ივერიონი / უნდა მივართვათ თუ არა „ქრთამი“ მასწავლებელს?!

უნდა მივართვათ თუ არა „ქრთამი“ მასწავლებელს?!

 

ჩემი ვაჟის  სასკოლო ჩანთის ძიებაში ვიყავით. როგორც წესი, ყველა გამყიდველი ყველა მაღაზიაში სასწაულებს მიაწერს ხოლმე თავიანთ საქონელს. მაშინ ჩემი შვილი პირველ კლასში მიდიოდა. 

 

-პირველ კლასში შეფასება არ იწერება და ამიტომ მასწავლებლის სასაჩუქრე განყოფილებიანი ჩანთა ჯერ არ მინდა-მეთქი - გავეხუმრე გამყიდველს. ეეეჰ, ასე გეგონოთო - ამოიოხრა ერთმა, უთუოდ მშობელმა.- არც „დაწყებითის“ მასწავლებლებს აქვთ ნაკლები მადა. ვერცერთ კლასში გადაურჩებით საჩუქრების მირთმევასო (არადა, საბედნიეროდ, ძალიან ღირსეული მასწავლებელი „შეგვხვდა“).

 

-რას ვიზამთ, ასეაო! - კვერი დაუკრა გამყიდველმაც. 

 

ინით წვერშეღებილი გადაცმული, მეფესავით გავიტრუნე. არ მითქვამს, მეც პედაგოგი ვარ-მეთქი. გულში  რაღაც ჩამწყდა! ყველა პედაგოგი ერთ დუღაბში?!  არადა, იმ ხარკის მოყვარულ პედაგოგებსაც ვინ აჯეჯილებს ნეტავ, - მშობელი, ხომ?

 

მაგრამ, სადაც მშობლები ინიციატორობენ, „პატივი ვცეთო“, იქაც არ უნდა ხდებოდეს. „ტალახიანი“-ს მომენტია და კი ვისვრებით დანარჩენებიც.

 

მე და ჩემს მოსწავლეებს (ყოფილებსაც და ახლებსაც) ერთიანი სუფრაც გვაქვს ხოლმე და საჩუქრები აქეთ მე მიმიტანია. აბა, იუბილე თუ აქვს კაცს, 2 ლარი მაინც ხო უნდა გაიმეტო. მაგრამ,  სირაქლემის პოზაშიც არ ვარ.  შემიძლია გავიხსენო ნიშნებზე მოვაჭრე „კოლეგებიც“, სახელს რომ გვირცხვენენ. ეს დაახლოებით „ჯიპიან ბიზნესმენი“ მამაოების მსგავსი თემაა! 

 

მაინც ხშირად მესმის: მერე რა მოხდა, მასწავლებელი ამდენს წვალობს, „ათას გიჟს“ უნდა გაუძლოს და დიდი ამბავი, ის რაიმეთი წაახალისოო!

 

ელემენტარული ადამიანური თავაზიანობისა და ყურადღების გამოჩენა, „მერე რა მოხდა“ კი არა, აუცილებელიცაა.  მასწავლებელს რომ ყვავილები, კალამი, წიგნი  აჩუქო, ამით ქვეყანა არ დაიქცევა მაგრამ ამის ნორმად გადაქცევა გახლავთ პრობლემა. ამ „მერე რა მოხდამ“,  ხარკ-მისართმევლების ნორმად მიღებამ დაგვღუპა. 

 

პრობლემა მარტო ის კი არაა, რომ პედაგოგი გაანებრივო -  მშობელი რომ ამას მითითითებების გარეშეც აუცილებელ მოვალეობად თვლის, ესაა პრობლემა და მერე ჩვენი საზოგადოება თავს იმართლებს: მასწავლებელი ხომ არ ავალებს, რამე მაჩუქეთო, მშობლები თავად იჩენენ ინიციატივას და მასწავლებლის ბრალი რა არისო!.. 

 

ხო, აბა, რა... მასწავლებელი რა შუაშია? მიუტანეს საჩუქარი და უარს იტყოდა? ამ ლოგიკით, ან თანამდებობის პირები რა შუაში არიან? მიაქვთ ქრთამი და უარს ხომ არ იტყვიან? აი, მაგალითად, მინისტრმა რომ ვინმე დააწინაუროს და სანაცვლოდ დაწინაურებულმა დაასაჩუქროს! მინისტრი რას აშავებს? დამნაშავე ისაა, ვინც საჩუქარი მიართვა და მას უნდა გააძრო ტყავი!

 

2012 წლიდან რომ ჩავები მასწავლებლების აქტიურ დაცვაში, იმის მერე ენა არ გამიჩერებია. უსინდისო თუ იტყვის, მასწავლებლებს ერჩისო. არა ბატონებო, მასწავლებლებს კი არა, იმ არცთუ ერთეულ უმსგავსობაზე ვლაპარაკობ, რაც საჩუქრის სახელწოდებითაა შეფუთული და მის უკან კი ვისთვის ადვილად გასაღები და ვისთვის ოფლის ღვრით ძლივს მოგროვებული გროშები იმალება. ვინმეს უფიქრია, რა უჯდება ათასობით მშობელს, ის, რომ  გატრივაზებული, მოპედაგოგო, მოდამრიგებლო, მოდირექტორო ტიპების უხვი მადა დააკმაყოფილოს? და განა ათასში ერთხელ? 

 

არა: დაბადების დღეებზე, დღესასწაულებზე, სასწავლო წლის ბოლოს და სკოლის სრულად დამთავრების მერე, ე.წ. „ბოლო ზარებსა“ და გამოსაშვებ ბანკეტებზე ხომ საერთოდ (შიგ და შიგ გავიმეორებ: ეს ყველგან არ ხდება, მაგრამ სადაც ხდება, არც იქ უნდა ხდებოდეს)!.. რომელი მშობელი გაბედავს განზე დგომას, როდესაც ასე რეალურად და ხელშესახებად  მოსალოდნელია უამრავი ხიფათი შვილისთვის: ემანდ კლასში არ დატოვონო, ან არ გარიცხონო, ან პედაგოგი არ გადაემტეროსო, ან ბულინგის მსხვერპლი არ გახდეს და რამდენი „ან“ არის ამ წუმპე სიტუაციაში?! 

 

აქა იქ მაინც წამოყოფენ ხოლმე თავს და აყიყინდებიან ხოლმე ჩემზე მეტად თავგამოდებული  დამცველები პედაგოგებისა და ვიცი, ახლაც წამოიყვირებენ: „ყველა მასწავლებელს როგორ ლანძღავსო“. და, როგორც ხედავთ, ყველას არ ვეხები. ილია მართლისა არ იყოს, „ჩვენ პირთან საქმე არ გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზე ვწერთ“. რატომღაც მგონია, ამას ის იტყვის, ვინც ამგვარ უსინდისოში თავს შეიცნობს, თორემ გულწრფელი ადამინი იმაზე შეწუხდება, რომ ძვირფას საჩუქართმოყვარულები სახელს გვიტეხენ და და ავტორიტეტს გვილახავენ. 

 

ასეთების გამო ერთი ამბავი მახსენდება: დაახლოებით 2014 წელი უნდა ყოფილიყო.   როგორც ყოველთვის ხდება, განათლების მაშინდელმა მინისტრმა  საფუძვლიანად მოამზადა პედაგოგებთან შეხვედრა. ზუსტად ისეთი, საბჭოეთის ლიდერი ბრეჟნევი რომ მართავდა ხოლმე. „სახელფასო პოლიტიკის“ პრეზენტაცია იმართებოდა. 300 პედაგოგი მიიწვიეს. თქვენ მონამორჩილს კი უარი უთხრეს, აქ ჩვენ მდუმარე და ტაშისმკვრელები გვჭირდებაო! 

 

300 პედაგოგი საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა. 300 მდუმარე პედაგოგი!  

 

სოცრება კი იყო: მაშინდელი მინისტრი ხელფასის სასწრაფო მატების წინააღმდეგი იყო და ამის მოსასმენად იქ 300 მასწავლებელი მივიდა. მე და ჩემი მეგობრები კი ხელფასის დაუყოვნებლივ მატებას ვითხოვდით იქვე, სამინისტროსთან და სამასმა კი არა, 3 პედაგოგმაც ვერ გაბედა შემოერთება. 

 

განა არ იზიარებდნენ ჩემს პოზიციას? 

 

როგორ არა... პირიქით, ზოგიერთი მეტ აქტიურობასაც კი მთხოვდა.. გაბედულებასაც მიწუნებდა ზოგი. სამაგიეროდ, მინისტრმა ერთი „ჩასტვინა“ და პედაგოგები თავისი ნების წინააღმდეგ იქ გაჩნდნენ... ჰოდა, ვდგავართ სამინისტროსთან ორიოდე კაცი ლოზუნგებით, ხელფასის დაუყოვნებლივი ზრდის მოთხოვნით და  300 კოლეგამ ისე გაგვიარა გვერდი მე და ჩემ თანააქციონერებს, თითქოს არც ვარსებობდით. ისე დაზაფრულებმა შეათვალიერეს სამინისტროს სახელფასო პოლიტიკის საწინააღმდეგო ლოზუნგები და მინისტრის კარიკატურა, გეგონება მხოლოდ შეხედვისთვის დასჯიდნენ!

 

და ეს 300 პედაგოგი!.. ისხდნენ  მშვიდად  სიცრუის შოუზე, ამ დემაგოგიურ და უნიჭო „ჰიპნოზურ“ ფარსზე?! მინისტრმაც საჯაროდ კმაყოფილმა განაცხადა, ყველაფერი განხილული და ერთხმად მოწონებულია თავად პედაგოგების მიერ, რომ ყველა უზომოდ კამაყოფილია ჯერ არნანახი და არგაგონილი იგავმიუწვდომელი რეფორმითო. და ეს რეფორმაა ამდენი ხანია სისხლი რომ გაუშრო და კვლავაც უშრობს მთელს საგანმანათლებლო სივრცეს.

 

 ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ, თუ ვინმე კიდევ მიკიჟინებს, „როგორ ყველა ლანძღავს პედაგოგსო“, გაიხსენოს, რომ სწორედ პედაგოგის ინტერესისთვის არაერთხელ მომიწია ბიუროკრატიასთან დაჯახება. ეს იმ დროს, როდესაც, ზოგიერთი პედაგოგი იქამდეც კი კადნიერდებოდა, რომ სასაჩუქრე სერვისებსა და პაკეტებს, თავადვე უგეგმავდა მშობლებს.

 

ვერანაირად უარვყოფთ მშობლების „პაკაზუხურ„ როლს. ზოგი ლიდერობს სასაჩუქრე საქმიანობის ინიცირებისას, რაც მისი და მისი შვილის პრივილეგირებულობის საფუძველი შეიძლება გახდეს. თუ მასწავლებელი ფორმალურად მაინც იუარებს მშობლების „მოკრძალებულ საპატივცემულო“ მცდელობას, მაშინ „სტავკა“ სკოლის კედლების მიღმა აგროვდება და „ათასი გიჟისთვის“ გაწეული პედაგოგიური საქმიანობის დაფასებაც ასე ექცევა კანონის ფარგლებში.  და რატომ აქვს ამას მასიური ხასიათი? იმიტომ, რომ პედაგოგიური ღვწლის ამგვარი დაფასება „ღირებულებად“ გადაიქცა. ამ „ტრადიციებზე“ აღიზარდნენ თაობები, ეს მშობლებიც, მათი მშობლებიც, ეს პედაგოგებიც. როდესაც საბავშვო ბაღიდანვე იწყება ამგვარი „აღზრდა“ და ზრდასრულობამდე ასე გრძელდება,  როდესაც საზოგადოება „განათლებული“ და დაპროფესიონალებულია ხარკის მიღება-გაცემაში,  რაღა გასაკვირია, რომ მოწამვლის მასშტაბი საგანმანათლებლო სივრცეს სცდება და  სახელისუფლებო სტრუქტურებშიც არის მოდებული.

 

დავით ფერაძე 

პედაგოგი. პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი

 

 

20-05-2019, 16:18
უკან დაბრუნება