ივერიონი / რაც თქვენი არ ყოფილა, ის თქვენი არც იქნება!

რაც თქვენი არ ყოფილა, ის თქვენი არც იქნება!

 

ღია წერილი აზერბაიჯანელ მეგობრებს

 

ქრისტიანობამდელი, ადრეული შუა საუკუნეების, შუა საუკუნეებისა და XVI-XVII საუკუნეების ქართული კულტურის ძეგლი გარეჯის უდაბნო დღეს ქართველი მლოცველებისთვის, ტურისტებისა და დიპლომატებისთვის მიუღწევადია. რამდენადაც ვიცი, მას, დარაჯობს აზერბაიჯანის მესაზღვრეთა შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, გზას გაათავისუფლებს 5 მაისამდე (თამარ მეფის სულ 4 ფრესკული პორტრეტი არსებობს: ვარძიაში, ყინწვისში, ბეთანიაში და გარეჯის უდაბნოში - ბერთუბნის ლავრაში. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩვენ გვიკეტავენ გზას ჩვენი მეფის პორტრეტისკენ, ჩვენს ისტორიულ ტერიტორიაზე). ამგვარად, მომავლისთვის ეს მხარე და კულტურის ეს ძეგლი ქართული საზოგადოებისთვის და მკვლევარებისთვის მიუწვდომელი ხდება. ამ კონტექსტში იძულებულნი ვართ შემდეგი სამწუხარო კონსატატაცია მოვახდინოთ.

 

საქართველოს ტერიტორიის მრავალათასობით კვ.კმ. ამიერკავკასიის მთლიანი დაპყრობის შემდეგ, დამპყრობელმა ბოლშევიკურმა რუსეთმა გადასცა აზერბაიჯანს, როგორც სახელმწიფო ტერიტორია. რუსეთის რეალური მოტივები იყო შემდეგი: 

 

I.აზერბაიჯანი იყო იმ დროის ერთადერთი მუსულმანური  საბჭოთა რესპუბლიკა, საჭირო იყო მისი ბედნიერების ყოველმხრივი რეკლამირება რუსული იმპერიის სხვა მუსულმანი მოსახლეობის თვალში (შუა აზიის ქვეყნები მაშინ გასაბჭოებული არ იყო);

 

II.საქართველოს საბჭოთა რუსეთი რაცხდა თავის მთავარ მტრად ამიერკავკასიაში.

 

III.სტალინის პირადი ინტერესი იყო საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი როგორც უცხოელი რუსეთის ხელისუფალი ვერ გახდებოდა.

 

ყველასათვის ცნობილია სამწუხარო ფაქტი, რომ საინგილოში ხორციელდება ეთნიკური დივერსია ინგილოთა, ანუ ქართველთა მიმართ. ჩვენ ამ სიტუაციასთან, რა თქმა უნდა არ ვაპირებთ შერიგებას. მაგრამ ამჯერად ეს ჩვენი თემა  არ არის - დღეს ჩვენ ვხელმძღვანელობთ საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალ საერთო ფუნდამენტურ საერთაშორისო ინტერესთა არსებობის ფაქტით. გვინდა მაინც ჩვენმა პარტნიორებმა იცოდეთ, რომ სამხედრო გამარჯვებები აზერბაიჯანს ჩრდილოეთისკენ და დასავლეთისაკენ ძალიან მცირე ალბათობით თუ ექნება, რადგან გამარჯვებები არ ექნება თურქეთს და არ ექნება იმიტომ, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, მან, ფაქტობრივად, სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი აირჩია. როგორც ჩვენს მეგობარსა და პოტენციურ მოკავშირეს თავის უფლებას ვაძლევთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ერთი რჩევით მივმართოთ: დაუფარავ აგრესორსა და კანონდამრღვევ რუსეთს ამ ბოლო ხანებში ერთი კოლოსალური გამარჯვება აქვს მოპოვებული. მან შექმნა კასპიის ზღვის გარშემო მდებარე სახელმწიფოთა ქმედითი პოლიტიკური კავშირი, რომელიც მონოპოლიურ უფლებას იკუთვნებს შეიარაღებული ძალა იქონიოს კასპიის ზღვაზე. მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი, როგორც სახელმწიფო ძალიან მოიგებს თუ გამოვა ამ ხელშეკრულებიდან და დემოკრატიული დასავლეთის დახმარებით თვითონ შექმნის კასპიის შელფისა და ფსკერის დაცვის ქმედით სისტემას. ეს საქართველოსთვისაც  მრავალმხრივ მომგებიანი იქნება.

 

თავს უფლებას ვაძლევთ ჩვენი აზრი მოგახსენოთ კულტურისა და ეთნოლოგიის სფეროშიც. აზებაიჯანის საზოგადოებრივ ცნობიერებაში და სახელმწიფო პოლიტიკაში ფართოდ გავრცელებულია რწმენა, რომ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დარჩენილია „ალბანური კულტურის“ ნაშთები. ეს რწმენა ბოროტად გამოყენებულია იმისთვის, რომ ქრისტიანული ძეგლები, რომლებიც აქ მხოლოდ ქართულია, ალბანურად გამოაცხადონ და ამით მოიპოვონ ამ ძეგლთა ნებისმიერი ფორმით განკარგვის, მათ შორის - განადგურების უფლება. ამ ჰიპოთეზის მეცნიერული წონა ნოლია! სამხრეთ-აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მოსახლეობის ვინაობა  ჩვენი წელთააღრიცხვის დაწყებამდე და მის მიდამოებში კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.  ერთადერთი რეალური წყარო ინფორმაციისა ჩვენ გვაქვს იმ ფაქტის სახით, რომ აქ ცხოვრობენ უდები, მაგრამ უდები არიან კავკასიელები. მათი ენა ეკუთვნის კავკასიურ ენათა ჯგუფს - ერთ-ერთ ყველაზე მკაფიოდ გამოყოფილ სხვა ყოველისგან თვალსაცემად განსხვავებულ ჯგუფს დედამიწის ზურგზე.

 

რაც შეეხება აზერბაიჯანელებს, მათი წარმოშობის ადგილი არის ცენტრალური აზია (გავიხსენოთ ფირდოუსი, რომელმაც უმღერა „ირანს“ და „თურანს“ შორის მრავალსაუკუნიან ომებს შუა აზიაში). ეს მოსახლეობა არის მოსული ნაწილობრივ თავისით, ნაწილობრივ შემდგომში შემოსახლებულია ირანის შახთა მიერ პოლიტიკური მიზნით (ყიზილბაშები, ანუ წითელთავიანები არიან მხოლოდ ერთ-ერთი ტომი ამ პროცესში ამიერკავკასიაში მოსულთა შორის).

 

მამუკა გიორგაძე, საქართველოს სახალხო პარტიის თავმჯდომარე           

თენგიზ დიხამინჯია, ტექნიკის დოქტორი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი                                                                                                                         

მერაბ ვაჩნაძე, ისტორიკოსი, პროფესორი                                             

 

პაატა კოღუაშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი                       

 

ჯუმბერ კოპალიანი, ისტორიკოსი, პროფესორი, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ვეტერანი                      

 

ნოდარ ნათაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი, საქართველოს სახალხო ფრონტის თავმჯდომარე   

 

გურამ  ნიკოლაიშვილი, გენერალ-ლეინტენანტი

 

ნიკა სანებლიძე, ფილოლოგიის დირექტორი, პროფესორი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი

 

ოთარ ჟორდანია, ისტორიკოსი, პროფესორი            

 

მამული ჟღენტი, ინჟინერ-მიწათმომწყობი, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ვეტერანი

 

თამაზ ყურაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი

 

30-04-2019, 11:27
უკან დაბრუნება