ივერიონი / რატომ გახდა „ნაციონალური“ „ხუთჯვრიანი“ დროშა „ქართული ოცნებისთვისაც“ მისაღები და როგორ ვექცევით სახელმწიფო სიმბოლიკებს!

რატომ გახდა „ნაციონალური“ „ხუთჯვრიანი“ დროშა „ქართული ოცნებისთვისაც“ მისაღები და როგორ ვექცევით სახელმწიფო სიმბოლიკებს!

 

 

(საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის არც ხელისუფლებამ და არც მოქალაქეებმა არ იციან სახელმწიფო დროშის შინაარსი)

 

 

„ქართული ოცნების“ წინაასაარჩევნო კამპანიის დროს ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო სიმბოლიკასთან მიმართებითაც გვპირდებოდა „სამართლიანობის აღდგენას“, თუმცა, სადღეისოდ, მხოლოდ მერიის მცირე გუმბათებიდან ჩამოიხსნა სააკაშვილის მიერ ჯერ კიდევ 2002 წელს აღმართული 8 „ხუთჯვრიანი“, ფაქტობრივად კი, პარტიული დროშა, რომელიც გლოვის დღეებშიც კი არ ეშვებოდა... (მადლობა, საკრებულოს მესვეურებს!).

 

შედეგად, ჰერალდიკის საბჭომ მოუწოდა მოქალაქეებს, 14 იანვარს, სახელმწიფო დროშის („უმთავრესად ეროვნული დღესასწაულის“) დღეს, „საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის, აგრეთვე ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით“ ხუთჯვრიანი დროშა შენობებზეც გამოფინონ და ავტომობილებზეც აღმართონ. არადა, ერთადერთი სახელმწიფო ვართ, რომლის არც ხელისუფლების წარმომადგენელთა და არც მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას „ეროვნული დროშის“ ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ შეუძლია... 

 

ფაქტია, რომ არსებული სახის ხუთჯვრიანი („ისტორიული“) დროშა პირველად „მოქკავშირის“ ღონისძიებებზე 1995 წელს გამოჩნდა („მონარქისტების“ დროშაში მცირე ჯვრები სწორი იყო). „ოპოზიციონერმა“ სააკაშვილმა ის ჯერ „ნაცმოძრაობის“ სიმბოლოდ აქცია, მერე დავით აღმაშენებლის დროშად „მონათლა“ და სახელმწიფო დროშადაც „გაამწესა“, ხოლო ახალმა ხელისუფლებამ ჰერალდიკის საბჭოს მიერ ადრე „ჯვაროსან ჯოფრუა დე ბუილონის გერბად, იერუსალიმის გერბად და წმინდა ნიშნად“ მოხსენიებული სიმბოლო საქართველოში უკვე „სავარაუდოდ, გიორგი ბრწყინვალის დროს დამკვიდრებულად“ ჩათვალა... 

 

არჩევნების მეორე ტურში გასულ პრეზიდენტობის კანდიდატებს გაზეთის მეშვეობითაც მივმართე და ოფისებშიც ვესტუმრე. სხვა საკითხებთან ერთად, მაინტერესებდა, თუ რა შინაარსით ესმით „ქართული“ ხუთჯვრიანი დროშა (ორიგინალურია, პარტიული, ისტორიული, სახელწიფო თუ რელიგიური) და თვლიან თუ არა, რომ ძირითადი სახელმწიფო სიმბოლოს დასადგენად კონკურსი უნდა გამოცხადდეს, პროექტების თაობაზე საჯარო დისკუსია გაიმართოს, ხოლო დროშის შინაარსი და მისი საბოლოო სახე (ზუსტი აღწერილობა) ორგანული კანონით დადგინდეს? 

 

კითხვა უპასუხოდ დარჩა, სამაგიეროდ მე-5 პრეზიდენტმა პირველი პრესკონფერენცია 5 ხუთჯვრიანი დროშის ფონზე ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ, კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო სიმბოლოები „ორგანული კანონით“ უნდა იყოს დადგენილი (ანუ, მისაღებად გაცილებით მეტი ხმა სჭირდება, ვიდრე კანონს), როგორც ჩანს, ჟურნალისტებს „ეროვნული დროშის“ („უმნიშვნელოვანესი სიმბოლოს“) თემა უმნიშვნელოდ მიაჩნიათ...

 

ამდენად, სწორედ დღეს მინდა მოქალაქეებს შევახსენო, რომ 2004 წლის 14 იანვარს მოხდა „ვადაგასული“ დეპუტატების „მობილიზება“ (1999 წელს არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება 2003 წლის 22 ნოემბერს შეუწყდა) და ახალი („რევოლუციური“) დროშის ცაიტნოტურ რეჟიმში „დაკანონება“, ისე, რომ „მოქკავშირელი“ საპარლამენტო უმრავლესობიდან მისი აღწერილობის თაობაზე არავის ჰქონდა მკაფიო წარმოდგენა... (მხოლოდ აკადემიკოსი გურამ შარაძე იყო ჯვაროსნულ-კათოლიკური სიმბოლოს სახელმწიფო დროშად დაკანონების კატეგორიული წინააღმდეგი). 

 

ისიც ფაქტია, რომ მხოლოდ სააკაშვილის მიერ, ერთპიროვნულად, ინაუგურაციის დღეს, 2004 წლის 25 იანვარს გამოცემული #31 ბრძანებულებით მოხდა ახალი „სახელმწიფო დროშის ზუსტი გამოსახულების დადგენა“ და, ისიც მას შემდეგ, რაც პარლამენტში გამოფენილისგან მცირედ სახეშეცვლილი ხუთჯვრიანი დროშა (ე. წ. მალტური ჯვრები, ან მათი იმიტაცია რომ არ გამოსულიყო, მცირე ჯვრებს შეუცვალეს ფორმა), ილია II-მ აკურთხა და ქრისტეს ხუთი ჭრილობის სიმბოლოდ მოიხსენია (მანამდე პატრიარქმა პარლამენტს სახელმწიფო დროშის საკუთარი პროექტი წარუდგინა, რომელიც დღეს სამების ტაძარში „ხუთჯვრიანის“ გვერდითაა გამოფენილი და წმინდა ნინოს დროშის სახელით მოიხსენიება). 

 

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მანამდე სასამართლომ 2003 წლის 21 მარტს, თბილისის საკრებულოს აშკარად უკანონო დადგენილება ბათილად ცნო და კანონით გაუთვალისწინებელი („ხუთჯვრიანი“) დროშების ჩამოხსნა დაადგინა (სარჩელი ბატონმა გურამ შარაძემ და რამოდენიმე იურისტმა შეიტანა). სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესრულდა, ხოლო დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე დამზადებული „მიშას დროშები“ პარლამენტისა და კანცელარიის შენობების თავზეც აღიმართა... 

 

აღსანიშნავია, რომ მაშინდელმა კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე კორუფციაში დაადანაშაულა და ბიუჯეტის ხარჯზე პარტიული დროშების დამზადებაშიც ამხილა, თუმცა თავად აღმოჩნდა ციხეში... როგორც ჩანს, სააკაშვილსაც დაავიწყდა, რომ ერთ დროს შევარდნაძის „ვარსკვლავთბიჭუნაც“ გახლდათ და მისთვის პასუხი არ მოუთხოვით, თორემ ტელეეთერით მორიგი გამოსვლისას ასე უტიფრად როგორ იცრუბდა: „დროშის გამო ჩემს მიმართ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრულიო...“ 

 

მართალია, „ნაციონალები“ „ვარდების რევოლუციის“ დღეებში „დავით აღმაშენებლის დროშას“ აფრიალებდნენ, მაგრამ მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყეს ამის დამადასტურებელი მტიცებულებების ძებნა, რისთვისაც სპეციალისტები საგანგებო მისიით თურქეთში, ირანში, საბერძნეთსა და საფრანგეთში მიავლინეს, თუმცა ქართულ „ხუთჯვრიანს“ ვერსად მიაკვლიეს... 

 

როგორც ჩანს, სახელმწიფო დროშის თაობაზე მკაფიო წარმოდგენა არც დღევანდელი ხელისულების წარმომადგენლებს აქვთ და თვითონაც ჰერალდიკის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული „ოფიციალური ინფორმაციით“ სარგებლობენ, რომელიც კონიუქტურის შესაბამისად იცვლება... ამასთან, არცთუ იშვიათად, ადმინისტრაციული შენობების წინ გამოფენილი „სახელმწიფო დროშები“ და პოლიტიკოსების მკერდზე მიმაგრებული „საიდენტიფიკაციო ნიშნები“ აშკარად არსებითად განსხვავდებიან კანონმდებლობით დადგენილი „სტანდარტული ზომისა და ზუსტი გამოსახულებისგან“. 

 

ამდენად, დაინტერესებულ მოქალაქეებს, საკუთარი სახელმწიფოს უპირველესი სიმბოლოს წარმომავლობასა და ლეგიტიმურობაში გასარკვევად, 5-ჯვრიანი დროშის თაობაზე ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მოსაზრებების გაცნობას ვურჩევდი. 

 

დარწმუნებული ვარ, საქართველოს რეალური დამოუკიდებლობა თუ ეღირსა, სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის თაობაზე სპეციალისტებსაც და სამოქალაქო საზოგადოებასაც სერიოზული სჯა-ბაასი მოუწევს! 

 

უაღრესად არაგონივრულია, როდესაც სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, ფაქტობრივად, ერთი კაცის (თუნდაც, პარტიის) ხუშტურების მიხედვით ვწყვეტთ, ნაცვლად იმისა, რომ კონსტიტუციით განსაზღვრულ „ხელისუფლების წყაროს“ _ ხალხს თუ არა, შესაბამისი დარგის სპეციალისტებს მაინც დავეკითხოთ. ამასთან, ქვეყანაში შექმნილი მეტად სპეციფიკური ვითარებიდან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურად მიმაჩნია, რომ ანალიტიკურად მოაზროვნე მეცნიერებისა და რეალურად თავისუფალი მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გარეშე, „სამოქალაქო სექტორი“ ვერც სახელმწიფო სიმბოლიკასთან დაკავშირებულ საკითხებში გაერკვევა ხეირიანად და სამართლებრივი ნიჰილიზმის „ხუთჯვრიან სტადიამდე“ მისულ ქვეყანასაც ვეღარაფრით განკურნავს. შედეგად კი, ადამიანის უფლებების დაცვის ევროსტანდარტებზე ორიენტირებული დემოკრატიული რესპუბლიკის ნაცვლად, მართლაც შუასაუკუნეების ჯვაროსნების დროინდელი მოდელის მსგავსი, პლუტოკრატიული ტირანია შეგვრჩება ხელში და ევროკავშირში კი არა, ევრაზიულშიც აღარავინ მიგვიღებს!

 

 

ავთანდილ კახნიაშვილი, 

სამართლის დოქტორი 

 

 

15-01-2019, 13:02
უკან დაბრუნება