ივერიონი / რუსთავში 50-მდე ავტობუსის მძღოლი გაიფიცა

რუსთავში 50-მდე ავტობუსის მძღოლი გაიფიცა

რუსთავში მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. 50-მდე მძღოლი ხელფასების მომატებას, დაზღვევას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. 

 

როგორც მძღოლები აცხადებენ, მათი ხელფასი ძალიან მცირეა და 100-დან 200 ლარამდე მერყეობს. მძღოლებმა აღნიშნული მოთხოვნები წერილობით გადასცეს რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელობას და მიიღეს დაპირება, რომ მათ პრობლემას ათი დღის ვადაში განიხილავენ.

 

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელობის განცხადებით, აღნიშნულის თაობაზე ორშაბათს დაგეგმილი იყო შეხვედრა რუსთავის მერიაში, სადაც დეტალურად მოხდებოდა მძღოლების მოთხოვნების განხილვა და იმაზე მსჯელობა, თუ რამდენად შესაძლებელია მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფა, რათა ავტობუსების მძღოლების მოთხოვნები შესრულდეს.

 

მძღოლების განცხადებით, ისინი სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

 

25-11-2012, 12:08
უკან დაბრუნება