ჩემთვის ფრიად გაუგებარია, თუ რატომ აგებს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ყურებადი და პოპულარული ტელევიზია საკუთარ სამაუწყებლო კონტენტსა და დღის წესრიგს მკრეხელობაზე, სიწმინდის შევღალვის მცდელობასა და საზოგადოების პროვოცირებაზე?!
ცხადია, ნებისმიერ ტელეარხს აქვს უფლება იყოს ტენდენციური, მიკერძოებული, თუნდაც პოლიტიკურად მოტივირებული და დაინტერესებულიც, მაგრამ რა მიზანს ემსახურება იდეოლოგიურად მოწინააღმდეგე და ოპონენტი ხელისუფლების კრიტიკის კონტექსტში საზოგადო ღირებულებებისა და საკრალური ფასეულობების გაქილიკება, ნამდვილად აუხსნელი, ალოგიკური, მეტიც საწყენია კიდეც!
როგორც ვხედავთ, ეთიკის ქარტიასა და ჟურნალისტთა კოდექსს ფაქტობრივად არავინ იცავს, რომლის მისიაც პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლებაა. თუმცა, ამას ვინ ჩივის: დღენიადაგ ტელე-ეკრანიდან გვესმის უშვერი და უწმაწური ფრაზები, რომელსაც დამაგვირგვინებელ ფაზაში თან ერთვის ორთოდოქსოფობია, ოიკოფობია და გამომწვევი სარკაზმი თუ ცილისწამება, რაც, როგორც წესი უკბილო ხუმრობებითა და დევიანტური ადრენალინის ფრქვევით გამოიხატება.
თვით ისეთი ლიბერალური ტელევიზიები, როგორებიცაა CNN, BBC, CNBC, MSNBC, CBS და სხვები, არასდროს არღვევენ ასაკობრივ ცენზსა თუ პოლიტკორექტულობას და არცერთ შემთხვევაში არ ახდენენ რომელიმე რელიგიური ჯგუფის დისკრიმინაციას -მიზანმიმართულ დისკრედიტაციასა და მათი მრწამსის დაცინვას. ჩვენს რეალობაში კი პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ, თუ როგორ ხდება მორწმუნეთა განწყობებსა და გრძნობებზე თამაში და ერთგვარი ტელეპასკვილებით გაღიზიანება, რაც სხვა არაფერია თუ არა ბოროტება, მედიაძალადობა და შეურაცხყოფა!
უხერხულია (არასასურველია) პიროვნებებზე საუბარი, მაგრამ ასეთი გავეშებული ღვთის მგმობელობა ჟურნალისტის მხრიდან მისსავე აგრესიულობასა და კომპლექსებზე მეტყველებს. ასეთი ანტირელიგიური კომპლექსი არღვევს ჩვენს ინტერპერსონალურ ურთიერთობებს, აუკუღმართებს მოვლენებისა და საკუთარი თავის აღქმას და ხელს გვიშლის არათუ კეთილი მიზნის მიღწევაში, მის დასახვაშიც კი, რადგან ბოღმა და აღვირახსნილობა საღ აზრსა და ობიექტური განსჯის უნარს აქვეითებს ადამიანში.
პირობითად, რომ ვთქვათ - შეიძლება არ მოგწონდეს სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და მისი გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს იმას, როდი უნდა ნიშნავდეს, რომ "სიონის ღვთისმშობელს" დასცინო!
მე მჯერა და ღრმად მრწამს ნეტარი ავგუსტინესი, რომელიც ჩვენდა სანუგეშოდ ამბობს: "ვინც უსამართლობასა და შეურაცხყოფას დაითმენს, მისი მწუხარება სჯობს იმის სიხარულს, ვინც არასწორად მოქმედებს"!