ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: „მაოხრებელი გზირი“ და ბრუკლინ-ბრიუსელის „რევოლუციური“ კაკაფონია!

ზაურ ნაჭყებია: „მაოხრებელი გზირი“ და ბრუკლინ-ბრიუსელის „რევოლუციური“ კაკაფონია!

 

მიშა „მაოხრებელი გზირის“ მისიას ისევ ასრულებს - საარჩევნო რევოლუციური აღტკინება ახლა „ემიგრანტთა რევოლუციით“ უნდა ჩაანაცვლოს!

 

სახუმრო საქმე ხომ არ არის - კაცი, რომელიც 9 წელიწადი „ანგელოზებს“ უფრთხობდა საკუთარ ხალხს და დღეს გასამართლებული და ინტერპოლით ძებნილია „ქართველთა მსოფლიო კონგრესს“ უკეთებს ორგანიზებას, რის შემდეგაც „ემიგრანტთა რევოლუციით“ იმუქრება (ყოველ შემთხვევაში, ასეთი „სუნი“ ასდის)!!!

 

 

ლოზუნგიც შესაფერისია: „ერთად სახლში“. ნებისმიერ ქართველს, რაგინდრა მიზეზებით გადახვეწილს, საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას ვინ დაუშლის, მაგრამ ლოზუნგი მაინც ცოტა საჩოთიროდ მეჩვენება: ვისთან ერთად - სახლში? გასამართლებულ და ფორმალურად ძებნილ ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, თუ ემიგრანტებმა პირი შეკრეს, ერთმანეთში განსხეულდნენ და სამშობლოს საშველად მოდიან?!

 

ღმერთმა ქნას ასე იყოს, მაგრამ ვაი, რომ ასე არ არის!

 

ცოტა არ იყოს, ყალბი ღიმილისა და ემოციების ფონზე არც თუ ისე საამო სანახავი იყო ბრუკლინში მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ე.წ. „ნაციონალ“ მხარდამჭერებთან, რომლებსაც, ეტყობა, ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი ახლაც პრეზიდენტი ჰგონიათ!

 

ეგონოთ, ეგ მათი ფსიქიკურ-ილუზორული მდგომარეობის პრობლემაა, მაგრამ, გული უფრო იმაზე მწყდება, რომ ვერ აცნობიერებენ, თუ რა ავანტიურაში აპირებენ ცხვირის ჩაყოფას და რამდენად შეუწყობს ხელს მათი გულუბრყვილობა ისედაც გახლეჩილ ქართველებს შორის სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებას.

 

მოდით, დავსვათ კითხვა: რას ნიშნავს „ერთად სახლში“ - მიშასთან ერთად?! კი, მაგრამ რა შუაშია საქართველოდან გაქცეული ექსპრეზიდენტი ემიგრანტების დაბრუნებასთან?! ეს რომ ნამდვილი პროვოკაციიაა, საკამათოდ ალბათ არავის ეჩვენება...

 

ხშირად მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: ქვეყნიდან იძულებით გადახვეწილი თუ საკუთარი ინტელექტუალური რესურსების რეალიზებისთვის ნებაყოფლობით გასული ქართველები „ოქროს რეზერვია“ საქართველოსთვის - მათ მხრებზე იდგა და დღესაც დგას ქვეყანა. გასაგებია ისიც, რა დამამცირებელ სიტუაციაში უხდება ემიგრანტთა უმრავლესობას (შრომით მიგრანტებს ვგულისხმობ) გროშების შოვნა და ამ გროშებით საკუთარი თავისა და ოჯახის წევრ-ახლობლების შენახვა-დაპურება!

 

თუმცა, შრომითი მიგრანტები არა მარტო „ოქროს ფონდია“, არამედ, სერიოზული რესურსია პოლიტიკის თვალსაზრისითაც. ანალიზი ცხადყოფს, რომ ვიდრე მათი საარჩევნო ხმები ხელისუფლებას უდევს ჯიბეში, „ხავერდოვანი რევოლუციის“ გარეშე დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა გაჭირდება! მეტიც, ვიდრე შრომით მიგრანტებს თუ სხვადასხვა მიზეზით საქართველოდან გასულ ემიგრანტებს შეზღუდული აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ზოგადად არჩევნებს არანაირი აზრი არა აქვს!!!

 

დასკვნა მარტივია: ყველა სახელმწიფოში უნდა გაიხსნას საარჩევნო ყუთები და ემიგრანტებს უნდა მიეცეთ კონსტიტუციით გარანტირებული (არჩევნებში მონაწილეობის) უფლება, ან ისინი (არჩევნების პერიოდში მაინც) უნდა დაბრუნდნენ საქართველოში - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას მათი არჩევნებში მონაწილეობის გარეშე იდეალური საარჩევნო კანონიც არ (ვერ) უშველის!

 

ეს კარგად იცოდა ყოფილმა და იცის დღევანდელმა ხელისუფლებამაც - სწორედ ამიტომ აიძულეს საქართველოს პატრიარქი მოეწოდებინა საკუთარი სულიერი შვილებისთვის (შრომითი მიგრანტებისთვის) - არ დაბრუნებულიყვნენ საქართველოში! არადა, ეს მაშინ, როცა რამდენიმე თვით ადრე მისი უწმინდესობა იგივე მიგრანტებს პირიქით მოუწოდებდა - დაბრუნდით საკუთარ სამშობლოში, თორემ წმინდა მარიამ ღვთისმშობელი გაგვინაწყენდებაო!

 

მაშინ ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება პატრიარქის იძულებით სულიერ მეტამორფოზას.

 

მაინც, რატომ არ აწყობს ხელისუფლებას შრომითი მიგრანტების საქართველოში დაბრუნება?

 

ამას საარჩევნო პროცესში მონაწილეობასთან ერთად სხვა, არანაკლებ სახიფათო (ხელისუფლებისთვის) დატვირთვა გააჩნია - მათი უმრავლესობა უმუშევრობის გამო  ისევ იგივე დილემის წინაშე დადგება, რამაც ისინი თავის დროზე აიძულა გადახვეწილიყვნენ საკუთარი ქვეყნიდან.

 

სად არის ახალი სამუშაო ადგილები?

 

მეორეც, ევროპა-ამერიკა მოვლილი ქართველები პოლიტიკურად, ალბათ, დიდი თავის ტკივილი გახდება ხელისუფლებისთვის - მათ სხვა მოთხოვნები შეიძლება გაუჩნდეთ, რომელსაც ხელისუფლება ვერ გაუმკლავდება!

 

დიახ, შრომით მიგრანტთა მასობრივი დაბრუნება გახდება სწორედ ის „ამძრავი ღვედი“, რომელიც ადგილზე დარჩენილ მიძინებულ თანამოქალაქეებსაც რომ გამოაღვიძებს.

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ შრომით მიგრანტებს დღესაც შეუძლიათ სამშობლოში დაბრუნების გარეშე შეუწყონ ხელი საქართველოში ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას (თუ რას ვგულისხმობ, ცალკე სტატიაში ვიტყვი) და არსებული პოლიტიკური სიტუაციის რადიკალურად შეცვლას, თუმცა, ჯერჯერობით, ამ თვალსაზისით, სერიოზული ნაბიჯები არ გადამდგარა.

 

ახლა, რაც შეეხება ექსპრეზიდენტ სააკაშვილს და მის „ნაციონალ“ ეგზალტირებულ მხარდამჭერებს საქართველოს ფარგლებს გარეთ. თუ რეალურად შევაფასებთ, მათ აღტკინებას რედიკალური გარდატეხის შეტანა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ შეუძლია - შესაბამისად, ვერც რევოლუციას მოახდენენ...

 

ჯერ ერთი, როცა „ქართველთა მსოფლიო კონგრესი“ ტარდება, როგორც წესი, მასში უნდა მონაწილეობდნენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ქართველთა წარმომადგენლები, რომლებიც დელეგატების სახით აირჩევიან სხვადასხვა დიასპორებისა და ჯგუფების მიერ. ამასთან, კონგრესში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ  საქართველოში მცხოვრებმა ქართველებმაც (დელეგატების სახით).

 

მეორეც, ქართველთა მსოფლიო კონგრესი აუცილებლად უნდა ჩატარდეს საქართველოს დედაქალაქში.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ყველა ეს პირობა დარღვეულია  - ამჯერად „მსოფლიო ქართველებად“ მხოლოდ უცხოეთში მცხოვრები მიშას თანამოაზრეები და მის მიერ ეგზალტირებული ქართველები მოიაზრებიან!

 

ამდენად, 10 თებერვალს ბრუკლინში დაგეგმილ „ქართველთა მსოფლიო კონგრესსაც“ მხოლოდ „ორთქლის“ გამოშვების ფუნქცია ენიჭება...

 

ძნელი სათქმელია, რამდენად ორგანიზებულად მოახერხებენ ისინი „ერთად სახლში“ დაბრუნებას მიშასთან ერთად, მაგრამ ძებნილი ექსპრეზიდენტი არ ისვენებს და ისევ „მაოხრებელი გზირის“ ამპლუაში რომ გვევლინება, ფაქტია...

 

აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივის (ავანტიურიზმის) მიზანი, ერთი შეხედვით, მოსალოდნელი „ემიგრანტული რევოლუციაა“, მაგრამ ნაკლებად განხორციელებადი. თუმცა, ამის საშუალებას, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მიშას და მის მიერ ეგზალტირებულ ემიგრანტთა ნაწილს, ადგილზე დარჩენილი ქართველები არ მისცემენ, რადგან, დღევანდელი ხელისუფლებით უკმაყოფილება არ ნიშნავს თეთრ ცხენზე ამხედრებული სააკაშვილის ტრიუმფით დაბრუნებას საქართველოში!

 

სხვათაშორის, ეს იდეა (ქართველთა მსოფლიო კონგრესის ჩატარება) რომ მოპარულია, შემიძლია ერთი ფაქტით დავადასტურო: მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფს „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ ფარგლებში, ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის ხელმძღვანელობით თბილისში მართლაც აქვს დაგეგმილი ასეთი კონგრესის ჩატარება, ოღონდ, ცოტა მოგვიანებით - მას შემდეგ, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და დიდ ქალაქებში ჩატარდება კონგრესები იქ მცხოვრები ქართველების მონაწილეობით და აირჩევიან დელეგატები „ქართველთა მსოფლიო კონგრესში“ მონაწილეობის მისაღებად. ეს იქნება წინასწარ დაგეგმილ-გააზრებული ღონისძიება, რომელსაც სულ სხვა დატვირთვა ექნება, ვიდრე, სააკაშვილის მიერ ჩაფიქრებული „ემიგრანტთა რევოლუციაა“.

 

ასე რომ, როგორც ქუხს, ისე არ წვიმს - დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ისეთივე ავანტიურაა, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში სააკაშვილის მიერ დაანონსებული მოსალოდნელი რევოლუცია იყო.

 

მოკლედ, გვათამაშებენ და ჩვენც უიმედობა, ან შიში გვიპყრობს, ან აგონიაში ვვარდებით.

 

არადა, ძალა ჩვენს ხელშია - მოვინდომოთ და ჭეშმარიტი ლიდერიც გამოჩნდება!

 

21-01-2019, 15:32
უკან დაბრუნება