ივერიონი / მოდით, განვრისხდეთ, ანუ როგორ ჩავანაცვლოთ ხელისუფლება!!!

მოდით, განვრისხდეთ, ანუ როგორ ჩავანაცვლოთ ხელისუფლება!!!

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ (25 იანვარი, 2019 წ.) გამოქვეყნდა ბატონ იაკობ ლეჟავას ანალიტიკური სტატია სათაურით: „მხოლოდ განრისხებული ხალხის ეშინია ყველა ხელისუფლებას“.

 

გულწრფელად ვიტყვი: ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ ბ-ნ იაკობის სტატიებს - მომწონს მისი თავისუფალი და დამაჯერებელი თხრობის მანერა, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ინფორმაციებზე და ავტორს ობიექტური დასკვნების გაკეთების საშუალებას აძლევს.

 

ზემოხსენებული სტატიაც ამის ნათელი დასტურია. მიუხედავად იმისა, რომ არსებითად ვეთანხმები ავტორის სტატიაში გამოთქმულ თამამ მოსაზრებებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რამდენიმე საკითხზე მაქვს განსხვავებული ხედვაც.

 

თუმცა, ვიდრე საკუთარ განსხვავებულ ხედვას შევთავაზებდე მკითხველს, ორიოდე სიტყვით ვიტყვი, თუ რაში ვეთანხმები ავტორს:

 

ვეთანხმები იმაში, რომ საქართველო ყალბად გაგებულმა თავისუფლებამ და ე.წ. დემოკრატიამ, რომელიც დაცლილია ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, წაშალა ზღვარი ზნეობასა და უზნეობას შორის, რამაც ყოფნა-არყოფნის წინაშე დააყენა ქვეყანა.

 

ვეთანხმები იმაში, რომ, რაც დღეს საქართველოში ხდება „ახალი მსოფლიო წესრიგის“ სიმპტომატური გამოძახილია, ანუ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა „გარედან იჭედება“ - გაღატაკებული სახელმწიფო და გამათხოვრებული ხალხი კი ადვილად დასაყოლიებელია ყველაფერზე და ადვილად სამართავიც!

 

ვეთანხმები იმაში, რომ გარეშე ბნელ ძალებს მტკიცე დასაყრდენი დახვდათ გადაგვარებული, ფულზე დახამებული თანამოქალაქეების (ქართველების) სახით.

 

ვეთანხმები იმაში, რომ „პროდასავლური იდეოლოგიით გაჟღენთილი“ ადამიანის ხელში თავმოყრილი ძალაუფლების წაგლეჯვა (ანუ, ხელისუფლების შეცვლა) არჩევნების გზით ძალზე ძნელია, ერთი შეხედვით, შეუძლებელიც კი, რადგან, მათშია კონცენტრირებული ყველა რესურსი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას და ხელისუფლების შენარჩუნებას სჭირდება!

 

ნაწილობრივ ვეთანხმები იმაშიც, რომ „მმართველი ძალის დამარცხებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს ამერიკა, თუ მას ისევ მისი ინტერესების გამტარებელი რეზერვში მყოფი ანალოგიური ძაალით დავამარცხებთ“.

 

ერთი შეხედვით, არის ჭეშმარიტების მარცვალი ამ დასკვნაში, თუმცა, საკამათოც. კერძოდ, თუ ჩვენ საკუთარ თავს დავარწმუნებთ იმაში, რომ პროამერიკული ძალის გარეშე (რომელსაც თავად ამერიკა ენდობა) დღევანდელ ხელისუფლებას ვერ დავამარცხებთ, ეს ნიშნავს, რომ არჩევნებს საქართველოში საერთოდ აზრი არა აქვს, რადგან, ამერიკის ხელდასხმით მოსული ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ისევ ამერიკის ინტერესების გამტარებელი იქნება და არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ ასეთი გზით მოყვანილი ხელისუფლება ანტიქართულ კურსს არ გაატარებს!

 

ეორეც, „ამერიკა არ დაუშვებს“, ნიშნავს, რომ ავტორი გამორიცხავს რუსეთის ფაქტორს, რომელსაც არა მგონია საერთოდ ხელი ჰქონდეს ჩაქნეული კავკასიაზე, საკუთრივ საქართველოზე. მიუხედავად იმისა, რომ მას (რუსეთს) ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, მიუხედავად იმისა, რომ მან თავის დროზე აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ამით თავისი „გაინაღდა“ კიდეც, დანარჩენი საქართველოთი რუსეთის დაინტერესების (თუნდა უახლოეს პერსპექტივაში - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში) საერთოდ გამორიცხვა შეცდომა იქნება. მითუმეტეს, მსოფლიოში სწრაფლცვალებადი გლობალურ-პოლიტიკური პროცესების ფონზე...

 

არ ვიცი, ვის რა ილუზიები გაუჩნდა, მაგრამ, ამ ბოლო დღეებში, ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ავალდებულებს გავიდეს საქართველოს ისტორიული ტერიტორიიდან და უკან წაიღოს (გააუქმოს) აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, არა მგონია, სერიოზული შედეგები მოჰყვეს - პირიქით, ამ დოკუმენტმა შეიძლება დააჩქაროს კიდეც რუსეთის გავლენის ზრდა დანარჩენ საქართველოზე. როგორ და რა ფორმით, ეს ძნელად წარმოსადგენი არ უნდა იყოს. ასე რომ, იმის დაბეჯითებით მტკიცება: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა-არდარჩენას მარტო ამერიკა წყვეტდეს, საფუძველს მოკლებულია - რუსეთის ფაქტორის საერთოდ იგნორირება თეორიულადაც კი შეუძლებელია.

 

ახლა კი გადავიდეთ იმაზე, რაში მაქვს განსხვავებული ხედვა და რაში არ ვეთანხმები სტატიის ავტორს:

 

მთავარი მაინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ მისი დამოკიდებულებაა, უფრო სწორად, არჩევნების ბედის მინდობა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სპექტრზე.

 

ბ-ნი იაკობი მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური პარტია (რომელსაც პრეტენზია აქვს მონაწილეობდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში), უნდა ვაიძულოთ წარმოადგინონ სახელმწიფოს განვითარების საკუთარი პროგრამა და არჩევანიც იმის მიხედვით უნდა გავაკეთოთ, ვინ უკეთეს პროგრამას წარადგენს.

 

ამასთან, ავტორს ჩამოყალიბებული აქვს რამდენიმე კითხვა, რომელზეც უნდა უპასუხონ პოლიტიკურმა პარტიებმა. კერძოდ:

 

1. საჭიროდ მიიჩნევთ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“  მმართველობის, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლებას?

 

2. ემხრობით თუ არა რეფერენდუმის ჩატარებას ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, როგორიცაა: „ნატოში“ გაწევრიანება, რუსეთთან მოლაპარაკებების ინიცირება, მიწების და მიგრაციის კანონების გამკაცრება და სხვ.

 

3. წინააღმდეგი ხართ თუ არა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ-ოსეთის გარეშე „ნატოში“ შესვლის?

 

4. უნდა აიკრძალოს თუ არა ჰომოსექსუალიზმის რეკლამირება?

 

5. წინააღმდეგი ხართ თუ არა ერთნაირქესიანთა ქორწინების და ამგვარი წყვილების მიერ ბავშვის შვილად აყვანის?

 

6. წინააღმდეგი ხართ თუ არა მარიხუანას ლეგალიზების?

 

დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოში დღეს რეგისტრირებულ და მეტ-ნაკლებად პოლიტიკურ ზედაპირზე მოტივტივე პარტიებს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების მეცნიერულად გააზრებული და რეალობაზე დამყარებული პროგრამები არ გააჩნიათ. მიზეზი მარტივია: ასეთ პროგრამებზე საზოგადოების მოთხოვნა დღემდე არ ყოფილა და ისინიც ყალბი თეზისებითა და ასევე ყალბი დაპირებების აღნუსხვით გადიოდნენ ფონს. ნიშანდობლივია ისიც, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტსუბიექტების საარჩევნო პროგრამები და სტრატეგიები (პირობითად, თორემ, არც ერთ მათგანს ქვეყნის განვითარების პროგრამა და სტრატეგია დღემდე არ წარმოუდგენია) იდენტური იყო.

 

დავუშვათ, მოხდა სასწაული და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა წარმოადგინეს რეალობას მიახლოებული საარჩევნო პროგრამა. იქნება თუ არა ეს საკმარისი, რომ ვენდოთ და მხარი დავუჭიროთ მათ? რა თქმა უნდა, არა!

 

ალბათ, ყველა ვთანხმდებით იმაში, რომ საქართველოში მოქმედი (რეგისტრირებული) პოლიტპარტიების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოეთიდან ფინანსდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი თავიანთი დამფინანსებლების ინტერესების გამტარებლები არიან და არა საქართველოს მოსახლეობის. აქედან გამომდინარე, რა აზრი აქვს პროგრამას და სტრატეგიას, თუ იგი რეალობაში არ განხორციელდება?!

 

მეორეც, თუ დავავალდებულებთ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს პასუხი გასცენ ავტორის მიერ ინიცირებულ კითხვებზე, შეიძლება ფორმალურად დადებითად უპასუხონ კიდეც, მაგრამ, როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, მათი პირობა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საპნის ბუშტივით გაქრება, რადგან, ისინი მხოლოდ ფორმალურად „გრძნობენ“ პასუხისმგებლობას ქართველი ამომრჩევლის წინაშე.

 

კიდევ ვიმეორებ: თუ ჩვენ  მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ორიენტაციას არსებულ პოლიტიკურ სპექტრზე ავიღებთ, ნიშნავს, რომ ქვეყანაში მაინც არაფერი შეიცვლება, რადგან, „ქართული ოცნება“ იქნება, „ნაცმოძრაობა“ თუ „შენება“-„ევროპელები“ ხელისუფლებაში, ეს არსებითად არაფერს შეცვლის. მითუმეტეს, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო (პასუხისმგებლიანი) საზოგადოების ჩანასახიც კი არ არის, სადაც ხელისუფლებას ხალხის ხმა არ ესმის, სადაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულად არ გრძნობს თავს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.

 

არსებითად უკმაყოფილების განცდა დამრჩა, როცა ავტორი გვერდს უვლის ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირების აუცილებლობას, რომელიც არსებული პოლიტსუბიექტებისგან განსხვავებით, ქართული რესურსებით უნდა აღმოცენდეს. სწორედ ახალი პოლიტიკური (და არა „მესამე ძალა“, როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე) ძალა უნდა გახდეს ის მაპროვოცირებელი მუხტი ამომრჩევლებისთვის, რომელმაც რეალური დატვირთვა უნდა შესძინოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. თუ ეს არ მოხდა, მაშინ, არსებული პოლიტსუბიექტებით არჩევნებზე მისვლა იქნება მხოლოდ არჩევნები არჩევნებისთვის, რომელიც არსებითად არაფერს შეცვლის - პირიქით, კიდევ უფრო გააძლიერებს ანტიქართული ძალების პარპაშს ქვეყანაში და დააჩქარებს საქართველოს სინგაპურიზაციის პროცესს!

 

არ ვეთანხმები ავტორს, როცა იგი ყურადღებას ამახვილებს პროპორციულ  სისტემაზე გადასვლის უპირატესობაზე. დღეს, როცა საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ სახელმწიფოს განვითარების პროგრამა და სტრატეგია, ამასთან, ქვეყანაში თითქმის (ან საერთოდ) არ არსებობენ პროფესიული პოლიტიკური პარტიები, როგორ უნდა გამოუცხადოს ნდობა ამომრჩეველმა ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომლის სათავეში ოდიოზური, ეროვნული ცნობიერებისგან დაცლილი ე.წ. „ლიდერები“ დგანან? ამ რეალობის გათვალისწინებით, რით არის უპირატესი პროპორციული სისტემა მაჟორიტარულზე, როცა კენჭს ვუყრით პიროვნებას და არა ამორფულ პარტიას, რომლის ავან-ჩავანი არც იცის ამომრჩეველმა?!

 

სხვა საკითხია, რომ მაჟორიტარული ოლქები ჯიბეში უდევს ხელისუფლებას უკუღმართი საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისად, უკუღმართი საარჩევნო გარემოს გამო.

 

აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა მოვინდომოთ, რაც არ უნდა საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და საარჩევნო გარემოს შეცვლა ვაიძულოთ ხელისუფლებას, უკეთეს პოლიტიკურ რეალობას ვერ შევქმნით, თუ ახალი, ფორმითა და შინაარსით (იდეოლოგიით) განსხვავებული ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას არ შევუწყობთ ხელს. მართალია, დღევანდელ რეალობაში იდეალური პოლიტიკური სუბიექტის შექმნა ძნელია - არავინ მოგვცემს წმინდა ეროვნული სულისკვეთების ერთობის ფომირების საშუალებას, მაგრამ, ისეთი ძალა მაინც უნდა შეიქმნას, რომელიც გამოკვეთილად არც პრორუსული იქნება და არც პროამერიკული.

 

ძნელია? დიახ, ძნელია, მაგრამ შესაძლებელი!

 

არ ვიცი, საიდან ასკვნის ავტორი, რომ მომავალ პარლამენტში 10-12 პარტიას ვიხილავთ (თუ ეს ასე იქნება, საქართველოს პარლამენტი „ლებედ, რაკ და შუკას“ დაემსგავსება), მაგრამ, ასეც რომ მოხდეს, ეს ვერაფერი შეღავათი იქნება საქართველოსთვის!

 

ვეთანხმები იმაში, რომ მოჩვენებითი პლურალიზმი (მრავალპარტიული პარლამენტი) სასიკეთო შედეგს არ მოგვცემს და ზოგადად საპარლამენტო მოდელი საქართველოსთვის მიუღებელია, რადგან, ავტორის თქმისა არ იყოს, იგი არასტაბილურობის განცდას გვიქმნის.

 

ვეთანხმები ავტორს იმაშიც, რომ საქართველო თავისი ეთნო-ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, არ არის კოლექტიური მმართველობის (კოლექტიური პასუხისმგებლობის) ქვეყანა და იგი უფრო ერთპიროვნულ მმართველობასაა მორგებული, ოღონდ, მაქსიმალური ძალაუფლების არა უკონტროლოდ გადაცემით - სააკაშვილის მაგალითი, რომელმაც ხელში ჩაიგდო აბსოლუტური ძალაუფლება და იგი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობა არ ამართლებს - საზოგადოების მზაობაზეა დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა ბოროტად მის ხელთ არსებულ ძალაუფლებას ნებისმიერი ხელისუფალი!

 

ბოლოთქმა: თქვენი არ ვიცი, მაგრამ, პირადად მე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, დიდ იმედს არ ვამყარებ. ჯერ ერთი, დღემდე პოლიტიკურ ზედაპირზე არ ჩანს ის „ახალი ძალა“, რომელმაც უნდა შეცვალოს ხელისუფლების კონფიგურაცია და მომავალ საპარლამენტო არჩევნებს სხვა დატვირთვა შესძინოს.

 

თუ ეს (ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა) ვერ მოხერხდა, ავტორის თქმისა არ იყოს, რჩება „ხალხის განრისხება“ (აჯანყება), რომლისაც ყველა ხელისუფლებას ეშინია! თუმცა, განრისხება ყოველთვის, პირდაპირი გაგებით, აჯანყებას არ გულისხმობს - ის უპირველესად, საზოგადოების ერთობის დემონსტრირებით და კონსტიტუციური  უფლებების დაცვით იწყება. ვართ კი მზად განრისხებისთვის?!

 

P.S. მიუხედავად იმისა, რომ დესტაბილიზაციის მომხრე არასდროს ვყოფილვარ, ხელისუფლების ბოლოდროინდელი ინიციატივების გათვალისწინებით შთაბეჭდილება მრჩება, რომ განრისხების (აჯანყების) გარეშე არაფერი გამოვა - ვერც სამშობლოს ღალატზე ავაღებინებთ ხელს და ვერც ამ მოღალატე ხელისუფლებას შევცვლით.

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

28-01-2019, 16:48
უკან დაბრუნება