21 აპრილს, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მუსიკის მოყვარულებს ნამდვილი ზეიმი ელოდებათ - ბელა ბერკემერ-მახარაძე მეუღლესთან, ცნობილ პიანისტთან, დირიჟორთან და კომპოზიტორთან უვე ბერკემერთან და უფროს ქალიშვილთან, ნინა ბერკემერთან ერთად კონცერტს გამართავს.
ეჭვს გარეშეა, როგორც შარშან და შარშანწინ, ახლაც კონცერტი სრული ანშლაგით ჩაივლის და ჭეშმარიტ მუსიკასთან ნაზიარები მაყურებელი ხმამაღლა იტყვის: ბრავო!
ქალბატონ ბელას სულ ორი წელია ვიცნობ. ძირითადად სოციალურმა ქსელმა დაგვაახლოვა. შეხვედრამდე ვფიქრობდი, რომ მისი სახით საქმე მქონდა გურული ტემპერამენტით დაჯილდოებულ ახალგაზრდა მუსიკოსთან, რომელსაც თავისი უშუალობითა და სითამამით ძალუძს დაგამახსოვროს თავი, მეტიც, არა მარტო დაგამახსოვროს, მის სამსახურში ჩაგაყენოს კიდეც!
რამდენიმე წელია ჩემი პროფესიული საქმიანობა უფრო პუბლიცისტიკისკენ გადაიხარა, მაგრამ, ქალბატონ ბელას მომხიბვლელობამ და თვითნაბადმა მუსიკალურმა ნიჭმა იმდენი ქნა, რომ ჩვეულებრივი ჟურნალისტობაც გამახსენა.
მაშ ასე, თქვენს წინაშეავირტუოზი მევიოლინე, ბელა ბერკემერ-მახარაძე.
აქვე, იმასაც ვიტყვი, რომ ხალას მუსიკოსთან შეხვედრა, ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, ქ-ნ თამარ ხოჭოლავას დაჟინებული თხოვნით მოხდა. ქ-ნი თამარი იმ ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნის, ვისაც გამორჩეული კუმირები ჰყავს ცხოვრებაში და მათზე აფანატებს. ბელა მახარაძე სწორედ მისი კუმირია!
შეხვედრისას ბევრ საკითხზე (მათ შორის, პირადულზე,) ვისაუბრეთ. რესპოდენტი, როგორც ცხოვრებაში, ასევე ჩემს პირისპირაც, საკუთარი ხასიათისა და მიღწევების დემონსტრირებისას, ხალასი და გულწრფელი ჩანდა - ყველა სერიოზულ თუ საჩოთირო კითხვაზე ღიმილით და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, ბუნებრივად პასუხობდა. თითქოს ყველაფერზე ვისაუბრეთ, მაგრამ ერთი რამ დამავიწყდა მეკითხა: რატომ ბერკემერ-მახარაძე და არა მახარაძე-ბერკემერი? ქართული ტრადიციით ხომ პირიქითაა?!
ბელა ბერკემერ-მახარაძე: „გურიაში, სოფელ ნატანებში დავიბადე, ტემპერამენტზეც არ მეტყობა, რომ ნაღდი გურული ვარ?! არც სითამამე მაკლია და ენერგიაც ისეთი მაქვს, რომ მოვინდომო, „მთასაც გადავდგამ“!
ბავშვობაში ანცი და მოუხელთებელი ვიყავი, თუმცა, რასაც ხელს მოვკიდებდი, გულიანად და ენერგიულად ვაკეთებდი. მუსიკა ბავშვობიდანვე მიტაცებდა. ეს გატაცება, ალბათ, უფრო დედისგან იყო კოდირებული - დედაჩემი, ეთერ კვერღელიძე თავის დროზე ნატანების მუსიკალური სკოლის დირექტორი გახლდათ. როგორც მომავალმა მუსიკოსმა მუსიკალური სკოლა გურიაში დავამთავრე, ვიოლინოს აღიარებული პედაგოგი თემურ შალვაშვილი მასწავლიდა. იგივე პედაგოგი მყავდა ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელშიც, სადაც ორი წელი ვისწავლე. რაც შეეხება ნიჭიერთა ათწლედს, თბილისში დავამთავრე - ვსწავლობდი პროფესორ შოთა შანიძის კლასში. ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის ნიჭიერთა ათწლედი დავამთავრე, შემდეგ კონსერვატორია. ვიყავი ლიანა ისაკაძის სახელობის სტიპენდიანტი. მისი მხარდაჭერით მუშაობა დავიწყე საქართველოს კამერულ ორკესტრში, რომელმაც ჩემი ცხოვრება განსაზღვრა. სწორედ აქ გავიცანი მომავალი მეუღლე - უვა ბერკემერი.
ქ-ნ ბელას გურულ მოხერხებაზე და მიზანსწრაფულობაზე მეტყველებს ისიც, რომ შეხვედრისთანავე მოხიბლა ორმეტრიანი გერმანელი მუსიკოსი, ცნობილი დირიჟორი და კომპოზიტორი და ცოცხალი თავით არავის დაუთმო (რატომაც არა)! როგორც თვითონ ამბობს, ეს იყო „ერთი ნახვით შეყვარება“, რომელიც მადლობა ღმერთს, მყარი და შედეგიანი გამოდგა - დღეს ბელას და უვეს ორი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავთ - ნინა და მარი, რომლებიც მშობლების კვალს მიჰყვებიან და პროფესიონალ მუსიკოსებად ყალიბდებიან.
როგორც ბელასთან საუბრიდან ირკვევა, უვე ძალიან მოიხიბლა თურმე საქართველოთი და აქ დამკვიდრებასაც აპირებდა (3 წელი კავკასიურ კამერულ ორკესტრს ხელმძღვანელობდა, სადაც ქ-ნი ბელაც უკრავდა), რომ არა სისხლიანი 2008 წლის აგვისტო...
„ბელა ბერკემერ-მახარაძე: - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საცხოვრებლად გერმანიაში, ქალაქ იბბენბიურენში გადავედით. უვემ სამუსიკო სასწავლებელი შექმნა. მე საჯარო სკოლაში დავიწყე მუსიკის მასწავლებლად მუშაობა, თან კერძოდ ვამეცადინებდი მოსწავლეებს ვიოლინოსა და ფორტეპიანოში. ძნელი იყო უცხო გარემოსთან შეგუება, თუმცა, ადაპტირება შედარებით ადვილად შევძელი... ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ წარმატებული ვიყო ყველგან და ყველაფერში. ეს ჩემი ხასიათია!“
თითქმის ოცწლიანმა თანაცხოვრებამ წარმატებულად ჩაიარა. უკან დარჩა ერთმანეთის გამოცდის, „გაბუტვისა“ და შეგუების წლები. დღეს ბელას და უვეს უბედნიერესი ოჯახი აქვთ. მათ ყველაზე მეტად მაინც შვილები და საყვარელი საქმე - მუსიკა აერთიანებთ!
ჩემს შეკითხვაზე, მაინც როგორ „დაატყვევა“ კაფანდარა გურულმა გოგომ გერმანელი „გოლიათი“, ბელა სიცილით პასუხობს:
„ქ-ნმა ლიანა ისაკაძემ უვე ჩვენთან შემოიყვანა, თან გაგვაფრთხილა: დასაქორწინებელია და ვნახოთ ბედი ვის გაუღიმებსო! ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ. მეგობრებმა იხუმრეს - ეს კაცი შენ არ გამოგადგებაო, რასაც ჩემი გურული ენაკვიმატობია მოჰყვა: ლოგინში ყველა თანასწორია-მეთქი! არ ვიცი, უთარგმნეს თუ არა, მაგრამ უვემ ისეთი თვალებით გადმომხედა, მივხვდი, „ის ის იყო“. სასიყვარულო ფლირტი დიდხანს არ გაგრძელებულა: თითქმის ერთ თვეში დავქორწინდით“!
- შენ ძალიან აქტიური და კომუნუნიკაბელური ხარ, უვე ეჭვიანობს ხოლმე?
- არც უმაგისობაა, ხშირად მოგვსვლია კამათი ამ ნიადაგზე და ჩვენი ბუტიაობაც რამდენიმე დღე გაგრძელებულა, მაგრამ, ისევ ადვილად ვრიგდებით. მენტალური განსხვავება მაინც თავისას აკეთებს - მას გადამეტებულად ეჩვენება ქართული ტრადიციული სტუმართმოყვარეობა, მაგრამ რაც ჩემს ხასიათშია ჩაკირული, იმას, ვერავინ ამოშლის. თუმცა, უვეს მისამართით საყვედური არც მეთქმის - ბავშვების გაზრდაშიც მეხმარებოდა და სადილსაც ის გვიმზადებს - სხვათაშორის, საოცარი გურმანია. ამ მხრივ, ცოტა გამაზარმაცა...
შტრიხები ბელას პორტრეტიდან:
გამორჩეულია გურული ტემპერამენტით, ცდილობს ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნას და კარგადაც გამოსდის - ამაში მუსიკალურ ვირტუოზობასთან ერთად სითამამე და უშუალობა ეხმარება. შეიძლება ითქვას, სოციალური ქსელის უცვლელი ლიდერია! როგორც ქალი, ძალიან გამომწვევია: ისეთი, ერთი ნახვით სიყვარულს რომ მოგანდომებს, მაგრამ საქმე საქმეზე თუ მიდგა, როგორც იტყვიან, წყაროზე ჩაგიყვანს და წყალს არ დაგალევინებს! ძალიან სიამოვნებს, როცა ეფერებიან და მის მუსიკალურ გაქანებას უსვამენ ხაზს.
ჩაცმითაც გამომწვევად იცვამს - როგორც ამბობს, ეს მისი ცხოვრების სტილია და ვისაც არ მოსწონს, გაიაროს... საოცრად თბილი, ღიმილიანი და მოსიყვარულეა, მაგრამ, თუ უყურადღებობაში „გამოგიჭირა“, არ გაპატიებს! მოკლედ ისეთია, სულ ხელის გულზე რომ უნდა ატარო. რაც შეეხება პოპულარობას, ამბობს, რომ ეს არა მარტო თანდაყოლილი ნიჭის, არამედ, შეუპოვარი შრომისა და მიზანსწრაფულობის შედეგია. თუ რამე ჩაიფიქრა, მანამ არ მოისვენებს, სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს!
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად გერმანიაში ცხოვრობს, საქართველო ერთი წუთითაც არ ავიწყდება. მოქალაქეობაც შეინარჩუნა და „სიბერის სახლიც“ აიშენა. ფიქრობს, გარკვეული წლების შემდეგ მშობლიურ ფესვებს დაუბრუნდეს. რაც მთავარია, საქართველო და ქართული ენა ბავშვებსაც შეაყვარა - უფროსმა შედარებით უკეთესად იცის, პატარა ცდილობს, დარწმუნებულია, რომ ამ ბარიერსაც ადვილად გადალახავენ...
მშობლიური ფესვების სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულებაა ისიც, რომ ბელა მეუღლესთან და უკვე უფროს ქალიშვილთან ერთად, ხშირად ატარებს საქველმოქმედო და საავტორო კონცერტებს საქართველოში. საკუთარ სამშობლოში მისი ყოველი სტუმრობა ნამდვილი ზეიმია მეგობრებისა და ახლობლებისთვის. როგორც თვითონ ამბობს, მიდის საქართველოდან და ერთი ფეხი უკან რჩება...
ბელა ბერკემერ-მახარაძე: „საქართველო ჩემი პირველი სახლია. რაც არ უნდა უზრუნველი ცხოვრება მოვიწყო გერმანიაში, საკუთარ სამშობლოს ვერაფერი შეცვლის. აქ სულ სხვანაირად ვსუნთქავ. „ფრთებიც“ მეშლება და საოცარ სიმსუბუქეს ვგრძობ, სულიც ამღერებულია და თითქოს კალაპოტიდან გადმოდის - აქ ნამდვილი ბელა ვარ!
ამაყობს, რომ მის მუსიკალურ დაოსტატებაში დიდია ლეგენდარული კოტე მახარაძის წვლილი. როგორც თავად ამბობს, მისი უშუალო პატრონაჟით დაოსტატდა.
კოტე, მამამისის, რომან მახარაძის ალალი ბიძაშვილი ყოფილა. მასაც ეამაყებოდა თურმე, რომ მისმა სისხლმა და ხორცმა გაამართლა და კიდევ ერთი ნიჭიერი მუსიკოსი ეზრდებოდა საქართველოს ბელა მახარაძის სახით.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანია სხვა ტრადიციებისა და ურთიერთობების ქვეყანაა, ხალასი ნიჭი შეუმჩნეველი არც იქ დარჩენილა თურმე - მახარაძე-ბერკემერების ტანდემი ხშირად ატარებს როგორც სოლო, ისე საორკესტრო კონცერტებს გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში.
როგორც ბელა ამბობს, რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტი იქაც ჩაუტარებიათ და მადლიერებაც დაუმსახურებიათ...
საინტერესოა, როგორ ცხოვრობს ეკონომიურად ასეთი პოპილარული ოჯახი გერმანიაში. არის თუ არა საკმარისი მუსიკალური ნიჭი და ტალანტი, იცხოვრო უზრუნველად და „ჩიტის რძეც“ არ მოგაკლდეს?!
ბელა ბერკემერ-მახარაძე: მუსიკით ვერ გამდიდრდები, მითუმეტეს, სუპერ-ვარსკვლავი ყველა ვერ იქნება. ჩვენ ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობთ, თითქოს არაფერი გვაკლია, მაგრამ არ გადაგვდის და გადმოგვდის - რასაც ვშოულობთ, დაუღალავი შრომის შედეგია! ხშირად კრედიტებითაც ვსარგებლობთ, რომ სული მოვითქვათ, მაგრამ ეს არ არის მთავარი - მთავარი ის სიყვარულია, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ, როგორც მუსიკოსები... განსაკუთრებული სიყვარული მაინც ქართველებისგან მოდის, აქ უფრო მეტად იციან ემოციების გამოხატვა. სოციალური ქსელით ბევრი ვირტუალური მეგობარი შევიძინე, ყველა ცდილობს ახლოდან გამიცნოს და მომეფეროს, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა. როგორც ვახერხებ, მეც ისე ვუბრუნებ „ხურდას“. სიყვარული მართლაც შემიძლია.
რადგან საუბარი სიყვარულზე ჩამოვარდა, შეპარვით ვკითხე, როგორ იგერიებს ამდენ თაყვანისმცემელს...
კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა:
- შენ გინდა მათქმევინო, რომ ცოდვილი ვარ?! რა თქმა უნდა, მე ცოდვილი ვარ, მაგრამ ამის იქით დაკონკრეტებას ნუ მომთხოვ. არ არის აუცილებელი იმრუშო, რომ ცოდვილად წარმოიდგინო თავი. თუ სასიყვარულო ფლირტები გაინტერესებს, რა თქმა უნდა, მქონია, მაგრამ ოჯახი ჩემთვის ნამდვილი ციხე-სიმაგრეა - მე ქართული ტრადიციული ღირებულებების მომხრე ვარ! ასე, რომ, ადამიანში ერთგულებას ყველაზე მეტად ვაფასებ...
ჩვენ ორსაათნახევრის მანძილზე ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, არც პირად, ინტიმურ თემებს მოვრიდებივართ. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბელა ბერკემერ-მახარაძე არა მარტო პროფესიონალი მუსიკოსი, პროფესიონალი მსახიობიცაა, რომელსაც შეუძლია საკუთარი უშუალობით დაგატყვევოს - საკმაოდ ნაკითხი და ერუდირებული ქალბატონის იმიჯი დაგიტოვოს, საჩოთირო თემებსაც არ მოერიდოს, ხუმრობაში გამოგყვეს, ანუ წყაროზეც ჩაგიყვანოს, მაგრამ წყალი არ დაგალევინოს!
გულწრფელად ვიტყვი: მე მხიბლავს ასეთ არაორდინალურ ადამიანებთან შეხვედრა. მიხარია, რომ ახლოდან ვიცნობ ვირტუოზ მევიოლინეს და არაჩვეულებრივ „მსახიობს“, ქალბატონ ბელა ბერკემერ-მახარაძეს.
თქვენც გაიცანით!
P.S. როგორც სტატიის შესავალში ვწერდი, 21 აპრილს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში მუსიკის მოყვარულებს ნამდვილი ზეიმი ელოდებათ - ოჯახური ტრიო: უვე ბერკემერის, ბელა ბერკემერ-მახარაძისა და ნინა ბერკემერის შემადგენლობით არაჩვეულებრივ საღამოს გაჩუქებთ.
მე მივდივარ ბელას ამ საღამოზე, უზადო მუსიკალურობისა და ტალანტის თაყვანისმცემელთა არმიასთან ერთად. თქვენც მოიფიქრეთ, კონსერვატორიის დიდ დარბაზში თავისუფალი ადგილები ჯერ კიდევ მოიძებნება!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი