მიკვირს, ნამდვილად მიკვირს, რატომ დუმს საპატრიარქო ან რატომ არ უხმობს „პატრიოტთა ალიანსი“ ქუდზე კაცს თავისუფლების მოედანზე (სალომეს გასაპრეზიდენტებლად და „ქართული ოცნების“ გადასარჩენად ციმ-ციმ მიგვაცუნცულეს!) და პროტესტანტთა მცირე ჯგუფის იმედზე ტოვებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფესვო, უძირო და უზნეო მოსამართლეთა გადაწყვეტილებას სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე მიყიდვის მორატორიუმის გაუქმების თაობაზე??
ნაცვლად იმისა, რომ განგაშის ზარი დაერისხებინა, საქართველოს ეკლესია მხოლოდ უწყინარი შეგონებით შემოიფარგლა- ქართული მიწა უცხოელებზე არ უნდა იყიდებოდეს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ანტიქართულიაო.
არადა, ეკლესია თავის მოწოდების სიმაღლეზე რომ იდგეს, საკონსტიტუციო სასამართლო, იგივე დღევანდელი ხელისუფლება, ამას ვერ გაბედავდა.
დაახლოებით იგივე გააკეთა ქალბატონმა ირმა ინაშვილმაც - „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმაც უარყოფითად შეაფასა ეს ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი სამართლებრივი აქტი. თუმცა, არაფერი დასცდენია მასობრივი პროტესტის აუცილებლობაზე, რომელიც უდაოდ შეუწყობს ხელს ქართველი ერის გამოღვიძებას და მოღალატე ხელისუფლებასაც ასეთ განზრახვებზე ხელს ააღებინებს!
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები: არავითარი პარტიები და ცრუ ოპოზიციონერები არ გვიშველის: მთავარი და შეუვალი ოპოზიცია ხალხი უნდა გახდეს - ხალხი, რომელიც პოლიტიკურ მონსტრებს სამარეს გაუთხრის და თავისივე წიაღიდან ახალ პოლიტიკურ ძალას გამოჩეკავს!
სხვანაირად, წინ უფრო საშინელი სიურპრიზები გველოდება!!!
ვიფხიზლოთ და საქმეზეც დროულად გადავიდეთ...