ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: „მამის“ წინააღმდეგ „ამბოხებულებს“ არავინ დაუჯერებს!

ზაურ ნაჭყებია: „მამის“ წინააღმდეგ „ამბოხებულებს“ არავინ დაუჯერებს!

 

ინტუიციით ვგრძნობდი, რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც მისვლა გადავწყვიტე, რადგან, ჩემთვისაც ახლობელია ცნობილი ჭეშმარიტება: გაგონილს ყოველთვის ნანახი სჯობს!

 

ვნახე, მოვისმინე და მყარი აზრიც ჩამომიყალიბდა. ეს იყო მორიგი შოუ, ოღონდ, ცუდად დადგმული - რეჟისორებიც და შემსრულებლებიც, რბილად რომ თქვათ, ძალიან მოიკოჭლებდნენ.

 

 

 

არადა, ჩვენ იმდენი რამ გავიარეთ, ასეთ იაფფასიან ტრიუკებს უკვე „არავინ ჭამს“ - ყველაზე ზომბირებულნიც კი...

 

საკმაოდ ბევრი დაიწერა შაბათს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ „დაიცავი საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე. პოზიტიური შეფასებები თითქმის არ ყოფილა. თუმცა, მაინც ემოციები უფრო სჭარბობდა, ვიდრე საქმიანი (რაციონალური) დასკვნები.

 

შეიძლება მკაფიოდ ითქვას: ეს „ის“ არ არის, რასაც ამდენი ხანი ველოდებით -არავითარი ახალი სახეები და ახალი სახელები, არანაირი სტრატეგია და ტაქტიკა, არანაირი იდეოლოგია...

 

ხმის დაბოხება (დაყენება) და იმის ძახილი, რომ ორივე („ნაციონალები“ და „ოცნება“) უნდა წავიდეს, არსებითად არაფერს ნიშნავს - რომ უნდა წავიდნენ, ჩვენც ვიცით, მაგრამ, იმის „რეცეპტიც“ უნდა მოვაყოლოთ, როგორ უნდა გავუშვათ. მეორე და უმთავრესი: ვინ ჩაანაცვლებს ერთი მთელისგან შემდგარ ორ ოდიოზურ ძალას, რომელიც ერთმანეთთან პინგ-პონგის თამაშით ისევ თვალში ნაცარს გვაყრის და არსადაც წასვლას არ აპირებს?!

 

ფულარმონისს დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარებულმა თავყრილობამ დაამტკიცა, რომ „დაიცავი საქართველო“ ნამდვილად არ იქნება ის ძალა, რომელიც მათ „გაშვებას“ შეძლებს და ახალ პოლიტიკურ რეალობას შექმნის ქვეყანაში.

 

ერთმა ენამოსწრებულმა „ინტრიგანმა“ იხუმრა კიდეც: „„დაიცავი საქართველოსგან“ საქართველო უნდა დავიცვათო“! არის ამ ხუმრობაში ჭეშმარიტების მარცვალიც. ასეთი ყალბი წარმონაქმნები ხშირად ცრუ ილუზიებში ამყოფებენ საზოგადოებას და ხელისუფლების სატელიტური პოლიტიკური ძალის ფუნქციას ასრულებენ.

 

თუმცა, იმ უღიმღამო შოუს ფონზე არა მგონია „დაიცავი საქართველომ“ ეს ფუნქცია შეასრულოს და „ქართულ ოცნებას“ მეხამრიდად მოევლინოს!

 

დავით მაღრაძეზე და ძალით „გამოჩეკილ“, ხმაურითა და ყალბი ჟესტებით შემოსულ პოლიტიკოსებზე რომ არაფერი ვთქვათ, რა შუაშია „ახალ ძალასთან“ აიწონა-დაიწონას მოთამაშე პარლამენტარები? ვის დავაჯერებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს გახდა ცუდი და მათთვის მიუღებელი, თორემ, გუშინ და გუშინწინ, როცა ბევრი მათგანი წუმპედან ამოიყვანა და „საბალახოდ“ გაუშვა, სწორუპოვარი პოლიტიკოსი და საქართველოს გადარჩენის მისიით გულანთებული პატრიოტი იყო?!

 

ჯერ ერთი, ორჯერ ერთსა და იგივე წყალში არ შედიან, მეორეც, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ზვიად კვაჭანტირაძე, გედი ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ვატო შაქარაშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, გიორგი გურგულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავლენ და მის „პოლიტიკურ კუბოზე“ ბოლო ლურსმანს დააჭედებენ!

 

სასწაული მოხდეს და გულწრფელადაც რომ მოინდომონ, „მამის“ წინააღმდეგ „ამბოხებულებს“ ვინ უნდა დაუჯეროს?!

 

რბილად (კორექტულად) თუ ვიტყვი, დარბაზში ყოფნისას ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ კომპარტიის თავყრილობაზე ვიჯექი და ყველაფერი ისეთი სცენარით მიდიოდა, რა სცენარიც წინასწარ დაიგეგმა: ზოგადი ფრაზები, მრავალგზის გადაღეჭილი თემა - უვადო მოსასმართლეებზე ჩაციკვლა  (თითქოს უფრო დიდი პრობლემები არ იყოს ქვეყანაში) ყალბი ინტონაციები, ნახევრად ნათქვამი სიმართლე (როცა მმართველ პარტიაზე საუბრობ მის ნამდვილ შემოქმედს ცივ ნიავს არ აკარებ)...

 

პუბლიცისტ დავით მხეიძის გამოსვლამ (მანაც იძალადა, რომ გამოსულიყო) თითქოსდა დისონანსი შეიტანა დარბაზში და ხალხიც - ზოგი ირონიულ, ზოგიც მხურვალე აპლოდისმენტების ხასიათზე დააყენა, მაგრამ, არც მისგან წამოსულა კონკრეტული გზავნილები - კონკრეტულად არ უთქვამს, თუ რატომ იყო იმდღევანდელი შეკრება ცუდად დადგმული შოუ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ე.წ. „მესამე ძალასთან“.

 

შთაბეჭდილება დამრჩა: ვიღაცას სურს, „ქართული ოცნების“ სატელიტად ჩამოყალიბდეს, მაგრამ, მათთვის არსებობს ზღვარი, რომლის გადალახვას არ ან ვერ ახერხებენ - თავიდანვე ყალბი სატელიტები კი უცებ იშიფრებიან!

 

შეკრებამ თვალნათლივ აჩვენა, რომ დავით მაღრაძე ვერ იქნება ლიდერი - მას ამისთვის არც სათანადო ქარიზმა აქვს და არც პოლიტიკური წარსული უწყობს ხელს! სცენაზეც ცოტა დაბნეული და ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ჩანდა. ერთი შეხედვით მომეჩვენა, რომ მას თითქოს მავანისგან დავალება აქვს მიღებული და თვითონაც არ იცის, როგორ დაიძვრინოს თავი, რომ უმადურის იარლიყი არ მიიკეროს!..

 

სხვათაშორის, სცენაზე გადმოღვრილმა მონოტონურმა სიომ მიბიძგა ავსულიყავი და საკუთარი პოზიცია დამეფიქსირებინა არსებული რეალობის, კონკრეტულად „დაიცავი საქართველოს“ იმდღევანდელი თავყრილობის მიმართ, მაგრამ, ორგანიზატორების მხრიდან ამისთვის მზაობა ვერ ვიგრძენი - ისინი ყველანაირად ცდილობდნენ სცენარიდან არ გადაეხვიათ და რაც შეიძლება ჩქარ ტემპში დაემთავრებინათ თავიანთი თავყრილობა.

 

P.S. „დაიცავი საქართველოს“ ორგანიზებით ჩატარებულმა უღიმღამო თავყრილობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ „ახალი ძალის“ ნიშა თავისუფალია და მაღრაძისნაირი ლიდერები მას ვერ დაიკავებენ. როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, „ახალი ძალა“ ახალ სტრატეგიას და ტაქტიკას, არსებულისგან განსხვავებულ იდეოლოგიას გულისხმობს. ვნახოთ, ხელი ჯერ კიდევ არ ჩამიქნევია.

 

P.S.S. როგორც ჩანს, 2020 წლის არჩევნებისთვის ჩოხას ბევრი „იზომავს“ - ზოგი უკვე გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე, ზოგიც ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნით „იმუქრება“. თუ პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს ვერწმუნებით, სერიოზულ პოლიტიკურ ძალად ყალიბდებიან მემარცხენეები: ალეკო ალისაშვილი, დავით ჭიჭინაძე, ანი დოლიძე.

 

არ ვიცი, ვის რა გათვლები აქვს, მაგრამ, მე პირადად, ვერც ერთ მათგანში ვერ ვხედავ იმ ძალას, რომელიც ზემოთ ხსენებულ ორ მონსტრს („ნაცები“, „ქოცები“) პოლიტიკურ მოუსავლეთში მიაბრძანებს!

 

ჩვენ ნამდვილი ახალი ძალა გვჭირდება!!!

 

დროა!

15-04-2019, 14:55
უკან დაბრუნება