ივერიონი / დიახ, ღმერთი სიყვარულია და ჩვენ მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს!

დიახ, ღმერთი სიყვარულია და ჩვენ მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს!

ეს პატარა ბარათი 92 წლის ბიძინა აფრასიძემ გამოგვიგზავნა და უმორჩილესად გვთხოვა გამოგვექვეყნებინა ჩვენს ვებ-გვერდზე.

 

მართალია, ახალი და განსაკუთრებული ამ პატარა ბარათში არაფერია: უფალი სიყვარულია და სწორედ სიყვარული იხსნის კაცობრიობას კატასტროფისგან, მაგრამ უხუცესი და ღრმადმორწმუნე ადამიანის მხრიდან ასეთი მოწოდება დასაფასებელია

 

ბ-ნ ბიძინას კი დღეგრძელობას ვუსურვებთ, როგორც იტყვიან, საუკუნის იუბილე მოგველოცოს.

 

 

* * *

მე გახლავართ ბიძინა აფრასიძე, 92 წლის, პროფესიით ექიმი (ქირურგი). წარმოშბით ზემო სვანეთიდან (მესტია, სოფ. ეცერი).

 

პატარაობიდანვე ვიყავი კეთილი - ყველა გაჭირვებულს და ავადმყოფს ვეხმარებოდი შეძლებისდაგვარად, ზოგადად, მიყვარს ყველა ადამიანი.

 

ახალგაზრდობაში მომიწია ექიმად მუშაობა კოდორის ხეობაში. ბუნებრივია, იმ დროს იქ არ იყო რელიგიური ლიტერატურა (ლოცვები, ბიბლია, სახარება და სხვ.). თუმცა, დედაჩემი, ქალბატონი ივდითი ძალიან მორწმუნე ადამიანი გახლდათ. ყოველ დილა-საღამოს ლოცულობდა, მიცვალებულებს იხსენებდა, რამაც ჩემში უფლისადმი სიყვარული გააღვივა.

 

მე სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა აჯარის სოფ. საბჭოს 10-საწოლიან საავადმყოფოში, რომელიც 25 საწოლამდე ავიყვანე. დღე და ღამე ვმუშაობდი - არავისგან ფული არ ამიღია. საავადმყოფოში მყოლია მძიმე ავადმყოფებიც, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობის დაწყებისთანავე უმჯობესდებოდა.

 

შემდეგ ჩამოვედი თბილისში, სადაც ქალაქის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში დავიწყე ქირურგად მუშაობა. აქაც უამრავი ოპერაცია მაქვს გაკეთებული. მადლობა უფალს, აქაც ჩემს მიერ გაკეთებული ოპერაციის შემდეგ. არც ერთი ავადმყოფი არ დაღუპულა, დარწმუნებული ვარ, ყველგან და ყოველთვის მეხმარებოდა უფალი...

 

ერთი თვის წინ ასეთი აზრი მომივიდა: ყველა სახელმწიფომ მოიწვიოს მსოფლიო ყრილობა დევიზით: „ღმერთი და სიყვარული“.

 

დღის წესრიგში უნდა შეიტანონ:

 

არა კაცის კვლას!

 

არა ბოროტებას!

 

არა ტერორს!

 

არა ომებს!

 

არა შურისძიებას და ა.შ.

 

დიახ, ადამიანები უნდა იყვნენ ერთმანეთთან ისეთი სიყვარულით, როგორიც დედ-მამის სიყვარულია, და-ძმის სიყვარულია, შვილების სიყვარულია.

 

ყველა სახელმწიფოს: დიდს თუ პატარას, უნდა ჰყავდეს ამ კომიტეტში თავისი წარმომადგენელი, რომლებიც იბრძოლებენ მშვიდობისა და მეგობრობისთვის!

 

სახელმწიფოებს შორის უნდა დამყარდეს მშვიდობა და სიყვარული თუ ამას არ მიაღწია კაცობრიობამ არ იქნება ომები, არ იქნება ნგრევა, არ დაიხოცება შიმშილისგან მილიონობით ადამიანი...

 

დღეს ხშირად მესმის სიტყვები: „ახალი აზროვნება“. ეს სიტყვები სწორედ ღმერთთან ახლოს ყოფნას, ადამიანებს შორის მეგობრობას და სიყვარულის უნდა გულისხმობდეს!

 

შეიძლება ეს ვინმეს ილუზიად მოეჩვენოს, მაგრამ, სავსებით რეალურია. თუ ადამიანებს გადარჩენის, ერთად ყოფნის სურვილი გაუჩნდებათ, ღმერთი აუცილებლად შეისმენს და სამყაროც გადარჩება!

 

ღმერთი ხომ სიყვარულია და ის ყოველთვის ისმენს ჩვენს ლოცვა-ვედრებას.

 

უფალმა გაგვინათოს გონება და კაცობრიობა იხნას კატასტროფისგან.

 

24-05-2019, 13:25
უკან დაბრუნება