აქსიომაა: ქვეყნის ჭეშმარიტი ჭირისუფალი ვერც ცალკე აღებული ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტია და ვერც ცალკე აღებული ე.წ. ლიდერი იქნება - დრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ამ მწვავე კრიზისული სიტუაციიდან მხოლოდ ქართველი ხალხის ერთობა გამოიყვანს!
თუმცა, ერთობის აუცილებლობა ერმა ჯერ უნდა გააცნობიეროს...
ქართველ ერს, როცა იგი საკუთარი სახელმწიფოებრივი ძლიერების ზენიტზე იდგა, არასდროს ჰყოლია თვითმარქვია ლიდერი(ლიდერები), როგორც ეს ყალბი დემოკრატიის სახელით მოგვახვიეს თავს...
დიახ, საქართველო წარმატებული იყო მაშინ, როცა სათავეში ჰყავდა ჭეშმარიტი წინამძღოლი - ისეთები, როგორიც მძლეთამძლე დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე იყო!
დააკვირდით გუშინდელ და თუნდაც დღევანდელ ე.წ. „ლიდერებს“ - ისინი მხოლოდ თავიანთ პატრონებს და თავიანთთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას ემსახურებიან ქართული სახელმწიფოს გაყიდვა-განადგურების ხარჯზე. ხალხის ინტერესები კი მაპატიეთ და, ფეხებზე ჰკიდიათ!!!
მთელი უბედურება იმაშია, რომ ეს სამწუხარო რეალობა ჩვენ - ერის უმრავლესობამ, დღემდე ვერ გავაცნობიერეთ, ხოლო, ვინც გააცნობიერა, ისევ ყბადაღებული ლიდერის მოლოდინშია და საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანება უჭირს...
„ახალი ძალა“ უნდა გამოჩნდესო და უკვე „იჩეკებიან“ ახალ-ახალი ლიდერებიც, რომლებსაც კოჭებზე ეტყობათ, რომ ან „ოკეანედალეულები“ არიან, ან „თერგდალეულები“ და პოლიტიკურ ინსტრუქციებსაც იქიდან ღებულობენ! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველთა ერთობა ისევ ვერ შედგება...
მთავარი, რაც პირადად ჩემთვის თვალში საცემია, თითოეულ მათგანს მყარად ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრივი პოზიცია, პრობლემების მასშტაბურობის მხილება - აღიარება და მოქმედებაში თანმიმდევრულობა აკლია, რაც ისედაც დაქსაქსული ერის კიდევ უფრო დაქსაქსვას უწყობს ხელს და ხალხს ნიჰილიზმისკენ უბიძგებს!
გუშინ გაოცებული დავრჩი, როცა სოციალურ ქსელში ერთი ჩემთვის ღრმადპატივსაცემი პროფესორის ქართული ტელევიზიებისადმი მიმართვა წავიკითხე: დაუთმეთ სატელევიზიო ეთერი ყველაფრის მცოდნე („ყველაზე ინფორმირებულ“) და ყველაზე ჭკვიან ანალიტიკოს-პოლიტიკოსს, მირიან მირიანაშვილს და ხალხი უმალ მიხვდება - რა დღეში ვართ და რა უნდა გავაკეთოთო.
მიკვირს, ძალიან მიკვირს ასეთი თავდაჯერებულობა ბატონი პროფესორისგან, რადგან, ეს სწორედ ის მირიან მირიანაშვილია, თავის დროზე ამერიკის კარნახით „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლობას (პირადად აქვს ჩემთან ნათქვამი ამის თაობაზე), პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სააკაშვილის მიერ შეწერვას რომ ამტკიცებს (აგერ უკვე რამდენი წელია), ხოლო, საქართველოს ხსნას და რუსული უღლისგან საბოლოოდ განთავისუფლებას მხოლოდ ამერიკის კეთილგანწყობაში ხედავს!!!
ხალხი? ხალხის როლი ამ თამაშში საერთოდ იგნორირებულია!!!
ჯერ სადა ვართ - უკვე „გამოჩეკილების“ გარდა, არჩევნებამდე კიდევ გამოჩნდებიან ასეთი თვითდაჯერებული ლიდერები, რომლებსაც ხალხი შეცდომაში შეჰყავთ!
დასკვნა: ნუ ვუსმენთ და ნუ ვეძებთ ცრუ, თვითმარქვია ლიდერებს - ჩვენ ჭეშმარიტ ლიდერთა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნეთა და თანმიმდევრულთა გუნდი გვჭირდება, რომელიც თავისივე წიაღში შობს ჭეშმარიტ წინამძღოლსაც!