლესია ვალდებულია, საკუთარ სამწყსოს ურჩიოს, რომ არჩევანი გააკეთოს კეთილსა და ბოროტს შორის, მაგრამ ამასაც ვერ გააკეთებს, რადგან, დღეს კეთილი ძალა პოლიტიკური პარტიების სახით პოლიტიკურ ველზე ჯერჯერობით არ ჩანს. რაც შეეხება ცუდსა და უარესს შორის მარადიულ არჩევანს, არ არსებობს დიდი და მცირე ბოროტება - ბოროტება ბოროტებაა!!!
თუმცა, ეკლესიის პოზიცია უნდა იყოს უფრო მკვეთრად გამოხატული, როცა საქმე ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვას, უცხოელების მასობრივად ჩამოსახლებას და მითუმეტეს, განათლების სისტემაში არსებულ უმწვავეს პრობლემებს ეხება. არასფერს ვამბობ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე, რომელიც ქართულ გენს გადაშენებით ემუქრება!
ერთ რამესაც მინდა გავუსვა ხაზი: კატეგორიულად მიუღებელია წმინდა სინოდის ზოგიერთი წევრის ჩართვა პოლიტიკურ პროცესში. არადა, რამდენიმე მაგალითი გვაქვს, თუ როგორ ჰგავს ზოგიერთი მღვდელმთავრის მოწოდებები და შეფასებები „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ხელწერას. ეკლესიის რადიკალიზაცია დამღუპველია!
რადგან ეკლესიაზე ჩამოვარდა საუბარი, აქვე დავამატებ: ძალიან ბევრი სარგებლობს პატრიარქის სახელით და ამას შეგნებულად აკეთებენ, რომ მისი ავტორიტეტი დააკნინონ! სწორედ ამას ემსახურება „ძლევაი საკვირველის“ განცხადებები. იმდენად გათავხედნენ, რომ ორიოდე დღის წინ პატრიარქის სახელით მიმართვაც კი გამოაქვეყნეს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნებისადმი“, სადაც ხელისუფლებას სთხოვდნენ 5 პუნქტის შესრულებას, რის სანაცვლოდაც პატრიარქი მოუწოდებდა ხალხს მხარი დაეჭირათ სალომე ზურაბიშვილისთვის.
აქვე კიდევ ერთხელ იყო მინიშნება სასწაულმოქმედ, პატრიარქის ერთგულ „დაფარულ მეუფეზე“. რამდენი ხანია აბოლებს ხალხს ეს სექტა და მხოლოდ ახლა გააკეთა გაბცხადება საპატრიარქოს სამდივნომ, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა და არავითარი პატრიარქის ერთგული „დაფარული მეუფე“ არ არსებობს.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხანდახან საპატრიარქოს პოზიცია აგვიანებს, რაც ისედაც მცირედმორწმუნე მრევლს კიდევ უფრო აბრკოლებს!
და კიდევ ერთი: მადლობა ღმერთს, ბევრი ახალი ეკლესია-მონასტერი შენდება საქართველოში, ძველიც აღდგა, ან აღდგენის პროცესშია. არც მრევლი აკლია ტაძრებს, მაგრამ საზოგადოების მორწმუნე ნაწილის ხმა ჯერჯერობით არ ისმის.
ეს რომ ასეა, ბოლო არჩევნებმაც დაადასტურა. შეიძლება ბოროტებას არ უჭერდე მხარს, მაგრამ, როცა ბოროტება ღრღნის საკუთარ სხეულს, ამ შემთხვევაში, საკუთარ ქვეყანას, ნეიტრალური პოზიციაც დანაშაულია! ამით იმის თქმა მინდა, რომ მორწმუნე ერს „ნაციონალების“ დაბრუნების შიში არ უნდა ჰქონდეს - პირიქით „ნაციონალებს უნდა ეშინოდეთ, რომ მათ ხალხი თვითონ გაასამართლებს!!!
ახლა რა გამოდის? იმის გამო, რომ „ნაციონალები“ არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, სალომე ზურაბიშვილს უნდა მივცეთ ხმა და ამით „ქართული ოცნების“ (რომლის მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილება აშკარაა, რაც არჩევნებმაც დაადასტურა) ხელისუფლებაში ყოფნა უნდა გავახანგრძლივოთ!
- თქვენ ისეთი სურათი დახატეთ, რომ თითქოს გამოსავალი არ არსებობს...
- გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუ, რა თქმა უნდა, ხალხს ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლის სურვილი გაუჩნდება. მთავარია, საღათას ძილიდან გამოვიდეთ და უარი ვუთხრათ ანტიქართულ ძალებს პოლიტიკაში.
მსოფლიოში არსებული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეროვნული დროშის მოფრიალე პოლიტიკურ ძალებს ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებას მისცემენ (ეს ერთხელ უკვე მოვინდომეთ, მაგრამ კრახით დასრულდა), მაგრამ შეგვიძლია ეროვნული მუხტი სახელმწიფოებრივი ხედვით შევფუთოთ და განსხვავებულად მოაზროვნე, ქვეყნის ჭეშმარიტ გულშემატკივართა ერთობას შევუწყოთ ხელი - ჩვენ გვჭირდება პრინციპების ერთგული, უშიშარი ადამიანები, რომელთაც უყვართ ქვეყანა და გააზრებული აქვთ, როგორ გამოიყვანონ იგი ჩიხიდან - ერთი ასეთი ადამიანი მე ვიცი თეიმურაზ შაშიაშვილის სახით. დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი იქნება, ოღონდ ამაზე უნდა იყოს საზოგადოების დაკვეთა.
არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც ბევრი საუბრობდა და დღესაც საუბრობს ლევან ვასაძის შემოყვანაზე ქართულ პოლიტიკაში. ამტკიცებენ, მას რომ ეყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, უდაოდ გაიმარჯვებდა და განზე გაწევდა „ნაციონალებისაც“ და „ოცნებასაც“!
არ ვკამათობ - ბატონ ლევანს აქვს ქარიზმა და სათანადო რესურსიც, რომ ხალხის მხარდაჭერა მოიპოვოს, მაგრამ, ჯერჯერობით, რატომღაც თავს იკავებს.
თუმცა, აქ ერთი ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ: ვასაძე ოფიციალური მილიონერია, ანუ უკვე გარკვეული ვალდებულებებით დატვირთული. თუ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილივით საკუთარი ფულის მძვეალი გახდება, ეს ქვეყანას დამატებით პრობლემას შეუქმნის.
არ ვიცი, როგორ გავიგოთ მისი ბოლო სიტყვები, რომელიც „რეზონანსში“ გამოქვეყნდა: „მე ვცხოვრობ ჩემი ერის განადგურების უმძიმეს ხანაში და ტყვია მირჩევნია ამის ყურებას“.
თუ ასეა, ადგეს და „ტყვიას“ შეუშვიროს მკერდი - ქვეყანას ლევან ვასაძისნაირი, ოღონდ თავგანწირული ადამიანები გადაარჩენენ!
ესაუბრა ზაზა ქვარაია