ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: ვინ გააპრეზიდენტა სალომე ზურაბიშვილი?!

ზაურ ნაჭყებია: ვინ გააპრეზიდენტა სალომე ზურაბიშვილი?!

სოციალური ქსელით თუ ვიმსჯელებთ, ქვეყანაში საყოველთაო ზეიმია გამოცხადებული - ადამიანები ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავენ, ოღონდ, ბოლომდე ვერ გავარკვიე, აქ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება იგულისხმება, თუ ე.წ. „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატის დამარცხება, რომელიც ავტომატურად მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებასთან ასოცირდება!

 

არჩევნების შედეგების ობიექტურ შეფასებას დრო, უფრო ღრმა განსჯა და ანალიზი სჭირდება, ვიდრე, ემოციით გამოწვეული აღტკინება. ალბათ ამის დროც მოვა, მანამდე კი მოკლედ დავაფიქსირებ საკუთარ პოზიციას არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით.

 

უპირველესად, ვულოცავ ქალბატონ სალომეს გაპრეზიდენტებას. თუ ამ შემთხვევაში სქესს საკრალური მნიშვნელობა აქვს, საქართველოს უკვე ჰყავს ქალი პრეზიდენტი, რომელსაც მიუხედავად პრეზიდენტის დაკნინებული უფლებებისა, შეუძლია სერიოზული გარდატეხა შეიტანოს როგორც საშინაო (მედიატორისა და ერის გამთლიანების მისია), ასევე საგარეო ურთიერთობებში, თუ რა თქმა უნდა, მას ამის რესურსი და პოლიტიკური ნება აღმოაჩნდება!

 

სიტყვა „გაპრეზიდენტება“ შემთხვევით არ დამიწერია - ზურაბიშვილმა და მისმა ოფიციალურმა მხარდამჭერმა -მმართველმა პარტიამ, იგივე „ქართულმა ოცნებამ“ კი არ მოიგო არჩევნების მეორე ტური, არამედ, „ნაციონალების“ ხელისუფლებაში არდაბრუნების შიშით ამომრჩეველთა იმ ნაწილმა, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია პირველ ტურში ხელისუფლებისადმი პროტესტის ნიშნად, ახლა კი ხმა მისცა „ნაციონალების კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ!

 

სხვათაშორის, მეორე ტურის წინ წამოსროლილმა ლოზუნგმა: „არა გრიშას“, „არა მიშას“! კარგად იმუშავა და ამომრჩეველთა მაქსიმალურ მობილიზებას შეუწყო ხელი, რამაც გუშინდელი შედეგი დადო კიდეც! თუმცა, სულაც არა გვაქვს საზეიმოდ საქმე, რადგან, 6 წლის შემდეგ ხელისუფლებიდან ტრიუმფით გაგდებული რეჟიმის კანდიდატმა მეორე ტურშიც კი ამომრჩეველთა 40 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა მიიღო!

 

რას ნიშნავს ეს?

 

ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ როგორც 6 წლის წინ, დღესაც მთავარი ოპოზიციაა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ისევ ანალოგიური მობილიზება დაგვჭირდება, ისინი ხელისუფლებაში რომ არ დაბრუნდნენ?

 

აქსიომაა, თუ რადიკალური ნაბიჯები არ გადაიდგა ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირების თვალსაზრისით, 2020 წელსაც იგივე დილემის წინაშე აღმოვჩნდებით, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში აღმოვჩნდით და მათი არგამარჯვების შიშით ისევ „ქართული ოცნება“ გვექნება გადასარჩენი!

 

გადაჭარბებულია მავანთა აღტკინებაც, რომ გუშინ „ნაციონალური მოძრაობა“ გავანადგურეთ და უკვე დროა გუდა-ნაბადი აიკრან საქართველოდან. ეს (მათი პოლიტიკური განადგურება) შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ ავანსად გაცემული დაპირებების შესრულებას დაიწყებს და უპირველესი, სწორედ „ნაციონალური რეჟიმის“ პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება იქნება, რასაც ხალხი ნამდვილად დაუჭერს მხარს.

 

თუმცა, ივანიშვილი ამას არ გააკეთებს, რადგან, ხელისუფლებას არ ეყოლება „ჯავშანი“ პირსისხლიანი სააკაშვილის რეჟიმის სახით, რომელსაც დღემდე ყველა უბედურება თუ წარუმატებლობა ბრალდება და რომელთა შიშით მხარი მუდმივად ივანიშვილის მიერ ხელოვნურად შეკოწიწებულ გუნდს უნდა დავუჭიროთ! 

 

აბა ცალკეული მინისტრების თავის გაგორება პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ან სხვა მოჩვენებითი პიარ-ღონისძიებები ღრმა კრიზისში გადასულ პრობლემებს ოდნავადაც ვერ მოაგვარებს. - დიახ, სისტემური ცვლილებებია საჭირო და ამის გაკეთება ხალხმა უნდა აიძულოს, მითუმეტეს, თუ ივანიშვილს ზოგადად პოლიტიკაში დარჩენა და საკუთარ ხელში კონცენტრირებული გავლენის შენარჩუნება უნდა!

 

არჩევნების ორივე ტური წინასწარ დადგმული სპექტაკლი რომ იყო, რომელშიც ჩვენც ჩათრეული აღმოვჩნდით, ორივე დაპირისპირებული მხარის წინასაარჩევნო განცხადებებიდანაც ჩანდა - თუ ივანიშვილი არჩევნების პირველ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე მარიხუანას პლანტაციების მომხიბვლელობას გვიმტკიცებდა, ბატონი გრიშა გაპრეზიდენტებისთანავე მიშას და სხვა ზონდერების შეწყალებით იმუქრებოდა.

 

აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში ივანიშვილის და მმართველი პარტიიის წვლილი მინიმალურია -ქალბატონი სალომე ხალხმა გააპრეზიდენტა გრიშას ჯიბრზე! სხვათაშორის, იმ ხალხმა, ვინც პირველ ტურში საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე და ვინც (უმრავლესობა) ზურაბიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს არ იშურებდა. სამწუხაროდ, ეს ადამიანები დღეს ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას პირველები ულოცავენ!!!

 

მოკლედ, ზურაბიშვილი კი დავნიშნეთ პრეზიდენტად, მაგრამ, მთავარი ბრძოლა აწი იწყება - ბრძოლა ხელოვნურად დაპირისპირებული ორივე ძალის ჩანაცვლებისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

 

რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, წესით და კანონით ის არ უნდა გახდეს მმართველი გუნდის და პირადად, ბიძინა ივანიშვილის მძევალი - ის თავისუფალი უნდა იყოს საკუთარ გადაწყვეტილებებში, რადგან, ხალხმა გააპრეზიდენტა და თუ მოინდომა, ხალხის მხარდაჭერაც ბოლომდე ექნება!

 

ღმერთმა ქნას, ასე იყოს!

 

P.S. არც ადრე მჯეროდა და არც ახლა დავიჯერებ, რომ მიშა ხალხს აიყოლიებს და ჰოლანდიიდან რევოლუციას მოაწყობს. ესეც მზაკვრული თამაშის ნაწილია, რომლითაც ჩვენ გვაშინებენ!

 

ასე რომ, დავაცხროთ ემოციები და ქვეყნის მომავალზე ვიფიქროთ...

 

29-11-2018, 11:49
უკან დაბრუნება