ივერიონი / მიხეილ ჯიბუტი: ადამიანი გაკეთებული საქმით უნდა შეფასდეს და არა იმით, როდის და სად მუშაობდა!

მიხეილ ჯიბუტი: ადამიანი გაკეთებული საქმით უნდა შეფასდეს და არა იმით, როდის და სად მუშაობდა!

(შენგელი ფიცხელაურის დანიშვნის გამო) 

 

2019 წლის 7 მაისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური დაინიშნა.

 

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა  ამ დანიშვნის საწინააღმდეგოდ წამოაყენა ორი არგუმენტი: ერთი, ფიცხელაური „შევარდნაძისდროინდელი კადრია“ და მეორე, ის ბიძინა ივანიშვილთანაა დამოყვრებული. 

 

სხვა პრეტენზია პიროვნების იდენტიფიკაციის ისეთი მახასიათებლებისადმი, როგორიცაა ეროვნება - პატრიოტიზმი, ოჯახი - ოჯახიშვილობა, განათლება - პროფესიონალიზმი, კომუნიკაბელურობა - საზოგადოებრივი საქმიანობა, ცხოვრების სტილი - ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი, სინდისი და ნამუსი - არავის კითხვის ქვეშ არ დაუყენებია!

 

ზედა ორის გარდა, სხვა საკითხებში უპრეტენზიობა იმის ბრალი ხომ არაა, რომ ოპოზიციაში ახალგაზრდები არიან  არ იცნობენ შენგელი ფიცხელაურის მოღვაწეობას? თუ პიროვნების უარსაყოფად საკმარისია „შევარდნაძისდროინდელი კადრი“-ს მითითება?

 

ასეთი მიდგომის აბსურდულობის არგუმენტად არ ვისარგებლებ პრიმიტიული ლოგიკით და არ ვიკითხავ: ყველაზე  აქტიური ოპოზიციური ნაწილის ლიდერი - მთავარი აქტივისტი მიხეილ სააკაშვილი „შევარდნაძისდროინდელი კადრი“ არ არის? აქ არც იმაზე გავჩერდები, რომ ეს ტიპიური ორმაგი სტანდარტია და მისი გამოყენება პოლიტიკაში ყველაზე ამორალურ საქციელადაა მიჩნეული.

 

ასეთი ლოგიკით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღმდგენი მთელი უზენაესი საბჭო, 1990 წლის არჩევნების შემდეგ „შევარდნაძისდროინდელი კადრები“ არ გამოდის?  მათი არჩევა ხომ  სსრ კავშირის ფარგლებში და კანონმდებლობით მოხდა?  საბჭოთა კავშირისა, რომელსაც მიხეილ გორბაჩოვი რამოდენიმე კაცთან და მათ შორის ედუარდ შევარდნაძესთან ერთად ხელმძღვანელობდა. უკეთესი არც ის  იქნება, თუ  მათ „გორბაჩოვისდროინდელ კადრებს“ ვუწოდებთ?!

 

თუ  საპირისპიროდ ვიტყვით, რომ  კი იყვნენ იმ დროს, მაგრამ არ ეთანხმებოდნენ, ებრძოდნენ  შევარდნაძეს, ან გორბაჩოვს - ეს უფრო სწორი იქნება, მაგრამ სტერეოტიპი ამით არ იცვლება. იმავე დროს, ხომ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არც ეთანხმებოდნენ და არც მონაწილეობდნენ არჩევნებში? არ ეკავათ თანამდებობები?

 

ასეთი მსჯელობის დროს ადვილია ერთმანეთში ავურიოთ პიროვნებისა და პოლიტიკური ორგანიზაციის შეფასება.

პარტიასთან დაკავშირებით აღარ გავაგრძელებ  მსჯელობას. ერთს ხაზგასმით ვიტყვი: „შევარდნაძისდროულობა“ და საერთოდ, ადამიანის ცხოვრება რაღაც ასტრონომიულ პერიოდში,  პიროვნებისთვის მოცემულობა, გარდაუვალობაა, ხოლო პარტიისთვის - არჩევანია, პოზიციაა, გადაწყვეტილებაა.

 

ამდენად, პიროვნების შეფასებისას მთავარია, არა ის როდის დაიბადა და ცხოვრობდა, არამედ რას აკეთებდა და როგორ ცხოვრობდა!

 

პოლიტიკაში და საჯარო სამსახურში ადამიანის CV- Curriculum Vitae - ცხოვრების მსვლელობა, ცხოვრების გზა, ნაცხოვრები დეტალებამდე და წვრილმანამდეა მნიშვნელოვანი. მოდი დავივიწყოთ ადრე რას აკეთებდა - ეს პოლიტიკოსზე და საჯარო მოხელეზე არ ვრცელდება. ის არ ვრცელდება ბევრ პროფესიაზეც - ექიმს გუშინ ოპერაციაზე ადამიანი დაეღუპა და მოდით დაივიწყეთ და მასთან გაიკეთეთ ოპერაცია - ძნელი აღსათქმელია, სანამ არ იქნება სრული დასკვნა კომპეტენტური კომისიის, ეს იყო ექიმის ბრალი, თუ ადგილი ჰქონდა ფატალურ შემთხვევას. 

 

პოლიტიკოსისა და საჯარო მოხელის საქმიანობა დავიწყებას არ შეიძლება მიეცეს. ადამიანი რომელიც ირჩევს პოლიტიკოსობასა და საჯარო მოხელეობას - ირჩევს ამავე დროს ცხოვრების გარკვეულ სტილს, გარკვეულ სტანდარტს, ისევე როგორც ადამიანი რომელიც ბერად აღიკვეცება აკეთებს შესაბამის ცხოვრებაზე არჩევანს.

 

ეს ეხება შენგელი ფიცხელაურსაც.

 

მისი დანიშვნის პერიპეტიებს როდესაც ვადევნებდი თვალს მასმედიით, შესამჩნევი იყო დანიშვნის საწინააღმდეგო პოზიცია, მაგრამ ნაკლებად შუქდებოდა მისი რეალური საქმეები.

 

სად იყვნენ ამ დროს სახელმწიფო ინსტიტუტები, თვით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? რატომ არ წარმოაჩინეს შენგელი ფიცხელაურის ნაცხოვრები გზა სრული სპექტრით? ეს ხომ არ არის პიროვნება, რომელზეც არაფერია სათქმელი? მისი ცხოვრებისეული წარმატებები ხომ ის კაპიტალია, რომელმაც დღევანდელ სუს-ს ავტორიტეტი უნდა შემატოს, რომ შეიქმნას ახალი სტანდარტი, თუ როგორი კადრები უნდა მუშაობდნენ ამ უწყებაში?

 

გაუგებარია აგრეთვე სადაა ჩემი  თაობა. მათი წრიდან ადამიანი თანამდებობაზე წავიდა. ეს შეიძლება ერთი მაგალითია, რომელიც სისტემას არ ცვლის, მაგრამ ხომაა მაინც კარგი მაგალითი ქვეყანაში გერონტო - სიბერის გამო დისკრიმინაციის (ინგლ. Ageism, „ეიჯეიზმი“ - დისკრიმინაცია შეიძლება ნებისმიერი ასაკის მიხედვით განხორციელდეს. საქართველოში დომინანტია მოხუცებულობის ასაკის გამო დისკრიმინაცია)  საწინააღმდეგოდ?

 

ჯერ ერთი, ეს საზოგადოების წინაშე ვალდებულებაა. ახალგაზრდებს არ ახსოვთ შენგელი ფიცხელაურის საქმიანობა, თქვენ ხომ გახსოვთ? კარგი არ უნდა დავუკარგოთ და თუ რაიმე არ მოგწონთ - ისიც უნდა ითქვას! 

 

მეორეც,  ამით დავარღვევთ ხიდჩატეხილობას ახალგაზრდა თაობასთან და მოვშლით ბრიყვულ არგუმენტს სახელწოდებით - „შევარდნაძისდროინდელი“. 

 

მესამეც, გავთავისუფლდებით სიბერის ფობიისაგან და მივიღებთ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 

 

შენგელი ფიცხელაურთან მე ოჯახური მეგობრობა მაკავშირებს, რომელიც მისი აკადემიურ  სფეროში მოღვაწეობის პერიოდს ემთხვევა.  დღეისათვის მასში, ამ ურთიერთობიდან დანახული, მიღებული თანამდებობისთვის შეუფერებლობის პატარა ხინჯსაც ვერ ვხედავ.

 

ჩემი წარმოდგენით, მისი დანიშვნა უფრო მეტი მნიშვნელობისაა უწყებისთვის, ვიდრე პირიქით!

 

ჩემი წარმოდგენით,მისი დანიშვნა კარგი საკადრო გადაწყვეტილების მაგალითია.

 

მაგრამ როგორაა მიღებული ეს გადაწყვეტილება:

 

ბიძინა ივანიშვილის მოყვრობით?

 

ამ გადაწყვეტილების კონტექსტი რომ ესაა, რაშიც მე რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, ამაში საზოგადოება დარწმუნებულია.  რეკომენდაციების ინსტიტუტი მთელ მსოფლიოში მოქმედებს!

 

უბრალოდ , რეკომენდაციის საჯარო მიზნები წარმოშობს კითხვებს.  ეს იმიტომ, რომ  ქვეყანაში რაიმე ინსტიტუციური მექანიზმი კადრების შერჩევა - დანიშვნისა, რომელიც დაფუძნებული იქნება მყარ კრიტერიუმებზე - არ არსებობს. თვით დაბალი დონის საჯარო მოხელეების კონკურსებიც კი ტოტალურად ფარსადაა ქცეული.

 

უშუალოდ წინადადება ვისგან მიიღო შენგელი ფიცხელაურმა - ეს ფაქტობრივი სიზუსტის თემაა.

 

მთავარია შენგელი ფიცხელაურის დანიშვნა ივანიშვილის მიმართ პიროვნული ვალდებულებითაა დატვირთული, თუ ქვეყნისადმი სამსახურის ფუნქციონირების ხარისხის ამაღლებით?!

ამას დრო გამოაჩენს.

 

მე მინდა ვირწმუნო, რომ მეორე ვალდებულებით!  მინდა ვუსურვო შენგელი ფიცხელაურს  სანიმუშოდ წარმატებული ყოფილიყოს მისი საქმიანობა ამ პოსტზე და დაემტკიცებინოს ქართული სიბრძნე - „ბებერი ხარის რქაც ხნავსო“!

ისე, საკითხავია, რამ გამოიწვია ეს დანიშვნა?

 

საუკეთესო სურვილით ესაა ქვეყანაში არსებული, გამოცდილი, პროფესიული  კადრების გამოყენების სწორი გადაწყვეტილება და კიდევ უკეთესი იქნება თუ ის ტენდენციის ხასიათს მიიღებს.

 

სხვა შემთხვევაში, ეს არის კონკრეტული ამოცანების  შესასრულებელი დანიშვნა, რომლის გამართლება ნაწილობრივ იმით შეიძლება, რომ დღევანდელ სიტუაციაში თუ არ გიკავია პოსტი და ხარ დავუშვათ მრჩეველი, პროცესებზე გავლენას ვერ ახდენ,  ან ეს გამოწვეულია საკადრო პრობლემებით.

 

ისე უკეთესი იქნებოდა საქართველოში საკანონმდებლო დონეზე შემოგვეღო სამინისტროებსა და უწყებებში მრჩეველთა ინსტიტუტი, რომლის ფუნქციები კანონით განსაზღვრული და თვით რჩევები კი - საჯარო იქნებოდა. 

 

ამასთან, მინისტრები და უწყებათა ხელმძღვანელები   საზოგადოებას წარუდგენდნენ  ანგარიშს ამ რჩევების  შესრულების ან არშესრულების  შესახებ. დაახლოებით ისე, როგორც ეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ინსტიტუტები გერმანიაში ერთი სისტემის - ფაშიზმის დაძლევისა და სოციალური საბაზრო ეკონომიკაზე და დემოკრატიაზე  გადასვლისთვის დაინერგა.  საქართველოს დღევანდელი ამოცანაც საბაზრო ეკონომიკის ცივილიზებული სისტემისა და დემოკრატიული საზოგადოების დამკვიდრებაა. გერმანიაში ამისთვის  გამოყენებულ იქნა შესაბამისად ნაცხოვრები „ჰიტლერისდროინდელი კადრები“, ახალი თაობის ენერგია და მარშალის გეგმა - აშშ დახმარება. ამ სინთეზის შედეგი გერმანიაში სახეზეა, რაც კარგი მაგალითია საქართველოსთვის.

ასე რომ,  მთვლემარებმა - გამოფხიზლდით, მძინარებმა -  გაიღვიძეთ, ფხიზლებმა კი - იგუშაგეთ!

 

13-05-2019, 16:15
უკან დაბრუნება