დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული ვნებათაღელვა ახალ ფაზაში შედის და სადღეისოდ იგი უკვე N1 პრობლემად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემის მოგვარების გზა ყველას სხვადასხვანაირად ესმის, განწყობა საერთოა - ეს ქართული სიწმინდეა და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ შევინარჩუნოთ!
ხშირად მკვეთრად ემოციური მოწოდებებიც ისმის. რადიკალურად განწყობილი დაჯგუფებების წევრები პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით (პერმანენტული აქციები დავით გარეჯის ტერიტორიაზე, მუდმივი პატრულირება და ა.შ.) გადაწყვეტის რეკომენდაციებსაც კი იძლევიან.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მიძინებული თემის პროვოცირება საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს ბრალდება, ეს (იგულისხმება აზერბაიჯანული მხარის თავხედური გამოწვევები) ნამდვილად არ ამართლებს მეზობელი სახელმწიფოს ქმედებებს, თუნდაც, ამ სადაო ტერიტორიაზე.
ვისგანაც არ უნდა იყოს პროვოცირებული, რაც არ უნდა საქართველოსადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ხელწერა არ იკითხებოდეს ამ გამოწვევის მიღმა, სადაო საკითხები, რომელიც მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან იღებს სათავეს, მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს!
არ ვიცი, რამ (ვინ) მისცა იმპულსი სალომე ზურაბიშვილს საუბარი მეზობელ სახელმწიფოსთან სადემარკაციო-სადელიმიტაციო ხაზის განსაზღვრაზე დაეწყო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ინიციატივას აზერბაიჯანის მხრიდან მწვავე რეაგირება მოჰყვა. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, მსგავსი დილემის წინაშე ცოტა მოგვიანებით მაინც აღმოვჩენილიყავით, რადგან, არავინ იცის, დაკონსერვებული (მიჩუმათებული) პრობლემები როდის იჩენს თავს ხოლმე .
საშუალო და უფროს თაობას კარგად ახსოვს გასული საუკუნის 80-იან წლებში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული ვნებათაღელვა, რისი მიზეზიც სამონასტრო კომპლექსთან არსებულ პოლიგონზე სამხედრო წვრთნების შეჩერების მოთხოვნა იყო: სხვათაშორის, სწორედ ეს თემა გახდა ეროვნული მოძრაობის აზვირთების ერთ-ერთი წინაპირობაც, რომელმაც უნივერსიტეტიდან რუსთაველის პროსპექტზე გადაინაცვლა.
დავით გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებულ კითხვებზე არგუმენტირებულ პასუხს იძლევა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მაშინდელი პირველი მდივანი ბ-ნი ჯუმბერ პატიაშვილი. ერთ-ერთი მედიის ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ბატონი ჯუმბერი ხაზგასმით ამბობს, რომ საბჭოთა საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობა დღენიადაგ ფიქრობდა ამ მეტად სისხლხორცეული პრობლემის მოგვარებაზე და სხვადასხვა გზას ეძებდა. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იყო უდაბნოში ქართველების ჩასახლება და ამით გაძლიერება.
ცკ-ის ყოფილი მდივანი აღნიშნავს, რომ 1921 წელს საზღვრების გადანაწილების დროს, ბერთუბანი, რომელიც დღესაც ორ სახელმწიფოს შორის დავის საგანია, შეცდომით მოხვდა აზერბაიჯანის მხარეს და შემდგომ ამის გამოსწორებაზე არავის უზრუნია, ვიდრე, ე.წ. „პერესტროიკამდე“. თუმცა, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე რესპუბლიკისთვის თითქმის მისაღები პროექტიც არსებობდა, საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებამ ამ პრობლემის ბოლომდე მოგვარება ვერ მოასწრო!
გამსახურდიას ხელისუფლებას კი ამოსუნთქვის საშუალებაც არ ჰქონდა. მას არც დასცალდა დღის წესრიგში დაეყენებინა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტის აუცილებლობა და ეხელმძღვანელა მისი წინამორბედი ხელისუფლების მიერ აზერბაიჯანთან თითქმის შეთანხმებული პროექტით და სისრულეში მოეყვანა იგი.
რაც შეეხება შევარდნაძის და სააკაშვილის ხელისუფლებებს, მათ საერთოდ არ გახსენებიათ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული მიჩუმათებული პრობლემა და როგორც ბატონი ჯუმბერ პატიაშვილი ამბობს, თითი თითზე არ დაუკარებიათ!
ამ ბოლო დღეებში ბევრმა პრობლემა ისე წარმოაჩინა, რომ თითქოს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს საერთოდ გვართმევდნენ აზერბაიჯანელები, რაც სიცრუეა. ამით მავანი და მავანი ცდილობდა არსებული ვითარების ესკალაციას, რაც, ბუნებრივია, ჩვენთვის მიუღებელი შედეგით დამთავრდებოდა.
არადა, აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ბერთუბანზე, ანუ იმ ტერიტორიაზე, რომელიც 1921 წელს შეცდომით ერგო აზერბაიჯანს და სადაც ქართული სულიერების უნიკალური ძეგლებია თავმოყრილი.
სიცხადისთვის ისევ ბატონ ჯუმბერ პატიაშვილს მოვიხმობ, რომელიც დამაჯერებლად აცხადებს: „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის ჩვენი, სადავო საკითხია მხოლოდ ბერთუბანი და მისი დაბრუნებაც შეიძლება“!
როგორც ირკვევა, თავის დროზე საქართველოს ხელისუფლება (იგულისხმება საბჭოთა ხელისუფლება) აზერბაიჯანს ბერთუბნის სანაცვლოდ სთავაზობდა 70 ჰექტრამდე ტერიტორიას, რაც მაშინ ვერ განხორციელდა.
ასეა თუ ისე, მიჩუმათებულმა პრობლემამ ისევ იჩინა თავი და ახლა ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ტერიტორიული პრეტენზიები ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდეს.
რაც არ უნდა ემოციური მუხტი აგორდეს საქართველოში, ტერიტორიული პრობლემა (თუმცა, ეს მხოლოდ ტერიტორიული პრობლემა არ არის!) აქციებითა და ე.წ. მარშით არ გადაწყდება. პირიქით, ჩვენს მტრებს გავახარებთ და კიდევ ერთი ცხელი კერა გაჩნდება. ამდენ რყევას კი, ისედაც დაუძლურებული ქვეყანა ნამდვილად ვერ გაუძლებს!
რჩება ერთადერთი შანსი: სახელმწიფოთაშორისი (ორმხრივი) კომისია და დაჯდომა მოლაპარაკების მაგიდასთან. ნიშანდობლივია ისიც, რომ საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანთან საკუთარი პოზიციის დაცვის სხვადასხვა ბერკეტი გააჩნია, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ!
რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება უნიათოა და რა პრეტენზიებიც არ უნდა გვქონდეს მასთან, დღეს ისინი წარმოადგენენ სახელმწიფოს და სახელმწიფოს სახელით სწორედ მათ უნდა ელაპარაკონ მეზობელ ქვეყანას სადავო ტერიტორიულ საკითხებზე.
მახსოვს, კონფლიქტის აგორების პირველ დღეებში საზოგადოება საყვედურობდა საქართველოს ეკლესიას, რომ არ დაუფიქსირებია პრინციპული პოზიცია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარეშემო არსებულ ინციდენტთან დაკავშირებით.
რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავეცანით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის განცხადებას, სადაც მისი უწმინდესობა მიგვანიშნებს, „რომ სერიოზული პრობლემის შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნების განხორციელებისთვის დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში“.
სავსებით რეალური მინიშნებაა, თუმცა, ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჩვენ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება არ გამოვიყენოთ სიტუაციის შესარბილებლად და ცივილური გადაწყვეტილებების მისაღებად.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და მის გარშემო არსებული სიწმინდეები რომ უნდა შევინარჩუნოთ, ცხადია, მაგრამ ახლა უფრო იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები, რომელიც „სხვა ძალის“ ინტერესებში შედის და როგორ შევინარჩუნოთ ქართველი ერის სულიერი სიწმინდე!
ოფიციალურ განცხადებაში საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი სასულიერო პირებს და მრევლს მოგვიწოდებს, რომ არ ავყვეთ ემოციებს, გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არ მივცეთ ბნელ ძალებს პროვოკაციის საშუალება.
ჭეშმარიტად!
ვინც დღეს ემოციური აღტკინებით ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას, ის ნამდვილად ცეცხლზე ასხამს ნავთს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემისადმი ჩვენი დამოკიდებულება არ პრინციპულად გამოვხატოთ. უპირველესად, ჩვენი აქტიურობით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, სპეციალისტთა და საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც მოამზადებს რეკომენდაციებს აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკების თვალსაზრისით.
დიახ, პრობლემა სახელმწიფოებრივ მიდგომას მოითხოვს, რომ თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი გართულებები და საფრთხე არ შევუქმნათ ერის სულიერ საუნჯეს. ნიშანდობლივია ისიც, რომ დღეს მოღალატის იარლიყის მიკერება და „სხვა ძალის“ ძებნა ნაკლებად აქტუალურია სახელმწიფო ინტერესებისთვის.
სხვათაშორის, რადიკალური მოწოდებები ისმის სასულიერო პირების მხრიდანაც. ჩვენ, რა თქმა უნდა, საკამათოდ არ გვეჩვენება, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიის ღვიძლი ნაწილია, რომელსაც თავისი სიწმინდიდან გამომდინარე, ღრმა სულიერი დატვირთვა გააჩნია, მაგრამ, ამჯერად სხვა დილემის წინაშე ვდგავართ და ყველაფერს აქედან უნდა მივუდგეთ!
რადგან პრობლემამ მასშტაბურად იჩინა თავი, სწორედ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სადაო ტერიტორია საქართველოს იურისდიქციაში მოექცეს, სწორედ ახლა კონსენსუსის გზით უნდა გადაწყდეს საზღვრის დემარკაცია-დემილიტაციის პრობლემა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ საკუთარ ხელისუფლებას კი არ უნდა დავუპირისპირდეთ, არამედ, ვაიძულოთ და ხელიც უნდა შევუწყოთ, რომ პრობლემა სახელმწიფოებრივი ინტერესების პრიზმაში მოაქციოს და ნაკლები დანაკარგებით სასურველი შედეგი მივიღოთ!
ვეთანხმები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ილარიონს (ჭიღლაძე), რომ „განსაცდელს უფალი უშვებს. ესეც ერთგვარი განსაცდელია. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით!“
ერიც და ბერიც ერთად უნდა დადგეს!